რა მიზნები აქვს "ქართულ ოცნებას" საპატრიარქოსა და მრევლის მიმართ? - გზაპრესი

რა მიზნები აქვს "ქართულ ოცნებას" საპატრიარქოსა და მრევლის მიმართ?

როგორც პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: "მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია". მისივე განმარტებით, საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. "ქართული ოცნების" ლიდერების, სახელდობრ, ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა საპატრიარქოს მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სულაც არ აღმოჩნდა მისაღები. "ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის", - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა "ქართული ოცნების" მიერ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საპატრიარქოსთვის შეთავაზება ნიშნავდეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას? "მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ერთი მხარისთვის - არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო", - ამის შესახებ განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა. რა მიზნები და ამოცანები აქვს სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" საპატრიარქოსა და ამ ინსტიტუციის მრევლის მიმართ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის სპეციალისტი ლელა ჯეჯელავა გვესაუბრება.

- პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ქართული ოცნება" საზოგადოებისათვის მგრძნობიარე საკითხებით მანიპულირებს. მაგალითად, 2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან არაკეთილსინდისიერი კამპანია წამოიწყო - "გარეჯი საქართველოა", რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. რა იყო ამ კამპანიის შედეგი? კიდევ უფრო მეტად დაამძიმა გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა. დღეს გარეჯი "ქართული ოცნებიდან" აღარავის ახსოვს. ახლა, როდესაც მმართველ გუნდს არსენალში აღარაფერი აქვს დარჩენილი და ივანიშვილის დაპირებებს ხალხი სერიოზულად აღარ აღიქვამს, მან ქართველებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხით დაიწყო მანიპულირება - ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და მდგომარეობა. ალბათ თქვენც კარგად გახსოვთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა უვერტიურა - ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია ეკლესიის მტრებად შერაცხეს. სამწუხაროდ, ამ საქმეში ხელისუფლებას მხარი აუბა საპატრიარქომაც. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ე.წ. აგენტების კანონის მეშვეობით გაანეიტრალა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, მისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან დიდი გავლენის განეიტრალება მოინდომა. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სწორედაც ეკლესიის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურად ქცევას და ხელისუფლების სრულ მორჩილებაში ყოფნას ნიშნავს. როგორც მოსალოდნელი იყო, საპატრიარქოსგან ივანიშვილმა უარი მიიღო და ჩიხში შევიდა. ახლა მას არჩევნების წინა პერიოდში არ აწყობს ისეთ გავლენიან ინსტიტუციასთან დაპირისპირება, როგორიც საპატრიარქოა, მაგრამ არც ის უნდა, რომ საზოგადოების თვალში წაგებული გამოჩნდეს. ამიტომაც გამოიგონეს სრულიად აბსურდული განმარტებები კონსტიტუციაში ჩასაწერად.

- რას ცვლის რეალურად ეს ჩანაწერი, რომელიც ასეთი შინაარსის გახლავთ: "მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია"?

- არაფერს! მართლმადიდებელი ეკლესია რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იდენტობის საყრდენი და ნაწილია, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?.. თავდაპირველად სხვა ფორმულირება ჰქონდათ, - მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული მისია აქვს ქართული სახელმწიფოს საქმეშიო. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია ყველგან, ყველა ქვეყანაში რომ ერთია და ის თავის დროზე ქრისტემ და პავლე მოციქულმა განსაზღვრეს, როგორც ჩანს, ივანიშვილმა არ იცის. გარდა ამისა, სწორედ ისტორიული როლის საფუძველზე მიიღო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის უნიკალური სტატუს-კვო, რომელიც დღეს აქვს საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე და რომელიც სრულიად მისაღებია ეკლესიის მესვეურთათვის. შესაბამისად, ყველაფერი, რაზეც ახლა საუბრობენ, მხოლოდ კაზუისტიკა და თავზე ნაცრის დაყრაა ივანიშვილის მხრიდან - ის უბრალოდ ცდილობს როგორმე ჩიხიდან გამოვიდეს... საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებს გაცილებით უკეთესი პოლიტიკური ალღო აქვთ და დარწმუნებული ვარ, იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, ვისაც ივანიშვილი ანგარიშს გაუსწორებს, საპატრიარქო იქნება. ზუსტად ვიცი, ივანიშვილი ამ მარცხს ვერასდროს შეეგუება. თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, ქართულ ეკლესიას იმაზე მძიმე დრო დაუდგება, ვიდრე საბჭოთა კავშირის 70-იანი წლების უღმერთო მმართველობისას ჰქონდა.

- როგორ გგონიათ, ივანიშვილის თამაშები საპატრიარქოსთან, "ქართული ოცნების" მართლმადიდებელი ელექტორატის განწყობებზე რა გავლენას იქონიებს?

- თავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა საპატრიარქოს ეკლესიისთვის მიუღებელი ვერსია შესთავაზა, "ქართული ოცნების" მართლმადიდებელ ელექტორატში უკვე გააჩინა სერიოზული კითხვის ნიშნები. ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა ესარგებლა ადამიანების გაუთვითცნობიერებლობით. ვგულისხმობ იმას, რომ სოციალურ ქსელში კარგა ხანია მხვდება ასეთი ფრაზები: "ხარ თუ არა თანახმა, რომ საქართველოში მართლმადიდებლური რელიგია გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად?" რასაკვირველია, საკითხში გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობა და "ფეისბუკ"-მომხმარებელი მიიჩნევდნენ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება უკეთესი იქნებოდა ეკლესიისთვის, მსგავსი შინაარსის პოსტებს მხარს უჭერდნენ და სიამოვნებით აზიარებდნენ კიდეც. თუმცა, ახლა, როდესაც საპატრიარქოს მრევლმა ნახა ეკლესიის პოზიცია, მათ კითხვები გაუჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სთავაზობდა ივანიშვილი ეკლესიას მისთვის მიუღებელ წინადადებას წინასაარჩევნოდ?

- ეკლესიის თემა სწორედ ის მეოთხე საკითხი იყო, რომელზეც ივანიშვილმა "ნაციონალების" დასამარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ოჯახური სიწმინდის დაცვის დაპირების შემდეგ თქვა, რომ კიდევ ერთ საკითხს მოგვიანებით შემოგვთავაზებდა, თუ კიდევ უნდა ველოდოთ რაიმე სიურპრიზს?

- არა, ეს სწორედ ის მეოთხე საკითხი იყო. მან იქვე დასძინა, რომ ეს უკავშირდებოდა ქვეყნის რელიგიას და რწმენას. უნდა ითქვას, რომ ეს მეოთხე პუნქტი უკვე ჩავარდნილია. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებას, ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე ეკლესიის სახელმწიფო უწყებად გადაქცევა. ივანიშვილის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი აპირებს საქართველოს დაშლის ლეგიტიმაცია მოახდინოს.

- ფიქრობთ, რომ ის კონფედერაციის საკითხს დააყენებს?

- დიახ, არჩევნების შემდეგ აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ სამი რესპუბლიკა, თანასწორუფლებიანი სტატუსით გაერთიანდება კონფედერაციაში. ეს მათ საშუალებას მისცემს, მეორე დღეს უკვე ლეგიტიმურად გავიდნენ ამ კონფედერაციიდან. ე.ი. აფხაზეთისა და ცხინვალის მმართველები, რომლებიც დღეს სეპარატისტებად მიიჩნევიან, ხვალ შეიძლება კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები გახდნენ.

- სხვათა შორის, კონფედერაციის ინიციატივას არც აფხაზები იწონებენ.

- არ გამოვრიცხავ, აფხაზებს არ ჰქონდეთ სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რა მიიღებენ კონფედერაციის შედეგად. თუმცა, შეიძლება იმის შიშიც ჰქონდეთ, რომ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მათ უფრო ადვილად ჩაყლაპავს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე, აფხაზებისა და ოსების ავთენტურობის შენარჩუნების ერთადერთი სწორი გზა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებაა. ყველამ კარგად იცის, რომ ევროატლანტიკური ალიანსი ის სივრცეა, სადაც ყველაზე მცირე ერების თუ ეთნოსების კულტურული და ეროვნული იდენტობაა დაცული. შესაბამისად, საქართველოს ევროინტეგრაცია ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა.

- თქვენი შეხედულებით, რამდენად გულწრფელები არიან "ქართული ოცნების" ლიდერები, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკუთარ ამომრჩეველს "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა-დასამარებას ჰპირდებიან?

- სულ რომ გიჟდებოდნენ, ისე ძალიან უნდოდეთ "ნაციონალების" დასამარება, გასამართლება, როგორ უნდა გააკეთონ ეს? თავის დროზე ნაციონალურ-სოციალისტური პარტია საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გაასამართლეს. ეს "ნაციონალური მოძრაობა" ევროპის სახალხო პარტიის წევრია, ამასთან ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრებული. ვინ დაეთანხმება მათ "ნაციონალების" გასამართლებაში? "ქართულ ოცნებას" საქართველოში ჩრდილოეთ კორეის შექმნის შესაძლებლობას არც ხალხი მისცემს და არც საერთაშორისო პარტნიორები.

- როგორ გგონიათ, შეუსრულებელი დანაპირების მიუხედავად, რატომ ჰყავს "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი?

- ხალხის რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მშვიდობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. სინამდვილეში, მშვიდობა რომ უკრაინელი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შედეგია, ამის მიხვედრას სჭირდება ცოტა საღი აზრი და ასევე ცოტაოდენი განათლება, რაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველს სამწუხაროდ, ვერ შევნიშნე. ისე კი მინდა გითხარათ, რომ თავად მოვიარე რეგიონები, პირადად ვესაუბრე ხალხს და შემიძლია ვთქვა, რომ ათი კაციდან სამი თუ "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და იმ სამიდანაც ერთი "ალტინფოს" მრევლია.

ხათუნა ბახტურიძე