ვის ადარებს თემურ ცაგურია შავ ზღვას და რა მოგონება აკავშირებს ვასილ მჟავანაძესთან
ცურვა მამამ ასწავლა და 4-5 წლისა, უკვე დამოუკიდებლად ცურავდა. შავი ზღვა იმდენად უყვარს, რომ დედას ადარებს. სიმღერაც დაწერა, რომელსაც „ზღვა“ დაარქვა. თემურ ცაგურიამ ზაფხულის ცხელი თვეები თბილისის ზღვაზე გაატარა, ხოლო შავ ზღვაზე წასვლას სექტემბერში გეგმავს.
- თემქაზე ვცხოვრობ და ყოველდღე თბილისის ზღვაზე დავდივარ. აქედან სხვაგან წასვლა იგივეა, რასაც რუსები ამბობენ ანდაზაში: „სიკეთისგან სიკეთისკენ არ მიდიან“ (იცინის). ურეკში შემომთავაზეს დასვენება, უნდა მემღერა კიდეც, მაგრამ თბილისის ზღვა ისეთი ლამაზია, წყალიც სუფთაა, აქ არიან ჩემი მეგობრები და არსად მივდივარ.
- შავ ზღვაზე რომ არ წახვედით, გული არ დაგწყდათ?
- ჯერ წინ არის სექტემბერი. ფოთში - ჩემს ქალიშვილთან უნდა ჩავიდე. მალთაყვა გადასარევი ადგილია, მაგნიტურქვიშიანი 9-კილომეტრიანი პლაჟი ყველაზე გრძელია სანაპირო ზოლზე.
- ცურვა რა ასაკში და ვინ გასწავლათ?
- თბილისში დავიბადე, მაგრამ ბავშვობა ქობულეთში გავატარე. დედაჩემი ექიმი იყო, კომუნისტების დროს სხვადასხვა სანატორიუმის დირექტორად ნიშნავდნენ ხოლმე. მაშინ ქობულეთის სამთავრობო სანატორიუმის („ლეჩკომისია“ ერქვა) დირექტორი იყო და ჩვენც იქ ვცხოვრობდით. ცურვა მამამ მასწავლა. პატარები ადვილად ითვისებენ ყველაფერს და მეც სწრაფად ვისწავლე. 4-5 წლიდან ვცურავ. საერთოდ, ვინც კარგად ცურავს, იმას კარგი გადმოცემის და ახსნის უნარი აქვს. მე ვასწავლე ცურვა ჩემს მეუღლეს და შვილს.
- ღამით ცურვა გიყვარდათ...
- ჩემი ჰობი იყო - ღამით შევცურავდი და დილით გამოვცურავდი. კიდევ ერთი ჰობი მქონდა. სასეირნო კატერები ზღვაში 15 კილომეტრზე შედიოდნენ, იმათ გავყვებოდი, იქიდან გადმოვხტებოდი და მივცურავდი. ერთხელ ჩემი მეგობარი თენგიზ ჩირაძე გამომყვა, ახალ ათონში ვიყავით და ცურვა-ცურვაში ახალი ათონიდან გუდაუთაში აღმოვჩნდით.
- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ცურვისას ვინმეს დახმარება დაგჭირდათ?
- მე არ დამჭირვებია, მაგრამ იმას დავეხმარე, ვისთან ერთადაც შევედი ზღვაში საკმაოდ დიდბალიან ღელვაში. ეს მოხდა ქობულეთში. მაშინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებში ვთამაშობდი. შავი ზღვა ჩემთვის დედასავით იყო. დათქმული მქონდა: 40 წლამდე ნებისმიერ ღელვაში შევალ-მეთქი. იქაური სპორტსმენი, მოკრივე ნიკოლაევი და მე შევედით ზღვაში ერთ-ერთი ღელვის დროს. სისწრაფე აუცილებელია, როცა ამხელა ღელვაში შედიხარ, რადგან ტალღა ნაპირიდან ისევ ზღვაში მიგაქანებს. მოკრივეს სისწრაფე არ ჰქონდა და ვეხმარებოდი, მაგრამ ვერ მომყვებოდა. მერე ვუთხარი: ახლა თუ არ მოინდომებ და არ წამომყვები, დაგტოვებ-მეთქი. შეეშინდა და წამომყვა. დიდ ტალღას გამოვყევით და სულ "დაფლეთილები" გამოვედით ნაპირზე.
- ოჯახთან ერთად კიდევ სად ისვენებდით ხოლმე?
- ერთხანს ბორჯომში ვცხოვრობდით. ძალიან მიყვარდა ბორჯომი, ჩემთვის ერთ-ერთი სასიამოვნოდ გასახსენებელი ადგილია. დავდიოდი ახალდაბაში, ბაკურიანშიც.
გაგრაში ვცხოვრობდით რაღაც პერიოდი, დედა იმ სახელმწიფო სანატორიუმის დირექტორი იყო, სადაც ვასილ მჟავანაძე ისვენებდა ხოლმე. კარგი მოგონება მაქვს მჟავანაძეზე. მის ვაჟთან - საშასთან ვმეგობრობდი, ჩემზე ცოტა უმცროსი იყო. ერთხელ საშა მოვიდა ჩემთან და მითხრა, „ჩიორნაია რეჩკაზე“ (შავ მდინარეს ეძახდნენ) წავიდეთო. მდინარეზე ჩანჩქერთან პურ-მარილი უნდა გაშლილიყო. სანამ სუფრა გაეწყობოდა, ვასილ პავლოვიჩმა ბოთლი დადო შემაღლებულ ადგილზე და თქვა: ვინც ამას მოარტყამს, ის იქნება თამადაო. რაიკომის მდივნებმა იარაღი ამოიღეს და ატყდა ერთი ამბავი. ვერავინ მოარტყა. ავიღე ქვა, გადავაგდე და ბოთლი გავტეხე. ბატონმა ვასილმა დამიძახა: ჩემთან მოდიო და ყურში მითხრა: კიდევ კარგი, რომ გატეხე, შიმშილს გადამარჩინეო. იმ საღამოს ძალიან კარგად ვიქეიფეთ.
- ზღვის სანაპიროზე დაგილევიათ?
- არასოდეს, მაგრამ ზღვაში მთვრალი ბევრჯერ შევსულვარ. ზღვაში შესვლა კი არა, არაფრის შიში არ მქონია!
- ამერიკაში როცა ცხოვრობდით, ზღვაზე სად დადიოდით?
- ფლორიდის სანაპიროზე - უმეტესად მაიამი, ტალაჰასი... ოკეანეში ვცურავდი. ხანდახან ტბებზე მივდიოდით, იქ უზარმაზარი ტბებია. თბილისის ზღვაც ტბაა, მაგრამ იმათთან შედარებით პაწაწინა გახლავთ.
- ფოთში კარგ დასვენებას გისურვებთ.
- გმადლობთ. ჩავალ და ქალიშვილს, შვილიშვილებს ჩავეხუტები. ერთი საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ. მაშინ ჩემი შვილიშვილი შაკო 10-12 წლისა იქნებოდა. ფოთში ჩემმა გოგონამ თავის სახლში ერთი ოთახი გამომიყო, რომელსაც ერთი ფანჯარა და ორი კარი ჰქონდა. მე და შაკო ზღვაზე დილით დავდიოდით ხოლმე, მაგრამ ხანდახან ძილი მინდოდა. ჩემი შვილიშვილი გააღებდა კარს და მეკითხებოდა: ბაბუ, ზღვაზე არ მივდივართ? - დამაცადე ცოტა ხანი, - ვპასუხობდი. შემდეგ მეორე კარს შემოაღებდა: - მივდივართ, ხო? - ჯერ არ მივდივართ, დამაცადე... ბოლოს, ფანჯრიდან მეძახდა ხოლმე: ბაბუ, ბაბუო (იცინის).
ნანული ზოტიკიშვილი