როგორ მიიქცია ტურისტების ყურადღება პრომეთეს მღვიმემ, რომლის აღმოჩენიდან 40 წელი შესრულდა - გზაპრესი

როგორ მიიქცია ტურისტების ყურადღება პრომეთეს მღვიმემ, რომლის აღმოჩენიდან 40 წელი შესრულდა

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მონაცემებით, სათაფლიისა და პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმეების ექსპლუატაციით მიღებულმა შემოსავალმა გახსნის პირველივე წელს მილიონ ლარს გადააჭარბა. მღვიმემ სამშენებლო და განათებით სამუშაოებზე გაწეული ხარჯები მთლიანად დაფარა და დღეს იგი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოგებაზე "მუშაობს"... - წელს პრომეთეს მღვიმის აღმოჩენიდან 40 წელი შესრულდა. გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი კუკური წიქარიშვილი:

- გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში წყალტუბოს კირქვულ მასივზე მნიშვნელოვანი სპელეოლოგიური აღმოჩენა მოხდა: მრავალშესასვლელიანი ლაბირინთული ტიპის მღვიმური სისტემის ნაწილობრივ წყლით ავსებული დერეფნების ჯამურმა სიგრძემ 15 კმ-ს გადააჭარბა... აქ შესაძლებელი გახდა მრავალკარიანი, ლაბირინთული მღვიმური სისტემის მიკვლევა, რომლის ცალკეული ნაწილები ერთმანეთისაგან გათიშული იყო წყლით გამოვსებული დერეფნებით - სიფონებითა და კოლმატაციური თიხის საცობებით. მღვიმის შესასვლელი წყალტუბოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 6 კმ-ის დაშორებით, სოფელ ყუმისთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. სადღეისოდ ამ მღვიმის ოთხი შესასვლელია ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შეიძლება ძირითად შესასვლელად მივიჩნიოთ, მღვიმის თაღის ჩანგრევით აღმოცენებული ქვაბულის ფსკერზე იხსნება, ზღ. დ. 147 მ-ზე. სწორედ ეს შესასვლელი და მისი 60-მეტრიანი, ვრცელი (სიგანე 10-15 მ, სიმაღლე 3-5 მ) დერეფანი უხსოვარი დროიდანაა ცნობილი ადგილობრივი მოსახლეობისა და მოგზაურთათვის. ვარაუდობდნენ, მღვიმე უფრო ღრმა იყო, რაზეც მიანიშნებდა ტალანის მორფოლოგიური, ჰიდროლოგიური თუ კლიმატური თავისებურებანი, მაგრამ ეს იყო ვარაუდი. აშკარად ჩანდა, რაღაც ბუნებრივი პირობების გამო, მღვიმის გასასვლელი ჩაკეტილა, დახშულა. პირველი, ვინც ამ საიდუმლოების რეალურ შეცნობას შეეცადა, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების საექსპედიციო რაზმი გახლდათ ჯუმბერ ჯიშკარიანის (ხელმძღვანელი), თამაზ ქობულაშვილის, ამირან ჯამრიშვილის, ვახტანგ კაპანაძის და კოტე ნიჟარაძის შემადგენლობით...

giorgi-zhora-tqablaze-da-meugle-rusudani-1725867023.jpg

- გვიამბეთ ამ აღმოჩენის შესახებ.

- მესანგრული სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდა და მან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ მკვლევრებს. ვიწრო გასასვლელის მიღმა, სპელეოლოგები პირველად შევიდნენ სრულებით უცნობ, მდიდარი ნაღვენთი ფორმებით დამშვენებულ ვრცელ დერეფანში. მას პირველ აღმომჩენთა უფლებით "წყალტუბოს მღვიმე" ეწოდა, ხოლო მისმა დარბაზებმა მიიღეს შემდეგი სახელწოდებები: პირველ ნაღვენთებიან დარბაზს "წყალტუბო-ქუთაისი" დაერქვა; გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით მომდევნო დარბაზებს ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის და ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის - აკადემიკოს თეოფანე დავითაიას, ყველაზე ვრცელ დარბაზს მშვიდობის, მრავალფეროვანი ნაღვენთებით შემკობილ ერთ-ერთ დიდ დარბაზს გამარჯვების, ხოლო დანარჩენებს რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, კოსმონავტების, ალპინისტების და სხვა სახელები უწოდეს. მღვიმის კეთილმოწყობის შემდგომ პერიოდში (2010-2011) სპელეოტურისტულ ობიექტს თვითნებურად თავს მოახვიეს მიუღებელი და რეგიონისათვის შეუფერებელი სახელები ("პრომეთეს", "არგონავტების", "სიყვარულის", "უღელტეხილის" და სხვ.). საერთაშორისო სტანდარტებით, ახალაღმოჩენილი, გავლილი და დოკუმენტირებული სპელეოობიექტისთვის სახელის მინიჭება პირველაღმომჩენთა პრეროგატივაა, რაც საავტორო უფლებებთანაა გათანაბრებული, რომლის თვითნებური შეცვლა სხვა პირების მიერ საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა და კანონით ისჯება.

- ფართო საზოგადოებისთვის როდის გახდა მღვიმის შესახებ ცნობილი?

- მღვიმის შესახებ პირველი ვიდეოკადრები და სატელევიზიო სიუჟეტი პროგრამა "მოამბისათვის" ტელეოპერატორმა - რეზო ბუხსიანიძემ მოამზადა, რომელიც საკავშირო ცენტრალური ტელევიზიითაც გადაიცა... პირველი ვრცელი სატელევიზიო გადაცემა კი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პროგრამა "ირაოს" შემოქმედებითმა ჯგუფმა (ივანე ჯაფარიძე, რეზო შალიბაშვილი, მიხეილ ნინოშვილი და სხვ.) მოამზადა. როგორც კი მღვიმის აღმოჩენის შესახებ საკავშირო ტელევიზიითა და გაზეთებით გავრცელდა, წყალტუბოსკენ დაიძრა უამრავი პროფესიონალი და მოყვარული სპელეოლოგი სხვადასხვა ქვეყნიდან... საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის რეკომენდაციებით მიიღო გადაწყვეტილება (#109, 12.02.1985) ტურისტული მიზნებისათვის მღვიმის კეთილმოწყობის თაობაზე. ძეგლის კეთილმოწყობის პროექტი დაამუშავეს არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა ვახტანგ დავითაიამ და არქიტექტორმა ზურაბ სუჯაშვილმა... უმოკლეს დროში ჩატარდა პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოები, რომლის შესრულებაში სპელეოლოგებს ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების (ქვილიშორისა და ცხუნკურის) მოსახლეობა ამოუდგა მხარში, მათ სათავეში ედგათ ცხუნკურის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იმედო ტყაბლაძე და სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე გურამ სვანიძე. განსაკუთრებული თავგამოდებით იშრომეს ყუმისთაველმა ამირან ჯანგველაძემ, ამირან ონიანმა, ამირან, მამია, ზაური, გიგლა, ვაჟა, თამაზ და ინდიკო ტყაბლაძეებმა, სულიკო ზაქარიაძემ, ნუგზარ გამყრელიძემ, გელა მაღლაფერიძემ, მიხეილ შალამბერიძემ, გვიშტიბელმა შოთა ფუტკარაძემ, რომან ბაბუნაშვილმა, ევტიხი სვანიძემ, ქვილიშორელმა ბიჭიკო, პლატონ და ნიკუშა სულაბერიძეებმა და სხვა.. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სოფელ ყუმისთავის მცხოვრების, დაუღალავი, მუდამ ენერგიული და სტუმართმოყვარე გიორგი (ჟორა) ტყაბლაძის ოჯახის გულთბილი მიღება, ხელშეწყობა და თანადგომა აქ ჩამოსული ხალხმრავალი სპელეოჯგუფების სტუმრობისას. განუზომელია მისი და მისი ოჯახის ღვაწლი საკუთრივ მღვიმისა და ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობაში, სამშენებლო მასალებისა თუ ლითონის კონსტრუქციების გარეშე პირებისაგან დაცვის საქმეში, რასაც ის კეთილსინდისიერად ასრულებდა წლების განმავლობაში, მღვიმის აღმოჩენის დღიდან (1984) მის ექსპლუატაციაში გაშვებამდე (2011). ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, ისინი უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით ემსახურებოდნენ ამ მამულიშვილურ საქმეს.

tamaz-kobulashvili-da-amiran-jamrishvili-zhoras-zegltan-1725867035.jpg

- 90-იანი წლების დასაწყისში მღვიმეს ყურადღება აღარ ექცეოდა...

- საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო მღვიმე მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩნდა... თუმცა, გეოგრაფიის ინსტიტუტს (პროფ. ზურაბ ტატაშიძის ხელმძღვანელობით) წლების განმავლობაში (1995-2009) ყურადღება არ მოუკლია ამ უნიკალური ძეგლისთვის. ჩვენ ყოველ წელს ვაკვირდებოდით მღვიმის ბუნებრივ რიტმს, ვაფიქსირებდით შექმნილ მდგომარეობას... მოგვიანებით (2007), პროექტი განსახორციელებლად ასოციაცია "ატუს" ("ქართუ ჯგუფს") გადაეცა, რომლის დაფინანსებით მღვიმეში კეთილმოწყობის სამუშაოები კვლავ განახლდა. მღვიმესთან მისასვლელი საავტომობილო გზის, გამოსასვლელი საფეხმავლო გვირაბისა და სანაოსნო მონაკვეთის კეთილმოსაწყობად ჩატარდა მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მოგვიანებით მღვიმის შესასვლელთან აიგო ორსართულიანი კაპიტალური ადმინისტრაციული შენობა, მოწესრიგდა მღვიმური სისტემის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ახალი ათონის ცნობილი მღვიმური სისტემისაგან განსხვავებით, სადაც ნაღვენთი ფორმები და მინერალური აგრეგატები მხოლოდ ზოგიერთ დარბაზსა თუ გასასვლელშია წარმოდგენილი, აქ ნაღვენთი წარმონაქმნები მღვიმის საატრაქციონო დერეფნის გასწვრივ მის მთელ სიგრძეზეა განვითარებული. მისი კილომეტრიანი "საგამოფენო დარბაზები" და დერეფნები ნაღვენთი კალციტის უნიკალური ექსპონატებითაა დამშვენებული. დიდებული სანახავია "გაქვავებულ ჩანჩქერთა" კასკადები, გოფრირებული "თეატრალური ფარდები", დანაოჭებული კალციტის ფირფიტები. თუნდაც რად ღირს ბუნების კიდევ ერთი საოცრება სტალაგმიტი "ბერმუხა". მიწისქვეშეთის ეს ჯადოსნური გამოფენა ხომ ჯერ კიდევ ველური სახით, ყოველგვარი "კოსმეტიკის" გარეშეა წარმოდგენილი.

2012 წლის დასაწყისში კეთილმოწყობილი ტურისტული ობიექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაიბარა. ამჟამად მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაქვემდებარებაშია. მღვიმეს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მონაცემებით, სათაფლიისა და პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმეების ექსპლუატაციით მიღებულმა შემოსავალმა გახსნის პირველივე წელს მილიონ ლარს გადააჭარბა. მღვიმემ სამშენებლო და განათებით სამუშაოებზე გაწეული ხარჯები მთლიანად დაფარა და დღეს იგი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოგებაზე "მუშაობს"... აღნიშნულიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სპელეოტურიზმის განვითარებას ანუ მღვიმეების ტურისტულ ობიექტებად მოწყობას სახელმწიფოსთვის დიდი სიკეთის მოტანა ძალუძს. მღვიმის ბოლო დარბაზში "სანაოსნო მონაკვეთის" ჩასასხდომი ბაქანია მოწყობილი, საიდანაც მიწისქვეშა წყლიანი დერეფნების დათვალიერება უხმაურო, ელექტროდენის წყაროთი მკვებავი კომფორტული ნავებით არის შესაძლებელი. აქედან სპეციალურად გაჭრილი საატრაქციონო გვირაბით ტურისტები დღის სინათლეზე, ხოლო გასასვლელთან მომლოდინე ორვაგონიანი ავტომატარებლით - ვიზიტორთა ცენტრში ბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მღვიმური სისტემის კვლევა არ დამთავრებულა. ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. ჯერ კიდევ უცნობია რამდენ საიდუმლოებას ინახავს სიფონურ ტბებს მიღმა მიმალული მიწისქვეშა ტალანები, წყლით გამოვსებული მისი შორეული უბნები.

უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში ბუნების ძეგლების მოვლა-პატრონობისა და მათი ხალხის სამსახურში ჩაყენების საქმე ცალკეული ენთუზიასტი კომპანიებისა თუ ბიზნესმენების საყოველთაო ზრუნვის საგანი გახდა. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის საექსპედიციო რაზმებმა საქართველოში 1000-ზე მეტი მღვიმე-უფსკრული შეისწავლეს, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნისათვის ჭეშმარიტად დიდი განძია. უკვე გამოკვლეულ მრავალრიცხოვან მღვიმე-უფსკულთაგან საკმარისია დავასახელოთ საყოველთაოდ სახელგანთქმული "ახალი ათონის", "პრომეთეს" (წყალტუბოს), "სათაფლიის", "თეთრას" და "ნავენახევის" მღვიმური სისტემები.

ყოველივე არსებულს საყოველთაო ზრუნვა და მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. მღვიმეების მოვლა-პატრონობისა და დაცვის საუკეთესო საშუალება კი, მათი კეთილმოწყობაა!

მანანა გაბრიჭიძე