რატომ არ ეცნობა საზოგადოებას ანდრო დადიანი და როგორია მისი ცხოვრება ნიღაბს მიღმა
ისეთი იყო, უამრავი უკმაყოფილებით და იმედგაცრუებით სათქმელი რომ დამიგროვა, რამაც მაიძულა საკუთარი იდენტობის ყველა ნიუანსი წამეშალა, ფაქტობრივად მოვმკვდარიყავი და თავიდან დავბადებულიყავი, ახალი სახელით, ახალი გვარით, ახალი ხმით, ახალი სახით - უსახობით და დღემდე ასე ვცხოვრობ. ჩემი საქმიანობის შესახებ არც ოჯახის წევრებმა, არც ნათესავებმა, არც თანამშრომლებმა არაფერი იციან. მათთვის რთული გასაგები იქნება ჩემი შრომის მიზნები, ამიტომ მეც ვიცავ თავს და მათაც ვუფრთხილდები", ამბობს ანდრო დადიანი, რომელიც თავის საინტერესო ცხოვრებას გვაცნობს...
- ანდრო დადიანად ნელა-ნელა გარდავისახე. მახსოვს, თავიდან რომ მეძახდნენ ანდროს, რაღაცნაირი უხერხულობის განცდა მქონდა. სხვათა შორის, იშვიათი არაა, რომ ადამიანები სახელებს იცვლიან - როგორც ჩანს, ეს საკუთარი თავის ძიებასა და აღმოჩენასთანაა დაკავშირებული. ჩემი ლექსები პირველად 2017 წელს, პაატა შამუგიამ გამოაქვეყნა. პაატა არა მარტო ჩემი საყვარელი პოეტი, არამედ ჩემი შემოქმედებითი ნათლიაცაა. პირველი ინტერნეტპუბლიკაცია, პირველი ბეჭდური პუბლიკაცია, პირველი წიგნის წინასიტყვაობა და ქვეყნიდან პირველი გასვლა - ყველაფერი მას უკავშირდება.
- ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურებით...
- ხელოვანისთვის ყველაფერი თვითგამოხატვის შესაძლებლობაა, ტანსაცმელი პირველი და ყველაზე მარტივი გზაა ამისთვის. ჩემს ანდროგენულ საწყისს, რის გამოც ანდრო მქვია, მგონი, ჩემი სამოსი გამოხატავს. ვიზუალური ხელოვანები, რომლებიც ახალი დროების ესთეტიკას ვქმნით, მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ გათავისუფლებაში, რადგან ქალურ-კაცური სტანდარტები ჩვენს გარემოს ტანჯავს და ჩაგრავს. რამდენ გოგოს დასცინიან არასტანდარტულობის გამო და რამდენ ბიჭს, რომ ტესტოსტერონი არ გადმოსდის თვალებიდან. ამისგან გათავისუფლებას, თანასწორობას და თანაგრძნობის გაღვივებას უნდა შევუწყოთ ხელი.
ისე კი, არც შესაძლებლობა მაქვს და ტანსაცმლის ყიდვაში დროის და ენერგიის გაცემაც არ მიყვარს, ამიტომ ან მჩუქნიან, ან ქუჩაში ვპოულობ ტანსაცმელს და იმათ გადავაკეთებ ხოლმე. მსოფლიოში იმდენი ტანსაცმელი იწარმოება, ჩვენამდე უფასოდაც უამრავი კარგი რამ აღწევს, მთავარია, სამყაროს მოწვდილს ცხვირაბზუებული არ შევხვდეთ, პირიქით, ხელი გავუწოდოთ. იმდენი ტანსაცმელი მაქვს, ნაცნობებსაც კი მე ვაცმევ. მიყვარს კერვა, გადაკეთება, ნივთებისთვის ახალი ფორმის, ახალი სიცოცხლისა და ახალი კონტექსტების მიცემა. ნივთების სულის ხომ გჯერათ? სხვაგვარად ენერგეტიკაც ვერ ექნებოდათ. ჰოდა, ჩემს თავს ხუმრობით გადაყრილი ნივთების პატარა ღმერთს ვეძახი. ქუჩაში რომ ჩავივლი და გადაგდებულ ნივთს წამოვიღებ, იმისგან რაღაც ახალს ვაკეთებ და დაპურებული უპატრონო ძაღლივით შემომხარიან ნივთები, ენერგიას მაფრქვევენ.
- როგორ გააბით ნივთებთან ასეთი კავშირი?
- როცა ადამიანები იმედს გიცრუებენ და მარტო რჩები, სამყაროში სხვა რაღაცები გიმეგობრდებიან, გელაპარაკებიან. დაახლოებით ისეთი ცხოვრება მაქვს, როგორიც ამ გადაყრილ ნივთებს. უახლოესმა ხალხმა: დედამ, საყვარელმა ადამიანმა მაქციეს ზურგი, ამიტომ კარგად მესმის ამ ნივთების. დიდ სიცოცხლის წყურვილს და სევდას ასხივებენ. თუ განადგურების პირას მყოფებს ისევ საჭიროდ აგრძნობინებთ თავს, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ენერგიას ასხივებენ და როგორ გულმოდგინედ ასრულებენ მისთვის წარმოუდგენელ ფუნქციებსაც კი და ესაა მათი მადლიერების, სიხარულის გამოხატულება. დავით ჭალიძესთან გაკეთებულ ამ ფოტოში, მაგალითად, შუქურაა ეს გატეხილი სახილე. ყველაფერი ნაპოვნია, რასაც უყურებთ. მნახველი კი ვერ ხვდება მიზეზს, მაგრამ კომპოზიციასთან, კადრთან და იდეასთან ერთად იმდენად დიდია ამ გადარჩენილი ნივთების ვიბრაცია, რომ მისი დასხივების ქვეშაა ადამიანი. ბევრ საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა, მათ შორის ამერიკულ "ფორბსში" და "ვოგიში"...
- მარტოობაზე ლაპარაკობთ და პირად ცხოვრებაზე კითხვა უადგილო იქნება ალბათ...
- არა, უადგილო არც ერთი კითხვა არაა, მით უფრო, ერთნაირსქესიანი ადამიანების სიყვარული ჩვენს ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კონტექსტების მთელი მარაოა. მაგრამ წლებია ურთიერთობაში არ ვარ. 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა (იცინის). ირგვლივ ყველაფერი რომ პოლიტიკაა, ამის შეხსენებას არ დავიწყებ, მოვლენები რომ ამოვხსნა, პოლიტიკური მეცნიერებების სხვადასხვა საკითხს ვეცნობი ხოლმე. ამას წინათ "ჰიბრიდული ომების ანატომია" წავიკითხე, სადაც ბევრი თავია რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე და განშორებიდან სამი წლის თავზე აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად ამ ომის ტაქტიკით დამიკარგავს საყვარელი ადამიანი ერთ რუსთან. მცოცავი ოკუპაცია; ილუზიის შექმნა, რომ ვიღაც მესამე ბედნიერებისა და მშვიდობის მისიითაა წყვილს შორის და არაფერი იცვლება ამით; დროში გაწელილი სტრატეგია, მოწინააღმდეგის გამოსაფიტად, მორალურად დასასუსტებლად, რომ დაგნებდეს და თავად გავიდეს მოედნიდან; ეკონომიკური, კულტურული, მენტალური, დაპყრობა და ამასთან არც ერთი სიტყვა დღის წესრიგის ცვლილებაზე; უიმედობის თესვა, რომ მოძრაობას აზრი არა აქვს და ა.შ. ყველა ეს პროცესი სამი წლის წინ გავიარე და ახლა ვუყურებ, ზუსტად იმავე ტექნიკით ვკარგავ სამშობლოს. საყვარელი ადამიანის დაკარგვით დიდი რეპეტიცია გამატარა ცხოვრებამ.
- არ აპირებთ ნიღბის მოხსნას? ვფიქრობ, იოლი არ არის ასე ცხოვრება.
- ნიღაბი, რომელიც ახლა მიკეთია, ამ გარემოში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა - მყიფე, მოუხერხებელი და სულისშემკვრელი.ამიტომაც, ჩემი შრომა მთლიანად იმისკენაა მიმართული, რომ ამ მალვისგან გავთავისუფლდე. ამისთვის მინიმუმ რამდენიმე ათეულ მეტრზე მაინც უნდა შეიქმნას მკვრივი სოციალური ეთიკა და სულიერი ჰიგიენა, რისი მოპოვებაც და შენარჩუნებაც ასკეტურ ფიზიკურ და სულიერ შრომას მოითხოვს. წარმატებებს არ ვითვლი, უხერხულიც იქნებოდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი მიზანი შემოქმედებითი ზრდა და უანგარო შრომაა, მერე კი მჯერა, ამას კარიერული წინსვლაც მოჰყვება, თუ არა და, ესეც არ იქნება პრობლემა. მთავარია ჩემი გემოვნება ვითარდებოდეს და შევძლო საკუთარ გემოვნებას დავეწიო. მუშაობას ხან მოჰყვება შედეგი, ხან არა, მოზაიკასავით მთლიანი სურათი ალბათ წლების მერე შეიკვრება.
- რამდენი წლის ხართ?
- ამაზე ლაპარაკი არა მგონია მართებული, რადგან სტერეოტიპებს გავამყარებთ, რომ ახალგაზრდობაა სიცოცხლის საუკეთესო პერიოდი. ადამიანი იმ ასაკშია ცოცხალი, როცა მისი ცნობიერებაა მოძრავი. ბევრი 22 წლის ადამიანი მინახავს გაშეშებული ტვინით (ასეთებს ჩვენი ენა მკვდრადშობილებად მოიხსენიებს) და მინახავს 85 წლის ადამიანები, რომლებიც მათი ცხოვრების მიმართ უკმაყოფილებით და პროტესტით სამყაროს აუმჯობესებენ. ერთ-ერთი ჩემი ბოლო ნამუშევარი - "ქვამარილი" ამაზე იყო: ერთი მხრივ ცომით სავსე გობში, მეორე მხრივ აუზში, რომელშიც არ ვინძრეოდი, ამოდიოდა ცომი და მახრჩობდა. ასეა, როცა სამოქალაქო ცხოვრებაში არ ერთვება ადამიანი, როცა "ამა ქვეყნის ძლიერთა" გადაწყვეტილებებს უმოძრაოდ თანხმდება, აუცილებლად იხრჩობა. ბრმად მორწმუნეებზეცაა ეს ნამუშევარი (ქრისტე ამბობს, რომ მისი ხორცია პური და პური მახრჩობდა იქ უმოძრაოს). დიახ, ყველაზე კეთილშობილმა იდეამაც კი შეიძლება წაშალოს, მოახრჩოს პიროვნება, თუ კითხვებს არ სვამს, არ მოძრაობს, თუნდაც შეცდომა იყოს.
- გეგმებზეც მინდა გკითხოთ...
- ადამიანური ყოფის ეს განუყოფელი ნაწილი - მომავალზე ლაპარაკის შესაძლებლობა ჩამოგვერთვა ქართველებს, რადგან ერთი თვის იქით წამლეკავი ბურუსია. მე რახან წამოსკუპებული არ ვარ ამ მთავრობის კულტურის ტორტზე, რომელიც განსახიერებაა უკულტურობის, არაპროფესიონალიზმის, უმომავლობისა და უსიყვარულობის, ამათი გამარჯვების შემთხვევაში ან ციხეში მომიწევს წასვლა, ან ქვეყნიდან. არც ციხის მეშინია, მაგრამ ასეთ მდაბიო მეტოქეებთან ციხეში ჯდომა მორალური უპირატესობის განცდასაც კი ვერ მომგვრის, ამიტომ წავალ. მანამდე კი რამდენიმე ნამუშევარი მაქვს გამოსაშვები. ერთ-ერთი გალერეა ჭინდოწ პროჯეცტ-ში იქნება ინსტალაციის სახით: "ღმერთო, მომეც ძალა და ღონე", ეს სათაური ფალიაშვილის "დაისიდან" ავიღე და ნამუშევარი ჩვენს რეალობას მოვარგე ცოტა იუმორით, დიდი გულისტკივილით, ლოცვითა და გადასარჩენად ძალის პოვნის მცდელობით გაჯერებული.
მანანა გაბრიჭიძე