"ოცნებისტების"უცნაური ოცნება...
მაშინვე გავიფიქრე, რომ "ქოცები" ამის გამოყენებას დაიწყებდნენ და ასე აგიხდეთ ყველაფერი! მალევე დადო "იმედის" ერთმა ჟურნალისტმა პოსტი, როგორ უხდება ერთმანეთს ეს ორი ციფრიო, ანუ ეკრანზე "ოცნების" საარჩევნო ნომერი - 41 გამოისახაო. მეორემ მიუწერა, - გული მისკდებოდა, ჩვენებს მეხუთე გოლი არ გაეტანათ და 5:0 არ დამთავრებულიყო, ანუ "ნაცების" 5-იანი არ გამოსახულიყოო.
ხომ ხვდებით, რა დღეში ვართ უკვე ამ პოლიტიკის გადამკიდე?! კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონია გასაჩივრებული და განხილვა მიმდინარეობდა. განხილვაზე ხელისუფლების წარმომადგენელმა საოცარი არგუმენტი მოიყვანა. განაცხადა, სიტყვა "უცხო" სულაც არაა ცუდი გაგების და რატომ აცხადებენ მომჩივანები, რომ თუ "უცხო ძალის ინტერესების გამტარი" დაერქმევათ, ეს მათი შეურაცხყოფა იქნება? "უცხო" და "საუცხოო" ყველაფერ კარგთან ასოცირდებაო.
მე თუ მკითხავთ, ასეთ უტიფრობას არც კი უნდა უპასუხო, მაგრამ სასამართლო დავას თავისი წესები აქვს და მომჩივანმა მხარემ ენათმეცნიერი მოიწვია, რათა მისი ექსპერტული აზრი მოესმინა სასამართლოს, შეიძლება თუ არა "უცხო ძალის ინტერესების გამტარი" დადებითი შინაარსით გავიგოთ, რადგან სიტყვა "უცხო", ცალკე აღებული, ცუდს არაფერს ნიშნავს. თავისთავად აბსურდული დავაა, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ უფრო აბსურდული გაგრძელება მოჰყვა: რადგან ეს ენათმეცნიერი ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ტერმინს "უცხო ძალის ინტერესების გამტარი" საქართველოში დადებითი გაგება ვერანაირად ვერ ექნება. მეორე დღესვე გამოვიდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი და განაცხადა: ჩვენ ვემიჯნებით ჩვენი თანამშრომლის მოსაზრებასო.
ხვდებით, ხომ, რა ქვეყანა აგვიშენა "ოცნებამ"? ადამიანმა თავისი პირადი აზრი გამოთქვა სასამართლოზე და მის დირექტორს შეეშინდა, მე არ დამბრალდეს, არ მომხსნანო და გაემიჯნა. ასეთი სამარცხვინო საქციელი ბევრი არ მინახავს. ალბათ, 30-იან წლებში ადამიანები ასე უარყოფდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაშინ ხალხს დახვრეტა ემუქრებოდა და კიდევ შეიძლება გაიგო.
სამაგიეროდ, "ოცნება" ხალხს გაპიდარასტებისგან დაცვას ჰპირდება. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მივიღებთ და გადაგარჩენთო! იცით თურმე, რა ეწერება ამ კანონში და რით დაგვიცავენ? აი, რა: კინოსეანსებზე, სადაც ერთნაირსქესიანთა ინტიმური ურთიერთობებია აღწერილი, არასრულწლოვნებს არ შეუშვებენ.
და თუ სხვადასხვასქესიანთა ინტიმური სცენებია ფილმში, მაშინ შეუშვებენ? მაგის ყურება შეიძლება არასრულწლოვნებისთვის? ან ინტერნეტში თუ უყურა ამ ფილმებს 15 წლის ახალგაზრდამ, მაშინ რას ვშვრებით?..
სინამდვილეში ფილმებს, სადაც ინტიმური სცენებია (მნიშვნელობა არ აქვს, რამდენსქესიანთა), ისედაც აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და +18 აწერია. ხვდებით, ხომ, ეს კანონი, რომლის მიღებასაც "ოცნება" ხალხს ჰპირდება, უბრალოდ, დაბოლებაა და მეტი არაფერი. ივანიშვილის და "ოცნების" მიერ საარჩევნოდ გაცემული მთავარი დაპირებები ერთ რამეს მოწმობს: მათ მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა არის "ბიდლო", რა საკენკსაც დაუყრიან, იმას აკენკავს და მთელი სტრატეგია ამაზე აქვთ აგებული.
ეს რუსული სიტყვა შემთხვევით არ გამომიყენებია. სწორედ რუსები აბოლებენ თავიანთ ხალხს ასეთი თემებით, რომ დასავლეთი გვაპიდარასტებს. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ სერგეი ლავროვი ამ სტრატეგიის გამო "ოცნებას" აქებს. წინა კვირას გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირდაპირ თქვა: "რასაც ახლა საქართველო აკეთებს, საკუთარი იდენტობის გაცნობიერებაა".
მოკლედ, ასეთი მდგომარეობაა: აირჩიეთ "ოცნება" და ჩვენს იდენტობაზე იზრუნებენ პროფესიონალები - ბიძინა ივანიშვილი და სერგეი ლავროვი. ჰო, ასევე, მამუკა მდინარაძეც, რომელმაც განაცხადა: "ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს (პარიზის ოლიმპიადის გახსნა იგულისხმება).
გადავრჩენილვართ, ბატონებო! ეს ისეთი დაპირებაა, მორჩა, აწი ამათ ვაძლევ ხმას.
ან რატომ არ უნდა მივცეთ? ამათ ხელში ყველაფერი ოქროდ იქცევა. მაგალითად, ზაფხულში რიკოთზე არსებულმა საცობებმა ქუთაისში ტურიზმი განავითარა. არ გჯერათ? ვინც კოპიტნარიდან მიფრინავდა, იძულებული იყო, წინადღეს ჩასულიყო, რომ საცობების გამო რეისზე არ დაჰგვიანებოდა, შესაბამისად, ეს ადამიანები ღამე ქუთაისის სასტუმროებში რჩებიან. ასე განვითარდა ამ ზაფხულს ქუთაისში ტურიზმი. განა, საოცარი მიღწევა არაა?!