რუსი ხალხი და რუსეთის იმპერია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
მაგრამ ამის შესახებ არავინ საუბრობს", - ამ განაცხადს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკურ მეცნიერებაში, კონსტანტინე ვეკუა აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს გარშემო იკვრება წრე, რომელშიც საგარეო და საშინაო საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაანალიზება, როგორც რუსული, ასევე ქართული და დასავლური პრიზმიდან. როგორია და კონკრეტულად რას ეხება მიმდინარე პროცესი, რა გამოწვევები და საფრთხეები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე? - ამის შესახებ საკუთარ ვერსიებს კონსტანტინე ვეკუა გვთავაზობს.
- ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, გარკვეულ წრეებში აქტიურად განიხილებოდა საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი, რასაც შემდეგ ანტიდასავლური რიტორიკა მოჰყვა, ბოლო ხანებში კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ალაპარაკდნენ... კი, ბატონო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საჭიროც არის და გარდაუვალიც, მაგრამ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი პრიზმიდან განიხილება ეს საკითხი და რომელი კუთხიდან იქნება შემოთავაზებული ინიციატივები. როდესაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასა და ხელშეკრულებების გაფორმებაზე ვიწყებთ მსჯელობას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა დღეს და როგორია მისი ისტორია. თუ ჩვენ ყველაფერს ობიექტურად და მიუკერძოებლად შევაფასებთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთთან შეუთავსებელია. რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში ჩატარდა ფორუმი, სადაც მიწვეული იყო გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის მეუღლე. ქალბატონმა იულია ნავალნაიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ვითარებაა ახლა რუსეთში და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი.
- როგორი იყო ნავალნაიას ვერსია რუსეთში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და რამდენად შეესაბამება მისი ვერსია რეალობას?
- ფაქტობრივი მოცემულობა ასეთია - სახეზეა პუტინისტური, ანუ ფაშისტური რუსეთი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი ექსპანსიონიზმით გამოირჩევა პუტინი, ამის ნათელი მაგალითებია 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია და 2014 წელს, ყირიმის ანექსია. საქართველო და ყირიმი შემთხვევითი სამიზნეები არ ყოფილან, ორივე სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს ევრაზიის კონტინენტზე. 2022 წელს უკრაინაში შეჭრა კი რუსული ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა. შეიძლება ითქვას, რომ პუტინს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკით კატასტროფამდე ჰყავს მიყვანილი თავად რუსეთი. რუსულ ოპოზიციურ სპექტრში, რომლის ნაწილი რუსეთის ციხეებშია, ნაწილი კი უცხოეთში, სხვადასხვაგვარადაა შეფასებული პუტინის პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ აშკარად გამოკვეთილმა ავტორიტარმა პუტინმაც კი დემოკრატიული ლოზუნგებით დაიწყო ქვეყნის მართვა. იყო დრო, როდესაც ის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზეც საუბრობდა. ისიც უნდა ითქვას, რომ 90-იან წლებში დასავლეთმა რუსეთს არაერთხელ მისცა იმის შანსი, რომ დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო გამხდარიყო. საკმაოდ დიდი თანხები ჩადეს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ პროექტებში. საბოლოოდ, ყველამ დაინახა, რომ აქედან არაფერი გამოვიდა. ე.ი. ეს იყო სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა, რომელიც მამა ბუშმა დაუშვა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზვიად გამსახურდიამ უფრო სწორად განსაზღვრა შემდგომი 30 წლის პოლიტიკური პერიპეტიები, ვიდრე მამა ბუშმა. უნდა ითქვას ისიც, რომ არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს. უკრაინული წარმოშობის რუსი პოლიტიკოსი, ილია პონომარიოვი, რომელიც ერთხანს დუმის დეპუტატიც იყო, ახლა პოლიტიკურ ემიგრაციაშია. პონომარიოვმა და სხვა დევნილმა რუსმა პოლიტიკოსებმა პოლონეთში დააარსეს სახალხო დეპუტატების ყრილობა, რომელიც რუსეთის გარდამავალ პარლამენტად მიიჩნევა. ეს ხალხი ემზადება იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთში დემოკრატიული პროცესები წარმართონ. პონომარიოვი და სხვა დევნილი ოპოზიციონერები, ასევე ხადარკოვსკი და სხვა დევნილი ოლიგარქები პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ საინტერესო ის არის, მათი ხედვით როგორია დემოკრატია და ითვალისწინებს თუ არა მათ მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯები რუსული იმპერიის ტრანსფორმაციას ან დაშლას. ილია პონომარიოვმა გამოსცა წიგნი, რომელიც პუტინის შემდგომ პერიოდს ეხება. წიგნში საუბარია იმის შესახებ, თუ რა მძიმე ნაბიჯებს დგამს პუტინი და რა ცუდი შედეგი მოაქვს მას რუსეთისთვის. ასევე იძლევა რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ. თუმცა, ძალიან ზოგადად საუბრობს დეიმპერიზაციასა და დეცენტრალიზაციაზე. არის კიდევ ერთი ჯგუფი - გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი ნატალია ნოვოსელოვა უფრო საფუძვლიანად საუბრობს რუსეთის დემოკრატიზაციაზე. თუმცა, მთლიანობაში ასეთი ხალხი უმცირესობას წარმოადგენს და გარდატეხას ვერ ახდენს რუსულ საზოგადოებრივ აზრზე. ეს მოცემულობა დეკაბრისტების დროინდელ რუსეთს მაგონებს, მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ და კონსტიტუციური მონარქიის დაარსება რომ უნდოდათ. ჩვენთვის დეკაბრისტების გამარჯვების შემთხვევაში რა იცვლებოდა?! ბევრი არაფერი! კი, უფრო დემოკრატიულ იმპერიაში ვიცხოვრებდით, მაგრამ იმპერია ხომ იმპერიად დარჩებოდა?! დაახლოებით იგივე მოხდა ლენინის მმართველობის დროსაც, თითქოს დემოკრატიული მთავრობა მოვიდა, მაგრამ მერე ისეთი დიქტატურა და ტოტალიტარიზმი დამყარდა, არც ერთ თვითმპყრობელ დიქტატორს არ დაესიზმრებოდა. ე.ი. რუსეთმა დემოკრატიის ნიღბით, ყოველ ჯერზე უარესი და უარესი ურჩხული მიიღო. ერთი სიტყვით, დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ რუსებთან ურთიერთობისას, არავინ იცის დემოკრატიის შირმის ქვეშ სინამდვილეში ვინ შეიძლება იყოს და რა რეალობის წინაშე დაგვაყენოს. ეს რეალობა კარგად გააანალიზეს დასავლეთში და შესაბამისად, შეიცვალა განწყობები რუსული იმპერიალიზმის და ზოგადად, რუსეთის მომავალთან დაკავშირებით.
- ბოლო დრომდე დასავლეთი სკეპტიკურად უყურებდა რუსეთის დეცენტრალიზაციას, თუნდაც იმის შიშით, რომ უზარმაზარ ტერიტორიაზე სხვადასხვა უმართავი სახელმწიფო არ გაჩენილიყო, თავისი ბირთვული საფრთხეებით. დასავლეთში ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ ერთ ხელში (თუნდაც, ეს არაპროგნოზირებადი რუსეთი ყოფილიყო) მოქცეული ბირთვული იარაღი უფრო უსაფრთხო შეიძლება ყოფილიყო, ვიდრე სხვადასხვა პატარ-პატარა სახელმწიფოს ბანდიტური ხელისუფლებების ხელში ჩავარდნილი ბირთვული არსენალი.
- ეს უფრო ცივი ომისდროინდელი შიშის სინდრომია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი პოზიცია არც მაშინ იყო ყველასთვის უპირობოდ მისაღები. დასავლური ისტებლიშმენტის მიდგომები, რუსეთის მიმართ სხვადასხვაგვარი იყო და არის. ერთ ნაწილს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რუსეთის ბოლომდე დაშლა, მისი ბირთვული პოტენციალიდან გამომდინარე. ეს გასაგებია, რუსეთს მხოლოდ ბირთვული კი არა, ბიოქიმიური იარაღიც აქვს და ამ რისკებს, საფრთხეებს მართვა სჭირდება. ეს ხალხი იმ საბჭოთა მოქალაქეებს მაგონებს, ვისაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე არ სჯეროდა საბჭოთა იმპერიის დაშლის. რაც შეეხება მეორე ნაწილს: არის კატეგორია, რომელსაც ძალიან კარგად წარმოუდგენია რუსეთის დაშლა და არც დიდი საფრთხის შემცველად მიაჩნია, მაგრამ ეს არ უნდა.
- რატომ არ უნდა უნდოდეთ?
- იმიტომ, რომ ეს მოცემულობა აწyობთ, ფინანსური სისტემები აქვთ აწყობილი და არ უნდათ ამის დაშლა. ასეთი ძალები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არიან და ევროპაშიც. არის კიდევ მესამე, პროგრესული ნაწილი, რომელიც უფრო შორს იხედება, ამერიკის ანალიტიკურ ცენტრებში მათ "ქორებს" უწოდებენ. ისინი ორიენტირებული არიან ხვალინდელ დღეზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ხედავენ, რომ წარსული კრიტერიუმებით მოქმედი იმპერია დღემდე დიდი თავის ტკივილი იქნება მსოფლიოს განვითარებისთვის. ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის - ჰაdსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსს, საქართველოსთვის კარგად ნაცნობ ლუკ კირბის, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ძალზე საინტერესო რეკომენდაციები აქვს პოსტსპუტინისეულ რუსეთთან მიმართებით. აქ იკვეთება ორი სცენარი: რევოლუციური და ევოლუციური. რევოლუციურ სცენარში საუბარია სამოქალაქო ომებზე, გადატრიალებაზე, აჯანყებაზე და ა.შ. ის მოუწოდებს ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ ქაოსი და დუღილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას არ გასცდეს. ის ფიქრობს, რომ მთელი კონტინენტი უნდა მოემზადოს სამხედრო, პოლიციური და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ბატონი კირბი ფიქრობს, რომ ამ ქაოსში შეიძლება ისეთი პარამილიტარული ჯგუფები გაჩნდნენ, როგორიც "ვაგნერელები" იყვნენ ან კადიროველები არიან, ეს კი ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ბირთვული შეიარაღებaა, საფრთხის შემცველია. ამიტომ, რაც უფრო მალე მოემზადება მსოფლიო ამისთვის, მით უკეთესი იქნება. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს "დე ფაქტო" ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, გვჭირდება თუ არა რუსეთთან რაიმე ფორმით დაახლოება. მე თუ მკითხავთ, ბოლომდე არც ვართ რუსული გამოქვაბულიდან გამოსული, 32 წელია რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ისევ რუსეთში მიგვათრევენ, ზოგი შეფარულად და ზოგი - ფარულად.
- თქვენ რუსულi პოლიტიკურi ელიტის მახასიათებლებზე ისაუბრეთ. რას იტყვით რუს ხალხზე?
- ეს არის საზოგადოება, რომელიც იმპერიული მემკვიდრეობის მხოლოდ მსხვერპლი კი არა, პროდუქტიც არის. რასაც მე ვიხსენებ, რუს ხალხს სამჯერ მაინც ჰქონდა დემოკრატიის რელსებზე შედგომის მცდელობა, მაგრამ ყველა ამაო აღმოჩნდა. პირველი მცდელობა ალექსანდრე პირველს ჰქონდა, ის სხვა იმპერატორებთან შედარებით, პროგრესული იყო და რამდენიმე დემოკრატიული რეფორმაც გაატარა. დემოკრატიული მოძრაობის ყველაზე მძლავრი ტალღა რუსეთში ბატონყმობის გადაგდების პერიოდში აგორდა, მეორე ტალღა იყო თებერვლის რევოლუციის მერე, რასაც საფუძვლად რუსეთ-იაპონიის ომის შემდგომი პერიოდი ედო. ამ ომში დამარცხებისას რუსები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ცვლილებები და იმპერატორი ნიკოლოზ II დათმობაზე წავიდა - სწორედ იმდროინდელია სტოლიპინის რეფორმა, შეიქმნა საშუალო კლასი, რომელიც მოგვიანებით კულაკებად მონათლეს. ამ საშუალო კლასის წყალობით ეკონომიკა ისე განვითარდა, რომ ქვეყანა ერთ-ერთ გავლენიან მოთამაშედ იქცა ევროპაშიც კი. ეს ტენდენცია ბოლშევიკურმა რევოლუციამ ჩაახშო. ბოლშევიკური მთავრობა თვითმპყრობელურ მმართველობაზე მეტად ავტორიტარული აღმოჩნდა. იმ წლებში საშინელება გამოიარეს არა მარტო რუსეთის იმპერიაში შემავალმა სხვა ერებმა, არამედ თავად რუსმა ხალხმაც - საშუალო კლასის ქონებას ექსპროპრიაცია გაუკეთეს, თავად ხალხი - ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს და ა.შ. ამ ყველაფრის შედეგად, საბჭოთა სივრცეში შეიქმნა დიდი ვაკუუმი, რის ამოვსებასაც სოციალური ინჟინერიით შეეცადნენ. ე.ი. რუსებთან ერთად საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხების საუკეთესო ნაწილი გაანადგურეს და დატოვეს მხოლოდ (სამედიცინო ტერმინს გამოვიყენებ) დეგენერატები. სწორედ ამ დეგენერატებისგან გამოიყვანეს შემდეგ წითელი ინტელიგენცია და პარტიული ნომენკლატურა. ამ დიდი კატასტროფისგან დღემდე არ არის გამოსული რუსეთი. რაც შეეხება მესამე ტალღას, ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყების დროს. თითქოს ელცინს სურდა რუსეთის დემოკრატიზაცია, მაგრამ მან მალევე უღალატა დემოკრატიის იდეას.
- უღალატა თუ უბრალოდ, მანამდეც თვალთმაქცობდა, როგორც ეს რუსებს სჩვევიათ?
- რა გითხრათ, ფაქტი ერთია, ის შეერწყა ნომენკლატურას და მისი ოჯახის წევრები ყველაზე დიდი ყაჩაღები აღმოჩნდნენ. ელცინის ოჯახმა ისევე გაძარცვა ქვეყანა, როგორც მანამდე ბრეჟნევის ოჯახმა და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ქვეყნებს დღემდე ოჯახები და კლანები მართავენ. ერთი სიტყვით, რუსეთის დემოკრატიზაციის მესამე მცდელობაც ჩაიშალა და მოხდა ის, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. იმას ვგულისხმობ, რომ იმპერატორების დროს იყო "ოხრანკა", საბჭოთა პერიოდში იყო "კაგებე" და "ჩეკა", მაგრამ ეს უწყებები არასდროს წარმოადგენდნენ მთავარ ძალას: "ოხრანკა" იმპერატორს ემორჩილებოდა, "კაგებეს" და "ჩეკას" პარტია ან სტალინის ტიპის ლიდერი მართავდა. ელცინის შემდეგ, პუტინმა მის ირგვლივ ოლიგარქები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მათი შვილები შემოიკრიბა. აი, ამ ხალხმა მთელი ქვეყანა ჩაისვა ჯიბეში. ესენი პოლიტიკოსები კი არა, ავანტიურისტები არიან. როდესაც საზღვრები გაიხსნა და ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, ფანტასტიკური სიმდიდრის მფლობელები გახდნენ. რუსული ოლიგარქია ცალკე ფენომენია, არც უკრაინულს ჰგავს და არც მოლდოვურს.
- რას გულისხმობთ?
- ფული, რომელიც რუს ოლიგარქებს აქვთ, მათი კი არა, პარტიის საკუთრებაა. ამას შეიძლება ვუწოდოთ Dეეპ სტატე - კულისებს მიღმა მყოფი სახელმწიფო სახელმწიფოში. ჩვენ შეიძლება პუტინი და მის ირგვლივ მყოფები ვიცით, მაგრამ ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფიგურაზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ეს არის სისტემა, რომლის წარმომადგენლები ერთმანეთსაც კი არ იცნობენ. ამიტომაც წარმოადგენს ის იმპერიის ხერხემალს. თუ ეს ხერხემალი არ ჩამოიშალა, იმპერია რომც დაინგრეს, სისტემა, სხვა ფორმით, ისევ აღდგება. ფული, რომელიც რუს ოლიგარქს აქვს, საბოლოოდ რუსული იმპერიალისტური მიზნების განხორციელებას ხმარდება. შესაბამისად, თუ რომელიმე ოლიგარქი სისტემის წესებს არ დაემორჩილება, მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს სადმე მოწამლულს ან დამხრჩვალს იპოვიან. რუსეთში მილიონებს ისე ვერ იშოვი, თუ ამ სისტემის ნაწილი არ ხარ. აი, ასეთი საშიში და დაავადებული საზოგადოებაა. ისინი მანამდე არ გაჩერდებიან, ვიდრე ქვეყანა არ ჩამოეშლებათ. ეს არის ძველი ყაიდის იმპერია, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს. რუსეთის იმპერიაში ყოფნა არ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი.
- ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააქტიურებული საუბრები ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ილუზიაა?
- რა თქმა უნდა. მე აფხაზეთიდან ვარ და 30 წელია საკუთარი სახლი არ მინახავს. ჩემს სახლში ახლა ვიღაც ცხოვრობს, თუმცა, ძალიან ბევრი ქართველის სახლი უბრალოდ გადამწვარია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის დირიჟორობით მოხდება, ჩემს სახლს დამითმობენ? ალბათ, რუსები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაარქმევენ იმას, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას მომცემენ, მაგრამ ჩემს სახლში კი არ შემიშვებენ, სადღაც, რაღაც ტერიტორიაზე ააშენებენ ბინებს და იქ ჩამასახლებენ. თუმცა, ესეც საკითხავია...
ხათუნა ბახტურიძე