"გამარჯვება ან დამარცხება" - ქართველი ემიგრანტის გერმანულენოვანი წიგნი - გზაპრესი

"გამარჯვება ან დამარცხება" - ქართველი ემიგრანტის გერმანულენოვანი წიგნი

თეონა ამაღლობელის გერმანულენოვან წიგნს, რომელიც ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე უპრეცედენტო აქტიურობით გაიყიდა. გერმანელი გამომცემლების თქმით - "ნაწარმოების მიწურულს მიხვდნენ, რომ მისი დასრულება არ სურდათ, რაც მათი მხრიდან ყველაზე დიდი კომპლიმენტია..." როგორც ავტორი ჟურნალ "გზასთან" საუბარში ამბობს, თავისი ავტობიოგრფიული ნამუშევრით მას სურდა ემიგრანტებისთვის, ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის ეჩვენებინა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...

- უკვე შვიდი წელია ავსტრიაში ვცხოვრობ, თუმცა, 11 წელია ემიგრაციაში ვარ... ჩემი ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობდა. როგორც ქვეყნიდან წამოსულ უამრავ ადამიანს, ფინანსური პრობლემები ჩვენც შეგვექმნა, მაშინ მე მესამე კურსზე ვიყავი... თბილისში ვერ დავრჩებოდი, რადგან ბინა არ მქონდა და ჩემი მშობლები ქირას ვერ გადაიხდიდნენ. ისეთი ახლო ნათესავიც არ გვყავდა, ვინც შემიფარებდა. მთელი ზაფხული თბილისში ვრჩებოდი და რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, ჩემი სწავლა და ხარჯები რომ დამეფინანსებინა. ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, "აუპიარის" პროგრამით გერმანიაში წავსულიყავი. ენა არ ვიცოდი, მაგრამ უნდა მესწავლა, ხარჯებს კი თავად ვფარავდი. გერმანიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, რაც მარტივი არ იყო, რადგან მაშინ ევროპაში სასწავლებლად წამსვლელს 10 ათასი ევრო უნდა ჰქონოდა ანგარიშზე, გარდა ამისა, კარგად სცოდნოდა ენა. უნდა გამერისკა, სხვა გზა არ მქონდა - ე.წ. პროცენტიანი ვალი ავიღე და წავედი, რომელსაც შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ვისტუმრებდი.

იქ ჩემი კლასელი ცხოვრობდა და მუშაობდა, მისი დახმარებით ვიპოვე ოჯახი და მათთან წავედი სამუშაოდ. ეს იყო ქალაქი ნიურნბერგი, ბავარიის მიწაზე. ძალიან საინტერესო ადგილია. გერმანელები ამბობენ, მთელ გერმანიას ბავარია არჩენსო, იქ ხალხიც ძალიან კარგია...

ერთი წლის შემდეგ, ვიპოვე სოციალური სამსახური, ეს არის როგორც გერმანელებისთვის, ასევე უცხოელებისთვის კლინიკაში, სადაც დღეში 8 საათს ვმუშაობდი, მაგრამ მქონდა სტუდენტური საცხოვრებელი და ხელფასი, რაც ჩემთვის ნამდვილი შვება იყო. ერთ წელიწადში 8 ათასი ევრო დავაგროვე და ჩემი ნანატრი სტუდენტობისთვის მოვემზადე. საქართველოში ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და პოლიტოლოგიაზე მინდოდა საბუთების გადატანა, მაგრამ 50 უნივერსიტეტიდან უარი მივიღე, რის შემდეგაც გავაკეთე "აბი" და საცხოვრებლად მიუნხენში გადავედი, სადაც ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე ადგილი და პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დავამთავრე, ახლა კი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ვარ. თუმცა, მანამდე ძალიან გრძელი გზა გავიარე - როდესაც მეგონა, ყველაფერი გადალახული მქონდა, გერმანიამ ვიზაზე უარი მითხრა, სწავლა ოქტომბერში იწყებოდა, მე კი, გერმანიაში ექვსი თვე დარჩენის უფლება არ მქონდა. ამიტომ ავსტრიაში ვიპოვე "აუპიარით" ოჯახი, მაგრამ არაადამიანურ პირობებში აღმოვჩნდი - მომატყუეს. მეგონა, ორი ბავშვის მოსავლელად მივდიოდი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ბავშვი შშმ პირი იყო. წამოსვლა რომ დავაპირე, პასპორტი დამიმალეს, მაგრამ როგორღაც გამოვაღწიე.

- როგორ?

- ზუსტად ხუთ დღეში, დიდი სტრესის გამო, ისე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში გადაყვანა დამჭირდა. იქ ყოფნისას კი გავიგე, რომ ავსტრიაში, ვენის სასწავლებელში ადგილი გამოჩნდა და სწავლის უფლებას ვიღებდი, თუმცა, ერთ თვეში ვიზის გარეშე ვრჩებოდი და ეს პრობლემა როგორმე უნდა მომეგვარებინა... ამიტომ შევუთანხმდი ოჯახს, რომ მხოლოდ ერთი თვე ვახერხებდი დარჩენას და ასეთი პირობები თუ აწყობდათ, დავრჩებოდი. დამთანხმდნენ, - შემდეგ უზბეკეთიდან ჩამოდის ძიძა და იქამდე ჩვენთან იმუშავეო, თუმცა, ეს იყო უმძიმესი დღეები. გახსენებაც არ მინდა... ძალიან დიდი სტრესი მივიღე.

- ავსტრიაში სწავლისას ადგილობრივი ხელისუფლება რამით გეხმარებოდათ?

- არა, ჩემს სწავლას თავად ვაფინანსებდი, თუ არ ჩავთვლი უნივერსიტეტის სემინარებს, რომელზე მუშაობის დროსაც ადმინისტრაცია მაფინანსებდა. ავსტრია კი, საკმაოდ ძვირი ქვეყანაა და ერთდროულად რამდენიმე სამსახურში ვმუშაობდი. ამის პარალელურად ვსწავლობდი, რაც სხვა ენაზე მარტივი ნამდვილად არ არის. მახსოვს, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, ჩემმა პროფესორმა მთხოვა, არ წახვიდეო, რაც ძალიან გამიკვირდა. თუმცა, შემდეგ, დააკონკრეტა, - ამას იმიტომ გეუბნები, რომ აქ უფრო განვითარდები, რადგან რაღაც მიზნის მისაღწევად აქ თუ სამი წელი გჭირდება, იქ ათი დაგჭირდებაო. ასეც არის - ევროპაში სტუდენტობის პარალელურად იმდენს ვმუშაობთ, საკუთარი თავი არც გვახსოვს. მქონია შემთხვევა, როდესაც რაღაც თემით დავინტერესებულვარ, მაგრამ დრო არ მქონდა სიღრმისეულად ჩავჯდომოდი და შემესწავლა, რადგან ვმუშაობდი და უამრავი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული.

სტუდენტობის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ ადგილობრივ ჟურნალში დავიწყე მუშაობა, რომელიც სამ ქვეყანაში: გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში გამოდის. თავიდან სარეკლამო გვერდებს ვყიდდი, შემდეგ კი მისი კრეატიული დირექტორი გავხდი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ იქ ჩემი თავი ამოვწურე და პროექტ-მენეჯმენტში გადავედი. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი წიგნის დაწერაზე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ამიტომ ჩავაბარე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ავტობიოგრაფიას გერმანულად დავწერდი.

- ვიცი, რომ ამ მხრივ გერმანიაში გარკვეული ბიუროკრატია არსებობს და არც გამომცემლების პოვნაა იოლი. როგორ მოახერხეთ ეს?

- ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდები დაემთხვა ერთმანეთს და საკუთარი თავის ძიებაში მივხვდი, სინამდვილეში რა მსურდა - რატომ ვისწავლე პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, იყო თუ არა ჩემი მოწოდება და ა.შ... ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ ყველაზე მეტად წიგნის დაწერა მინდოდა. ამის შემდეგ რამდენიმე გამომცემლობას მივწერე: გამარჯობა, მე ვარ თეონა, საქართველოს მოქალაქე და მსურს წიგნის გამოცემა-მეთქი. რის შესახებ იყო წიგნი, მოკლე შინაარსი წინასწარ გავუგზავნე, რამდენიმემ მიიღო ჩემი წერილი, მაგრამ უარს ამბობდნენ.

- რა იყო მიზეზი?

- ძირითადად, ბიუროკრატიული თემები: იქნებ ჯერ გერმანიის მოქალაქეობა მიგეღოთ, საბუთები მოგეწესრიგებინათ და შემდეგ გვეთანამშრომლაო. სხვა ვერსიაც იყო: ხომ არ ჯობია, ჯერ თქვენს სამშობლოში, საქართველოში დაიბეჭდოს და შემდეგ ვიფიქროთ აქ გამოცემაზეო?!. შემდეგ ვიპოვე გამომცემლობა ტჰალია, რომელმაც კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობა შემომთავაზა. ეს გამომცემლობა მოიცავს გერმანია-ავსტრია-შვეიცარიას, სამივე ქვეყანაში აქვთ წიგნების მაღაზიის ქსელი. კი გავუგზავნე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იმხელა კონკურენციის პირობებში კიდევ უფრო ნაკლები შანსი მქონდა: ათასობით წიგნი შემოდის, მათგან ჟიურიმ ჯერ ასი საუკეთესო უნდა აარჩიოს, შემდეგ კი ათი გამორჩეული. ძალიან დიდი გუნდი მუშაობს. ჟიურის წევრები მწერლები არიან, ერთი ამ მაღაზიის დამფუძნებელია და ორი სოციალური მიმართულებით მომუშავე ადამიანი...

- წიგნზეც გვიამბეთ. რისი თქმა გსურდათ მკითხველისთვის?

- წიგნი არის ტაბუდადებულ თემებზე, დეპრესიაზე, რომელზეც სამწუხაროდ, საქართველოში არ საუბრობენ. ჩემდა გასაკვირად, არც ავსტრიაში საუბრობენ... წიგნში ჩემი ცხოვრების ბოლო სამი წელია ასახული და ყველა ემიგრანტს ეხება; იმ მუდმივ ნოსტალგიას, რომელიც სამშობლოდან წამოსვლას ახლავს თან. ემიგრანტები საქართველოსა და უცხოეთს შორის არიან გაჭედილი. აქ სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტს, მხოლოდ განათლებასა და განვითარებაზე კი არ უწევს ფიქრი, უამრავი საზრუნავი აქვს, ამიტომ ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვმუშაობთ, უამრავ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის გაკეთება საქართველოში ვერც კი წარმოგვედგინა. მაგალითად, ვმუშაობდი ძიძად, ვალაგებდი სახლებს, ჩემი სტუდენტობა რომ დამეფინანსებინა.

წიგნში ერთი თავი დავუთმე იმ ეპიზოდს, თუ როგორ ექცევიან ემიგრანტებს, რომლებიც ვიზის გასაგრძელებლად შესაბამის სამსახურს მიმართავენ. რამდენიმე წლის წინ ძალიან აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. თუ საბუთებში ერთი დოკუმენტი მაინც გაკლდა, უბრალოდ წინ დაგიყრიდნენ, - ეს გაკლია და სრული სახით მოიტანეო, არც კი გესალმებოდნენ... ახლა მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოსწორდა და ვფიქრობ, ამაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის.

როდესაც ვენაში ჩამოვედი, მითხრეს, აქ სასწავლებლად ჩამოსული ძალიან ბევრი გვინახავს, მაგრამ სწავლა ცოტას დაუმთავრებიაო და ეს მხოლოდ ქართველს არ ეხებოდა... აქ იმდენ რამეს ვართ შეჭიდებული, რომ ხშირად პიროვნების განვითარებისთვის დრო აღარ გრჩება და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ არც იმ ქვეყანაში ხარ ბოლომდე ინტეგრირებული, სადაც ცხოვრობ და შენს სამშობლოშიც უკვე უცხო ხარ... ამაზე ვსაუბრობ ჩემს წიგნში. ასევე ვსაუბრობ დეპრესიაზე, რომელსაც რამდენიმე თავი დავუთმე. როდესაც გერმანიაში, ახლა უკვე ავსტრიაში ვარ, საქართველოში მინდა ყოფნა და პირიქით, საქართველოში ყოფნისას, აქ ყოფნას ვნატრობ. ვფიქრობ, ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ძალიან ბევრი ემიგრანტი დაფიქრდება: სად ვარ ახლა და რას ვაკეთებ? სადაც ახლა ვარ, არის თუ არა ეს ჩემი საქმე?.. მეც ასე ვიყავი და შემდეგ მივხვდი, რომ სადაც ახლა ვარ, იქ ვიცხოვრებ და თუ საქართველოში ჩავალ, იქ გავაგრძელებ ცხოვრებას. თითქოს ბანალური, მარტივი ფორმულაა, მაგრამ ასეა.

- ისე, რომ ჯერ პრეზენტაციაც არ ყოფილა, წიგნის მთელი ტირაჟი გაიყიდა, არა?

- დიახ, ასეა, რაც გერმანელებისთვის წარმოუდგენელია. პრეზენტაციის გარეშე მთელი ტირაჟი გაიყიდა და მეორე ჩაუშვეს. გაოცებულები არიან - ასე ბესტსელერების ავტორების წიგნებიც კი არ გაყიდულაო. ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველების დამსახურება მგონია - მხოლოდ დავაანონსე და მათ იაქტიურეს. წიგნი მცირე მოცულობის არის, 80-გვერდიანია. სხვა წიგნზე ვიყავით შეთანხმებული, მაგრამ შემდეგ შემომთავაზეს, - მოდი, ჯერ "სთორი" გამოვუშვათო. 2025 წელს უკვე მეორე წიგნი გამოვა, სადაც ყველაფერი უფრო ვრცლად იქნება გადმოცემული.

- ოჯახი ალბათ ძალიან განიცდიდა თქვენ მიერ არჩეულ გზას.

- მამა 2018 წელს გარდამეცვალა და სწორედ იქიდან დაიწყო ჩემში საკუთარი თავის ძიება, რაც უმეტესწილად იმითაა განპირობებული, რომ ყველა ქართველი ემიგრანტი მთელ ოჯახზე პასუხისმგებლობას იღებს. ეს რომ აქაურ ფსიქოლოგს ვუთხარი, ვერაფერი გაიგო - რატომ ხდება ასეო?.. ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს და როდესაც მამა გარდაიცვალა, ფინანსური მხარე მთლიანად ჩემს თავზე ავიღე, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან კიდევ ერთი სამსახურის შოვნამ მომიწია. ძალიან ბევრი ემიგრანტი გავიცანი, რომლებიც საკუთარი თავისთვის არაფერს ყიდულობენ და ოჯახს უგზავნიან. ეს თემა გავშალე წიგნში, რადგან მეც ასე მომივიდა. ასეთი გადატვირთული რეჟიმის გამო, ერთი გამოცდა ოთხჯერ ვერ ჩავაბარე და საბოლოოდ, საკომისიო გამოცდა დამინიშნეს, რომელიც სამი პროფესორის თანდასწრებით უნდა ჩამებარებინა, თუ არა და, ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან ჩამხსნიდნენ, ეს კი ჩემი ოცნებების დასამარებას ნიშნავდა. მადლობა ღმერთს, შევძელი და ჩავაბარე...

საქართველოში დავაარსე არაფორმალური განათლების ინსტიტუტი "მერაკი", რომელიც ადამიანებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. მინდოდა, ის გზა, რაც მე გავიარე, ის პროგრამები, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე და დავტესტე, საქართველოში გადმომეტანა. ქართველი ფსიქოლოგები და ქოუჩები ადგილობრივებთან ერთად მუშაობენ მიზნებზე, თანხების მოძიებასა და პირად ურთიერთობებზე. ამაზე თავად საკმაოდ დიდი შრომა გავწიე. აქამდე სულ ვისმენდით ისტორიებს სხვადასხვა ადამიანზე, ოღონდ მოაყოლებდნენ, ეს ნიჭიერი იყო და გაუმართლა ან მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ფეხზე მყარად იდგაო... ჩვენი ოჯახის მდგომარეობაზე უკვე ვისაუბრე, რაც შეეხება ნიჭიერებას, განსაკუთრებით ნიჭიერი არასდროს ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში, არც ერთ მასწავლებელს არ უთქვამს, მხოლოდ ქართულის პედაგოგი მეუბნებოდა, - წერა კარგად გამოგდისო და სულ ეს იყო. იმის წარმოჩენა მინდოდა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, იშრომებს და იბრძოლებს, აუცილებლად გამოუვა, ფეხზე დადგება და გზას გაიკვალავს. მე ვარ ამის მაგალითი, რადგან ათი წლის წინ, გერმანულად ერთ გამართულ წინადადებასაც ვერ ვამბობდი და მით უფრო, ვწერდი, მაგრამ ერთ დღესაც წიგნი დავწერე გერმანულად. მინდა, რომ ამ წიგნმა ადამიანებს მოტივაცია მისცეს. როცა ვიღაც ჩემს ავტობიოგრაფიას წაიკითხავს, მიხვდება, რომ ჩემ უკან არ იდგა წარმატებული და ძლიერი ოჯახი, მაგრამ ენის იმ დონეზე შესწავლა შევძელი, რომ წიგნი დამეწერა და გამომცემელიც მეპოვა.

ლალი პაპასკირი