"ოპოზიცია გამოიყურება ისე, როგორც შეეფერება არადემოკრატიული წყობის დროს მოქმედ ოპოზიციას"
- ამტკიცებდა გერმანიის პირველი კანცლერი - ოტო ფონ ბისმარკი. საქართველოში არჩევნების წინა პერიოდია და ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, როგორ ემზადება 26 ოქტომბრისთვის პოზიცია თუ ოპოზიცია. ამ მიზნით, ცნობილ იურისტსა და პოლიტიკოსს - ეკა ბესელიას მივმართეთ:
- როგორ ვაფასებ "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას?.. უკიდურესად ნეგატიურად. ეს კამპანია აგებულია, ცრუ დაპირებებსა და ამომრჩევლის უპატივცემულობაზე. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" ჰგონიათ, ქართველი ამომრჩეველი ვერ ხვდება, რომ 4 პუნქტიდან, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, სამი ტყუილია: დავიწყოთ პირველით ანუ "ნაცმოძრაობის" გასამართლებით - ეს არის აშკარა სიცრუე, რადგან პარტიის გასამართლება ასე არ ხდება. ამასთან, პერსონალური პასუხისმგებლობისთვის "ოცნების" წევრებს 12 წელი ჰქონდათ და რაც გააკეთეს, ვხედავთ. რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულების შეფასებას, ეს მე 2016 წელს გავაკეთე, როდესაც დასკვნა მოვამზადე და პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო. ვისაც არ ახსოვს, შემიძლია შევახსენო, რომ დიდი პრეზენტაცია გავმართეთ "გაეროს" ოფისთან ერთად. ეს საჯარო ღონისძიება იყო და მმართველ პარტიას თუ არ ახსოვს, უბრალოდ, მათი სირცხვილია. იქნებ, ეს დასკვნა კიდევ ერთხელ, ყურადღებით წაიკითხონ.
- როგორ ფიქრობთ, არ წაუკითხავთ?
- მთავარია, რომ არ გააკეთეს ის, რაც დასკვნაში ეწერა: სასამართლო რეფორმა აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არ ჩაატარეს. არადა, მთავარი დამნაშავე სისტემურ დარღვევებში სწორედ კორუმპირებული სასამართლო იყო. პირიქით, ეს სასამართლო უფრო ძლიერი გახადეს. ჩვენი კონფლიქტიც ამიტომ დაიწყო და ამის გამო, "ოცნებიდან" ბევრი ჩემი თანამოაზრე წამოვიდა.
- ნუთუ, მართლა აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას?
- ეს დაპირებაც ტყუილია, რადგან პარლამენტი საერთოდ არ განიხილავს რომელიმე პარტიის აკრძალვას, ამიტომ, "ოცნებას" არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა არ სჭირდება. სიმართლე ის არის, რომ მსგავს საკითხებს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და თუ სურვილი ჰქონდათ, 12 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა მიემართათ. პარტიის საქმიანობის აკრძალვა და მანდატების გაუქმება პარლამენტის საქმე არ არის. კონსტიტუციის მიხედვით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველია და ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაეყენებინათ ეს საკითხი. სხვა რა უნდა თქვას პარტიამ, რომელიც ოპონენტების განადგურებით, გაქრობით და ლიკვიდაციით იმუქრება? ამაზე აგრესიული და არადემოკრატიული საარჩევნო კამპანიის მაგალითი ძნელი მოსაძებნია...
პროპაგანდაა, როდესაც ოჯახსა და რელიგიაზე ამახვილებენ ყურადღებას: ოჯახის დეფინიცია კონსტიტუციაში ჩვენ უკვე ჩავწერეთ და საბედნიეროდ, ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობას მკაფიოდ განსაზღვრავს - ეს არის კონკორდატი - ძალიან მაღალი დონის სამართლებრივი აქტი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი აქვს მინიჭებული. მისი ხელის ხლება საჭირო არ არის და ყველაფერი, რაც ამ თემას უკავშირდება, უბრალოდ, სპეკულაციაა. არანაკლებ სახიფათოა მეოთხე თემა, რომელიც აფხაზეთს და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება! მე არ ვიცი, ამ პუნქტში რა მავნებლობა და პროვოკაციაა ჩადებული ან ეს ქვეტექსტები რაზე მიანიშნებს, მაგრამ ძალიან სახიფათო ჩანს, თან ბოლომდე ვერ ამბობენ, მაგრამ ეტყობა, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას აპირებენ, ეს ნამდვილი კატასტროფა და ღალატის ტოლფასი ნაბიჯი იქნება, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მოწყობასაც ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოკლედ, ასეთია ჩემი შეხედულება ხელისუფლების საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხანა უკვე დასრულებულია.
- საინტერესოა, რატომ არაფერს გვპირდებიან? აღარც "უფასო ფულს" ახსენებენ და არც "გასაოცარ დემოკრატიას"...
- იმიტომ, რომ ამ პარტიას არა აქვს განახლების, სიახლის და რაიმე საინტერესო პროგრამის წარმოდგენის უნარი და შესაძლებლობა. ეს მეტყველებს, რომ "ოცნება" სრულიად გამოფიტულია, ყველანაირი რესურსისგან გამოშიგნული და მათ საარჩევნო კამპანიაში პროგრესული ვერაფერი დავინახეთ. არ ვიცით, რას ფიქრობენ ისეთ მტკივნეულ საკითხზე, როგორიცაა მოსახლეობის მიგრაცია ან როგორ აპირებენ სასამართლო რეფორმას, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 9 პუნქტს როგორ ასრულებენ, რას აკეთებენ ევროპული კურსისთვის და ა.შ... ევროპული კურსი მარტო ბანერების გამოკვრა ხომ არ არის? უცნაურია, რომ ბანერები გამოაკრეს და ამ დროს, ევროკავშირს ებრძვიან.
- ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება შეძლეს, მაგრამ ხელისუფლებასთან გამკლავებას შეძლებენ?
- მე ვფიქრობ, რომ შეძლებენ. მთავარია, ხალხი პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს გაჰყვეს და ყველამ გააცნობიეროს, რომ ახლა ხელისუფლებისთვის მიცემული ხმა, რუსული პოლიტიკისთვის მიცემული ხმაა. საკითხი ასე დგას - ევროპა ან რუსეთი! ოქტომბერში გამოჩნდება, რას აირჩევენ საქართველოს მოქალაქეები - დემოკრატიას და თავისუფლებას თუ ავტორიტარულ მმართველობას. ამიტომ, პარტიებმა დარჩენილ დროშიც უნდა იმოქმედონ და კიდევ სცადონ კონსოლიდირება. საარჩევნო სიებში უნდა იყოს მეტი ემიგრანტი, მეტი ქალი, მეტი საზოგადო მოღვაწე და მეტი ახალგაზრდა... ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობას. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს "ქართული ქარტია", რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა როგორც რუკა, როგორც სამოქმედო გეგმა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ "ქართული ქარტიის" ირგვლივ მოხერხდეს ოპოზიციის კონსოლიდირება.
- თქვენი დაკვირვებით, როგორ გამოიყურება დღეს ქართული ოპოზიცია?
- ოპოზიცია გამოიყურება ისე, როგორც შეეფერება არადემოკრატიული წყობის დროს მოქმედ ოპოზიციას. მას ოპონირება უწევს ხელისუფლებასთან, რომელსაც განუსაზღვრელი ადმინისტრაციული რესურსი და "შავი ფული" აქვს. საიდან მოდის ეს ფული? - ეს "ჰელსინკის კომისიის" დასკვნაში გამოჩნდა, სადაც ეს ხელისუფლებაა მხილებული: ამ დასკვნაში ნათქვამია, რომ "შავი ფული" ქოლცენტრებიდან მოდის და ხელისუფლება თავისი მიზნებისთვის იყენებს. ეს უმძიმესი ბრალდებაა. შეტევა ოპონენტებზე, რეპრესიული მექანიზმი, "რუსული კანონი", რომელმაც უკვე დაიწყო მოქმედება და რომელიც თავისუფალ მედიას, სამოქალაქო სექტორს და იმ ადამიანებს უტევს, რომლებიც ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ... ეს ყველაფერი ხელისუფლების სისუსტის და შიშის დემონსტრირებაა. ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება და ასე იქცევა სამწუხაროდ, "ქართული ოცნებაც". შესაბამისად, როგორც დასრულდა 2012 წლის არჩევნები, ეს არჩევნებიც ისე დამთავრდება, ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მარცხით.
- რა როლს შეასრულებს წინასაარჩევნო პროცესში პრეზიდენტი ზურაბიშვილი?
- პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს მეთაური და პროდასავლური გზის ერთგული ადამიანია. საბედნიეროდ, ის კარგად ახერხებს პარტიების დაახლოებას და კონსოლიდაციას, მიუხედავად მათ შორის არსებული წინააღმდეგობებისა. მისი დამსახურებაა, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობამ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა. ამ ქარტიაში არის გეგმა, დღის წესრიგი, თუ რა უნდა გაკეთდეს არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტი სწორედ ამით არის დაკავებული - ის პარტიების გაერთიანებას უწყობს ხელს, რომ პოლიტიკოსებმა ქარტიაში ჩაწერილი კონკრეტული პუნქტების შესრულება შეძლონ. ეს უმნიშვნელოვანესი მისიაა: პრეზიდენტი ოპოზიციას და აქტიურ მოქალაქეებს აცნობს, თუ რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ მომავალში.
- პარალელურად, "ქართული ოცნება" ყველას არწმუნებს, რომ ოპოზიცია საქართველოს ომისთვის და არეულობისთვის წირავს. თქვენი აზრით, ამ ბრალდებას ბევრი უჯერებს?
- რაც შეეხება ბრალდებას, რომ ოპოზიციას არეულობის მოწყობა სურს, არ გახსოვთ წინა ხელისუფლებაც ზუსტად ასე რომ ლაპარაკობდა? - "მოღალატეები, აგენტები, ქვეყნის დამხობა, გადატრიალება, საქმეების აღძვრა" - ბევრი არაფერი შეცვლილა - ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე ბრალდებები. უბრალოდ, დრო გავიდა და ახლა სულ სხვა მოცემულობაა: ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და ინტერნეტის ეპოქაში ასეთ სისულელეებს, ბუნებრივია, ბევრი არ იჯერებს... მჯერა, რომ ხელისუფლება დამარცხდება და ახალ პარლამენტს მრავალპარტიული, კოალიციური ფორმატი ექნება. ცხადია, ამ საქმეში, პრეზიდენტის როლიც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან "ქართული ქარტია" ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. მანამდე კი, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ემიგრანტებზე, რადგან მათი გააქტიურება მნიშვნელოვანია. ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს "მეორე საქართველოა", რომელიც დროებით, ჩვენი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს და ჩვენგან წაქეზება, დამატებითი მუხტი არ სჭირდება. დიახ, მე მჯერა, რომ ქვეყანაში დიდი ცვლილებები მოხდება.
- დაბოლოს, ზაფხული დასრულდა, დასვენება თუ მოახერხეთ?
- არა, რა თქმა უნდა. არ დამისვენია. საარჩევნო წელია და მგონი, დასვენებას და განტვირთვას საერთოდ გადავეჩვიე. საბედნიეროდ, დედა მყავს ქობულეთიდან და იქ მამა-პაპისეული სახლი გვაქვს. დედაჩემის ოჯახის ძირი იქ არის და მეც ხშირად ჩავდივარ. ბათუმში სისტემატურად მიწევდა ჩასვლა ჩემი სტუდენტებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, მაგრამ არა - დასასვენებლად. შესაძლოა 26 ოქტომბრის შემდეგ, რამდენიმე დღით წავიდე დასასვენებლად. ნოემბერი ჩემი თვეა და იმედია, ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იქნება, რომ ჩემს თავს ამის უფლებას მივცემ. ასე რომ, ჩემი დასვენებაც არჩევნების კარგ შედეგზეა დამოკიდებული.
ხათუნა ჩიგოგიძე