„მოგზაურობა ერთადერთია, რაშიც ფულს ხარჯავ და თავად მდიდრდები...“
დედა ყოველთვის გემოვნებით იცვამდა და ჩვენც გემოვნებით გვაცმევდა“, - ამბობს სოფია კოზმანაშვილი - პროფესიით დიპლომატი, რომელიც ერთ დროს მოდელობითაც იყო დაკავებული...
- დავიბადე თბილისში, მოსამართლე შოთა კოზმანაშვილის და პიანისტ დალი გუგულაშვილის ოჯახში. მქონდა ბედნიერი და ლაღი ბავშობა. დავამთავრე 55-ე საჯარო სკოლა, ასევე - 1994-1995 წლებში ვსწავლობდი ავსტრალიაში, სიდნეის ვაუკლუსის საჯარო სკოლაში.
- პროფესიით ვინ ხართ?
- ვსწავლობდი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ყოველთვის მაინტერესებდა დიპლომატიური საქმიანობა. 1994-1995 წლებში მამა იყო საქართველოს წარმომადგენელი ავსტრალიაში. ალბათ ნაწილობრივ ამან იქონია გავლენა ჩემს პროფესიულ არჩევანზე.
- ამბობენ, რომ ავსტრალიაში ცა, მთვარეც კი სხვანაირიაო...
- ავსტრალია ნამდვილად საოცრებათა ქვეყანაა, განსხვავებული კლიმატური პირობებით და ცხოველთა სამყაროთი. ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, იქ ყველა ბუნებრივი ფერი უფრო მკვეთრია, ბალახი გაცილებით ხასხასა და მწვანეა, ხოლო ცა - მუქი ლურჯი. ბავშვობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ყველაფერმა. ავსტრალიის ძირძველმა მოსახლეობამ, ეგრეთ წოდებულმა აბორიგენებმაც გამაოცეს მუსიკალური უნარებით და ბუნებასთან საოცარი ჰარმონიის შეგრძნებით. არ მინდა დამავიწყდეს სიდნეის ოპერის თეატრი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის შედევრად დამსახურებულად არის აღიარებული.
ავსტრალიაში ცხოვრების დონე არის მაღალი. იქ ხალხი მხიარული და ლაღია, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, როცა 1994 წელს ამ ქვეყანაში ჩავედი. ძალიან ლამაზი ოკეანე, სანაპიროები, გართობა, ეს საოცრება იყო.
- როგორც ვიცი, რაღაც პერიოდი მოდელობით იყავით დაკავებული...
- სტუდენტობის დროს სამოდელო საქმიანობა ჩემი ჰობი იყო, არაერთ კლიპსა და სარეკლამო რგოლში გადამიღეს. ასევე ვმონაწილეობდი მაკა ასათიანის, "მარიონელას", ავთო ცქვიტინიძის და სხვათა ჩვენებებში.
გამორჩეულად დამამახსოვრდა მაკა ასათიანის ჩვენება, რომელიც 2004 წელს, ახალ წელს, ზუსტად 12 საათზე დაიწყო. პირდაპირი ეთერი გახლდათ ულამაზესი კოლექციით, ულამაზესი დიზაინერის ჩვენება... "მარიონელას" სახე ვიყავი და ხშირად გამოვდიოდი მის ჩვენებაზე. ასევე მახსოვს დილის რუბრიკა მოდაზე, სადაც ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექციით ვიწონებდით თავს დილის 8 საათზე, პირდაპირ ეთერში. ძალიან სახალისო, საინტერესო პერიოდი იყო და ამავდროულად, დატვირთულიც... გერმანიაშიც გამოვდიოდი ჩვენებებზე, მაგრამ იქ გაცილებით რთულია ამ პროფესიით საქმიანობა, ვიდრე საქართველოში.
- სხვადასხვა ქვეყანაშიც მოგიწიათ ცხოვრებამ...
- როგორც აღვნიშნე, მამას საქმიანობიდან გამომდინარე, 1994-95 წლებში ვცხოვრობდით ავსტრალიაში, ასევე ვსწავლობდი დიდ ბრიტანეთში, ვცხოვრობდი გერმანიაში, მცირე ხნით - ავსტრიაში.
- რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
- ამაზე დიდი გავლენა მშობლებმა იქონიეს. დედა ყოველთვის გემოვნებით იცვამდა და ჩვენც გემოვნებით გვაცმევდა.
- ცნობილი ქართველებიდან, ვინ არის თქვენთვის გამორჩეულად გემოვნებიანი?
- ძალიან მომწონს ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ის არის საუკეთესო მომღერალი და საოცრად კარგი, გემოვნებიანი ადამიანი.
- როგორ ახერხებთ მუდმივად იდეალურად გამოიყურებოდეთ, რა არის თქვენებური თავის მოვლის საიდუმლო?
- ჯანსაღი ცხოვრების წესი მაქვს. რეგულარულად ვვარჯიშობ, ვცურავ, არ ვეწევი, არ ვსვამ...
- პლასტიკურ ოპერაციებზე, ინიექციებზე რას ფიქრობთ?
- პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. თუმცა ვფიქრობ, თუ ადამიანს საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლა უნდა, ეს მისი არჩევანია.
- არ გაქვთ ხოლმე სურვილი, პოდიუმს დაუბრუნდეთ?
- სამოდელო საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის ჰობი იყო. თუმცა არ გამოვრიცხავ, მომავალში დავუბრუნდე ამ საქმიანობას (იცინის).
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ვფიქრობ, მოგზაურობას გავაგრძელებ, რაც ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. ასევე, მაქვს ბიზნესგეგმებიც, თუმცა არ მსურს ამაზე საუბარი... მოგზაურობა ერთადერთია, რაშიც ფულს ხარჯავ და თავად მდიდრდები შთაბეჭდილებებით, ახალი ადგილების აღმოჩენით, დაუსრულებელი თავგადასავლებით და იმ განუმეორებელი შეგრძნებით, რასაც მრავალფეროვანი მოგონებები ჰქვია. ჩემთვის მოგზაურობა შეუცვლელი საქმიანობაა და ვთვლი, რომ სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაც.
- საუბრის დასასრულს თქვენს საყვარელ ბრენდებზეც გვითხარით რამე...
- ჩემი საყვარელი ბრენდებია ცჰანელ, ცჰრისტიან დიორ, ლოუის ვუიტტონ. ასევე, ძალიან მომწონს დევიდ კომა. ხშირად მაცვია Lალო შჰოეს ჩოლლეცტიონ-ის ფეხსაცმელი და ყველგან დიდ მოწონებას იმსახურებს. ამაყი ვარ, რომ საქართველოში ასეთი მაგარი დიზაინერი გვყავს.
მანანა გაბრიჭიძე