"მოგონებებს გარიყულაზე არასდროს არაფერში გავცვლი"
რომელიც პავაროტის ფონდის მფლობელია; ჯუზეპე ჩედერნასთან, რომელიც "ოსკაროსანი" ფილმის მთავარი როლის შემსრულებელია; დევიდ ჰარტონთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიკული დიზაინის კომპანიის "მონოგრიდ"-ის თანამფლობელია, ისინი თანამშრომლობენ გუცცი-სთან, ვოგუე-სთან..." - ამბობს ქეთა სორდინი-ჯაფარიძე... იგი ჯერ კიდევ სტუდენტია, მაგრამ იტალიაში უკვე მრავალი წარმატება ხვდა წილად, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს...
- საქართველოში 12 წლამდე ვიცხოვრე. ჩემს ქვეყანაში ცხოვრების პერიოდი, ჩემი ოჯახის წევრებს უკავშირდება, განსაკუთრებით კი, ბებოს და ჩემს ტყუპ დეიდაშვილს, რომლებიც ძმებივით არიან ჩემთვის. სულ ერთად ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. ასევე რამდენიმე ახლო მეგობარს, რომლებიც ძირითადად სკოლაში გავიცანი, მაგრამ სამწუხაროდ, სკოლის პერიოდი კარგად არ მახსოვს, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს ჩემს სოფელთან, გარიყულასთან. ყოველ ზაფხულს ოჯახის წევრები იქ ვატარებდით დროს და ამ მოგონებებს არასდროს არაფერში გავცვლი. გარიყულას ზაფხულის "ამბები" დღემდე გრძელდება, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ოღონდ ახლა ოჯახის წევრებს მეგობრებიც ემატებიან... მიყვარს გარიყულა, იქაური ბუნება, გართობა და ზოგადად ყველაფერი, რაც საქართველოს ეხება. იქ ცხოვრების პერიოდში ქართულ ცეკვაზე და ცურვაზე დავდიოდი, შემდეგ გარკვეული პრობლემების გამო ორივესთვის თავის დანებებამ მომიწია, მაგრამ როდესაც დედამ (წარმატებული ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი. - ავტ.) იტალიაში წამომიყვანა, ცურვაც და ქართული ცეკვაც აქ გავაგრძელე. ვცეკვავდი ფლორენციის წმინდა ნინოს ქართულ ტაძართან არსებულ ანსამბლში "ნანილა"...
- იტალიაში გადასვლა, იქაურ სიახლეებთან შეჩვევა, როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები, რა იყო ყველაზე დიდი სირთულეები?
- მგონია, ჩემმა ტვინმა თავდაცვის ხერხი გამოიმუშავა და ყველანაირ რთულ ან ცუდ პერიოდს მიბურავს, მხოლოდ კარგს მიტოვებს, რადგან იტალიაში გადმოსვლის პერიოდი, იმის მიუხედავად, რომ ენა არ ვიცოდი, არავის ვიცნობდი და მხოლოდ დედა იყო "ნათელი წერტილი", ცუდად მაინც არ მახსენდება. მაშინ მხოლოდ ინგლისურად და ქართულად ვსაუბრობდი, მაგრამ დიდად ვერც ერთი გამომადგა, რადგან იტალიელების უმრავლესობამ ინგლისური არ იცის.
მახსოვს, პირველი მეგობრები დედას და დედას მეუღლის, მარკოს დამსახურებით გავიჩინე. ერთ დღეს ეზოდან ბავშვების ხმაური ამოდიოდა, რამდენიმე გოგო თამაშობდა. დედამ და მარკომ ხელი მომკიდეს და ქვემოთ ჩამიყვანეს, ტელეფონი მომცეს, ამ გოგონებს რაღაც უთხრეს და ისევ სახლში აბრუნდნენ. მე და გოგოები ერთმანეთს მივესალმეთ, მხოლოდ "ჩაოს" თქმა შემეძლო, დანარჩენი გოოგლე ტრანსლატე-ით ვთარგმნეთ. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ჩემი კლასელი უნდა ყოფილიყო. ასე მუნჯურად ლაპარაკში გავერთეთ, ვითამაშეთ... სანამ სექტემბერი მოვიდოდა, ერთმანეთს ყოველ საღამოს ვნახულობდით. სექტემბერში, როდესაც სკოლაში მივედი, ყველაფერი ახალი და განსხვავებული იყო. აქ სკოლა დაყოფილია სამ ნაწილად და დაწყებითები, არასრული საშუალო და მაღალი კლასები სხვადასხვა შენობაშია განთავსებული. პირველი ექვსი თვე სკოლაში ხმა არ ამომიღია, მხოლოდ რამდენიმე ბავშვს დავუმეგობრდი, რომლებმაც ინგლისური იცოდნენ, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ენა ცოტათი ვისწავლე, ვეღარავინ მაჩერებდა. დღემდე ასეა, ძალიან მიყვარს საუბარი, კომუნიკაცია და ხალხთან ურთიერთობა... 2-3 წელში ენას უკვე კარგად ვფლობდი, რის შემდეგაც სირთულეებმა გაქრობა დაიწყო.
- ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ...
- ზემოთ მარკო ვახსენე, ის დედას მეუღლეა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვგრძნობდი მასთან იმ კავშირს, რაც მამა-შვილს შორის არის ხოლმე და ამდენი წლის შემდეგ, მართლაც ჩემი მამა "გახდა". დაახლოებით ოთხი წლის წინ მითხრა, რომ სერიოზულად უნდოდა ჩემთან დალაპარაკება. დავსხედით მაგიდასთან და მეუბნება, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი შვილი გახდებიო... სიხარულისგან ბევრი ვიტირე. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ მიყვარს. მის წინადადებას სიხარულით დავთანხმდი და ასე შევიძინე მეორე გვარი სორდინი. მაგრამ ის არ ვიცოდი, რომ "სორდინი" საქართველოს მოქალაქეობას დამაკარგვინებდა და მოუთმენლად ველოდი 18 წლის შესრულებას, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღმედგინა. ახლა ორივე ქვეყნის მოქალაქე ვარ და ისევე, როგორც საქართველო, იტალიაც ჩემი სახლი გახდა.
- პროფესიული არჩევანი რაზე შეაჩერეთ?
- ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი ავირჩიე. დედა ჟურნალისტია და რატომღაც ფიქრობენ, რომ მეც დედას პროფესიას ავირჩევდი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ კომუნიკაციაც და წერაც ძალიან მიყვარს, მათემატიკა ვერ დავთმე.
- ლიცეუმში სწავლის პერიოდში ინდონეზიიის საკონსულოში მიგავლინეს...
- იტალიაში სკოლა ცამეტწლიანია. მაღალ კლასებში გადასვლის პერიოდში წავაწყდი პრობლემას, რაც საქართველოში არ არსებობს. უნდა ამერჩია, რა განხრით მინდოდა სწავლის გაგრძელება. არის რამდენიმე საბაზისო საგანი, რაც ყველა განხრაზეა და შემდეგ რასაც აირჩევ, იმის მიხედვით გიმატებენ საგნებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში გამზადებენ სამუშაო გარემოსთვის და სკოლას ასევე გაჰყავხარ ერთთვიან სტაჟირებაზე. ადგილებს, თუ სად და რა პოზიციაზე გადაგანაწილებენ, სკოლის განხრასა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარჩინებული მოსწავლე ხარ. თავიდან მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა ავირჩიე. დიდად არ მომწონდა და მეთერთმეტე კლასის ბოლოს ავირჩიე ეკონომიკა - ეს იმდენად მომეწონა და ისე დავიწყე სწავლა, რომ ვერც კი გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდი წარჩინებულ მოსწავლეებს შორის, რის შედეგადაც სტაჟირების გავლის პერიოდში ინდონეზიის საკონსულოში ორ თანატოლთან ერთად გამგზავნეს. გვევალებოდა შეხვედრების დაორგანიზება, ხალხთან კომუნიკაცია, ხარჯთაღრიცხვების შემოწმება და ა.შ. სტაჟირების პერიოდის დამთავრების შემდეგ კონსულმა რამდენიმე თვით სამუშაოდ დარჩენა და ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა შემომთავაზა. ეს იყო ევროპის "ერასმუს+"-ის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურულ სექტორში ახალგაზრდების დასაქმებას და მეწარმეობასთან დაკავშირებული ინოვაციური შინაარსის წარმოებას.
უნდა დაგვეწერა პროექტი, რომლის წყალობითაც დაფინანსებას მოვიპოვებდით. მოვიგეთ და საბოლოოდ გავაკეთეთ Pოდცასტ არხი, სადაც განვათავსეთ სხვადასხვა კულტურულ სექტორში წარმატებული ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც რჩევებს აძლევდნენ ახალგაზრდებს, თუ რა არის საჭირო ამა თუ იმ სექტორში წარმატების მისაღწევად. ხშირად ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, დედამ აქ რომ ჩამომიყვანა, ამდენი შესაძლებლობა მომცა. მინდა მისმა თავდაუზოგავმა შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს და ყველაფერი დავუფასო, რაც ოდესმე ჩემთვის გაუკეთებია.
- ფილმზე "ფეოლა" იმუშავეთ, ჟენია გაახმოვანეთ...
- პროექტი "ფეოლა" დედას იდეა იყო. ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ პროექტი, ეს არის მოვლენა, რომლის საშუალებითაც იტალიას (ევროპას) საშუალება აქვს გაეცნოს როგორც ქართულ სპორტს, ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურას. როგორც დედა ამბობს, შეუცვლელი მარჯვენა ხელი ვიყავი მისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც გახმოვანების პროცესმა დამიტოვა. ამ ისტორიულ პროექტში ექთანი ჟენია ჩემი ხმით, იტალიურად საუბრობს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა დედას ნდობისთვის.
- დედასთან თანამშრომლობთ ტელევიზიაში, რომელიც მან იტალიაში დააარსა...
- ჩემი ჰობია ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია, დედასთან თანამშრომლობაც ასე დაიწყო. ეძებდა გადამღებს და მემონტაჟეს, რომელსაც უნდა სცოდნოდა ქართული და იტალიური, რადგან დედას არხი/საიტი ERMES TV ორენოვანია და ინტერვიუების მონტაჟის დროს უნდა იცოდე, რა და როგორ მოჭრა. ერთ დღესაც მკითხა, არ გინდა სცადო და წამოხვიდე გადამღებადო? თვალები გამიბრწყინდა. ძალიან მიყვარს ნინასთან დროის გატარება. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, მთავარია, ერთად ვართ. ასე რომ, სიხარულით დავთანხმდი. დროთა განმავლობაში ხელიც დამეხვეწა, მალევე სათანადო ტექნიკაც შევიძინეთ და ასე გავხდით ერთი გუნდი მე და დედა.
დაბოლოს, ვფიქრობ, რომ რამდენი წელიც უნდა გავიდეს, საქართველოს ვერაფერი ჩამინაცვლებს და მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში.
მანანა გაბრიჭიძე