ქართული "თურაშაული" - საერთაშორისო ბრენდი "მახათელი" მსოფლიო სცენაზე და ისევ ტყეში პანტის მაძიებელი საქართველო - გზაპრესი

ქართული "თურაშაული" - საერთაშორისო ბრენდი "მახათელი" მსოფლიო სცენაზე და ისევ ტყეში პანტის მაძიებელი საქართველო

საბალეტო ხელოვნებას 36 წელი საქართველოში, 2001 წლიდან კი ამერიკის 45 შტატში ემსახურა. ქორეოგრაფთან ინტერვიუ პირველად ექვსი წლის წინ ჩავწერე. როცა ვკითხე, დათანხმდებოდა თუ არა საქმიან წინადადებას თბილისიდან, მიპასუხა: "გამოვფრინდებოდი! პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! ამერიკამ ბევრი მომცა, მაგრამ ჩემი სახლი საქართველოა!"

კოვიდპანდემიამ მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. ფილტვების 85%-იანი დაზიანებით ამერიკაში ჟანგბადის ორი აპარატის დახმარებით სიცოცხლისთვის რვა თვე იბრძოლა. კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდა ატროფირებული სხეულის რეაბილიტაციას. სრული გამოჯანმრთელების პროცესი დღესაც გრძელდება.

ნიკოლოზ მახათელი:

- გამუდმებული წოლისგან სხეული ატროფირებული იყო. ჩემთვის მობილური ტელეფონიც კი ისეთი მძიმე გახლდათ, ხელში ვერ ვიღებდი, ღილაკს ვერ ვაჭერდი. შევეგუე, რომ კარგი არაფერი მელოდა, თუმცა, ისევ შვილების შეძახილებმა და თანადგომამ მიხსნა. თითების, ხელების, ფეხების ვარჯიში დავიწყე და ნელ-ნელა ძალა დამიბრუნდა. როგორც კი ამის საშუალება მომეცა, თბილისში დავბრუნდი - თუ რამე მელოდებოდა, მინდოდა, ეს ჩემს ქვეყანაში მომხდარიყო. ამისთვის სპეციალური გამოცდა ჩავაბარე - დასაყრდენი გადასაადგილებლით 250 მეტრი გავიარე, გამომგზავრების უფლება რომ მოეცათ. სიცოცხლის უსაფრთხოების სრული გარანტია ვერ მომცეს და ხელი მომაწერინეს, რომ რისკებს საკუთარ თავზე ვიღებდი. მთავარი იყო, გამომგზავრების უფლება მოვიპოვე. საკუთარ სახლში ცარიელი კედლებიც კი გშველის...

ამჟამად ნიკოლოზ მახათელი ამერიკის სხვადასხვა შტატში თავისუფალ შემოქმედად მიწვევით მუშაობს. საქართველოში ჩამოსულს ინტერვიუ ვთხოვე და შვილებზე მიამბო.

ქორეოგრაფის ქალიშვილს, მაია მახათელს - მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ ბალერინას, რომელსაც საერთაშორისო ვარსკვლავის წოდება აქვს მინიჭებული, მსოფლიოს დიდ სცენებს ამშვენებს, წარმატების ერთ-ერთ მიზეზად კი ქართულ გენს, ხასიათს, შემართებას ასახელებს - არასოდეს უცეკვია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. ევროპის საბალეტო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალერინა, რომელსაც ძლიერი ტექნიკითა და სცენაზე თვითგამოხატვის საოცარი უნარით გამოარჩევენ, ჰოლანდიის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმა-ბალერინაა. მისი სახელი ბრენდის სახით ამშვენებს ბალეტის აქსესუარებსა და ქალაქის ცენტრში გამოფენილ ბილბორდებს. ნიკოლოზ მახათელის ვაჟი, დავით მახათელი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ამჟამად ბარსელონაში მის მიერვე შექმნილ კომპანიას უდგას სათავეში, რომლის საშუალებითაც საერთაშორისო მასშტაბის კონცერტებს აწყობს, ეხმარება ახალგაზრდებს, პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას. დავითი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოცეკვავეა, რომელსაც ნიუ-იორკში XXI საუკუნის "ბრილიანტის მოცეკვავის" წოდება მიანიჭეს. ის მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მთავარ პარტიებს ასრულებდა და ერთადერთი ქართველი იყო, ვინც ინგლისის "როიალ ბალეტში" მუშაობდა. ტრავმების გამო ცეკვა 37 წლის ასაკში შეწყვიტა.

maia-shviltan-lukastan-1726475453.jpg

ინტერვიუს დასასრულს ნიკოლოზ მახათელს ექვსი წლის წინ დასმული შეკითხვა კვლავ გავუმეორე:

- თბილისთან ისევ არ თანამშრომლობთ?

- მე ვთანამშრომლობ, ისინი არ თანამშრომლობენ (იღიმის).

შორენა ლაბაძე