ვინ არის ელგუჯა მეძმარიაშვილისთვის პედაგოგის სიმბოლო და ერთადერთი ორიანი მომავალი აკადემიკოსის ბიოგრაფიაში - გზაპრესი

ვინ არის ელგუჯა მეძმარიაშვილისთვის პედაგოგის სიმბოლო და ერთადერთი ორიანი მომავალი აკადემიკოსის ბიოგრაფიაში

- ფრიადოსანმა მოსწავლემ საშუალო სკოლა ბათუმში, ოქროს მედალზე დაამთავრა, თუმცა დამატებით მაინც ემზადებოდა ერთ-ერთ საგანში. თუ რატომ და რომელ საგანში? - ამის შესახებ და სკოლის სხვა ამბებზე ბატონი ელგუჯა გვიამბობს.

- ბათუმის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი (ახლანდელი მეორე საჯარო სკოლა). ეს იყო პირველი ვაჟთა სკოლა, ცნობილი თავისი დიდი ტრადიციებით. ჩემი სახლიც იქვე მდებარეობდა. პირველი სექტემბრის დადგომას სიამოვნებით ველოდი. მომწონდა ის პროცედურა, რაც იმ დღეს სკოლაში ტარდებოდა: ე.წ. მარშირებით ეზოში განვლაგდებოდით, ჯერ გვავარჯიშებდნენ, შემდეგ ორკესტრი უკრავდა ნაწარმოებს - "ჩემო ტკბილო მეგობარო" და შევდიოდით საკლასო ოთახებში. პირველ რიგში, ეს "რიტუალი" მომწონდა, შემდეგ იწყებოდა მონატრებული მეგობრებისა და მასწავლებლების მოკითხვა და მათთან საუბარი.

სკოლაში ძლიერი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ რადგან სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას (ასე უნდოდა მამაჩემს), დამატებით ქართულ ენაში ვემზადებოდი ქალბატონ ქეთო მაჭუტაძესთან. ის სხვა სკოლის პედაგოგი გახლდათ და საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ჩემი დაწერილი დაახლოებით 70-მდე თემა სრულ წესრიგში უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, თითოეულ თემას რამდენიმე მიმართულება ჰქონდა. ყველა ზეპირად ვიცოდი. ეს არ იყო საჭირო ზეპირობა და არც მიყვარდა, მაგრამ სამედიცინოზე ასეთი წესი ჰქონდათ - ერთი მძიმეც რომ გამოგეტოვებინა, მაშინვე ნიშანს გაკლებდნენ. დღესაც ამიტომ მახსოვს ის თემები წერტილმძიმიანად.

- ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარდათ?

- გამორჩეული საგანი არ მქონია. ისე, გეომეტრიაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, შეიძლება ითქვას, მიყვარდა. გეომეტრიულ სხეულებს სივრცეში ვხედავდი... ჰოდა, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ინჟინრის ჩემი განმარტება მაქვს: ინჟინერი არის ის, ვინც გრძნობს ძალას, ხედავს სივრცეს და აღწევს ფორმის ჰარმონიზაციას.

- გაიხსენეთ სკოლის პერიოდის ოლიმპიადები.

- ბათუმში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგებმა საქალაქო ოლიმპიადა ჩაატარეს, პირველი ადგილი დავიკავე და მოწმობა მომცეს, რომელიც საშუალებას მაძლევდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე კონკურსის გარეშე ჩამებარებინა. ოღონდ, ნებისმიერი ქულა უნდა მიმეღო. სხვათა შორის, ერთი მომენტი მახსოვს - ოლიმპიადაზე მინდოდა, რომ სათვალე მქონოდა. არ მჭირდებოდა, უბრალოდ დიდი სურვილი გამიჩნდა და შევუკვეთე სათვალე ჩვეულებრივი მინებით (იღიმის).

- დაბალი ნიშანი არასდროს მიგიღიათ?

- მხოლოდ ერთხელ... რუსულ ენასა და ლიტერატურაში შესანიშნავი მასწავლებელი გვყავდა, მერე მის ნაცვლად ახალი პედაგოგი მოვიდა. ამ კაცს დამთავრებული ჰქონდა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და ამავე დროს არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო, სასულე ორკესტრს ხელმძღვანელა. საბილიარდოში დავდიოდი, რაც მოსწავლისთვის სასურველ ადგილად არ მიაჩნდათ. ერთ დღეს საბილიარდოში ჩემი რუსულის მასწავლებელი შემოვიდა, ახალგაზრდა კაცი იყო და აინტერესებდა. პარტია მოგებული მქონდა და როცა მან ჩემს კიას ხელი მოჰკიდა, გავაპროტესტე. საბილიარდოს წესით, თამაში მე უნდა გამეგრძელებინა და მასწავლებელს ვუთხარი: თქვენ დაიცადეთ, ვინმე წააგებს და შემდეგ ითამაშეთ-მეთქი. ის დღე ასე დამთავრდა. მეორე დღეს რუსულის მასწავლებელმა გაკვეთილზე გამომიძახა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს ჯიბრზე გააკეთა... არ ვუპასუხე და "ორიანი" დამიწერა.

- "შატალოზე" თუ დადიოდით?

- როგორ არა, მაგრამ მივდიოდი კლასის გადაწყვეტილების მიხედვით, თავად "შატალოს" მოთავე არასდროს ვყოფილვარ. ერთხელ გაკვეთილები მივატოვე ჩემი ინიციატივით. მაშინ ფორმა უნდა გვცმოდა, მაგრამ ერთხელ სკოლაში წავედი ლამაზი ჩინური ჟაკეტით, ზურგზე ეწერა "დრუჟბა". მათემატიკას შესანიშნავი პედაგოგი ლეილა დიასამიძე გვასწავლიდა, რომელმაც მითხრა: ჟაკეტი ახლავე გაიძვრე, მომეცი და დედაშენს სახლში მე მივუტანო. ამაზე გავბრაზდი და მეორე გაკვეთილზე აღარ შევედი. წავედი, ვიარე სანაპიროზე, მერე ფილმი ვნახე, გავისეირნე. ამასობაში ყველა მეძებდა - მასწავლებელიც, ოჯახიც. გვიან მივედი სახლში და ამით გამოვხატე ჩემი პროტესტი.

- მოგონება მასწავლებელზე...

- მოსკოვში ჩემს დანიშვნას აპირებდნენ ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელად და გასაუბრება გავიარე გენერალ-ლეიტენანტთან, რომელმაც მკითხა: ყველაზე მეტად რას სცემ პატივს მეცნიერში და ადამიანშიო? მე ვუპასუხე: მასწავლებლების პატივისცემას, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ცოდნით გაუტოლდები პედაგოგს და ცოტა მეტსაც გააკეთებ, მერე მიხვალ და ეტყვი, რომ მისი მადლიერი ხარ - ეს არის უმთავრესი-მეთქი.

სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასამდე ჩემი დამრიგებელი გახლდათ არაჩვეულებრივი ქალბატონი ქეთევან მიქელაძე. ის არის ჩემთვის პედაგოგის სიმბოლო და პიროვნება, რომელსაც ჩემს შთაბეჭდილებებში გარკვეული ადგილი უკავია. ყოველი საქმის წარმატების შემდეგ, იქნებოდა ეს ჩემი სპეციალობა თუ განათლების სფერო, ყოველთვის მას ვაბარებდი ანგარიშს. სამწუხაროდ, 7 წლის წინ გარდაიცვალა. სხვათა შორის, ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას მახსენდება ქალბატონი ქეთევანი.

- შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის პირველი სექტემბერი რამით გამორჩეული ყოფილა?

- ჩემი მესამე შვილი გიორგი (4 შვილი მყავს) მივიყვანე სკოლაში, პირველ სექტემბერს პირველ კლასში და ზეიმს დავესწარი, ეს იყო მხოლოდ.

- კლასელები იკრიბებით ხოლმე? ბოლოს როდის იყავით სკოლაში?

- კოლექტიური შეკრება არ გვქონია, მაგრამ სკოლასთან მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა. პანდემიის დაწყებამდე სკოლას გადავეცი მასალები ჩემი მოღვაწეობის შესახებ. მოსწავლეებისთვის ჩვენი სკოლა იყო პატარა აკადემია. არ მახსოვს ქიმიის ან ფიზიკის გაკვეთილი, რომ ცდა არ ჩატარებულიყო. ორივე საგნის კაბინეტში იდგა დიდი შემინული კარადები, სავსე იმ მოწყობილობებით, რაც ცდებს სჭირდებოდა. მაშინ მიღებული განათლება იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ყოველთვის ვიხსენებ ჩემს სკოლას და წიგნშიც დავწერე ამის შესახებ. ბოლოს, დაახლოებით ნახევარი წლის წინ ვიყავი ბათუმში, სკოლაში არ შევსულვარ, მაგრამ შევხედე და მერე კარგად ავხედ-დავხედე (იღიმის).

ნანული ზოტიკიშვილი