ხმაც მარგარიტა სიმონიანმა მისცეს...
და ორი მათგანი მოინადირა კიდეც: ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს პირდაპირ პარტიული სიის ოცეულში უკრა თავი. პოლიტიკაში წასული სპორტსმენები აქამდეც გვინახავს, ერთი აგერ მთლად თბილისის მერად მუშაობს, მაგრამ ამ დროს ყოველთვის უჩნდება ხალხს კითხვა: ამდენი ადამიანის სიყვარულს რაში ცვლიან? პოლიტიკაში წასვლა ხომ ავტომატურად ნიშნავს, რომ ვისაც ეს ხელისუფლება ეზიზღება, შენ მიმართაც ანტიპათია უჩნდება, ანუ მანამდე თუ მთელ ქვეყანას უყვარდი, ახლა ერთი ხელის მოსმით მინიმუმ ნახევარი ქვეყნის სიყვარულს კარგავ. თუმცა, ეტყობა, აქვს პოლიტიკას რაღაც მაგიური, ყველა იქით რომ იქაჩება. საინტერესო კია, რა?
ვნახოთ, რას იზამენ პოლიტიკაში ტალახაძე და პეტრიაშვილი, რამდენ კილოგრამს ასწევს ერთი და ვის დადებს ბეჭებზე მეორე, მანამდე კი მათი წინამორბედებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. კალაძე უკვე ვახსენეთ, ასევე გასახსენებელია ყაველაშვილი, რომელიც "ოცნების" ყველაზე მდაბიო მესიჯებს ახმოვანებს და გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც წინა კვირის გმირი გახდა. გორის რაიონის რომელიღაც სოფელში ჩასულმა მოსახლეობის პრეტენზიას, წყალი არ გვაქვსო, ასე უპასუხა: "ესპანეთის ბევრ ქალაქში, სოფლებში წყალი არ არის, როგორც იტალიაში".
და ამ დღის მერე მთელი საქართველო დარდობს უწყლოდ დარჩენილ ესპანელებსა და იტალიელებზე. ყველა მათზე ფიქრობს, რა დღეში არიან საცოდავები. რა ეშველებათ? როგორ დაეხმარონ? ვიღას ახსოვს უწყლო გორელები! თავად გორელებსაც დაავიწყდათ საკუთარი პრობლემები, ისე შეწუხდნენ ესპანელებისა და იტალიელების გამო, შესაბამისად, ხელისუფლებისადმი პრეტენზიებიც გაუქრათ, ევროპაში ჩვენზე უარესად ყოფილან და ჩვენ ხმა როგორ ამოვიღოთო? საქმე არ არის ახლა ეს? სხვა რომელი ჩინოვნიკი აგვარებს ასე ეფექტურად პრობლემას და არიდებს პრეტენზიებს ხელისუფლებას? თქვენ კიდევ ამბობთ, სპორტსმენებს პოლიტიკაში რა ესაქმებათო! აი, თუ არ ესაქმებათ!
ის კი არა, ახალგამომცხვარმა პოლიტიკოსებმა და ჯერ კიდევ პოლიტიკაში არწასულმა სპორტსმენებმაც მესიჯბოქსების გამეორებასაც კარგად აუღეს ალღო. პრეზიდენტმა წარმატებული ოლიმპიელები დააჯილდოვა. მის გამოსვლაში ხელისუფლებას რაღაც არ მოეწონა და გენო პეტრიაშვილმა ეგრევე განაცხადა, - ვემიჯნები ქალბატონ პრეზიდენტსო, იგივე გაიმეორა ლაშა ბექაურმაც. ეს ბექაური ჯერ მოქმედი სპორტსმენია და ალბათ ამიტომ არ აღმოჩნდა სიაში, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რომ პოლიტიკოსის ნიჭი აშკარად აქვს. კარგად უღებს ალღოს სიტუაციას. იცის, ვის უნდა ასიამოვნოს და ვის - აგინოს. სხვა რა სჭირდება საქართველოში წარმატებულ პოლიტიკოსს?
ან რაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული იუმორისტი იყო? ან ხელისუფლებისკენ უნდა იყო, ან ოპოზიციისკენ, ან იმათ ტელევიზიაში უნდა ართობდე ხალხს, ან ამათ ტელევიზიაში. ის კი არა, შეიძლება ხან ერთგან იყო, ხან მეორეგან. ერთი იუმორისტი ადრე "ნაცების" ტელევიზიიდან რომ გვართობდა, ბიძინას ამასხარავებდა, ახლა სახელისუფლებო ტელევიზიაში გადავიდა და "ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრებზე დადის დიდის ამბით და ბიძინას გამოსვლებს ტაშს უკრავს. ერთი კითხვა მაწვალებს დიდი ხანია: ქართველი იუმორისტების ნაწილი ბოლოს ნაძირალა რატომ აღმოჩნდება ხოლმე?
უფრო ცუდ დღეში არიან სახელისუფლებო მომღერლები. მათ მარტო ტაშის დაკვრას და სიმღერას კი არ სთხოვენ, არამედ პოლიტიკური განცხადებების კეთებასაც. ადრე როგორ იყო: ჩამოიყვანდა ხელისუფლება თავის მომღერლებს რომელიმე რეგიონში, გაამართვინებდა კონცერტს, ამით ადგილობრივების გულს მოიგებდა, ამ მომღერლებს ჰონორარს გადაუხდიდა და ყველაფერი ამით სრულდებოდა. ახლა ეტყობა, ისე გაუჭირდა "ოცნებას", რომ ამ მომღერლებსა და მსახიობებს სცენიდან იმ მესიჯების გამეორებას სთხოვენ, რასაც ხელისუფლების მოლაპარაკე თავები იმეორებენ ყოველდღე - რომ მთავარია მშვიდობა, რომ ევროპისკენ ღირსებით მივდივართ, რომ ტრადიციებს არ დავთმობთ და ა.შ. ეტყობა, ეს ყველაფერი მომღერლებს და მსახიობებს კონტრაქტში გაუწერეს და ისინიც სიმღერებს შორის სცენიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, აქაოდა, ვინმემ არ თქვას, მარტო ჰონორარის გამო გამოდიან და სინამდვილეში "ოცნებას" მხარს არ უჭერენო. აგერ, თუ არ უჭერენ, დაზეპირებულ მესიჯებს მშვენივრად იმეორებენ.
თუმცა, წინა კვირის მთავარი გმირი ნამდვილად თავად ივანიშვილი იყო, რომელმაც გორში გამოსვლისას (ისევ გორი) განაცხადა, - 2008 წლის ომის გამო ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოჰყვა ამას საქართველოში!
ბიძინას მთელი საარჩევნო კამპანია აგებული ჰქონდა პატრიოტიზმზე, ღირსებაზე, სიამაყეზე და ამ ხალხს უთხრა: იმათ, ვინც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, ბოდიში უნდა მოვუხადოთო. ფაქტობრივად, საკუთარ ფეხში ისროლა. ივანიშვილს ამდენი შეცდომა ერთად, რამდენიც წელს დაუშვა, ალბათ აქამდე არასდროს დაუშვია. ჯერ იყო და ამ "რუსული კანონის" შემობრუნებით ფაქტობრივად მოგებული არჩევნები ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო გორში გაკეთებული ამ განცხადებით, მთელი საარჩევნო კამპანია წყალში ჩაყარა.
სამაგიეროდ, რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა დადებითად ივანიშვილის განცხადებას და თქვა: "საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, მრავალწლიანი ლოთობიდან და ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით!"
ჰოდა, ხმაც მარგარიტა სიმონიანმა მისცეს მაშინ არჩევნებზე!