"შვილს ემდურიან იმის გამო, რომ მას ომში წასვლა არ უნდა"
რომლითაც კიდევ ერთხელ გაიზარდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საშტატო პერსონალის რიცხვი. ბრძანების თანახმად, ეს იქნება 2 389 130 ერთეული, მათ შორის ზუსტად 1,5 მილიონი სამხედრო მოსამსახურე.
რუსეთში მცხოვრები ქართველების თქმით, შესაძლოა ამას რუსეთიდან მიგრაციის ახალი ტალღა მოჰყვეს, ადგილობრივების დიდ ნაწილს სასტიკად არ სურს ომში წასვლა, მაგრამ ვინაიდან სამხედრო სამსახური რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სამსახურად მიიჩნევა, სხვა გამოსავალი არ რჩებათ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს...
წინა ჯერზე ანალოგიურ ბრძანებას ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა. მაშინ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1 320 000-ით განისაზღვრა. ამდენად, სამხედროთა საშტატო რაოდენობა 180 ათასით კი იზრდება, მაგრამ შეიარაღებული ძალების სამოქალაქო შტატი ადრინდელ დონეზე რჩება.
38 წლის ვასილ დანელია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ როდესაც სამთავრობო მანქანები ნატოდან მომავალ საფრთხეებზე საუბარს ამწვავებენ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება რაღაც ახალი გადაწყვეტილებისთვის ემზადება:
- ახლა სპეკულირებენ ბელგოროდის ამბებით, რომ მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, მტრის შემოტევები რომ მოიგერიონ, ვინაიდან უკრაინა იქ ძალიან აქტიურობს და მშვიდობიან მოსახლეობას გამუდმებით ესხმის თავს. წლებია აქ ვცხოვრობ და თითქოს ვიცნობ კიდეც მათ პოლიტიკას - რუსული ნარატივის მიხედვით, ის ყველგან ძლიერია, მას ყველგან მშვიდობა შეაქვს და ახლა, როდესაც ლამის მთელი მსოფლიო ებრძვის, მაინც უძლებს თავისი ძალებით... თუმცა, ბელგოროდის თემას ძალიან სენტიმენტებით უდგებიან, თურმე იქ ხალხს ძალიან უჭირს, რადგან მტრის პირისპირ ცხოვრობენ, ახლა ვხვდები რას ემსახურებოდა ეს პროპაგანდა.
- არმიის გაზრდას?
- კი, აქ ხომ პროპაგანდას უდიდესი ძალა აქვს. ტაშკენტელი მეგობარი მყავს, რომელიც ასევე წლებია იქ ცხოვრობს და მან ჩემგან გაიგო, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წაგვართვა, 2008 წელს თავს დაგვესხა... მეტიც, ოჯახები ვიცი, რომლებიც შვილს იმის გამო ემდურიან, რომ მას ომში წასვლა არ უნდა. მაგალითად მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმთან ბრძოლაში გმირულად დაცემული ბაბუა ან ბაბუის ძმა მოჰყავთ. ისინი ხედავენ, როგორ ეძებენ მშობლები თავიანთ შვილებს, რომლებიც ერთი ან ორი წლის წინ ომში წაიყვანეს და მას შემდეგ არაფერი იციან მათზე; ხედავენ, ვინც იაქტიურა და ომში სამხედროების მდგომარეობა გააპროტესტა, დააკავეს და "არმიის დისკრედიტაციის" გამო გაასამართლეს. თუმცა, მათ მიმართ თანაგრძნობა არა აქვთ. დიდი რუსეთი მათთვის ყველაფრის საპირწონეა... ეს იცის ხელისუფლებამ და ამიტომაც ცდილობს, ბელგოროდის თემით მაქსიმალურად იმანიპულიროს.
ამიტომ, არაერთი სამთავრობო არხი დილის და საღამოს გადაცემას იწყებს იმით, თუ რა ხდება ბელგოროდში, რომ დილის სროლების შედეგად დაიჭრა რვა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაზიანდა რამდენიმე სახლიც... აჩვენებენ კადრებს, როგორ ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა თავს უშველოს, როდესაც ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში ცხადდება ან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ჩნდება.
ვიცით, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაზე ხშირად ბელგოროდს დრონებითა და რაკეტებით უტევენ, მაგრამ რაღაც გზებით სხვა პრესასაც ვეცნობი და ზოგჯერ ამაზე რუსული მხარე ყვირის, უკრაინა კი არაფერს ამბობს, ანუ შესაძლოა სულაც არ ხდება იქ არაფერი, მაგრამ რუსეთს ხელს აძლევს, რომ ამ თემამ სიმწვავე არ დაკარგოს. საომარი მოქმედებების პირობებში ხომ ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია, მაგრამ ამით აქ ისედაც არ იწუხებენ თავს. ხელისუფლება ამბობს, ანუ სიმართლეა!
მზია აფხაზავა, რუსეთში მცხოვრები ქართველი:
- წლებია რუსეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ექიმი ვარ მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკაში და უამრავ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია. ეს ომი არ სურთ იმ ადამიანებს, ვისაც სამხედრო ასაკის შვილები ჰყავთ... დანარჩენებისთვის ან სულერთია, ან, რადგან ხელისუფლება თვლის საჭიროდ იომოს, ე.ი. მართალია.
ბოლო თავდასხმების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა, ინტერნეტის გამოყენება გართულებულია, ქალაქის ხაზებზეც კი ვეღარ ვურეკავთ ერთმანეთს, ისმინება. ახლა, უკრაინული უპილოტი დრონების გამო, საკმაოდ დაძაბული არიან, საკომუნიკაციო ხაზები კონტროლდება, როგორც გვეუბნებიან, სიგნალების გადაცემას ბლოკავენ. მეორე ვერსიით, დრონების შემოსვლისას სიგნალებს იღებენ, რაც სატელეფონო და ინტერნეტკავშირს აფერხებს. სხვა მხრივ არაფერს იმჩნევენ, მაგრამ აშკარად გაფაციცებული არიან. ცდილობენ, იქაურობა პანიკამ არ მოიცვას. უფროსი თაობა ამბობს, რომ პუტინის რუსეთი ყოველდღიურად ჰიტლერის გერმანიას ემსგავსება. ქალაქში დრონები ცვივა, მაგრამ არ ვიმჩნევთ, პერიოდულად, მოსკოვსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი კორპუსები, ნავთობსაცავები და იარაღის საცავები იწვის, მაგრამ ჩვენ ამაზე საუბრის უფლება არ გვაქვს. ყველგან კამერები დაგვიყენეს. ისმინება ყველანაირი საუბარი, ყველა ექიმის, ექთანის, კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლების. გვეუბნებიან, ეს იმიტომ ხდება, რომ პაციენტები უკმაყოფილო არ დარჩნენ. ჩვენ უნდა გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ ექცევით პაციენტსო - ვითომ უხეშად რომ არაფერი ვაკადროთ, ხმას არ ავუწიოთ ან რამე. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ პაციენტები ხშირად ჩივიან ექიმების არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე. ეს ისედაც ტრენდული გახდა ბოლო დროს, აქაური ექიმების მომსახურებით უკმაყოფილო პაციენტები ევროპაში გარბიან და ეს უნდა აღმოიფხვრასო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ მიზეზია... ეშინიათ, ექიმი და პაციენტი, რუსეთის სახელმწიფო არმიის, ომის "დისკრედიტაციას არ ვეწეოდეთ". არაერთი პაციენტი წლებია ჩვენთან დადის და ყველას ნამდვილად არ მოსწონს ომი უკრაინაში, მაგრამ ამის გამხელა მრავალწლიან ციხეს უდრის. თავიდან პაციენტებმა არ იცოდნენ, რომ კაბინეტში კამერა იყო და დაიწყეს საუბარი, მაგრამ როგორღაც ვანიშნე, კამერაა და მხოლოდ პრობლემის გარშემო ვისაუბროთ-მეთქი. ასევე მოხდა სატელეფონო და ინტერნეტსაუბრების დროსაც: საუბრის პარალელურად მივწერე, რომ ისმინება, ფრთხილად უნდა ვიყოთ-მეთქი და წერილი მაშინვე წავშალე.
ჩვენს კლინიკაში დადიან იმ ბიჭების ოჯახის წევრები, რომლებიც უკრაინის ომში იბრძოდნენ: ზოგი დაიხოცა და ზოგიც დაიჭრა. ისეთი შემთხვევებიც არის, ტყვეებში გაცვლილი ბიჭები უკან, ფრონტის ხაზზე რომ მიაბრუნეს, რადგან რუსეთის არმიაში მართლაც დომხალია, მაგრამ რუსების დიდ ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს. მეტიც, არაერთმა მითხრა: გასული 9 მაისი ვერ ვიზეიმეთ ღირსეულად, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალი 9 მაისი თანამედროვე ფაშიზმზე გამარჯვების დღე იქნება და ორმაგი დანიშნულება ექნებაო.
- ფასებზეც გვითხარით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, ნაწილი უარყოფს ცხოვრების გაძვირებას.
- წლებია მოსკოვში ვცხოვრობ და აქ იაფი არასდროს არაფერი ყოფილა, მაგრამ ახლა რაც ხდება, მართლა კატასტროფაა. ერთი კილოგრამი ატამი 300 მანეთი ღირს, რაც ქართული ვალუტით, დაახლოებით 9 ლარია. პასუხად გვეუბნებიან, ასე ძვირი იმიტომ ღირს, რომ თურქეთიდან არის ჩამოტანილი და ტრანსპორტირება, მტვირთავი მუშახელი, ყველაფერი გაძვირდაო. 100 გრამი კარაქი, საუკეთესო ხარისხის, 250 მანეთამდეა. ერთი კილოგრამი ხორცი 900 მანეთამდე ღირს, რაც 30 ლარამდეა. ყველს, სულგუნს 700-800 მანეთად ვყიდულობთ, რაც დაახლოებით 25 ლარია...
- ამბობენ, რომ ევროპიდან შემოვლითი გზით მაინც შემოდის ბევრი რამ...
- კი, შემოდის... უკრაინაზე თავდასხმიდან პირველ დღეებში, მართლა არაერთი მაღაზია დახურეს, მაგრამ შემდეგ ასეთ ხერხს მიმართეს: ბრენდებს სახელები გადაარქვეს, მაგრამ მათი პროდუქცია იყიდება სხვაგვარად შეფუთული. როგორც ჩანს, ევროპა რუსეთის დიდ ბაზარს ბოლომდე ვერ შეელია.
- საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოვიდა.
- დიახ და მათ შორის არიან ჩემი პაციენტებიც, ლარსის კილომეტრიანი რიგებიდან ფოტოებს მიგზავნიდნენ და ხუმრობდნენ: მგონი, თქვენ და კიდევ რამდენიმე ქართველი დარჩით რუსეთში, დანარჩენები წამოვედითო. ძალიან მოსწონთ იქაურობა, ამინდი, საკვები... განსაკუთრებით, თბილისი და ბათუმი. ბევრი მართლა ცდილობს იქ სახლი იყიდოს და დამკვიდრდეს. შვილები უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნილ სკოლებში დაჰყავთ. სხვა ქვეყანაში, ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების არ იყოს, ისინიც მშვენივრად თანაცხოვრობენ. ამას წინათ, ერთმა აფხაზმა მითხრა: ქართველების ნაწილმა ჩვენსავით კიდევ არ იცის, რას ნიშნავს რუსული წნეხი, შვეიცარიად გადაქცევას გვპირდებოდნენ და ჩეჩნეთად გადაქცევას გვიპირებენო... მართალია, სოხუმელი ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას ვკითხო, რა ხდება ჩემს საყვარელ ქალაქში. თავად ჰყვება ხოლმე, როგორ ეჯაჯგურებიან ცენტრალურ ადგილებს, რათა იქაურობა რუსულ ბიზნესცენტრებად აქციონ. დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, რუსებს იქ ცხოვრება არ სურთ, მხოლოდ ბიზნესი, მიწების შესყიდვა, სავაჭრო ობიექტების გახსნა, ერთი სიტყვით, მხოლოდ ფულის "კეთება" უნდათ.
რამდენიმე რუსმა მითხრა, ხელფასი იგივე მაქვს, მაგრამ საქართველოში ნაკლები მეხარჯება და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიცხოვრებ: მოსკოვში, თბილისში თუ ბათუმში, თავს აქაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობო... ერთადერთი, თავიდან იმას განიცდიდნენ, რომ გარკვეულ ობიექტებში რუსული საუბრის გაგონებაზე ქართველები აგრესიას გამოხატავდნენ, მაგრამ თუ ერთი-ორ სიტყვას ქართულად ისწავლი და მათთან მშობლიურ ენაზე კომუნიკაციას შეეცდები, მერე ისინიც გეჩვევიან და ნელ-ნელა აგრესიაც ქრებაო. ისიც ითქვა, შესაძლოა, განგებ სახლდებიან იქ, რათა შემდეგ მოქალაქეობა მიიღონ და პუტინს თუ დასჭირდა, როგორც ეს სხვაგან გააკეთა, აქაც თავისი მოქალაქეების დაცვა გადაწყვიტოსო... ამას თავად რუსები ამბობენ, - რას გაუგებ რუსეთის პოლიტიკასო.
ლალი პაპასკირი