"ჩემთვის ტრაგიკული იქნება, შვილმა რომ მითხრას, - მაგრად "მიტყდება", რასაც აკეთებო"
წელს პირველ კლასში "მესამედ შევიდა". ფიქრობს, რომ ახალი თაობა განსაკუთრებული, მეტად თავისუფალი და ლაღია. სკოლასთან დაკავშირებულ ამბებზე და ასევე იმ აჟიოტაჟზე, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში "რეზო და ბავშვების" მონაწილეობას მოჰყვა, მომღერალი თავად გვესაუბრა:
- ჩემთვის განსაკუთრებული სასწავლო წელი დაიწყო, რადგან ჩემი უმცროსი შვილი სკოლაში მივიდა. ფაქტობრივად, პირველკლასელი უკვე მესამედ გავხდი - ძალიან მაგარია (იღიმის): სკოლაში მისვლა ახლა უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ჩემი და ჩემი უფროსი შვილის მისვლისას.
- რატომ?
- ახალი თაობა განსაკუთრებულია. ყველა ბავშვი კარგია, მაგრამ საქართველოში ახლა განსხვავებული თაობაა. ამას ჩემს შვილებზე დაკვირვებითაც ვხვდები. მათ შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, რაც ძალიან ეტყობათ: პოზიტიურები, ლაღები არიან, ნაკლები პრობლემით ცხოვრობენ... ის საკითხები თავს მოხვეული არა აქვთ, რაც მათ წინა თაობებს და ასევე, ჩვენ გვქონდა. სკოლაში სიხარულით მიდიან, სწავლით დაინტერესებული არიან, სკოლაში შესვლისთვის გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი გავლილი აქვთ... მაგალითად, როცა პირველ კლასში შევედი, მახსოვს, ბევრი ბავშვი ტიროდა, ახლა კი ასე არ ხდება.
- თავს მოხვეული პრობლემები ახსენეთ. რას გულისხმობთ?
- სკოლის მოსწავლე 90-იან წლებში ვიყავი. მოგეხსენებათ, ის პერიოდი როგორი იყო. არც 2000-იანი წლები იყო დიდად განსხვავებული. გარდამავალ პერიოდში ცხოვრებამ მოგვიწია. გარდამავალი ცხოვრების ტკივილები და პრობლემები, რაც ქვეყანამ, მოსახლეობამ გადაიტანა, რაღაცნაირად, თითქოს გადამუშავდა. დრო იყო საჭირო და ეტყობა, ეს დრო გავიდა, დამოუკიდებლობა დაიბადა... ჩემი დაბადების მოწმობას ნამგალი და ურო ახატია - 1987 წელს დავიბადე. სანამ დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი ივლის, რომლის დაბადების მოწმობასაც ნამგალი და ურო ახატია, მანამდე ჩვენს ცნობიერებაში, მეხსიერებასა და სოციუმში ბევრი ფორმით იქნება ეს ნამგალი და ურო... შესაბამისად, განათლების სისტემას რაც შეეხება, მთავარი ამბავი ეგ არის, რომ სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლებმა უნდა დაიწყონ სწავლება. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც ვაყენებ, მაგრამ სისტემის დიდი, უწყვეტი ჯაჭვია: საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა მასწავლებლებმა განათლება სხვებს მიაღებინეს, იმ სხვებმა - სხვებს და ა.შ. ძალიან დიდი ხანია, რუსეთი აქ არის. ამის "გაწყვეტას" დრო სჭირდებოდა, სჭირდება და კიდევ დასჭირდება, თუმცა დღეს უკეთესი სიტუაცია გვაქვს, რადგან 6 წლის ბავშვმა რომ იცის, მისი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და საქართველოს დროშა ხუთჯვრიანია, ეს უმნიშვნელოვანესია. არის ფასეულობები, ხედვები, რაც ადამიანებს მცირე ასაკშივე უყალიბდებათ.
- გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, შვილებთან უთანხმოება, გაუგებრობა თუ მოგსვლიათ?
- მსგავსი ეპიზოდები არ გვქონია. მისმენენ და მენდობიან. იციან, რომ მათთვის ცუდი არ მინდა. ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული და დრამატული ის იქნება, ჩემმა შვილმა რომ მითხრას, მაგრად "მიტყდება", რასაც აკეთებ, არ მომწონსო. ჩემთვის ეს ოჯახური დრამა იქნება. პიროვნულად გამანადგურებდა... ბავშვებსაც უხარიათ, რასაც ვაკეთებ, კონცერტებზე დამყვებიან... ჩემთვის ეს იმ აზრის გამამყარებელია, რომ სწორად ვიქცევი, სწორად ვცხოვრობ...
- მოსწავლეობის პერიოდში, უსამართლობა თუ განგიცდიათ?
- კი, საკუთარ თავზეც ვიწვნიე, სხვის ნაცვლადაც მომხვედრია, რაც ჩემთვის დიდი უსამართლობა იყო. როცა გავიაზრე, სრულიად უდანაშაულო ვიყავი - დანაშაულთან "ახლოსაც" არ ვყოფილვარ, ამან უსამართლობის განცდა გამიმძაფრა, რაც იმ საგნის ცუდად სწავლაში აისახა, რომელსაც ის პედაგოგი მასწავლიდა. სხვათა შორის, ამ ფაქტმა ხელი შემიშალა, რომ სკოლა უმაღლესი ნიშნებით დამემთავრებინა. ასე რომ, შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა ცხოვრებისეულმა ეპიზოდმა ბავშვის ცხოვრებაში ცუდი როლი შეასრულოს.
- ეს ინციდენტი ვინმეს გაანდვეთ? ან მშობლები კონკრეტული საგნის მიმართ თქვენს გულაცრუებას როგორ ხსნიდნენ?
- არა, ეგ ამბავი არავისთვის მითქვამს. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელს ავუხსენი, რომ უდანაშაულო ვიყავი და ვურჩიე, სიტუაცია გაერკვია. მგონია, მას ამით არანაკლები პასუხი გავეცი და თავსატეხიც გავუჩინე. ჩემს სიმართლეში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი. ეს განცდა დამეხმარა, რომ ინციდენტის შესახებ არავისთვის მეთქვა. დაცვა არ მჭირდებოდა.
- გქონიათ შემთხვევა, მოუცლელობის გამო, უფროსი შვილის სასკოლო ღონისძიებას რომ ვერ დასწრებიხართ და ამის გამო, ბავშვისგან საყვედური მიგიღიათ?
- არა. ზოგჯერ ის უფრო გამკვირვებია, რომ ჩემი დატვირთული რეჟიმის გადამკიდე, როგორ მომისწრია, შვილის კონცერტებზე მემღერა? ბავშვისთვის იმედი რომ არ გამეცრუებინა, ჩემს კონცერტზე დამიგვიანია. ამ მხრივ, შვილს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მირჩევნია, ჩემი საქმე გადავდო და მას ვარჯიშზე გავყვე...
- სპორტითაა დაკავებული?
- ჭადრაკით, სიმღერით და გიტარით... უფროსი შვილი ჭადრაკზე რომ დადის, მინდა, რომ ჭადრაკის შესახებ წიგნებიც წაიკითხოს...უმცროს ვაჟს რაც შეეხება, ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ, თავისი ინტერესებიანად. ჯერჯერობით, დაკვირვების ქვეშ მყავს. თავად ამბობს, რომ ძალიან ძლიერი ტვინი აქვს, რომელსაც ბევრი ინფორმაციის ჩაწერა შეუძლია, არასაჭიროსი კი - წაშლა. აი, ასე უყურებს სამყაროს. შეიძლება, მისგან რაღაცები მეც ვისწავლო. (იცინის). რამდენიმე ლექსი "მოუძველდა" და მათ ნაცვლად, ახლები "ჩაწერა", თავი რომ არ დაეტვირთა. თავად ასე ამიხსნა, როცა ვკითხე, თუ რატომ არ ახსოვდა ადრე ნასწავლი ლექსები (იცინის)... სკოლისთვის მომზადება 14 დღით ადრე დაიწყო - კალენდარზე სწავლის დაწყების თარიღიც ჩაინიშნა. ერთი სული ჰქონდა, სწავლა როდის დაიწყებოდა. სკოლაში შესვლის პირველ დღეს გახარებული იყო, მაგრამ ცდილობდა, სერიოზული ყოფილიყო, რადგან უკვე დიდი ბიჭია. საბავშვო ბაღში კი აღარაა? სკოლაში მივიდა!
- შვილი კერძო სკოლაში შეიყვანეთ თუ საჯაროში?
- კერძოში. დედა პედაგოგია და გადაწყვიტა, ბავშვმაც იმავე სკოლაში უნდა ისწავლოს, სადაც თვითონ მუშაობს, თორემ სიმართლე გითხრა, საჯარო სკოლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - უფროსი საჯაროში დადის...
- რეზო, აქვე გკითხავთ: "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კონცერტში თქვენს მონაწილეობას საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. ამ კონცერტში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ? მახსოვს, ამბობდით, რომ არ გსურდათ, რომელიმე "მხარესთან" ასოცირებულიყავით...
- კონცერტებში ვმონაწილეობ. აბა, მუსიკოსმა რა უნდა აკეთოს?! შეგიძლია, საქართველოში 1 მუსიკოსი დამისახელო, რომელსაც პოლიტიკურ, მუნიციპალურ ან მერიის კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია?
- მგონი - ნინა სუბლატი.
- უკაცრავად, ადამიანი "ევროვიზიაში" მონაწილეობდა, ევროპაში ხალხის ფულით გავუშვით... ვერ დამისახელებ მომღერალს, რომელსაც რომელიმე "მხარის" მიერ ორგანიზებულ (მხოლოდ დაფინანსებას არ ვგულისხმობ) ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. ადამიანები პარტიების სიებში არიან და "იქიდან" გვეუბნებიან, - პარტიის მხარდამჭერ კონცერტებში როგორ მონაწილეობთო?! კარგი, რა... ბოროტებას არასოდეს ვაკეთებ - ეს ვიცი. ჩემი ჯგუფი, მეგობრები ყოველთვის სიყვარულის და პოზიტივის მხარეს ვართ. თუ დამისახელებ "მხარეს", რომელიც ხალხს პოზიტივს, სიკეთესა და კონცერტებს სთავაზობს, შეიძლება დავფიქრდე. ამჟამად, ვფიქრობ, ყველაზე პოზიტიურ მესიჯებს ის პარტია უშვებს, რომლის მიერ ორგანიზებულ კონცერტებზეც მივდივარ და ბავშვებს ვუმღერი... კონკრეტული პერსონების ჩამოთვლა არ მინდა, მაგრამ თითო პარტიაში მართლა თითო მომღერალია - უხერხულია... ვინც ეს ქვეყანა გამოიყენა და ყველა სახელმწიფო კონცერტზე დარჭობილი იყო, ახლა ისინი ჩვენ შესახებ ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" "დაორგანიზებულ" კონცერტებში ვმონაწილეობთ. რა პრობლემაა? არ "მიტყდება", პირიქით - ახლაც სიამაყით მივდივარ ჭიათურაში, კონცერტზე... მინდა ყველას ვუსურვო, რომ გაგვახსენდეს: ეს ქვეყანა ყველასია - ჩემიც, შენიც, მისიც... ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ცხოვრების და თამაშის გარკვეულ წესებს კანონი და კონსტიტუცია ადგენს. ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებს არ გადავსულვართ, არც ანტისახელმწიფოებრივი რამე ჩაგვიდენია... ყველას სიყვარულს ვუსურვებ - დატკბით ცხოვრებით და ცხოვრება გიყვარდეთ. ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში შევეჯიბროთ - ქვეყნისთვის, ერისთვის ვინ უფრო მნიშვნელოვან რამეს გააკეთებს. კრიტიკა და ენის რატრატი რომ არ ეშლებათ, ვიცი: მაგალითად, აკრიტიკებენ ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს, მერაბ დვალიშვილს... საერთოდ, ჩემთვის სამარცხვინოა, როცა ადამიანი ვიღაცის "დაჰეითებაში" ფულს იღებ და ამით ცხოვრობ.
- ლაშა ტალახაძეს პოლიტიკაში მოსვლის გამო აკრიტიკებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი მოსაზრება გაქვთ?
- მესმის, რომ ვიღაცებს გაორებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ამ ქვეყნის მმართველობაში ისეთი ადამიანებიც მინახავს, რომ ნეტავ, "ლაშა ტალახაძეებმა" მართონ! დიახ, ქვეყანა მათ უნდა მართონ, თორემ გვინახავს სიგუა, კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი... ლაშა ტალახაძეს როგორ აკრიტიკებთ, ხალხო? სპორტსმენებს თავი დაანებეთ. ამ ბიჭებმა გვაამაყეს! ისინი ჩვენს ქვეყანას ვერ დაღუპავენ. ეტყობათ, რომ ჩვენი ქვეყანა უყვართ... პაატა ბურჭულაძემ უნდა "აკეთოს" პოლიტიკა და ლაშა ტალახაძემ - არა? ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მერე, პუტინს "ღვინოვ კახუროს" უმღეროდა აწეული წარბებით... პოლიტიკური საქმიანობის უფლება მას უნდა ჰქონდეს და გენო პეტრიაშვილს - არა? მინდა პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჰქონდეს ყველას... ჩემი პოზიცია არის ეს. მაგალითად, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ესაა, რასაც ვაკეთებ: მუსიკა, სიმღერა, კონცერტი...
ეთო ყორღანაშვილი