მასონთა ლოჟების საიდუმლო - გზაპრესი

მასონთა ლოჟების საიდუმლო

პირველი მასონთა ლოჟა დაარსდა. ასე ჩამოყალიბდა რელიგიურ-ეთიკური მიმდინარეობა, რომელსაც დღეს მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მასონებზე უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არიან ისინი ჩრდილში ან რატომ მალავენ თავიანთ ვინაობას, ამიტომ, საქართველოში მასონების მიმართ ერთგვარი გაურკვევლობა და შიშიც კი იგრძნობა. უმრავლესობამ არ იცის, რომ მასონები იყვნენ გენიალური მოცარტი და ბეთჰოვენი, ჩერჩილი და დანტონი, ვოლტერი და არტურ კონან დოილი, კიპლინგი და ოსკარ უაილდი, ბენჯამინ ფრანკლინი და ჯორჯ ვაშინგტონი...

რით აიხსნება მასონების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება? - ამ საკითხზე გვესაუბრება თეოლოგი ლევან აბაშიძე:

- მასონთა მოძრაობა მე-18 საუკუნის ინგლისში ჩაისახა - ეს იყო ეპოქა, როცა განმანათლებლობა ძალიან პოპულარული ხდება და სწორედ ამ ფონზე იქმნება მასონური ლოჟები. მასონებს საკმაოდ კარგი მიზნები ჰქონდათ: უკეთესი საზოგადოების შექმნა, სიკეთე, თანასწორობა, ძმობა - მათი ლოჟები სწორედ ამ იდეების კარნახით იქმნებოდა. თავისუფალი მასონი ფრანგულად "მშენებელს", ანუ ხუროთმოძღვარს ნიშნავს. მასონები ფართოდ იყენებდნენ მშენებლთა სიმბოლიკას, რადგან მე-18 საუკუნეში მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო, განსაკუთრებით, ტაძრების. ამიტომ, მშენებლებს თავიანთი გაერთიანებები ჰქონდათ. მშენებლები და ხუროთმოძღვრები მთელ ევროპაში მოძრაობდნენ, მათ თავიანთი სიმბოლოები და რიტუალები ჰქონდათ და სწორედ ეს სიმბოლიკა გამოიყენეს მასონებმა. მათ მოძღვრებაზე დიდი გავლენა იქონია ბიბლიურმა და ქრისტიანულმა იდეებმა. მათ ადამიც კი პირველ მასონად, ანუ პირველ მშენებლად მიაჩნდათ. მასონურ მოძღვრებაში დიდი ადგილი დაიკავა ბიბლიურმა სიმბოლიკამ, რომელსაც მოგვიანებით ტამპლიერების და სხვა რაინდული ორდენების სიმბოლიკაც დაემატა. მასონური სიმბოლოები სერიოზული შინაარსითაა დატვირთული, რაც ამ მიმდინარეობას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს.

- როგორ ხალხს იღებდნენ მასონები თავიანთ რიგებში?

- მასონურ ლოჟაში რომ მიეღოთ, ადამიანი აუცილებლად მორწმუნე უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად მხოლოდ სხვადასხვა კონფესიის მიმდევარ ქრისტიანებს იღებდნენ, მაგრამ მერე ეს კრიტერიუმიც შეიცვალა: მძიმე რელიგიური ომების და დაპირისპირების შემდეგ, ევროპელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რელიგიურ ნიადაგზე სისხლის ღვრა დაუშვებელია. შედეგად, მასონებმა თავიანთ მოძღვრებაში ქრისტიანობის და იუდაიზმის ელემენტებიც შეიტანეს და თავიანთ რიგებში მუსლიმანებსაც გაუღეს კარი. უკვე აღარ იყო აუცილებელი, რომ მასონი კათოლიკური ან ანგლიკანური ეკლესიის მიმდევარი ყოფილიყო. თანამედროვე მასონურ ლოჟაშიც ასეა - მთავარია, ადამიანს ერთი ღმერთი სწამდეს და შეიძლება ქრისტიანიც იყოს, იუდეველიც და მუსლიმანიც.

simbolo-copy-1727022255.jpg

- რატომ იყო და არის მასონური მოძრაობა სტიგმატიზებული და რატომ ჩნდება შეთქმულების თეორიები მათ ირგვლივ?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს: დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ რევოლუციურ მოძრაობას მასონთა სახელებს უკავშირებდნენ, მაგრამ რამდენად მართალი იყო ეს, არავინ იცის. მაგალითად: როდესაც საფრანგეთის რევოლუცია მოხდა, მთელ ევროპაში გავრცელდა ჭორები, რომ ის მასონებმა დაგეგმეს. მეფეები და მათ ირგვლივ თავმოყრილი არისტოკრატები მასონებს ეჭვის თვალით უყურებდნენ და რა თქმა უნდა, ეს განწყობა ხალხშიც ვრცელდებოდა. მაგალითად: ეკატერინე მეორე მასონებს არ სწყალობდა, ხოლო როდესაც რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი მოკლეს, ეს ამბავი მასონებს დააბრალეს. არადა, პავლე პირველი ყველას მოძულებული ჰყავდა. უმეტესობას მიაჩნდა, რომ ის ქვეყანას ტირანიისკენ მიაქანებდა, ამიტომ, პეტერბურგის იმდროინდელი საზოგადოება მის სიკვდილს სიხარულით შეხვდა. შესაძლოა, მის მკვლელებს შორის მასონებიც იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მათ დაგეგმეს და ჩაიდინეს...

შეთქმულების თეორიები ყოველთვის ვრცელდება, როდესაც რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას ან დაჯგუფებას თავისი რიტუალები და საიდუმლოებები აქვს. მსგავსი თეორიები პირველი ქრისტიანებზეც ვრცელდებოდა, რადგან ისინი ერთად იკრიბებოდნენ და ბევრი განსხვავებული, უცნაური რიტუალი ჰქონდათ: თუნდაც ის, რომ ქალები და მამაკაცები ერთად იკრიბებოდნენ, რაც იმ დროისათვის უცხო მოვლენა იყო. მათ ჰქონდათ საიდუმლოება, რომელსაც ზიარებას უწოდებდნენ. ყოველ შაბათს იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ... ასე წარმოიშვა ჭორები, რომ ისინი ბავშვების ხორცს ჭამდნენ და ორგიებს მართავდნენ. ის, რომ მასონებს აქვთ შეკრებები, აქვთ საკუთარი იერარქია და საიდუმლოებები, ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომ მათ შესახებ შეთქმულების თეორიები წარმოიშვას. ამიტომ, როცა ქვეყანაში სერიოზული კატაკლიზმებია, მაშინვე ამბობენ, რომ ეს მასონების მიერაა დაგეგმილი. როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, შავრაზმულმა ძალებმა ისრები სწორედ მასონებსა და ებრაელებზე გადაიტანეს. შეთქმულების თეორიებს ამწვავებდა ანტისემიტიზმიც, რადგან მასონურ მოძრაობას ებრაელებს უკავშირებდნენ. ეს ჭორ-მართალი საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ მასონობა 21-ე საუკუნეში და მე-18 საუკუნეში, ორი სხვადასხვა რამეა.

- რით არის განპირობებული შიში, რომელიც მასონების მიმართ ზოგიერთ ადამიანს აქვს?

- ჩემი აზრით, ეს პრიმიტიული აზროვნების შედეგია: იმაზე ფიქრი, რომ რაღაც ძალა მთელ მსოფლიოს მართავს და რაც ხდება, ყველაფერი მის მიერაა დაგეგმილი, რომ მასონები მსოფლიოს იპყრობენ და ჩვენს ცხოვრებას მართავენ, არაქრისტიანულია. როცა ასე ფიქრობ, ღმერთის ადგილას რაღაც სხვა ძალას აყენებ: თუკი ყველაფერს მასონები ან სხვა ძალები მართავენ, მაშინ ღმერთი სადღაა? რეალურად თუ შევაფასებთ, მასონების დრო უკვე წასულია და მათი ლოჟებიც, დრომოჭმული გაერთიანებებია. ქრისტიანული თვალსაზრისით, იესო ქრიტემ ბოროტება დაამარცხა, მაგრამ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ისევ გრძელდება. ადამიანმა, პირველ ყოვლისა, ცოდვა და ბოროტება თავის თავში უნდა დაინახოს და არა მასონებში, იუდეველებში ან ეკუმენიზმის მიმდევრებში.

inglisis-mas-1727022244.loja - Copy.jpg

- ძალიან დიდი ეჭვის და განკითხვის საგანია მასონური სიმბოლიკაც. რატომ?

- საერთოდ, მასონებს ბევრი სიმბოლო აქვთ და დოლარსაც რომ დავაკვირდეთ, იქაც არის მასონური სიმბოლიკა. ამერიკის დამფუძნებელი მამები მასონები იყვნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ქრისტიანობას ებრძოდნენ. მე-18 საუკუნეში მასონობა არც დასაგმობი იყო და არც სასირცხვილო. პირიქით, ბევრ მოწინავე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს იზიდავდა და არაერთი ცნობილი ადამიანი მასონი იყო. მაგალითად, "ომი და მშვიდობა" რომ წაიკითხოთ, იქ წერია, რომ პიერ ბეზუხოვი მასონი გახდა. ეს მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რუსეთში მცხოვრებ მასონებს ბევრი რამ გაუკეთებიათ: სკოლების დაარსება, წიგნების გამოცემა, ხალხის განათლება - ისინი სწორედ ამას ცდილობდნენ... მტკიცება, რომ ყველა მასონი სახელმწიფოს ებრძვის ან რევოლუციას და ანტიქრისტეს მოსვლას ამზადებს, საქმის გაუბრალოებაა. მართალია, მასონთა ლოჟის წევრებს შორის თაღლითებიც იყვნენ, თუნდაც, კალიოსტრო, მაგრამ იყვნენ გულწრფელი ადამიანებიც, რომლებიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებდნენ. ავიღოთ მოცარტის მაგალითი, რომელიც მასონთა იდეებს იზიარებდა და თანაუგრძნობდა. მისი ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები, "ჯადოსნური ფლეიტა" სწორედ მასონურ რიტუალებზეა აგებული...

დღეს მასონური იდეები სტიგმატიზებულია, მაგრამ მრავალ ქვეყანაში, მათი ოფიციალური ორგანიზაციები მაინც მოქმედებს და ოფიციალურადაც არის რეგისტრირებული.

- მათ შორისაა "საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა", რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და ახლაც მოქმედებს.

- დიახ და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან. მაგალითად: მასონი იყო გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ირაკლი წერეთელი, რომელსაც "რუსეთის ჯეფერსონს" უწოდებდნენ და წერდნენ: მის პოლიტიკურ ხაზს რომ გაემარჯვა, რუსეთის იმპერია ისე განვითარდებოდა, როგორც ამერიკაო. მასონებს შორის ირიცხებოდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე კიტა აბაშიძე, რომელმაც ილიას მკვლელობას ძალიან კარგი წერილი მიუძღვნა. მასონობა მაშინ სტიგმა არ იყო, პირიქით, ყველაზე პროგრესული ადამიანები მასონები იყვნენ და ეს არც მათ პატრიოტიზმს ეწინააღმდეგებოდა, არც მათ ქრისტიანობას. მასონთა ლოჟები მეოცე საუკუნის საქართველოშიც არსებობდა - კერძოდ, თბილისსა და ქუთაისში, რადგან მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ცოტა რამ ქართველ მასონებზე

პირველი ქართველი მასონი მიხეილ ბარათაშვილი გახლდათ - ცნობილი ნუმიზმატი და მეცნიერი. ის რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადასახლებული არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო. 1816 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის მასონურ წრეებთან და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები ჰქონდა დეკაბრისტებთან. 1816 წლიდან იგი ხდება მოსკოვში დაარსებული რუსეთის მთავარი მასონური ლოჟის წევრი და აქტიური მოღვაწე.

ზოგიერთი ქართველი 1921 წლის ოკუპაციამდეც იყო მასონთა ლოჟის წევრი. ისინი ქუთაისში, თბილისში, პეტერბურგსა და ციმბირში მოქმედ მასონთა ლოჟებში ირიცხებოდნენ. მათი უმეტესობა 1924 წლიდან შეუერთდა პარიზში, ვარშავაში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში მცხოვრებ მასონებს. რუსეთის იმპერიაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა ლოჟა "რუსეთის დიადი აღმოსავლეთი", რომელიც ყველაზე გავლენიანი იყო. მას ფილიალი ჰქონდა თბილისსა და ქუთაისში. თბილისის ლოჟა მისივე სახელს ატარებდა ხოლო ქუთაისისას "კავკასიური ლოჟა" ერქვა. "კავკასიური ლოჟა" დაარსებული იყო ორი, იმდროინდელ რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი მასონის - კარლო ჩხეიძისა და ევგენი გეგეჭკორის მიერ. მათ გარდა, მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ: კიტა აბაშიძე, იასონ ბაქრაძე, პეტრე ყიფიანი, ირაკლი წერეთელი, აკაკი ჩხენკელი და სხვები... სულ, იმდროინდელ საქართველოში, სამი ძლიერი მასონური ლოჟა მოქმედებდა: "რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი", "კავკასიური ლოჟა" და "ცეცხლოვანი მტრედის ორდენი".

ხათუნა ჩიგოგიძე