მიზანდარების ღვაწლი ქართულ კულტურაში და საოჯახო რელიკვიები
ჩემს წინაპრებს მეფე ერეკლე II-მ და გიორგი XII-მ „ტფილისის მიზანდარობა“ უბოძეს. ეს იყო სამეფო გადასახადების ამკრების თანამდებობა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში მიზანდარების 3 ოჯახი ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: გრიგოლ სტეფანეს ძე მიზანდარი (1810-1890), კოლეგიისა და კარის მრჩეველი; ძმები - ვალერიან იოსების ძე მიზანდარი (1832-1883), არტილერიის კაპიტანი, წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი და ფელიქს იოსების ძე მიზანდარი (1843-1896). ვალერიანის შტოს ეკუთვნის ყველა მიზანდარი, ვინც დღეს ვართ“, - ამბობს კომპოზიტორი და ისტორიკოსი ლევან მიზანდარი, რომელიც ამ ოჯახის შთამომავალი გახლავთ. მიზანდარების შესახებ საუბარი ალოიზ იოსების ძე მიზანდარის (1838-1912), პირველი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის გახსენებით დავიწყეთ.
პირველი ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი
- ალოიზ მიზანდარი თბილისში, დავიდოვის ორ ნომერში (დღევანდელი ბესიკის ქუჩა) ცხოვრობდა. როცა ვამბობთ „პირველი ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი“, ამის უკან დიდი ისტორია დგას. 1874 წელს ხარლამპ სავანელმა, ალოიზ მიზანდარმა და კონსტანტინე ალიხანოვმა დააარსეს მუსიკალური სკოლა, რომელიც ჯერ მუსიკალურ სასწავლებლად, ხოლო 1917 წლის 1-ლ მაისს სახელმწიფო კონსერვატორიად გარდაიქმნა. გარდა იმისა, რომ ალოიზმა საქართველოში სამუსიკო განათლებას ჩაუყარა საფუძველი, ის ევროპის ცნობილი კომპოზიტორების მეგობარი და კოლეგა გახლდათ. ჯერ კიდევ 1865 წელს, პარიზსა და ვენაში ბეთჰოვენსა და შოპენს უკრავდა, როსინის სალონში ლისტთან ერთად ოთხ ხელში იმპროვიზირებდა. პირადად იცნობდა ბრამსს, ვენიავსკის, ჩაიკოვსკისა და რუბინშტეინს. ვენის პრესამ ალოიზს „გენიალური ოსტატი“ უწოდა.
მისი რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წელს დაიბეჭდა პეტერბურგში. ეს იყო პირველი ქართული დაბეჭდილი მუსიკალური ნაწარმოები. ალოიზ მიზანდარი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სხვა მოღვაწეებთან ერთად, იმპერიალისტებად გამოაცხადეს, ამიტომ მისი სახელი და შემოქმედებაც აიკრძალა. მუსიკალური სკოლის 1912 წლის სასწავლო წლის შემაჯამებელ ოქმში წერია, რომ უნდა დაწესდეს მისი სახელობის სტიპენდია. არათუ სტიპენდია, ალოიზის ნაწარმოებების დიდი ნაწილი და მათ შორის, არქივიც დაიკარგა. პირველი, ვინც დუმილი დაარღვია, იყო მისი მოწაფე ანა თულაშვილი. ქალბატონმა ანამ გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე ჟურნალ "ხელოვნებაში“ მიზანდარის შესახებ დიდი სტატია გამოაქვეყნა. საზოგადოებამ ეს აიტაცა, და შედეგად კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. პირველ მუსიკალურ სკოლას ალოიზ მიზანდარის სახელი ეწოდა, ხოლო მის სახლზე გაკეთდა მემორიალური დაფა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს მოიპარეს. მერე შევიტანე მერიაში განაცხადი და მათი დახმარებით დაფა აღდგა.
ივანე და ზაქარია ფალიაშვილების პირველი მასწავლებელი მუსიკაში
- ქუთაისში, კათოლიკური ეკლესიის მახლობლად, ტელმანის #23-ში დღესაც დგას ყავრით დახურული და წითლად შეღებილი ერთსართულიანი პატარა შენობა, რომელიც სახელგანთქმულ მუსიკოსს - ფელიქს მიზანდარს (ალოიზის უმცროსი ძმა) ეკუთვნოდა. ამ სახლში იზრდებოდნენ ფელიქსის შვილები: სოფიო და ვალერიანი. ეს უკანასკნელი 2 წლის იყო, როცა ფელიქს მიზანდარი გარდაიცვალა და ოჯახის მეურვეობა ბიძამ, ალოიზ მიზანდარმა იკისრა. მამისა და ბიძის გზა ვალერიანმა გააგრძელა. შემდგომში ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორი, საქართველოში სამხედრო სასულე ორკესტრის დამაარსებელი, მუსიკოსთა თაობების აღმზრდელი (მის მოწაფეთა შორის იყო ევგენი მიქელაძე).
ფელიქსი ორგანისტი და პიანისტი გახლდათ. მან მოსკოვსა და ოდესაში მიიღო მუსიკალური განათლება. მისთვის პედაგოგიური მოღვაწეობა ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენდა. იგი იყო ივანე და ზაქარია ფალიაშვილების პირველი მასწავლებელი მუსიკაში. ფელიქსთან მეცადინეობა საფუძვლად დაედო ძმების შემდგომ მუსიკალურ განათლებას. მიზანდარმა იცოდა ფალიაშვილების ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ამიტომ ნიჭიერ ყმაწვილებს უფასოდ ამეცადინებდა. ისინიც თავს არ ზოგავდნენ, რათა გაემართლებინათ გულისხმიერი მასწავლებლის ამაგი და ზრუნვა. 53 წლის ფელიქს მიზანდარს დამბლა დაეცა და გარდაიცვალა. მან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოასწრო, მათ შორის, საფუძველი ჩაუყარა ქუთაისში მუსიკალური განათლების საქმეს.
საქართველოში სამხედრო სასულე ორკესტრის დამაარსებელი
- განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარმა (1894-1926), ზაქარია ფალიაშვილის რჩევით, სწავლა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო, სადაც მოგვიანებით ჰარმონიას თავადვე ასწავლიდა. პარალელურად სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი სადირიჟორო მოღვაწეობა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. 1912 წელს, გიმნაზიის დირექტორმა ვალიკოს სთხოვა ეხელმძღვანელა ორკესტრისთვის, რადგან დირიჟორი ისე დამთვრალიყო, ფეხზე ვერ დგებოდა. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და იმ დღიდან ახალგაზრდა მუსიკოსი გიმნაზიის ორკესტრის უცვლელი დირიჟორი გახდა. როცა ვალერიანმა კადეტთა კორპუსის პოლკში დაიწყო მუშაობა, მან შეკრიბა 65 მუსიკოსი და შექმნა დიდი სამხედრო სასულე ორკესტრი, რომელსაც შემდეგ სახალხო გვარდიის ორკესტრი ეწოდა.
ერთხელ ზაქარია ფალიაშვილი დაესწრო აღლუმს და დირიჟორს საჯაროდ მიმართა: ჩემო ვალერიან, ასეთი დახვეწილი და მაღალი გემოვნებით დამუშავებული, იშვიათი ჟღერადობის ორკესტრისთვის ჯერ არ მომისმენიაო. ვალიკო ოცნებობდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებისგან შემდგარ საკონცერტო პროგრამაზე, რომელსაც მათი პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანდა. ეს ოცნება ავადმყოფობის გამო ვერ განახორციელა. მკვლევარი ნიკოლოზ გიორგაძე წერდა: „მართალია, ვალიკო დაბრმავდა, მაგრამ იგი სამი წლის განმავლობაში მაინც განაგრძობდა დირიჟორობას ზეპირად, უპარტიტუროდ. ორკესტრის მეცადინეობისას და კონცერტების დროს დირიჟორის პულტთან მხიარული, სიცოცხლით სავსე ვალიკოს ნაცვლად ბრმა დირიჟორი იდგა“. ვალერიან მიზანდარი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ისტორიაში „ბრმა დირიჟორის“ სახელითაც შევიდა.
მოქანდაკე ვალერიან მიზანდარი
- საქართველოს სახალხო მხატვარი ვალერიან მიზანდარი დაიბადა ქუთაისში, საფიჩხიის უბანში და წლების განმავლობაში ცხოვრობდა თბილისის ქუჩაზე #19-ში. მამამისი ლევანი ახალგაზრდობის წლებში კადეტთა კორპუსის ორკესტრს ხელმძღვანელობდა. ლევან მიზანდარის ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს მუსიკოსები, მწერლები, პოეტები. ასეთმა გარემომ პატარა ვალერიანს თავიდანვე ჩაუნერგა ხელოვნების სიყვარული. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლისას, მისი ხელმძღვანელები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე და ნიკოლოზ კანდელაკი. მოქანდაკე ტკბილად იგონებდა თბილისში სტუდენტობის პერიოდს, თელავის ვიწრო ქუჩას, სადაც იგი უნივერსიტეტის სტუდენტ შალვა გუგავასთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ ისევ ეძებდა ბინას და იაკობ ნიკოლაძემ თავის სახელოსნოში დაასახლა როდენის ქუჩაზე, თან მისი ასისტენტი იყო. ასე გახდა დიდი მოქანდაკის ყოველდღიური ცხოვრების მოწმე.
ვალიკო იხსენებდა (ნანული ცხვედიანთან ინტერვიუში): „ერთხელ გალაკტიონი იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოში მოვიდა გაპარსული, კოხტად ჩაცმული, ცოტა ნასვამიც… ცნობილი მათემატიკოსის, ანდრია რაზმაძის პორტრეტს აკეთებდა იმხანად იაკობი, ამიტომაც მის სახელოსნოში ხშირად დაიარებოდა რაზმაძის და. უცნაური ქალი იყო. თან ერთი აკვიატებული ჩვეულებაც ჰქონდა, ვინმეს რომ ხელს ჩამოართმევდა, თავს რუსულ ენაზე, ასე გააცნობდა: „პროფესორ რაზმაძის და“! გალაკტიონი რომ მობრძანდა, იაკობმა მანდილოსანს პოეტი წარუდგინა. მან არც ახლა უღალატა ჩვეულებას, ხელი გაუწოდა და თქვა:„პროფესორ რაზმაძის და“! გალაკტიონმა გაიღიმა და საკუთარი ვინაობა ასევე რუსულად, ასე დაუსახელა: „ფილიპე მახარაძის მეზობელი“! ის იყო და ის, ანდრიას და აღარც გაჩერებულა სახელოსნოში...“
ვალიკო მიზანდარი იმდენად საინტერესო ხელოვანი და პიროვნება იყო, რომ რეზო გაბრიაძე თავის მუზას და საყვარელ მასწავლებელს ეძახდა. ფილმ „მიმინოს“ მთავარ გმირს, გაბრიაძემ სიმბოლურად ვალიკო მიზანდარი დაარქვა. მოქანდაკის 70 წლის იუბილე დიდი ზეიმით აღნიშნეს 1981 წელს, მომდევნო წელს კი გარდაიცვალა.
დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი და საოჯახო რელიკვიები
- დაგმარა (ელეონორა) სლიანოვა-მიზანდარის მამა - ლეონ სლიანოვი იურისტი, „საქართველოს დამცველთა კოლეგიის“ წევრი იყო; დედა - სოფიო მიზანდარი, ასევე სახელმწიფო მოხელე, ფელიქს მიზანდარის ქალიშვილი. დაგმარა პირველად ფორტეპიანოს მასწავლებელთან, კერძოდ მიაბარეს ქუთაისში. შემდეგ დაამთავრა თბილისის პირველი სამუსიკო ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე, პარალელურად თეორიულ-საკომპოზიტორო განყოფილებაზეც ჩაირიცხა. დაგმარა მთელი ცხოვრება პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის დოცენტი. მას ეკუთვნის მუსიკა რადიოგადაცემებისათვის, თანამშრომლობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრთან.
მის სახლში, ზუბალაშვილების #2-ში ინახებოდა ოჯახის რელიკვიები: ვალერიან მიზანდარის სადირიჟორო ჯოხი, ფლეიტა პიკოლო, 1910 წელს ქუთაისიდან ჩამოტანილი ფელიქს მიზანდარის როიალი Becker, St. Petersburg 6088, რომელზეც თავის მოსწავლეებს, მათ შორის ივანე და ზაქარია ფალიაშვილებს ამეცადინებდა. როიალის კლავიატურის საფარქვეშ არის წარწერა რუსულ ენაზე: „სოფია მიზანდარი, 1885 წლის 1-ლი იანვარი“. სავარაუდოდ, ეს წარწერა შესრულებულია შესყიდვის დღეს ფელიქს მიზანდარის მიერ, მისი ასული ამ დროს მხოლოდ 2 წლის იყო. მასზე უკრავდა ალოიზ მიზანდარიც. დაგმარას (1908 -1983) გარდაცვალების შემდეგ, როიალი მემკვიდრეობით მე მერგო. წლების წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიზანდარების საოჯახო უნიკალური ნივთები, მათ შორის - ფოტოები, ხელნაწერები მუზეუმებისა და არქივებისთვის გადამეცა. ასე გახდა კონსერვატორიის მუზეუმის კუთვნილება ფელიქს, ალოიზ, ვალერიან, დაგმარა მიზანდარების ნაქონი როიალი.
ეპიზოდი ლევან მიზანდარის შემოქმედებიდან
- ცუდი მხედველობის გამო არ მომიწია ომში წასვლამ 2008 წელს, ამიტომ ვიჯექი ტელევიზორთან და პირდაპირ ვწერდი პატარა სიმფონიას - „2008“. მართალია „კლასიკური“ გამომივიდა, მაგრამ იმ პერიოდში ასე მესმოდა და ასე აღვიქვამდი მოვლენებს... ყოველ აგვისტოს, 8 რიცხვი იქნება, 6 თუ 7, მახსენდება როგორ შემოდიოდა რუსთა ტანკების კოლონა, ივლისი-აგვისტოს გასაყარზე როგორ აფეთქებდნენ ჩვენს სამხედრო თუ საპოლიციო ტეკებს, სოფლებს... ამ მუსიკაშიც უბედურება და იმედი მონაცვლეობს, მაგრამ ბოლოს ისმის განგაშის ზარი, არაფერი დამთავრებულა. რუსეთთან ომი გრძელდება... სიმფონია „2008“ შესრულდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკეტრის მიერ 2009 წელს, დირიჟორობდა ირაკლი ჭიაურელი.
ნანული ზოტიკიშვილი