"საქართველომ დამიძახა და გულში ჩამიხუტა"
ღონისძიების ორგანიზატორი ქართველი დიზაინერი და არაერთი პროექტის იდეის ავტორი სოფო მინაძე გახლდათ. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ხელოვანის 30-მდე ფერწერული ტილო და ავტორის ხელით შესრულებული უნიკალური თოჯინები. ეკატერინე ტუჩაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თუმცა სამშობლოსთან ემოციური კავშირი წამითაც არ გაუწყვეტია. როდესაც საქართველოზე საუბრობს, თითქოს ხმის ჟღერადობაც კი ეცვლება და შენც ხდები სამშობლოს მიმართ მისი განუზომელი სიყვარულის თანაზიარი.
- 2003 წელს შვილთან, ანუკისთან ერთად ჩავედი ამერიკაში. მარტივი არ იყო არც გადაწყვეტილების მიღება და არც ამერიკაში ჩასვლა, რადგან საბუთების გაყალბებით წავედით და აეროპორტში სერიოზული პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ალბათ, უფალს უნდოდა, რომ ჩემი შვილი მამიკოსთან გაზრდილიყო და ასეც მოხდა:…ჩემი მეუღლე დაქორწინებიდან მალევე, 1 წელიწადში წავიდა ამერიკაში, ანუკი მაშინ ორი თვის მყავდა. ერთად წასვლა გვინდოდა, მაგრამ ფეხმძიმობის გამო გადავიფიქრე. ვერ გავბედე პირველი შვილის უცხო ქვეყანაში გაჩენა და გაზრდა. შვილის საქართველოში დატოვებაც ვერ შევძელი.
იმ პერიოდში სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, პროფესიით მხატვარი დიზაინერი ვარ და ლექციებზეც ბავშვთან ერთად დავდიოდი, ვერავის ვუტოვებდი. ფაქტობრივად, მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ. ცელქი იყო, მაგრამ ძალიან მშვიდად იჯდა ლექციების დროს. მახსოვს, ერთხელ, ზამთარში შიშველ ნატურებს რომ ვხატავდით, თვალი მოჰკრა და თავი მოიკლა ტირილით, - ჩააცვით, შესცივდებათო.
კიდევ ერთი ამბავი მახსენდება იმ პერიოდიდან: საკურსოს რომ ვიცავდი დანარჩენ დიზაინერებთან ერთად, კულისებში ჩემთან ერთად იყო ანუკი. არ ვიცი, როგორ გამეპარა სცენაზე, თაკო ჩხეიძემ და სალომე ღვინიაშვილმა ხელი ჩაჰკიდეს და ისე გაატარეს, თითქოს დადგმული იყო. ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ: კი მაგრამ, რატომ არ გვითხარი, ასეთ სიურპრიზს თუ გვიმზადებდიო? რამდენიმე წუთში გავიგე, რომ ეკატერინე ტუჩაშვილს კითხულობდა ვიღაც და დავიმალე, ვიფიქრე, საყვედური უნდა ეთქვათ იმის გამო, ანუკი რომ ამეპარა სცენაზე. ჩემთვის უცხო ქალბატონმა მითხრა: ვიაჩესლავ ზაიცევის წარმომადგენელი ვარ, მოსკოვში გიწვევთ სამუშაოდო, მაგრამ ჩემმა მეუღლემ არ მოისურვა იქ წასვლა. მას შემდეგ თითქმის 21 წელი გავიდა, ანუკი უკვე დიდი გოგოა და ძალიან მიხარია, რომ თავისი მომავალი და ბედი ქართველს დაუკავშირა, ქორწილიც საქართველოში ჰქონდათ.
- როგორც ვიცი, კიდევ 2 შვილი გყავთ და იმის მიუხედავად, რომ ისინი ამერიკაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, კარგად საუბრობენ ქართულად, ცეკვავენ, მღერიან და უყვართ თავიანთი ქვეყანა. ამაში დიდი წვლილი ალბათ მშობლებს მიგიძღვით.
- ანანო იყო „მის ნაციონალ ამერიკა“, ამჟამად სწავლობს სამედიცინო განხრით. მეორე შვილი, საბა 19 წლისაა. არქიტექტურულზე სწავლობს და მუშაობს ჩემი მეუღლის კომპანიაში, მშენებლობაზე. სწავლისა და მუშაობის პარალელურად, ცეკვავს ქართულს, კონცერტი ხშირად აქვს. მარიამიც მოცეკვავეა, თუმცა სამომავლოდ ინტერიერის დიზაინერობას აპირებს. მე ჩემი მეუღლის სამშენებლო კომპანიაში მენეჯერი ვარ, ვეხმარები და მიხარია, რომ ჩვენს კომპანიაშიც სულ ქართველი თანამშრომლები გვყავს.
- თქვენს პროფესიაზეც მითხარით: როდის გაგიტაცათ ხატვამ, რატომ გქონდათ დიდი შემოქმედებითი პაუზა და რა მოხდა ისეთი, რომ წლების შემდეგ კვლავ საყვარელ საქმეს დაუბრუნდით?
- ბავშვობაში ყველაფერზე ვხატავდი, რაც ხელში მომხვდებოდა - კედლებზე, ნივთებზე, კარადებზე და ამის გამო საყვედურსაც ვიღებდი. ყაზბეგში ხშირად ვისვენებდით, წარმოშობით იქიდან ვარ. ეზოში გვქონდა სახელოსნო, სადაც პაპა ხეზე მუშაობდა და მეც მომწონდა ეს პროცესი. თურმე ერთხელ ისე გამიტაცა ხეზე მუშაობამ, რომ მთელი სოფელი მეძებდა და მათი ძახილი არ მესმოდა. დედამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანა მხატვარ რაფაელ მაყაშვილთან, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი შეგირდობის ამბავიც დასრულდა.
- გამოდის, კარიერა დაიწყეთ უცხო ქვეყანაში.
- ასე გამოვიდა, დიპლომი ავიღე და ერთ წელიწადში საქართველოდან წავედი. თითქმის 18 წელი ისე გავიდა, ფუნჯი არ ამიღია ხელში. საკმაოდ რთული სამუშაო მქონდა და ხატვის დრო არ მქონდა. მე და ჩემს მეუღლეს ყველაფრის თავიდან დაწყებამ მოგვიწია, ორიენტირებულები ვიყავით შვილების სწავლა-განათლებაზე. 2017 წელს ანუკის ერთ-ერთ ჩვენებაზე ვახლდი და იქ გავიცანი დიზაინერი ანდრეს აკინო. კულისებში ვეხმარებოდი ჩემს შვილს და სწორედ მაშინ უთხრა ანუკიმ, დედაც დიზაინერიაო. დაინტერესდა, დამიბარა, ჩანახატები გამაკეთებინა და მითხრა, შენ უკვე ჩემს გუნდში ხარ, გილოცავო. ის იყო „კუტურ ფეშენ-ვიკის“ პრეზიდენტი და ზუსტად 1 თვეში 37 კოსტიუმი შევქმენი ჩვენებისთვის, რომელიც გვქონდა ნიუ-იორკში. ეს ფეშენ შოუ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მივხვდი, ამის კეთება აღარ მინდოდა. იმ პერიოდში ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებდი, ვქსოვდი, მაგრამ აღარ ვხატავდი. რამდენჯერაც საღებავი ავიღე, იმდენჯერ ოჯახსა და შვილებს დავჭირდი და დრო ვერ გამოვნახე. ერთ დღესაც ვთქვი, რომ მე შემეძლო ყველაფრის თავიდან დაწყება და დავიწყე ხატვა, ოღონდ 2018 წლიდან ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარდა, ჩემი ნახატები არავის ჰქონდა ნანახი. წელს, 23 აპრილს, მქონდა გამოფენა. ამერიკაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, ლელა ნინუამ შეკრიბა მხატვრები და სალონური შეხვედრა დაგეგმა. მაშინ მთხოვა გამეკეთებინა ჩემი პერსონალური გამოფენა. ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად, მაგრამ იცით, რატომ გადავწყვიტე? კულტურის სახლ „ფესვებში“ ვასწავლი ხატვას, ფერწერას და ძერწვას. ბავშვებთან მუშაობა კიდევ ცალკე ბედნიერებაა. ჩემი ნაშრომი არც სოციალურ ქსელში, არც ჩვენებაზე არავის უნახავს და მშობლებისგან მესმოდა, - ნეტავ, ჩვენს შვილებს რომ ასწავლის, თვითონ იცის ხატვაო? ეს ძალიან მეწყინა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებთან მუშაობის ძალიან კარგი შედეგები მქონდა. ისინი თავისუფლად აბარებდნენ ნიჭიერთა სკოლებში, სადაც დიდი კონკურენციაა. ის საღამო ისეთი ემოციური და ლამაზი გამოვიდა, რომ მაშინ ვთქვი, არასდროს უნდა გავჩერდე-მეთქი. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც ადამიანებს შენი ხელოვნებით აბედნიერებ.
- კიდევ იყო წარმატებები საერთაშორისო კონკურსებზე, ამის შესახებაც გვითხარით.
- დუბაიში ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, სადაც გავგზავნე ჩემი ნამუშევრები და ავიღე მეორე ადგილი. შემდეგ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა კონკურსი ემიგრანტებისთვის. 3 თემა გვქონდა მოცემული. 4 მოსწავლის ნამუშევარი გავგზავნე, ერთმა პირველი ადგილი აიღო, ერთმაც - მესამე. აღმოჩნდა, რომ „ფესვებიდან“ არასაკონკურსო ნამუშევრებიც გაუგზავნიათ. სამინისტროდან დამირეკეს, საოცარი მოსწავლეები გყავთ და საქართველოში უნდა მოგიწვიოთო. არანაირ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებად, არანაირ აღიარებად არ ღირდა ის, რომ მე საქართველომ დამიძახა და გულში ჩამიხუტა. ეს უდიდესი ემოცია იყო. ჩამოვედი და საქართველოდან ვეღარ მივდივარ. ვიყიდე საღებავები, ვზივარ ჩემი ბავშვობის სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვმუშაობ და ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით ძნელია გადმოცემა. თითქოს ბავშვობაში დავბრუდი, ჩემს ახალგაზრდობაში. ყაზბეგში ბიძაშვილთან, ხატმწერ გუჯა ტუჩაშვილთან ვარ. მასთან ერთად მოვინახულე მონასტერი, რომელსაც თვითონ ხატავს. დაგეგმილია რამდენიმე პატარა გამოფენა. საქართველოდან წასვლის შემდეგ კი მაქვს მსოფლიო ტური, მსოფლიოს მხატვართა ელიტ ათეულში მოვხვდი და შემიძლია ავირჩიო 10 ქვეყანა, სადაც გამოფენები მექნება. ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია ნიდერლანდები, ამსტერდამი, დუბაი, თურქეთი და საფრანგეთი. ვფიქრობ, წინ შემოქმედებითად საინტერესო დღეები მელოდება.
- წარმატებებს გისურვებთ!
ნინო ჯავახიშვილი