"რომ შეიძლებოდეს, სახლშიც მაღალქუსლიანით ვივლიდი" - გზაპრესი

"რომ შეიძლებოდეს, სახლშიც მაღალქუსლიანით ვივლიდი"

სამოდელო კონკურსზე - Best Model of Universe მეორე ადგილი დაიკავა. წელს მარიამისთვის ეს პირველი წარმატება არ გახლავთ: ზაფხულის დასაწყისში, ალბანეთში, Miss Summer World-ზე "ტოპსამეულში" მოხვდა... გოგონა უკვე მორიგი კონკურსისთვის ემზადება, რომელიც ჩინეთში გაიმართება...

- ესპანეთში, სამოდელო სააგენტო "კატრინის" და ქალბატონი ეკა მგალობლიშვილის დახმარებით, კონკურსზე - The Best Model of Universe გავემგზავრე. კონკურსში ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში (5-დან 80 წლამდე). 950-მდე სტუმარი იყო... ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ნიჭიერი ქართველი დიზაინერები - ხათუნა კობახიძე და ანასტასია ბაკურაძე. ანასტასია ჟიურის წევრიც გახლდათ. ის საკუთარ დაბადების დღეზე, კონკურსგარეშე ნომინაციით - The Best Model of Europe დააჯილდოეს. ასევე, კონკურსის იტალიელი ორგანიზატორის - როზარიოს სააგენტოს სახე გახდა, რაც საქართველოს დელეგაციისთვის ძალიან საამაყო იყო... სამწუხაროდ, "ტალანტ შოუ" არ გამართულა. ეს ჩემი საყვარელი ეტაპია ხოლმე... ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში 60-მდე გოგონა მონაწილეობდა. გვქონდა სხვადასხვა შიდა ტური. ხათუნა კობახიძის და ანასტასიას სამოსი ორ-ორჯერ წარვადგინე! ასევე, ფინალურ დღესაც მომეცა საშუალება, რომ ანასტასიას სამოსი მცმოდა, რაც დიდ თავდაჯერებას მმატებდა... გვქონდა საცურაო კოსტიუმის ტური. პლუს, ყველა კონკურსანტმა საღამოს კაბა წარვადგინეთ. საღამოს კაბა თავად შევარჩიე: ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან როგორც უნდა გამოიყურებოდე, როგორი კარგი ნაკვთები, სხეულის კარგი ფორმებიც უნდა გქონდეს, სწორად შერჩეულ სამოსს დიდი მნიშვნელობა აქვს. საღამოს კაბა ჩემი დიზაინით შევარჩიე, შევაკერვინე... მინდოდა, იდეალური ყოფილიყო. კაბის დეტალებს მკაცრად ვუსვამ ხოლმე ხაზს...

- კონკურსის ნაციონალურ დირექტორს უთანხმებ, როგორ კაბას წარადგენ?

- რა თქმა უნდა. პროფესიონალის თვალსაზრისი უფრო გასათვალისწინებელია. საცურაო კოსტიუმების ტური იქნება, ნაციონალური სამოსის თუ საღამოს კაბის (სადაც მოდელმა საკუთარი თავი მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო), ჩაცმულობასთან დაკავშირებულ მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. საერთოდ, ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ეს თითქოს დაძაბული პერიოდი, რომელიც არც ისე მარტივია, ხუმრობით, სიცილით "გადაგვაქვს" ხოლმე...

- კონკურსანტების საცურაო კოსტიუმებზე ვინ იზრუნა?

- ეს თავად ორგანიზატორის საჩუქარი იყო კონკურსანტებისთვის: ყველანი ერთნაირი ფორმის საცურაო კოსტიუმით წარვდექით - სცენაზე "ვაუ" ეფექტი იყო (იღიმის)!..

- რა მნიშვნელოვანი განსხვავებაა სილამაზის და სამოდელო კონკურსებს შორის?

- სილამაზის კონკურსზე უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კონკურსანტის კანის სტრუქტურას, სახის ნაკვთებს, სახის პროპორცულობას, პოდიუმზე სიარულის მანერას... სამოდელო კონკურსის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მოდელს ჰქონდეს ნავარჯიშები ტანი, სწორი ფეხები და ა.შ. სახის ნაკვთებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ.

- სამოდელო კონკურსისთვის უფრო რთული მოსამზადებელი პერიოდი გაიარე?

- საერთოდ, ყველა კონკურსზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როცა ჩემი ქვეყნის სახელით ვმონაწილეობ, მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს. კონკურსამდე "დეტოქს პროგრამაზე" ვიყავი - მსურდა, ორგანიზმი ზედმეტი ცხიმისგან გამომეშრო, თუმცა, კონკურსზე ჩასვლის წამიდან ყველაფერი სხვაგვარად ხდება ხოლმე - იქ სხვა ჰაერს ეჩვევი და შეიძლება, მოსამზადებელი პერიოდი ისე ვეღარ გააგრძელო, როგორც აგრძელებდი, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, კონკურსის ფინალურ საღამოზე მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყო.

- კონკრეტულად, ამ კონკურსის წინ რაიმე სერიოზული დისკომფორტი შეგექმნა?

- სხვათა შორის, არა, პირიქით - ბარსელონაში, კოსტა ბრავაზე ვიმყოფებოდით. თან, ზაფხულის პერიოდი დაემთხვა... გარდა იმისა, რომ მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და კონკურსანტებს საკუთარი თავისთვის ბევრი დრო უნდა დაგვეთმო, საშუალება მოგვეცა, სანაპიროზე გავსულიყავით, ლამაზი ადგილები გვენახა, დაგვესვენა... ასე რომ, ფინალურ საღამოს საკმაოდ დასვენებული და მობილიზებული შევხვდი.

- ძლიერ კონკურენტად ვინ მიგაჩნდა და კონკურსზე მან რომელი ადგილი დაიკავა?

- ესტონელმა, ძალიან ლამაზმა გოგონამ გაიმარჯვა, რომელსაც ამბიცია საკმარისად ჰქონდა. კონკურსის განმავლობაში, ეს გოგონა მეც ძალიან მომწონდა - შიდა ტურებზე საშუალება გვქონდა, ერთმანეთი გაგვეცნო. საერთოდ, ვის შესახებაც ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებს, ის იმარჯვებს.

- რას ნიშნავს შენთვის მიღებული მეორე ადგილი, რამდენად პერსპექტიულია ეს ტიტული შენთვის?

- როგორც გითხარით, კონკურსს ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. იქ იმყოფებოდნენ ბიზნესმენები, პოპულარული ადამიანები... საერთოდ, ასეთი კონკურსები ერთმანეთის გაცნობის, დამეგობრების, მხარდაჭერის საშუალებას გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ესპანეთში შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი პერიოდი გავატარე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელსაც სამომავლოდ შესაძლოა, საქმიანი უთიერთობითაც დავუკავშირდე... ყოველთვის მინდა ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ უკეთესი და უკეთესი შედეგის მიღება შემიძლია. შესაძლოა, ხან სიტუაცია ჩემთვის ძალიან კარგად წარიმართოს, ხან - ნაკლებად კარგად. მაქსიმალისტი ვარ - შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ. მეორე ადგილის გარდა, ნომინაციაში - "ხალხის რჩეული" გავიმარჯვე. ამ ნომინაციით უკვე მესამე კონკურსიდან დავბრუნდი. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ხალხის მხარდაჭერას სწორედ ასეთ დროს ვგრძნობ... ამ კონკურსში საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ უფრო და უფრო მეტი შემიძლია. არ გავჩერდები - საქართველოს კიდევ ბევრ კარგ ნომინაციას მოვუტან!..

- როგორ ფიქრობ, მეორე ადგილი რატომ დაიკავე და არა - პირველი? რა დააკელი შენს გამოსვლას?

- არ ვიცი, რთული კითხვაა... ზოგადად, ადამიანისთვის სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია, თორემ ამ კონკურსზე ყველა ერთამანეთზე უკეთესია. კონკრეტულად ჩემს თავს რა დავაკელი, არ ვიცი, ან შეიძლება, საიდუმლოდ შევინახო, მომდევნო კონკურსში გამოვიყენო, შემდეგ კი უკეთესი ინტერვიუ მოგცეთ (იღიმის)...

- ძალიან კარგი. ახლა გვითხარი, უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი როგორ დაიწყე?

- დიდი მოტივაციით და შემართებით. ბევრი კარგი ღონისძიების და პროექტის მომსწრე გავხდებით... შევხვდით პირველკურსელებსაც. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ. სწავლის და სამოდელო სფეროს ერთმანეთთან შეხამება ძალიან კარგია, რადგან შეიძლება, ლამაზი ქალი კარგი დიპლომატი იყოს. ვფიქრობ, უნივერსიტეტი კარიერაში ხელს შემიწყობს. ჩემთვის ორივე სფერო უმნიშვნელოვანესია.

- უნივერსიტეტში ყოველდღიური სამოსის შერჩევას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ?

- კი, რა თქმა უნდა, ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან როცა ადამიანი გიცნობს და იცის, მოდელი ხარ, ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდე. თუმცა უპირველეს ყოვლისა, კარგ ფორმაში საკუთარი თავისთვის უნდა იყო და არა - იმიტომ, რომ სხვამ დაგინახოს. ყოველდღიური "ლუქის" შერჩევა ჩემთვის თერაპიასავითაა. სახალისო პროცესია...

- უნივერსიტეტში წასვლამდე მომზადებას (სამოსი, მაკიაჟი, ვარცხნილობა...) რამდენ დროს უთმობ?

- ეს საკმაოდ შრომატევადია, თუმცა უნივერსიტეტი სახლიდან 5 წუთის სავალზეა, რაც მეხმარება, რომ თავისუფლად მოვემზადო - მშვიდად მოვწესრიგდე და სასემინარო დავალებებიც გადავიკითხო. ყველაფრისთვის 2 საათი მჭირდება.

- კონკურსის წარმომადგენლებისგან რამე აკრძალვა ხომ არ გაქვს, მაგალითად - ჩაცმულობასთან ან თუნდაც, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით?

- წინათ ბევრი შეზღუდვა იყო, მაგალითად - დაოჯახებულ ქალბატონს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, შვილი არ უნდა ჰყოლოდა, დანიშნული არ უნდა ყოფილიყო, ტატუ არ უნდა ჰქონოდა... რა თქმა უნდა, შეზღუდვები დღესაც არსებობს, თუმცა ისეთი მკაცრი - არა, რადგან ტენდენციები შეიცვალა. ჩვენს სააგენტოში ერთმანეთის მიმართ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. დაოჯახებას რაც შეეხება, არსად მეჩქარება, შვილი არ მყავს... როცა გინდა, მსოფლიო მასშტაბის მოდელი იყო, გარკვეული დეტალები თავად უნდა გაითვალისწინო, რაც შეიძლება, შეზღუდვად მივიჩნიოთ, თუნდაც დაქორწინებასთან, ტატუს გაკეთებასთან დაკავშირებით...

- თავად რა მიგაჩნია მიუღებლად The Best Model of Universe-ზე, მეორე ადგილზე გასული მოდელისთვის? 1 წლის განმავლობაში, რას არ გააკეთებ ან შენი ტიტულისთვის შეუფერებლად როგორი ჩაცმულობა მიგაჩნია?

- ნებისმიერი ტიტულის მიღების შემთხვევაში, თავდაჯერებელი უნდა იყო, კარგად გამოიყურებოდე (ჩაცმულობა, მაკიაჟი, ვარცხნილობა...).

- მაგალითად, ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტული ფეხსაცმლით სიარული შეგიძლია?

- კი, თუმცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მორგება უფრო თავდაჯერებულს მხდის. რომ შეიძლებოდეს, სახლშიც ასეთი ფეხსაცმელებით ვივლიდი (იცინის).

- შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- შარშან, თურქეთში Top Model of Universe-ზე გრან-პრი ავიღე. წელს სტამბოლში, იმავე კონკურსზე ჟიურის წევრად მიმიწვიეს - საშუალება მექნება, სხვა გამარჯვებულებს დავადგა გვირგვინი. კონკურსზე პირველად წარვდგები, როგორც საერთაშორისო ჟიურის წევრი. საერთოდ, თურქეთი ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ სტამბოლს კიდევ ერთხელ ვეწვევი. ეს ოქტომბრის დასაწყისში მოხდება, ნოემბერში კი - ჩინეთში, სილამაზის კონკურსზე გავემგზავრები, რომელშიც დაახლოებით 70 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ჩინეთის კულტურის გაცნობა ჩემი დიდი ოცნება იყო! მიხარია, რომ ამ ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მექნება და რაც მთავარია, საქართველოს დიდ ასპარეზზე წარვადგენ!.. ჩემს კარიერაში ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბედნიერი და ამაყი ვარ... მსურს, ნოემბრამდე ისეთ ფორმაში ვიყო, რომ საკუთარი თავით სხვანაირად ვიამაყო. იმაზე მეტად ვეცდები, ვიდრე ესპანეთში ვცადე...

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი