ნატალია ჟუკოვა: "მნიშვნელოვანია, რომ ქართული ტრადიციები მომავალშიც გაგრძელდეს" - გზაპრესი

ნატალია ჟუკოვა: "მნიშვნელოვანია, რომ ქართული ტრადიციები მომავალშიც გაგრძელდეს"

მისთვის უცხო ქვეყანაში და მერე შეისწავლა ის საქმიანობა, რომელიც საქართველოში დაბადებულმაც კი ცოტამ იცის?.. ნატალია ჟუკოვა ფარდაგის სპეციალისტია. ასევე, კერავს და ქსოვს. ინტერვიუ ქართულად ჩავწერეთ. ნატა ქართულად მშვენივრად საუბრობს, წერს და კითხულობს. საინტერესოა, რომ ფარდაგებისთვის ნატურალურ ძაფებს თავად ღებავს.

- ახლა ტექსტილის ოსტატი და მხატვრული ქსოვის სპეციალისტი ვარ. დავიბადე და ვცხოვრობდი რუსეთში, მაგრამ უკრაინული ფესვები მაქვს. ჩემი ქმარი - დიმიტრი ქართველია, თბილისელი. 18 წელი ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ერთმანეთი გავიცანით. ცამეტი წლის წინ ჩამოვედი ჩემს ოჯახთან ერთად თბილისში. მყავს 2 ბიჭი: ნიკა თავისუფალი უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია, ხოლო ირაკლი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. პროფესიით სამკერვალო დანადგარების ტექნოლოგი ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება "ბიზნესვუმენი" ვიყავი. თბილისში მქონდა სხვადასხვა ბიზნესი, მერე არ ვმუშაობდი, დიასახლისი ვიყავი, ვსწავლობდი ქართულ ენას და პანდემიის დროს გამიჩნდა იდეა, რაღაც ახალი შემესწავლა.

- როგორ მიიღეს მშობლებმა თქვენი გადაწყვეტილება, რომ მათთვის უცხო ქვეყანაში მიდიოდით საცხოვრებლად?

- მშობლებს ვუყვარდი და ესმოდათ ჩემი. თანაც, მზადაც იყვნენ ჩემი ამ ნაბიჯისთვის. ქართველი სიძე ჰყავდათ, რომელსაც ყოველთვის უნდოდა დაბრუნება საქართველოში და ბავშვებსაც, რომლებიც ქართულს სწავლობდნენ. სხვათა შორის, უფროსმა შვილმა პირველი კლასი მოსკოვის ქართულ სკოლაში დაამთავრა. მე ყოველ წელს ჩამოვდიოდი საქართველოში სტუმრად და ვხვდებოდი, რომ ჩვენი ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის უფრო კარგი იქნებოდა აქ ყოფნა.

- რა მოგეწონათ საქართველოში ყველაზე მეტად?

- თავიდან ჩემი მომავალი ქმრის მოთხრობები და ისტორიები მომეწონა საქართველოს შესახებ. სხვათა შორის, ჩვენი ქორწილი და უფროსი შვილის ნათლობა თბილისში, ანჩისხატში მოხდა, უმცროსი კი ქართულ ეკლესიაში, მოსკოვში მოვნათლეთ. ძალიან მომეწონა ქართველი ადამიანები. იყო ძნელი დრო, ოთხმოცდაათიანი წლები, მაგრამ კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი გავიცანი. მომეწონა ლამაზი ბუნება, ძველი ისტორია, ხელოვნება, კულტურა, არქიტექტურა!.. მომწონს ქართული სამზარეულო და რა თქმა უნდა, ვამზადებ შქმერულს, ჩიხირთმას, ჩახოხბილს, ჩანახს, ტოლმას, აჯაფსანდალს, ფხალს, ლობიოს, ჩაშუშულს, ოჯახურს, ღომს და ა.შ. საახალწლოდ აუცილებლად - საცივს და გოზინაყს, საშობაოდ კი გურულ ღვეზელს.

- თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, თუ იყო ვინმე, ვისაც შეხება ჰქონდა ფარდაგებთან?

- ჩემი ოჯახი შემოქმედებითია, მაგრამ ხალიჩის ქსოვასთან არაფერი აქვთ საერთო. ჩემი ქმრის ბიძა - ზურაბ ფოცხიშვილი მხატვარია და მისი საქმიანობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გამოყენებით ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, მათ შორის ფარდაგის და ხალიჩის ქსოვასთან. ზურაბმა დედას (ჩემი ქმრის ბებიას) ასწავლა ეს საქმიანობა - ქართული ფარდაგის ქსოვა და ჩემი დედამთილის სახლში არის მისი ნამუშევრები.

- თავად როდის დაინტერესდით ხალიჩებით, გობელენით, სად შეისწავლეთ ეს საქმე?

- მე ვაბარებდი ორ კოლეჯსა და უნივერსიტეტში სხვადასხვა სპეციალობაზე. წარმატებით ჩავაბარე სამივე გამოცდა, მაგრამ რადგან სწავლება უფასო იყო, საჭირო გახლდათ მხოლოდ ერთი სპეციალობის არჩევა და მხატვრული ქსოვის სპეციალობამ დანარჩენი გადაწონა. პირველ ყოვლისა, ეს ძალიან ძველი, იშვიათი და საჭირო პროფესიაა. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ტრადიციები მომავალშიც გაგრძელდეს, მათ შორის ჩვენს ოჯახშიც. მეორეც, მომეწონა პედაგოგი.

ჩემი სწავლა გრძელდებოდა 3 წელი, რადგან გამოცდა ჩავაბარე რუსულად და პირველი კურსი იყო ქართული ენის მოდული; მერე თითქმის 2 წელი ვისწავლე ძირითადი სპეციალობა და დამატებითი საგნები. ანა სააკაძე ჩემი სპეციალობის პედაგოგია, მან ბევრი რამ მასწავლა (სხვადასხვა ძაფის შეღებვის მეთოდები; ფარდაგის, ხალიჩისა და გობელენის ქსოვა; სხვადასხვა ტექსტილის ტექნიკა და ა.შ.) და მომცა თვითგამოხატვის თავისუფლება, რაც მნიშვნელოვანია; მან მხარი დამიჭირა ჩემს მცდელობებში და მეხმარებოდა, როცა პირველ ჯერზე რაიმე არ გამომდიოდა. სულითა და გულით ვქსოვ, განსაკუთრებით - ფარდაგს. წელს დავამთავრე კოლეჯი, ოფიციალურად გავხდი დიპლომირებული სპეციალისტი, მაგრამ დამთავრების შემდეგაც ვაგრძელებ ანა სააკაძესთან ურთიერთობას, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი.

ასევე, ჩავაბარე სამკერვალო მოკლევადიან პროგრამაზე და ვკერავ პეჩვორკის ტექნიკით აქსესუარებს. მადლობელი ვარ ყველა პედაგოგის და ჩემი კურსელების, მათი ჩემდამი დამოკიდებულებისა და დახმარებისთვის.

- ფარდაგებამდე რა ბიზნესსაქმიანობას ეწეოდით?

- მოსკოვში, როცა ქიმიური აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ქმართან ერთად შევქმენით ბიზნესი, რომელიც 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. თბილისში ჩემი პროექტი იყო სხვა სფეროში: კაფე, სასტუმრო და ტურისტული კომპანია. ძალიან დავიღალე, ბევრი ენერგია დავხარჯე, ზედმეტად შრომისმოყვარე ვარ და მივხვდი, რომ უნდა დამესვენა და შემოქმედებითი აქტივობა დამეწყო.

- თუ დადიოდით ექსპედიციებში, იკვლევდით ქართულ ორნამენტს?

- მე ვიყავი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც სხვადასხვა ტრადიცია აქვთ. ტრადიციულად, იქ, სადაც არის მეცხვარეობა, არის ქსოვაც. ჩემი საყვარელი ფარდაგების ოსტატია ლილი მურთაზაშვილი. ის თუშია და კახეთში, ცხოვრობს სოფელ ქვემო ალვანში. ძალიან მომეწონა თუშური ფარდაგი და ორნამენტები. ყოველ მოგზაურობაში მაინტერესებს ძველი ნივთები და განსაკუთრებით, ფარდაგები. ასევე ვეძებ და ვკითხულობ მათ შესახებ ელექტრონულ წყაროებში.

received-1428191087811997-1727023878.jpg

- ახლა თუ გაქვთ ქალბატონ ლილისთან კავშირი, აზრს თუ ეკითხებით?

- ქალბატონ ლილისთან პირველად ვნახე ნამდვილი თუშური ოჯახი, ფარდაგის სახელოსნო და ფარდაგები. პირველად გავსინჯე კოტორი (თუშური ხაჭაპური) და თუშური ხინკალი, ასევე დავესწარი მის მომზადებას. ეს იყო სტუმართმოყვარე, გემრიელი და საინტერესო თავგადასავალი. რა თქმა უნდა, ქალბატონ ლილისთან დღემდე გვაქვს კავშირი, ჩემი მეუღლე ხშირად სტუმრობს მას. აჩვენებს ჩემს ნამუშევრებს და ის მაქებს. რა თქმა უნდა, მისი აზრი ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ორჯერ ვცადე ხელახლა შემექმნა და მომექსოვა ახალი ფარდაგი ლილი დეიდას ძველი, მცირე და ცუდად შემონახული ფარდაგის ფრაგმენტებისგან. ის ამბობს, რომ მე კიდევ უფრო კარგი გამომივიდა, ვიდრე თავდაპირველად იყო.

- ვნახე, რომ ძაფს თავად ღებავთ. რომელი ფერისთვის რას იყენებთ და როგორი პროცესია?

- შეღებვის ორი ვარიანტი არსებობს: ნატურალური - მცენარეებით ღებვა და არანატურალური (ხელოვნური) საღებავებით. რა თქმა უნდა, მირჩევნია ბუნებრივი საღებავები (ქერქი, ნაჭუჭები, კენკრა, ღეროები, ფოთლები, მცენარეების ფესვები), მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მიუხედავად ამისა, ბუნებრივ მასალასთან მუშაობა უფრო სასიამოვნოა, თუმცა სწორი ფერი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი და შემდეგ მაინც გიწევს გამოიყენო მზა შეღებილი ძაფები ან ხელოვნურად შეღებვა.

ფარდაგის ქსოვისთვის ვიყენებ ადგილობრივი წარმოების შალის ძაფებს. ვღებავ სეზონური მასალით, მაგალითად, ბროწეულის და ციტრუსის ქერქით, ტყემლისა და სხვადასხვა კენკრის წვენით. ხშირად ვიყენებ ხახვის ფურცელს, ჭარხლის ქერქს და სხვადასხვა ტონალობის ყავისფერი გამოდის, ლობიოს ნახარშისგან ვიღებ ვარდისფერს და კრემისფერს, ჩაისა და ყავის ნაყენით - "ბეჟს", მოყავისფროს და ასე შემდეგ. ბუნებაში ძალიან ბევრი ნატურალური საღებავი არსებობს.

- თქვენი ნამუშევრების გამოფენაზე რომ მოგვიყვეთ, რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ჩემი პირველი გამოფენა წელს იქნება. ვმონაწილეობ თბილისი Ethno Fest 2024-ში.

- უფრო ვინაა თქვენი ნამუშევრების მომხმარებელი?

- უპირველეს ყოვლისა, ვისაც ხელსაქმე უყვარს. არიან როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები, ტურისტები. ჩემს ნამუშევრებს ახლობლებსაც ვჩუქნი ხოლმე. არასდროს მქონია ერთი და იგივე ნამუშევარი, ჩემი პროდუქცია ყოველთვის ექსკლუზიურია. ფარდაგებს დიდი დრო სჭირდება. არცთუ ისე ბევრი მაქვს, ამიტომ მახსოვს ყველა, ვინც იყიდა და ვისაც ვაჩუქე. და კიდევ, მე ვქსოვ და ვკერავ მხოლოდ მაშინ, როცა კარგი განწყობა მაქვს, რათა ჩემს ნამუშევრებს კარგი ენერგეტიკა გაჰყვეს. მიყვარს მარტო მუშაობა, რომ არავინ შემაწუხოს და არ გამიფანტოს ყურადღება. ყოველთვის ვქსოვ ან ვკერავ სიყვარულით და განწყობისთვის კარგ მუსიკას ვუსმენ.

რუსუდან გელაშვილი