ამბები დედამიწის უძველესი კუნძულიდან და მწარე სიმართლე მადაგასკარზე
და სოციალურ ქსელში მეგობრებს კუნძულ მადაგასკარზე მოგზაურობის ფოტოებს უზიარებს. როგორც აღმოჩნდა, ის და მისი მეგობრები პირველები იყვნენ საქართველოდან, ვინც ამ კუნძულზე იმოგზაურეს.
ემილია ხალილოვას საოცნებო მოგზაურობიდან დაბრუნების მერე დავუკავშირდი და დედამიწის უძველეს კუნძულზე განცდილი ემოციების გაზიარება ვთხოვე.
- 2 დღეა, რაც მადაგასკარიდან დავბრუნდი, მაგრამ ჯერ ისევ ემოციის ქვეშ ვარ და ალბათ ეს განწყობა დიდხანს გამყვება. აღმოჩნდა, რომ ჩვენ პირველი ჯგუფი ვიყავით საქართველოდან, ვინც ამ კუნძულზე იმოგზაურა. აეროპორტში პასპორტები რომ წარვადგინეთ, ეს ფაქტი მესაზღვრემ აღნიშნა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - უცნაურ ადგილებში და ეს მიმართულება მონიშნული მქონდა. ერთ დღეს კი მეგობრებთან ერთად ამ უძველეს კუნძულზე წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, გამგზავრებამდე ბევრი რამ წავიკითხე მადაგასკარის შესახებ. შემდეგ ჩვენს მეგობარ სოფიო ნაცვლიშვილს მივმართე, რომელსაც ტურისტული კომპანია აქვს და ეს ტური თავიდან ბოლომდე ერთად დავგეგმეთ, ყველა დეტალი გავიარეთ. მოგეხსენებათ, მადაგასკარი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძულია და იქ მოგზაურობა, იმის გამო, რომ ბევრ ადგილზე ნორმალური გზაც კი არ არსებობს, რთულია. საჭიროა ფიზიკურად კარგ ფორმაში იყო, ყველა სასურველ ადგილამდე მისვლა რომ შეძლო. ჩვენ თითქმის მთელი კუნძული მოვიარეთ.
- დადიოდით ავტობუსით, ფეხით, ბორანით...
- დიახ. ეს კუნძული დიდი ხნის მანძილზე საფრანგეთის კოლონია იყო. იმ პერიოდში რაღაცები გაკეთებული იყო, რკინიგზის ხაზიც გამართული გახლდათ, მაგრამ ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი. მას შემდეგ, რაც ფრანგებმა მადაგასკარი დატოვეს, იქ ბევრი რამ განადგურდა, მათ შორის, გზებიც. მოგზაურობას რომ იწყებ და დედაქალაქიდან გადიხარ, რაღაც მონაკვეთზე გზა ჩვეულებრივია, მერე გრუნტის გზაზე გადიხარ და ნელ-ნელა უარესდება. ჯიპით უნდა იარო. მდინარეებზე ბორნით გადავდიოდით და მეორე მხარესაც მოგზაურობას ისევ ჯიპით ვაგრძელებდით. ასეთი რამდენიმე ადგილი შეგვხდა.
- თქვენს ნაბიჯებს მადაგასკარზე თანამიმდევრულად რომ გავყვეთ, გთხოვთ, თხრობა პირველი დღიდან დავიწყოთ.
- ჩვენ დედაქალაქ ანტანანარივუში ჩავფრინდით, ხმაურიანი ქალაქია, მოსახლეობის რაოდენობა 30 მილიონამდეა. უმრავლესობა გაჭირვებულად ცხოვრობს. სამუშაო ადგილებიც უფრო დიდ ქალაქებშია, ამიტომ ხალხი რეგიონებიდან ქალაქებისკენ მიდის. ამ ქალაქში შუქნიშანი არ არსებობს. თქვეს, რომ ფრანგების დროს იყო და მერე მოისპოო. მიუხედავად ამისა, აქ სიგნალის ხმა არ გამიგონია.
- აბა, მოძრაობა როგორ წესრიგდება?
- დიდ მონაკვეთებზე, სადაც გზაჯვარედინებია, ჟანდარმები დგანან და არეგულირებენ, სხვა მონაკვეთებზე კი მძღოლები წესრიგს თავად იცავენ. იმდენად მშვიდად და წყნარად მოძრაობენ, მათთვის შუქნიშნის საჭიროება აუცილებელი მართლა არ არის. ეს იყო პირველი განსხვავებული ამბავი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია და სხვა არც ერთ ქვეყანაში ნანახი არ მქონდა. ამ ქალაქში სანახავი ბევრი არაფერია, ამიტომ იქ დიდხანს არ შევჩერებულვართ და კირინდის ნაკრძალისკენ გავემართეთ: ჯერ ავტობუსით ვიარეთ, მერე მანქანებით, შემდეგ ბორნით. ეს დაცული ტერიტორიაა და პირველი, რაც ამ ნაკრძალში შეგვხვდა, ფოსა იყო. ეს ძაღლის, კატისა და მაიმუნის ნაზავი ცხოველი, სასწაული არსებაა, სხვაგან არსად შეგვხვდება. შემდეგ ლემურები "მოგვეგებენ", კონტაქტში იოლად შემოდიან, შეგიძლია მიეფერო. შინ 2 ძაღლი მყავს და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს ძაღლებს ვეფერებოდი. ეს ნაკრძალი 72 ჰექტარზეა გაშლილი. რა თქმა უნდა, სულ ვერ მოვიარეთ, მაგრამ რაც საინტერესო იყო, ყველაფერი ვნახეთ. ერთგან ლემურების დიდი ოჯახიც შეგვხვდა.
- რამდენი ცხოველისგან შედგებოდა ოჯახი?
- იმ ჯგუფში 20-მდე ლემური იყო. ჩვენს ჯგუფში 8 კაცი ვიყავით და ყველას "თავისი" ლემური გვყავდა. ფოტოებს იღებენ, ზურგზე გაჯდებიან, ბანანს ვაჭმევდით. შინაური ცხოველებივით არიან.
- იქაური ფლორა როგორია?
- ძალიან განსხვავებული. ტყეში ლურჯთავა ჩიტი შეგვხვდა, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ჩვენმა გამყოლმა გვითხრა, ეს ჩიტი კი არა, ადგილობრივი ქათამიაო. ხეები, ცხოველები, ფრინველები, რასაც იქ თვალს მიაწვდენ, ყველაფერი უცნაურია. უნიკალური გარემოა. კირინდის შემდეგ გზა ცინგისკენ გავაგრძელეთ. "ცინგი" მალაგასიურ ენაზე "თითის წვერებზე სიარულს" ნიშნავს. მისი მეორე სახელია "ქვის ტყე". წვიმის ზემოქმედებით გაჩენილი ეს ულამაზესი პეიზაჟი მსოფლიოს ერთ-ერთ ბუნებრივ საოცრებად ითვლება. ცინგი მადაგასკარის სავიზიტო ბარათი და ჩემი ფავორიტი ადგილია. ფოტოებზე იმდენად არ აღიქმება, მაგრამ იქ ყოფნისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოდესღაც ეს ადგილი ოკეანის ფსკერი იყო და ახლა მთლიანად ამოტრიალებულია.
- ეს განსაკუთრებით რთული მარშრუტი იყო, არა?
- ძალიან რთული. ამ ლოკაციის შესახებ ბევრი ინფორმაცია მქონდა მოძიებული, მაგრამ ისეთი მონაკვეთიც შეგვხვდა, კლდეებს შორის ადამიანი ძლივს რომ გაეტეოდა. იმდენად წვრილი ადგილები იყო, რომელიმე ჩვენგანი წონით ცოტათი მეტი რომ ყოფილიყო, ალბათ გასვლას ვერც მოვახერხებდით. მთელი პერიმეტრი სიმაღლეზე ადიხარ, სპეციალური ტანსაცმელი გაცვია, ქუდი გახურავს, ძალიან საშიშია ვარდნა. დიდი ალბათობაა, რომ ჭრილობა მიიღო, ის ქვები ძალიან ბასრია, მაგრამ ტანსაცმელი გიცავს. მარშრუტის გავლისას ზოგიერთ ადგილზე რკინის პატარა კიბესავით გხვდება. არის ადგილები, სადაც თავი რაღაც რკინით უნდა დაიმაგრო, რომ 2-3 მეტრი უსაფრთხოდ გაიარო. ამ "კიბეზე" ფეხის ყოველ დადგმაზე ფიქრობ, - ნეტავ, არაფერი მომივიდესო! თავიდან კი გგონია, რომ სახალისო მარშრუტია და მარტივად გაივლი, მაგრამ თანდათან რთულდება.
- მისვლას რა დრო მოანდომეთ?
- მთლიანად 4 საათზე მეტი დაგვჭირდა.
- ასეთი რთული გზის გავლა, სანახაობით კომპენსირდება?
- იმდენად ლამაზი ხედი იშლება, იმდენად შთამბეჭდავი და იმდენად დიდია, ამ წვალებად ნამდვილად ღირს, მსგავსი არასდროს არსად არაფერი მინახავს.
- ბაობაბების ხეივანმა თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოხდინა?
- ამ ადგილზე ორჯერ ვიყავით, ჯერ დილაადრიან წავედით და მერე მზის ჩასვლის დროს. ვერ ჩამოვყალიბდი, რომელ მონაკვეთში უფრო ლამაზი და სასიამოვნო სანახავია. არც ერთ ფოტოზე ის სილამაზე სათანადოდ არ აღიქმება. რომ დგახარ და უყურებ, ისეთი სასწაულია, შეიძლება ატირდე.
- სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ იქ ნახეთ წმინდა ბაობაბი, შეყვარებული ბაობაბი, კაცი ბაობაბი. მიამბეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- წმინდა ბაობაბი ცალკე შემოღობილ ტერიტორიაზეა, რომელთანაც აუცილებლად შიშველი ფეხით უნდა მიხვიდე, ნატვრა ჩასჩურჩულო, ჩაეხუტო და აგისრულდება. ეს რწმენა იქ ძალიან ძლიერია. ბევრი ადამიანი ეახლება სათხოვნელად. იმ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ბაობაბია. უცნაური ფორმა აქვს. შეყვარებული ბაობაბიც უზარმაზარი ზომისაა, მაგრამ ორია ერთმანეთზე ჩახუტებული. კაცი ბაობაბი - ეს არის ხე, რომელსაც დიდი ზომის ფალოსი აქვს... ბაობაბი წყლის რეზერვუარია, ის დიდი რაოდენობით ისრუტავს წყალს და ინახავს. როგორი ცხელი დღეებიც უნდა იყოს, თავად წყალი აქვს.
- იქ მცხოვრებთა შესახებ მიამბეთ, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ძალიან კეთილები და კონტაქტურები არიან. რამეს თუ სთხოვ ან ჰკითხავ, მაქსიმალურად ცდილობენ აგიხსნან, შეძლებისდაგვარად დაგეხმარონ. ინგლისურად არ ლაპარაკობენ და ეს კომუნიკაციას ცოტათი ართულებს. სოფლებში ძირითადად მალაგასიურ ენაზე მეტყველებენ, ქალაქებში - ფრანგულად. ქალაქებში შედარებით უკეთ ცხოვრობენ, რაიონული ცენტრები და სოფლები საშინელ მდგომარეობაშია, იქ დენი, გაზი, წყალი არ არსებობს. სოფლებში ფაქტობრივად ველურ პირობებში არიან. 5-დან 6 საათამდე მონაკვეთში ღამდება და ეგრევე სიცივე იგრძნობა. ირგვლივ სრული სიბნელეა, არაფერი ხდება. დიდ ქალაქებში, რა თქმა უნდა, ასე არ არის, იქ შედარებით უკეთესი პირობები აქვთ და მოსახლეობის დაახლოებით 10% მდიდრულად ცხოვრობს.
- საკვები?
- ძირითადად ბრინჯს მიირთმევენ, ცოტა ლობიო და სიმინდი აქვთ. ამის მეტი იქ ფაქტობრივად, არაფერია. ზოგიერთ რაიონში ცოტა ბოსტნეული მოჰყავთ, ხილი ნაკლებად აქვთ, მხოლოდ ბანანი და პაპაია შეგვხვდა. არის ძალიან მაღალი ხარისხის ვანილი და პილპილი, რომელსაც ისეთი არომატი აქვს, სხვაგან რომ არ შემხვედრია. ხორცეულიდან ზიბუს ხორცს ჭამენ. ზიბუ კუზიანი საქონელია. თევზსაც გარკვეულ ადგილებში მოიპოვებენ.
- სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა?
- პირიქით, ბევრნი არიან. გარკვეული მანძილი მანქანით გავიარეთ და არ ყოფილა ადგილი, ადამიანები რომ არ დაგვენახა.
- ალბათ ზედმეტია ლაპარაკი სამედიცინო დახმარების წვდომაზე, განათლების მიღებაზე?
- რა თქმა უნდა, სოფლებში სკოლები არ არის, კუსტარულად აშენებული პატარა სახლები აქვთ. ყველაზე დიდი და ლამაზი შენობა თუ შეგხვდება, ეს ეკლესიაა. ყველაზე პატარა სოფელსაც კი თავისი ეკლესია აქვს. ლამაზი შენობების მიხედვით, მეორე ადგილზე აკლდამაა. ადამიანი სხვა ქალაქში თუ გარდაიცვლება და ოჯახს არა აქვს საშუალება, თავის სოფელში გადაასვენოს, იქაურ აკლდამაში ასვენებენ. შემდეგ ოჯახი წლების განმავლობაში აგროვებს ფულს, რომ ნეშტი საკუთარ აკლდამაში გადმოიტანოს. შევესწარით ნეშტის გადმოსვენების ცერემონიას. ყველას ჭრელი სამოსი აცვია, ცეკვავენ, მღერიან, მხიარულობენ და გახარებულები არიან, ოჯახმა რომ შეძლო და ნეშტი თავის აკლდამაში გადმოასვენა. როდესაც დღესასწაულებს აღნიშნავენ, აკლდამიდან "გამოჰყავთ" ოჯახის წევრები და დღესასწაულებს მათთან ერთად ზეიმობენ. ძალიან კარგი რომი აქვთ, ერთ ჭიქას თავად რომ დალევენ, ამბობენ, რომ გარდაცვლილ მშობელსაც უნდა დაალევინონ, მიაქვთ და მიცვალებულს ასხამენ.
- როგორი უჩვეულო ტრადიცია ჰქონიათ...
- დასანანია რომ იქაურობა ნადგურდება. როგორც გიდმა გვიამბო, მოსახლეობის 70%-მდე განათლების მიღებას ვერ ახერხებს. შეიძლება ითქვას, ინსტინქტების დონეზე ცხოვრობენ. მთავარია, ოჯახი არ ჰყავდეთ მშიერი. რომ იარსებონ, რაღაც ხომ უნდა ჭამონ და ეს რაღაც არის ბრინჯი, მაგრამ ბრინჯს ხომ მოხარშვა უნდა, მის მოსახარშად ერთადერთი გზა ცეცხლის დანთებაა. ისინი წვავენ ხეებს, ანადგურებენ ბუნებას, რომ ნახშირი მიიღონ. მერე იმ ადგილებში ბრინჯს თესავენ და ამ პრინციპით ლამის მთელ კუნძულს წვავენ. ქურდები იპარავენ ზებუებს. მოგეხსენებათ, ზებუს ხორცი ძალიან ძვირად ფასობს (მგონი, 400 ევრო ღირს). ქურდები კვალის დასაფარად პატარა ხანძარს აჩენენ, მერე ეს ხანძარი დიდდება და სანამ წვიმა არ მოვა, შეიძლება მთელი მასივი დაიწვას. იქ ხომ სახანძრო სამსახური არ არსებობს... კუნძულის მწვანე საფრის 70% უკვე განადგურებულია. ესაა მწარე სიმართლე მადაგასკარზე, ასეთ მდგომარეობას არ ველოდი. ერთადერთი, სადაც ხანძრებს ვერ აჩენენ, ნაკრძალებია. იქაური ცა ძალიან ლამაზია, უთვალავი ვარსკვლავი ციმციმებს, მას გასანადგურებლად ვერ სწვდებიან. ასეთი ლამაზი ცა და ბევრი ვარსკვლავი მხოლოდ ტიბეტში მოგზაურობის დროს მაქვს ნანახი.
- რამდენიმე წელში ალბათ ამ ყველაფრის ნახვა და განცდა, რაც თქვენ მიამბეთ, შეუძლებელი იქნება.
- ასე თუ გაგრძელდა, დიახ, შეუძლებელი იქნება. მათ არ იციან, ვერ ხდებიან, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ, სხვა გზაც არ აქვთ... რაც შეეხება პატარა კუნძულებს (ნოსიბე, ნოსი ირანჯა, ნოსი კომბა, სენტ მარი) იქ კარგი სიტუაციაა. მაგალითად, ნოსი ბე არის კუნძული, სადაც ევროპის ქვეყნებიდან პირდაპირი რეისები დაფრინავს, იქ არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. ეს ცალკე მონაკვეთი კარგად ვითარდება. იმ პატარა კუნძულზე რაც არსებობდა, ისევ არსებობს, უზარმაზარ ხეებზე ცხოვრობენ ლემურები. მათი კუნძული ცალკეც არსებობს. იქ არის 1900 წელს აგებული ეიფელის შუქურა და ამას დიდი სიამაყით აღნიშნავენ.
- ველურ ბუნებაში ბევრი ტურისტი დადის?
- კუნძულზე ძალიან ცოტა ტურისტი შედის, წლის განმავლობაში 200-250 ათასი ადამიანი. რაოდენობის დიდი წილი ამ კუნძულებზე მოდის. ევროპელები იქ დასასვენებლად ჩამოდიან. მთელი კუნძული რომ მოიარო, სულით მოგზაური უნდა იყო. მე არა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, არამედ ეს მეორე ნაწილი მაინტერესებდა, ცინგის მონახულება იყო უმთავრესი და იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. იქ 5-10 წელში შეიძლება ვეღარავინ მივიდეს. წვიმები გზას ყოველ წელს აზიანებს და შეკეთება არ ხდება. ფიზიკურად ვერ გაივლი, 3-4 მონაკვეთი ახლაც ძლივს გავიარეთ, მანქანის გადაბრუნების საფრთხე იყო. მდიდარი ადამიანები გადაფრენით ჩადიან. იქ რომ ვიყავით, ვერტმფრენის ხმა გავიგონეთ და გიდმა გვითხრა, რომ მდიდრებს ეზარებათ ამ გზის გამოვლა და ვერტმფრენით ამოდიან. ამ ადგილის ხიბლი იმ 4-საათიან რთულ გზაზეც უდიდესი იყო. იქ ცხოველები თუ არ ნახე, ბუნება თუ არ შეიგრძენი... მანგუსტი, გველები, ქათამი იქ ვნახეთ. ამ ადგილზე 100-მდე სახეობის გველია, აქედან უმრავლესობა მხოლოდ მადაგასკარზე ცხოვრობს და შხამიანი არც ერთი არ არის. ერთი გველი ხელშიც მეჭირა, ფოტოც კი გადავიღე.
მადაგასკარზე მოგზაურობა ჩემი ოცნება იყო და ავიხდინე. გამიხარდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ საქართველოდან პირველი ჯგუფი ჩვენ ვიყავით. ვინმეს თუ გაუჩნდება ამ კუნძულის მონახულების სურვილი, შეუძლია მომწეროს, გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ.
- ახლა რომელ ქვეყანაში მოგზაურობაზე ოცნებობთ?
- უცნაური ადგილები მომწონს. ეს რიგით 32-ე ქვეყანა იყო, რაც ბევრი სულაც არაა, მსოფლიოს 13%-ია. ჯერ ბევრი რამ მაქვს სანახავი. ჩემი მოგზაურობებიდან 2 იყო განსაკუთრებული: მადაგასკარი და ტიბეტი. დიდი სურვილი მაქვს იაპონიაში გავემგზავრო. ძველისა და ახლის შერწყმაა იქ ყველაზე საინტერესო. სიახლეებში ყველაზე მაგრები არიან და ძველი კულტურაც ისეთი აქვთ, არავის და არაფერს ჰგავს. მინდა, ცოტათი განსხვავებული ტური დავგეგმო.
- ბევრ საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ, მადლობა შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე