"ბახტრიონის გმირი გავუცოცხლე მამას და ამით ძალიან გაიხარა"
ქართველი პარამსროლელი ვლადიმერ (ლადო) ჭინჭარაული. მან ღ 9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
დიდი ოვაციებით დახვდა სპორტსმენებს უამრავი გულშემატკივარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ შორის კულტურისა და სპორტის მინისტრი და ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე. ოლიმპიელები დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გულწრფელად მიულოცა გამარჯვება. 15 სექტემბერს ლადო 43 წლის გახდა.
ვლადიმერ (ლადო) ჭინჭარაულს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული; 2018 წელს იგი აშშ-ის ღია პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა და იქიდანაც ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარალიმპიელი გახდა; 2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა და მსოფლიო პრიზიორის ტიტული და ბრინჯაოს მედალი მიიღო; 2024 წელს კი კორეაში მსოფლიოს პრიზიორი გახდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა; წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიადის საგზური მოიპოვა ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში, ახლა იქიდანაც ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლადოს რთული გზის გავლა მოუხდა. 18 წლისას ხერხემალი დაუზიანდა. ამ დღეებში ჟურნალისტმა ნანა ლომაიამ გაიხსენა ის უმძიმესი დღეები, რაც მაშინ ლადომ და მისმა ოჯახმა გადაიტანა. ლადო ცნობილი ჟურნალისტის, ბესო ჭინჭარაულის შვილია, რომელიც მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, სამწუხაროდ, ის ამ გამარჯვებას ვეღარ მოესწრო.
"აეროპორტში ძლივს მივჩოხმარიკდი მომტვრეული ფეხით, მაგრამ სულიც რომ გამძრომოდა, ჩემს საკუთარ ჩემპიონს, ჩემს ლადის უნდა ჩავხუტებოდი... სანამ ჩამოფრინდებოდა, ფიქრებმა იმ გრძელ, უძილო, ტკივილიან ღამეებში წამიღო, ყველაფერი თავიდან დაიწყო, ყველა წვრილმანი თავიდან გაცოცხლდა, ყურში მიწუოდა ჩემი მეგობრის, ჩემი ბესარიონის განწირული ხმა: მომეშველე, ლადო "სასწრაფოს" თბილისში გადმოჰყავს, საბანაოდ ალაზანში გადახტა და..." ერთმანეთს ენაცვლებოდა კადრები კლინიკის ეზოდან პროფესორ ალადაშვილის კაბინეტში მოსმენილ თავზარდამცემ დიაგნოზამდე, რომლის ბოლომდე გაცნობიერების დრო მაშინ არ იყო, ყველაფერი სწრაფად უნდა მოგვარებულიყო... გამახსენდა, ყელში მოწოლილი ცრემლი როგორ მიშრებოდა ელისოს (დედა) გაოგნებული სახის შემხედვარეს... ოდესმე ასე თუ დალაგდებოდა ყველაფერი, ვერც კი წარმომედგინა, მაგრამ, როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია, აუცილებლად ხდება სასწაული და აკი ახდა კიდეც, ჩემმა ნატანჯმა ლადომ, ჯერ სიკვდილს მოუგო ბრძოლა, ახლა კი მთლად სასწაული ჩაიდინა... ამ კადრებად, ლადის ამ ღიმილად, და იქით კი არა, აქეთ დასწრებულ მილოცვად, - ხომ გასახელე, დედიო, - მიღირდა ყველაფერი. მისი ეს ერთი ჟესტი საპირწონეა, ჩემთვის მისი თავმდაბლობისა და ადამიანობის. ლად, ყველა დღე მახსოვს, ყველა მოგონება მიყვარს, რომელიც იმ ტკივილს მავიწყებს. უსიტყვოდ. მხოლოდ ჟრუანტელით. მხოლოდ ამოხეთქამდე გულის აჩქარებით მეჩემიანები, მეამაყები. შენ იმდენი რამე შეცვალე ჩემს აღქმაში, რომ უპირობოდ, უკიდეგანოდ მიყვარხარ. შენ ჩემი ლადი ხარ, ჩემი ღმერთბიჭი, ყველაფერი მემეტება, მეოცნებება, მეიმედება შენთვის. ამაყი ვარ, რომ საოცარი შვილები გეზრდება და გვერდით გყავს საიმედო, ძლიერი დასაყრდენი მეუღლე, ზუსტად ისეთი, როგორზეც გიოცნებია. მადლობა თიკოს. თქვენ გაგიმარჯოთ. გილოცავ(თ)... ლადო ჭინჭარაულის ისტორია გრძელდება... ოქრო ბიჭის მომავალი ოქრო იქნება", - წერს ნანა ლომაია.
ლადომ თავისი ცხოვრებით მართლა დაამტკიცა, რომ ადამიანურ შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს; რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ სწორ მიზანს დაისახავ, მერე კი მისთვის ბოლომდე იბრძოლებ, შედეგი აუცილებლად იქნება.
ხევსური ბიჭი ლადო ჭინჭარაული ასევე წერს ლექსებს, კრებულიც გამოსცა. მისი ერთ-ერთი ლექსი: "კიდევაც ვნახავ ხევსურეთს" დებმა გოგოჭურებმა ააჟღერეს.
- ლადო, გილოცავ გამარჯვებას. ალბათ ემოციებით იყო ეს დღეები დატვირთული. შენ რას იტყვი?
- მართლა საოცარი დახვედრა იყო. ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრები, ოჯახი აუცილებლად დამხვდებოდნენ აეროპორტში, მაგრამ ამდენი ადამიანი თუ მოვიდოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. განცვიფრებული, გახარებული ვიყავი. მადლობა თითოეულ მათგანს. სხვანაირი ხალხი ვართ ქართველები, გულიანები. ბედნიერი ვარ, რომ გავახარე საქართველო, ჩემი თელავი, ჩემი ხევსურები, ჩემი შილდელები. ამ გულწრფელ ემოციებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ჩემი რთული ცხოვრება ღირდა დღევანდელ დღემდე მოსასვლელად. ეს არ იყო იოლი გზა. აქედან კიდევ ერთხელ მივმართავ იმ სპორტსმენებს, ვინც მედლის გარეშე დაბრუნდნენ: არ დანებდეთ, თითოეული თქვენგანი ისედაც გმირია, წინ დიდი გამარჯვებებია.
- 18 წლისამ მიიღეთ ხერხემლის ტრავმა...
- 1981 წელს თბილისში დავიბადე. 1995 წლამდე დედაქალაქში ვცხოვრობდით და 77-ე სკოლაში დავდიოდი. 1995 წელს თელავში გადმოვედით და მას შემდეგ აქ ვარ, სიცოცხლის ბოლომდე თელავში ვაპირებ ცხოვრებას. მთელი ბავშვობა სოფელ შილდაში, ბაბო-პაპასთან მაქვს გატარებული. იქიდან რამდენიმე მეგობარი შემომრჩა და ძალიან მიხარია. თელავის მე-4 საჯარო სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. პირველ კურსს ვამთავრებდი და იმ ზაფხულს ხერხემლის მალები დამიზიანდა. ალაზანზე წავედით საბანაოდ, კლდიდან გადავხტი და ხერხემლის სამი მალა გავიტეხე. 18 წლის საავადმყოფოში გავხდი. ამ ამბავმა შეცვალა არა მხოლოდ ჩემი, ჩემი მშობლების, ჩემი მეგობრების ცხოვრება და დღის წესრიგი. უამრავი ადამიანი მგულშემატკივრობდა, რომ ელემენტარულად, გადავრჩენილიყავი. სიცოცხლისთვის ბრძოლა ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერი გავიარე, ბევრი დარიგება და რჩევა მახსოვს. განსაკუთრებით მამის, ვის სიტყვასაც დიდი ფასი ჰქონდა: იბრძოლე და არასოდეს დანებდე! ერთხელ არ გამოგივა, არ გამოგივა მეორედ, მესამედ, მეოთხედ მაინც სცადეო. ეს სიტყვები ავიკვიატე და მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი. პირველი კურსის ერთი გამოცდა მქონდა დარჩენილი, ეს ტრავმა რომ მივიღე და ვფიქრობდი, დიპლომი არასოდეს დამჭირდებოდა. ვერ ვხვდებოდი, სწავლასაც რა აზრი ჰქონდა, მაგრამ მერე უნივერსიტეტში სწავლა მაინც გავაგრძელე და წარჩინებით დავამთავრე. პროფესიით იურისტი ვარ. 2009 წლიდან ვმუშაობ თელავის სამოქალაქო რეესტრში, სპეციალისტი ვარ და ჩემს პროფესიას შეესაბამება ჩემი სამსახური.
- ვინ დაგარწმუნათ, რომ უნდა გაგეგრძელებინათ სწავლა?
- ოჯახმა. მშობლებს ყოველთვის კარგი უნდათ შვილისთვის. მამა სულ მეუბნებოდა, რომ მესწავლა. ამ ტრავმის შემდეგ ჩემთვის გაუფასურებული იყო ყველაფერი და თუ რამეს გავაკეთებდი, ამას ვერც წარმოვიდგენდი. მამა, ბესო ჭინჭარაული მაშინ თბილისში მუშაობდა, ჟურნალისტი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ იმდენად მჭირდებოდა მისი დახმარება, არც დაფიქრებულა, მუშაობასაც თავი დაანება და სულ ჩემ გვერდით იყო. დედა წლებია პროკურორია. გარკვეული წლების მერე მამა აჰყვა ჩემს ახირებას, მინდოდა სროლაში მევარჯიშა. მიდიოდა იარაღების მექანიზმების განხილვა. ფაქტობრივად, ჩემი მთელი ემოცია და ფიქრი საკუთარ თავზე კი არა, რაღაც კონკრეტული იარაღის სიყვარულზე გადავიტანე. ვკითხულობდი ბევრ ლიტერატურას. თეორიულად გავეცანი იარაღის სპეციფიკას, მერე მომინდა ეს პრაქტიკაში გადამეტანა. ყველაფერი სამოყვარულო დონით დაიწყო. რამდენიმე სიუჟეტი გაკეთდა ჩემზე. მერე პარალიმპიური კომიტეტიდან მოვიდა შემოთავაზება, - ეს ყველაფერი სპორტში გადავიტანოთ და შენი თავის რეალიზება იქ მოახდინეო. ასე გავაგრძელე ცხოვრება, ვმუშაობდი და პარალელურად ვისროდი, ვსწავლობდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შაშხანიდან მსროლელები, სამწუხაროდ, აღარ გვყავს. თანამედროვე წესებიც შეცვლილია. აღარ არიან პროფესიონალები, ვიღაცას რომ ასწავლონ. ჩემი მწვრთნელი გახდა მამაჩემი. მან კარგად იცოდა რუსული და სროლის წესებს მითარგმნიდა. ყველაფერში კარგად რომ გავერკვიეთ, მერე დავუკავშირდით სროლის ფედერაციას. ქალბატონი ნინო სალუქვაძე ყველანაირად გვერდში მედგა, რომ პარასროლის კუთხით ფუჭი არ ყოფილიყო ჩვენი ვარჯიშები. ჩვენი სპეციფიკა სხვანაირია, მათი - სხვანაირი, ამიტომ ეს გზა გაუკვალავი თოვლივით იყო, რომელიც მამაჩემმა გაკვალა. სროლა ფსიქოლოგიურ, ტექნიკურ და მორალურ მზაობას მოითხოვს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით, ინტერნეტით ვისწავლეთ წესები, ასევე ყოფილი სპორტსმენები რასაც წერდნენ თავიანთ ნაშრომებში, ეს ძველი ჩანაწერები გამოვიყენეთ და ასე გამოგვივიდა.
- მამათქვენს, ბესო ჭინჭარაულს პირადად ვიცნობდი. მართლა გამორჩეული ადამიანი იყო, საქმის პროფესიონალი, ძალიან თავმდაბალი, ღირსეული კაცი, რომელიც ახალბედა ჟურნალისტებს ბევრ რამეს გვასწავლიდა. ბესოც ისროდა შაშხანიდან?
- მამას თოფი ცხოვრებაში არ გაუსვრია, მაგრამ თეორიულად ბევრ პროფესიონალზე მეტი იცოდა. თავიდან სახლში ვვარჯიშობდი. ტირის თოფი ვიყიდე და აივანზე დავიწყე სროლა, შემდეგ სავარჯიშო მოწყობილობა გავაკეთეთ და იქ ვვარჯიშობდით. ეს ყველაფერი მაშინდელმა თელავის მერმა ნახა. მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს რომ შევხვდი, მკითხეს, რა გავაკეთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თელავშიო. მაშინ ჩემი გატაცების შესახებ ვუამბე და ვუთხარი, თელავში სპორტული ტირის ცენტრი რომ გაიხსნას, კარგი იქნება. ეს არა მარტო შშმ პირებს, ყველა სროლით დაინტერესებულს გამოადგება-მეთქი. მართლაც ასეა, ნაკრები ჩამოდის თელავში და აქ ვარჯიშობს. ძალიან მაგარი სპორტსმენები გვყავს. სამი თელაველი ბავშვი საერთაშორისო დონეზეა. გამოდის, სპორტული ტირი ჩემი ინიციატივით და თელავის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით დაფუძნდა. ფედერაციამ ძალიან მაღალი დონის 9 პისტოლეტი გადმოგვცა. მწვრთნელებიც ფედერაციამ გადაამზადა. ჩემი სამხედროს მასწავლებელი გადმოვიყვანეთ, გავატარეთ მომზადება და სერტიფიცირებულია ფედერაციაში. ალუდა ქეთელაური შშმ პირია. ეს ადამიანები ახლა ბავშვებს ამზადებენ და უკვე რამდენიმე ათასი ბენეფიციარი გვყავს...
- თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?
- პირველ შეჯიბრებაზე რომ წავედით, 2014 წელი იყო, ძალიან ძველი მოდელის შაშხანა მქონდა. წესებიც არ ვიცოდი კარგად. სხვებისგან ვსწავლობდი, ვუღებდი, ვაკვირდებოდი მექანიზმებს. ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რომელიც უნდა იცოდე. შეჯიბრების დროს ბევრს ვსწავლობდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი. პირველი გამარჯვება საქართველოში იყო, ოქროს მედალი ავიღე. მერე ვიყავი ამერიკაში, ამერიკის ღია პირველობაზე 2018 წელს და ვერცხლის მედალი მომცეს. მაშინ მამა მახლდა თან. რამდენიმე შეჯიბრება იყო ისეთი, ფინალში ვხვდებოდი, მაგრამ საპრიზო ადგილზე არა. მამა სულ სტიმულს მაძლევდა და მეუბნებოდა, რომ არ შეგეძლოს, დროს არ დავკარგავდი. შეგიძლია, აუცილებლად გამოგივაო. პანდემიის დროს წყვეტა იყო, ვარჯიშების პერიოდი - ცოტა გართულებული. მერე მამა დაიღუპა, მაგრამ ტოკიოში მაინც მოვხვდი. გასული წლის დეკემბერში ბრინჯაო ავიღე ემირატებში, მერე კორეაში ვიყავი. იქ ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, კვოტას ვიღებდი და მსაჯებმა უმიზეზოდ დამსაჯეს. დღესაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ, კიდევ წავედი და ფაქტობრივად, კორეაში მაინც გავხდი პრიზიორი, ბრინჯაო ავიღე. მერე ევროპის ჩემპიონატში ერთ ლიცენზიაზე 30 კაცი ვჭიდაობდით. მადლობა ღმერთს, ეს შევძელი. ამის მერე მოვხვდი პარიზის ოლიმპიადაზე, ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში ვერცხლის მედალი ავიღე. ბევრი ძლიერი მეტოქეა. ფინალში გასვლაც რთულია. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა რომ მიიღო, ესეც არ არის იოლი. ძლიერი კონკურენციაა. უკრაინელებთან ვმეგობრობ და მთავარი მწვრთნელი მეუბნება, ჩვენ ომის მიუხედავად, ვარჯიში არ შეგვიწყვეტია და შენ რა ქაღალდებზე ვარჯიშობ, გვასწავლეო. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერ სიმშვიდეს. ეს არის სპორტის მშვიდი სახეობა. დაძაბულობა, თუნდაც მეტოქესთან, არ გიწევს. ისვრი და შედეგით ეჯიბრები. მე ოლიმპიურ სოფელში არ ვიყავი. პარიზიდან 40 კილომეტრის დაშორებით გახლდით მწვრთნელთან ერთად. 8 საათი გვჭირდებოდა გზაში. სამხედრო ყაზარმაში ვცხოვრობდით, დაკეტილი სივრცე იყო. თელაველმა მეგობრებმა იქაც ჩამომაკითხეს, მაგრამ მათი ნახვის საშუალება არ მომეცა. ვერავინ შემოდიოდა აკრედიტაციის გარეშე, ვერც ჩვენ გავდიოდით გარეთ. ძალიან მინდოდა მეუღლის წაყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა. დამხმარე მახლავს ხოლმე, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით მიდგას: ზაზა ხოზმარაშვილი დამყვება, ჩემი ნათესავია. ტრავმის შემდეგ სულ ჩემთან ერთადაა, ძალიან მეხმარება.
- შშმ პირი რომ არ ყოფილიყავით, სპორტის ამ სახეობას გაჰყვებოდით?
- იარაღი პატარაობიდან მიყვარდა. იმდენად ვიყავი გატაცებული, მამამ ჯერ ტირის თოფი მიყიდა. 15 წლის ასაკში მაჩუქა ორლულიანი თოფი. ადრე ფრინველზე სანადიროდ დავდიოდი. ახლა ბევრი მეუბნება, წაგიყვანთ სანადიროდო, მაგრამ შემეცვალა მიდგომა, ნადირობისა და ფრინველის მოკვლის სურვილი აღარ მაქვს. რატომ უნდა მოვკლა? როცა მონადირე ხარ, სხვანაირად აზროვნებ, სხვა ადრენალინია, მაგრამ ჩემგან ნადირობა არასამართლიანი იქნება. ახლა ჩემი მიზანია ცეცხლსასროლი სივრცე შევქმნათ, მსურველებისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს. რამდენიმე დღეში მე ისევ დავიწყებ ვარჯიშს, რომ 4 წელიწადში უკვე ოქროს მედლით დავბრუნდე საქართველოში და კიდევ ერთხელ, დიდი სიხარული მივანიჭო ადამიანებს. დღეში 3-4 საათი მიწევს ვარჯიში; თუ ალაზანზე მივდივარ, მაშინ 6-7 საათი გვჭირდება.
- ლადო, თქვენი ლექსების კრებულიც გამოვიდა. გვიამბეთ ოჯახზეც.
- პირველ რიგში, ვერასოდეს წარმოვიდგენ თავს პოეტის ამპლუაში. ყველა ხევსური წერს ლექსებს და ამაში გასაკვირი არაფერია. მამაც წერდა ბოლო დროს ლექსებს. რითმებში გადავიტანე ის ემოციები. ხევსურეთში სოფელი არ მაქვს, მაგრამ ხშირად ჩავდივარ შატილში, ბარისახოში. იქ მეგობრები მყავს და დიდი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი მეგობრების სახლი, ჩემი სახლია. ჩემი სახლიც მათი სახლია, ასეთი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ოჯახს, მყავს მეუღლე, თინათინ ფეიქრიშვილი, სიყვარულით შევქმენით ოჯახი 18 წლის წინ. 16 წლის წინ გვეყოლა პირველი ქალიშვილი ელენე, მერე დაიბადა ჩემი ვაჟი ბათაკა, რომელიც 10 წლის არის და ვცდილობთ კარგ ქართველებად გავზარდოთ. ვცხოვრობთ თელავში. უამრავი გულშემატკივარი, კარგი მეგობრები მყავს. ბევრი ადამიანია, ვინც გულწრფელად მგულშემატკივრობს. ჩემს მეგობრებს სჯეროდათ, რომ ამ შედეგს მივაღწევდი, ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ მე ეს შევძელი.
- ბათაკა რატომ დაარქვით ვაჟს?
- ბათაკა ძველი ხევსურული სახელია. ამ სახელის დარქმევასაც თავისი ისტორია აქვს. მამას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ერთხელ მითხრა, ვაჟას პოემები წაკითხული გაქვსო? ბევრი წაკითხული მქონდა, მაგრამ ყველა არა. რაც მკითხა, კონკრეტულად იმაზე ვუპასუხე, არ ვიცი-მეთქი. მაშინ მეთერთმეტე კლასში ვიყავი. ჩაილაპარაკა, შენ ცოლიც ისე გეყოლება და შვილებიც, მაინც არ წაიკითხავ ამასო. სხვებისგან ვიცი, მამამ რომ ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაშინ სულ რამდენიმე ადამიანს იღებდნენ. მზექალა შანიძე შეხვედრია გამოცდაზე. ყველა თემა რომ ამოუწურავს, მამასთვის უკითხავს: დამისახელე, შენი გვარი ვაჟა-ფშაველას რომელ პოემაშია ნახსენებიო? მამას მაშინვე უპასუხია, ბახტრიონიო. იქ არის ასეთი სტროფი:
"ივსება ლაშარის გორი/ ქორ-შავარდნების ფარითა;/ დროშები გზას უკურთხებენ/ ჟღერით, აწვდილის ტარითა:/ როშკით მოიდენ ხევსურნი,/ სუმელჯაურნი ცხრანია,/ ამღითა - ბათაკის ძენი,/ ჭინჭარაულნი ძმანია..."
მოკლედ, გავიდა წლები. მე ტრავმაც მივიღე, რთული პერიოდები გავიარე, ბევრმა წელმა ჩაიარა, მაგრამ მამას ნათქვამი სიტყვები სულ მახსოვდა. ცოლი შევირთე და რომ დაიბადა ჩემი ვაჟი, მეკითხებოდნენ: აბა, რა დაარქვიო? მივუბრუნდი მამას და ვეუბნები: მამა, კარგად წავიკითხე ვაჟა-ფშაველას პოემა და შენს შვილიშვილს ბათაკა ჰქვია-მეთქი. გაოცდა, ძალიან გაუხარდა, ეს რა დაგიმახსოვრებიაო. ახლა სამოქალაქო რეესტრში ვმუშაობ და დღეს არავის ჰქვია ეს ძველი სახელი ჩემი შვილის გარდა. მარტო მე მყავს ბათაკა ჭინჭარაული. ბახტრიონის გმირი გავუცოცხლე მამას და ამით ძალიან გაიხარა.
თეა ხურცილავა