კასპელი გეები და ბიძინას იმედად დარჩენილი ოპოზიცია
ახლა კასპელი გეები გაგვიხდა საზრუნავი. ხომ გახსოვთ, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც წინა კვირის გმირი გახდა. გორის რაიონის რომელიღაც სოფელში ჩასულმა მოსახლეობის პრეტენზიაზე, წყალი არ გვაქვსო, ასე რომ უპასუხა: ესპანეთის ბევრ ქალაქში, სოფლებში წყალი არ არის, როგორც იტალიაშიო. ჰოდა, ამის გამო მაგრად რომ დასცინეს, წავიდა, ინტერნეტში მოიძია ესპანეთის ყველა სოფელი, სადაც წყლის პრობლემებია და სულ თავში გვირტყა, ანუ იმდენსაც ვერ მიხვდა, რაზე დასცინა ხალხმა. იმის გამო კი არ დასცინა, რომ შეიძლება ესპანეთის ან იტალიის რომელიღაც მიყრუებულ სოფელში წყლის პრობლემა არ იყოს, არამედ იმის გამო, საკუთარ უნიათობას სხვა ქვეყნების პრობლემებით რომ ამართლებs.
ესპანეთის სამხრეთში ისეთი სიცხეებია, გადამხმარია ზოგან ყველაფერი და წყალი არ აქვთ ფაქტობრივად, წყლის დეფიციტია და ჩვენთან წყალი რომ არ აქვთ სოფლებს, ეს წყლის დეფიციტის გამოა თუ ხელისუფლების უნიათობის გამო? რა კავშირშია გორთან ესპანეთის სამხრეთი? იმათ წყალი არა აქვთ, ჩვენ წყალი ბევრი გვაქვს, მაგრამ მოსახლეობამდე ვერ მიჰყავთ. განსხვავება არაა? მაგრამ ამას რას გაიგებს მერი, რომელიც ადრე მოჭიდავე იყო და მოგვერდის მეტი არაფერი უსწავლია?
იკითხავთ, ეგ გასაგებია, მაგრამ კასპელი გეები რაღა შუაში არიანო? საქმე ისაა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სიბრძნეების ლაპარაკში გორის მერს არც კასპის მერი ჩამორჩა. მერე რა, რომ ის მოჭიდავე არაა, მასაც შეუძლია ეგეთები. მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოაცხადა: "უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება "ქართულ ოცნებას" გვერდში".
ჰოდა, ამ დღის მერე კასპელები დადიან და კითხულობენ, სად არიან კასპელი გეები, რომელთაც დაქორწინება უნდა ავუკრძალოთ? ეს რამხელა პრობლემა გვქონია რაიონში და ჩვენ თურმე არ გვცოდნია. განა, ეჭვი არ გვქონდა, რომ კასპშიც მოიძებნებოდა ერთი-ორი ჯანმრთელი გეი, მაგრამ ისე თუ იყვნენ გათავხედებულები, რომ უკვე ქორწინებას ითხოვდნენ, რას წარმოვიდგენდითო. ვიღას ახსოვს კასპში სიღარიბე და უმუშევრობა? ან კასპის ცემენტის ქარხნით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობის პრობლემები! დადიან მას მერე კასპელები და გამწარებულები ეძებენ დაქორწინების მსურველ გეებს. მართალია, ჯერ ვერ იპოვეს, მაგრამ მთავარია, ეს ძებნა არჩევნებამდე განაგრძონ და სხვა პრობლემები არ გაახსენდეთ.
აი, ასეთ თემებზე დგას "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია და კიდევ ოპოზიციის ომის პარტიად გამოცხადებაზე. წინადღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა და ხალხს ეკითხებოდნენ: ომის პარტია გირჩევნიათ თუ მშვიდობის პარტიაო? საოცარი მოფიქრებაა! გინახავთ ადამიანი, ვინც ომს აირჩევს? არა, ხომ? ბუნებრივია, მათაც ვერ ნახეს და ყველა პასუხობდა, რა თქმა უნდა, მშვიდობაო. ასე დაამარცხა მათ გამოკითხვაში ხელისუფლებამ ოპოზიცია ასით ნული.
სიმართლე გითხრათ, ვარსკვლავებს დიდად ვერც ჩვენი ოპოზიცია წყვეტს. ერთადერთi, რასაც მათ ხალხი სთხოვს, გაერთიანებაა და ამასაც ვერ მოაბეს თავი. პრეზიდენტმა მათ უნიათობას რომ უყურა, ადგა და ფაქტობრივად, ძალით დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან ორი პარტია: "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის". ისინიც დასხდნენ, ბევრი იჭრიჭინეს, იქiთურიც თქვეს, აქეთურიც, მაგრამ შედეგი მაინც ვერ დადეს. როგორც იტყვიან, კრება დარჩა მხიარული. თუმცა რაღა მხიარული, მერე ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს, ვისი ბრალი იყო მოლაპარაკების ჩაშლა.
ვერშეთანხმება კი არაა პრობლემა, არამედ ის, რაც მას მერე მოხდა, როცა ცდილობდნენ ერთმანეთისთვის შეეტენათ მოლაპარაკების ჩაშლა. როცა ვერ თანხმდებით, მერე იმაზე უნდა შეთანხმდეთ, რომ ვერ თანხმდებით. გააკეთოთ ამაზე ერთობლივი განცხადება: შევთანხმდით, რომ ვერ ვთანხმდებით და დავიშალეთო. ესაა მოლაპარაკების დასრულების ცივილიზებული ფორმა, ამათ კი ესეც ვერ შეძლეს.
ოპოზიციის მთავარი პრობლემა იცით, რა არის? პოლიტიკოსები ხალხს ეუბნებიან, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, ქვეყანა იღუპება, ამიტომ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოთ, რუსეთის უკანა ეზო რომ არ აღმოვჩნდეთო, თავად კი საკუთარი ამბიციები ვერ გადადეს გვერდზე მოლაპარაკებისას. უკვე ორი გაერთიანების მცდელობა ჩაიშალა: "ლელო" - "ახალი" და "ლელო" - "გახარიები". ამ ყველაფრის შემხედვარე ბევრ ადამიანს კითხვა გაუჩნდა: ესენი არჩევნების მომგები თუ არიანო?
მე თუ მკითხავთ, ისევ ბიძინას იმედად თუ იქნებიან, რომ ის გამოუყვანს წირვას საკუთარი ხელით თავის მმართველობას. ამას კი მცდელობას ნამდვილად არ აკლებს ბატონი ბიძინა.