პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი პარადოქსი და ქართველი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევა
რომ აშშ-ს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს. მმართველი გუნდის ლიდერები გამოეხმაურნენ ამ ცნობას და განაცხადეს, რომ დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი ვერ იქნება; მას ვერავინ აიძულებს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმას. ზოგიერთის ვერსიით, რამდენიმე წელია მისი დასანქცირება უკვე ისედაც მიმდინარეობს და სწორედ ამ სანქციების თემამ შეიწირა შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია. ამ განცხადებების პარალელურად, ცნობილი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ავრცელებს კულუარულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრემიერი, ირაკლი კობახიძე ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ივანიშვილის დასანქცირებამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება.
- ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს განსხვავებულად ესმით სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ის, რასაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ, არის ეროვნული საქმე, ხოლო ის, ვინც მათ პოლიტიკას არ ეთანხმება, არის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი. რა თქმა უნდა, ეს ნონსენსია. მთლად ლუდოვიკო XIV-სავით ვერ ამბობენ, სახელმწიფო მე ვარო, მაგრამ მათ ქმედებებში სწორედ ეს აისახება. ჩვენს კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ ეროვნული ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება სამ საკითხს ემყარება: ეს არის ლიბერალური, დემოკრატიული სისტემა, დასავლური განვითარება და საბაზრო ეკონომიკა. "ქართული ოცნების" ლიდერები კი თავიანთი ქმედებებით სამივე პრინციპს აზიანებენ. მნიშვნელოვნად არის მორღვეული დემოკრატია. ფაქტია, პოლიტიკური სისტემა ერთი ადამიანის სამსახურშია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ დემოკრატიულ წყობას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ამასთან, მმართველი გუნდი "რუსული კანონის" მიღებამდე ანტიდასავლურ რიტორიკას ეწეოდა, კანონის მიღების შემდეგ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა, რაც თავისთავად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე მიუთითებს. ე.ი. ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, ყველა პოლიტიკური სუბიექტი და სახელმწიფო უწყება ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ევროინტეგრაციისთვის. "ქართული ოცნება" კი ღიად აცხადებს, რომ დასავლური ინტეგრაცია მათ მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. რაც შეეხება სანქციებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩვენი მოწყვლადი ეკონომიკური და ფინანსური სისტემა რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სანქციების დაწესების შემთხვევაში. ალბათ, ყველას ესმის, რომ აქ მხოლოდ ამერიკულ სანქციებზე არ არის საუბარი და ამერიკას მალე დასავლეთიც აუბამს მხარს. შესაბამისად, "ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ სისტემას, რაც თავისთავად, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ამიტომ მე არ მესმის, რა საფუძველი აქვთ მმართველი გუნდის ლიდერებს, როდესაც ამბობენ, რომ ისინი ზეწოლის მიუხედავად, მაინც გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკას.
- როგორც ჩანს, ამ პრინციპული განცხადებების უკან რიგი შიშები მაინც არის. ამაზე მეტყველებს გია ხუხაშვილის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე სალივანთან შეხვედრას და მოლაპარაკებას ცდილობს.
- ჩვენ ხომ ვიცით, დღევანდელი აღმასრულებელი პოლიტიკური სპექტრი ერთგვარ კეთროვნად იქცა. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლო პერიოდში რომელი დასავლური ქვეყნის ლიდერს შეხვდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები? პრაქტიკულად, ისინი გარიყულები არიან ყველა დასავლელი პარტნიორის მხრიდან. ფორმალური პროცედურებიც კი აღარ ტარდება, ის მაინც რომ გავიგოთ, რისთვის მოვიდა ან რისთვის წავიდა ესა თუ ის პრემიერი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" პრემიერები სრულიად უფუნქციო ფიგურები არიან და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. კობახიძეზეც, წინამორბედების მსგავსად, არაფერია დამოკიდებული. გარდა ამისა, არაერთხელ გაუკეთებია მას დასავლეთისთვის მიუღებელი განცხადებები ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის დემოკრატიის უკუსვლა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არაფორმალური ურთიერთობის აღდგენა კრემლთან და ა.შ. საქართველოში რუსული ეკონომიკის გავლენის წარმოუდგენელ ზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, კობახიძე ერთი-ერთში იმეორებს კრემლის ანტიდასავლურ რიტორიკას. თქვენ იცით, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების 9% რუსული ბიზნესია. ქვეყანა, რომლის ეკონომიკაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ეკონომიკური გავლენა 9%-ს აღწევს, პოლიტიკური გავლენის ქვეშაც მალევე მოექცევა. შეგახსენებთ, ცენტრალურმა ბანკმა მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის საშუალებითაც ამერიკის მიერ გამოვლენილ რუსეთის აგენტს, ფარცხალაძეს საქართველოდან უპრობლემოდ გასვლის საშუალება მიეცა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრემიერი ჩავიდა ირანის პრემიერ-მინისტრის დაკრძალვაზე და მონაწილეობა მიიღო იმ ღონისძიებაში, სადაც ხმამაღლა ყვიროდნენ, - სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკასო. სულ ახლახან კი კობახიძემ ამერიკის ელჩი დაიბარა და დაემუქრა, - ვაშინგტონი მიუახლოვდა იმ წითელ ზღვარს, რომლის იქითაც საქართველო საპასუხო ნაბიჯებს მიიღებსო. აი, ამ ყველაფერის ფონზე, მიჭირს წარმოდგენა, ან ისრაელში რატომ უნდა გაითვალისწინონ მისი თხოვნა, სალივანთან შეხვედრის შუამდგომლობასთან დაკავშირებით და ან სალივანმა რატომ უნდა მოუსმინოს მას?! "ქართულმა ოცნებამ" და ირაკლი კობახიძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დასავლელი ლიდერებისთვის პოლიტიკური კეთროვანები გამხდარიყვნენ.
- რა ვერსია გაქვთ, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზას თუ რაიმეს მძევალია და სხვა გამოსავალი არა აქვს?
- ძნელი სათქმელია. გასაგებია, რომ ივანიშვილს სურს ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამისათვის რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს გზა, ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, მოდი, შევხედოთ ავტორიტარულ მეთოდებს - იქ, სადაც ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა, იმ ერთ ადამიანს არასდროს მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია. დაახლოებით იგივეა, "ბაბლში" მოხარშული ადამიანი გარემოს ობიექტურ აღქმას რომ კარგავს. "ქართული ოცნება" ინიციატივების წარმოჩენაზე კი არა, ერთპიროვნული მმართველის ნება-სურვილის შესრულებაზეა აწყობილი. ავტორიტარული სისტემა დევნის ინიციატივის მქონეებს. ამ სისტემას სჭირდება პოლიტიკურად და პიროვნულად ლოიალური ადამიანი. ასეთებზე დაყრდნობილი სისტემა კი ძალიან მალე ხდება ინერციული და ვეღარ ახერხებს ადეკვატურ რეაგირებას გარემოზე. ჯერ არ ვიმყოფებით ჩვენ დიქტატურაში, მაგრამ უკვე ვართ შემდგარი ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბების გზაზე.
- ამ ხელისუფლებას ოპოზიცია ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასახელებს და ამომრჩეველს არწმუნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმია - დასავლეთი თუ რუსეთი, მეორე მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ 26 ოქტომბერი ნამდვილად არის რეფერენდუმი, მაგრამ საკითხი ასე დგას - ომი თუ მშვიდობა?! თქვენი ვერსიით, რომელ რეფერენდუმზე წავა ქართველი ხალხი?
- ქართველი ოპოზიცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაკარგო პოლიტიკური კაპიტალი და ხელისუფლების მიერ დაშვებული უამრავი შეცდომის მიუხედავად, როგორ შეიძლება ხელიდან გაუშვა ყველა შანსი. ჩვენ დღეს არ გვაქვს პოლიტიკური პარტიების არჩევის საშუალება, საზოგადოებას უწევს პოლიტიკური მომავლის არჩევა. ე.ი. ნარატივების ბრძოლის წინაშე ვდგავართ: დასავლეთი ან რუსეთი, ომი ან მშვიდობა. აი, ამ პარადოქსამდე მიიყვანეს პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყანა. რაც შეეხება თითოეულ ნარატივს, მაგალითად - ომი და მშვიდობა, აბსოლუტური აბსურდია. როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ომის შიშში ამყოფებდე და ეუბნებოდე, რომ მე თუ ამირჩევ, მხოლოდ მაშინ გექნება მშვიდობაო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, როგორ მშვიდობას სთავაზობს "ოცნება" ხალხს. სახელმწიფოებრიობის გაუქმების ხარჯზე მოპოვებული მშვიდობა უნდა ვინმეს?
- თუ სახელმწიფოებრიობას გავაუქმებთ, მით უფრო არ გვექნება მშვიდობა, რადგან რუსეთი მუდმივად საოკუპაციო ომებს აწარმოებს და გვენდომება თუ არა, ამაში მონაწილეობა მაინც მოგვიწევს.
- დიახ, ეს ხომ ელემენტარულია. ნებისმიერ პოლიტიკურ სახელმძღვანელოში შეიძლება ამის ამოკითხვა - თუ სახელმწიფო სუსტია, მასზე ყველა მეზობელი კბილებს ილესავს, ხოლო თუ საკუთარი ნებით აუქმებს სახელმწიფოებრიობას, ძალიან მალე დადგება მისი ფიზიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური გაუქმების საკითხიც სხვა ქვეყნის მიერ... მეორე ნარატივი - დასავლეთი თუ რუსეთი - ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობას. თუ ჩვენ ახლა სწორ არჩევანს ვერ გავაკეთებთ და ხელისუფლებაში "ოცნებას" დავტოვებთ, მივიღებთ იმას, რასაც გვპირდებიან: პოლიტიკური ოპოზიციის მოსპობას და "ოცნების" ერთპიროვნულ მმართველად დარჩენას, რაც თავისთავად გამოიწვევს ამერიკული და ევროპული სანქციების დაწესებას, დასავლეთის სივრციდან გარიყვას და პოლიტიკური ადმინისტრაციის რუსეთთან მიერთებას. პოლიტიკური ვაკუუმი გამორიცხულია. დღევანდელ მსოფლიოში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს ყველა სახელმწიფოსა და ყველა ფაქტორისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, თუ დასავლეთს დავშორდებით, რუსეთში აღმოვჩნდებით. მით უფრო, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც არიან: რუსეთი, თურქეთი და ირანი. ანუ თუ ამერიკას და ევროკავშირს "გავიყვანთ", მარტო ვრჩებით იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ჩვენზე გაცილებით დიდი ზვიგენები დაცურავენ და არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა ლიბერალური, დემოკრატიული, მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკით. მგონია, რომ ეს არც ერთი საღად მოაზროვნე ქართველის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
ხათუნა ბახტურიძე