"სინჯიკა" - მომღერალთა ოჯახის შთამომავალი კახური ფესვებით - გზაპრესი

"სინჯიკა" - მომღერალთა ოჯახის შთამომავალი კახური ფესვებით

კარგად მღეროდნენ და მუსიკალური ოჯახის წყალობით, სიმღერის სიყვარულიც ადრეული ბავშვობიდან მოჰყვება. 31 წელია აღნიშნული ანსამბლის წევრია და მას ყველგან მეტსახელით "სინჯიკა" იცნობენ.

- ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა, მაგრამ დედის მხრიდან წინაპრებს, სიმღერასთან უფრო მეტი სიახლოვე ჰქონდათ. პაპაჩემის მამას - კიმოთეს ყვარელში, ახალსოფელში თავისი გუნდი ჰყავდა. 1937 წელს, თბილისში, ოპერის თეატრში რაიონში არსებული ანსამბლების კონცერტი ტარდებოდა. მასში პაპაჩემის მამის გუნდიც მონაწილეობდა და პირველი ადგილი დაიმსახურეს. საჩუქრად პატეფონი გადასცეს, რომელიც დღემდე ჩემს სახლში ინახება. რაც შეეხება პაპაჩემ ილიკო ჯამასპიშვილს (ანუ დედაჩემის მამას), ის ყვარლის გუნდში მღეროდა. თავდაპირველად სიმღერა მისგან ვისწავლე. შინ მეგობრების მიპატიჟებას იმ დროს ამთხვევდა, როცა მე სოფელში ჩავდიოდი. ამას სპეციალურად აკეთებდა, რომ მათი სიმღერისთვის მომესმინა და თან, ერთად გვემღერა. ამავდროულად, იმ დიდ კაცებში ზოგჯერ მათამადებდა კიდეც. იდეალურად მღეროდა ბებიაჩემიც. ახლაც, ოჯახი ერთად რომ შევიკრიბებით, დედაჩემიც მღერის, ბიძაც და დეიდაც. მაშინ ამდენი ტრანსპორტი არ იყო, სოფელი ისე მიყვარდა, ზოგჯერ შაბათ-კვირის გარდაც, შუა კვირაში, ვარჯიშის მერე, დაბინდებულზე, ხან ავტობუსს მივყვებოდი და ხან იქით მიმავალ მანქანას.

- რა სპორტზე დადიოდით?

- არაერთ წრეზე დავდიოდი: ჭიდაობაზე, კარატეზე. პარალელურად, ხალხურ საკრავთა სტუდიაშიც ვსწავლობდი, ცეკვაზეც დავდიოდი და ბატონ თემურ ქევხიშვილთან სიმღერაზე.

ამ ყველაფერს როგორ ვასწრებდი, ვერ ვხვდები. მამის მხრიდანაც ოჯახში იგივე სიტუაცია მქონდა: პაპა იდეალურად უკრავდა ფანდურს, ბებია კარგად მღეროდა და შესაბამისად, ეს ნიჭი მამაჩემსაც გადაეცა, ბევრ ქართლ-კახურ სიმღერას ასრულებს კარგად. მამაჩემის, ნოდარ სინჯიკაშვილის დამსახურებაა, რომ ვმღერი. მას უნდოდა ოჯახში სიმღერის ტრადიცია არ დაგვეკარგა და საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ყველაზე მეტი დრო სიმღერას დავუთმე.

- თემურ ქევხიშვილზეც ვისაუბროთ, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავი ლოტბარი იყო, არამედ პედაგოგიც, რომელმაც უამრავი თაობა აღზარდა...

- დიახ, თემურ ქევხიშვილთან გავიზარდე. დღეს ვინც სხვადასხვა ანსამბლში მღერის, თითქმის ყველა ჩემი თაობაა და ვმეგობრობთ. თემური პატარა რომ იყო, ხშირად მიდიოდა პაპაჩემ ილიკოსთან და მის სამეგობროს უსმენდა. თემური სასწაული მასწავლებელი იყო და ასეთივე ხუმრობა იცოდა. ერთხელ, თემურ ქევხიშვილთან სწავლისას, ჩვენი ანსამბლის წევრების მშობლებმა, ერთ-ერთის სახლში ქეიფი გამართეს. სუფრაზე ჩვენი პედაგოგი მეუღლესთან ერთად იყო მიწვეული. მამაჩემი და დედაჩემიც იქ იყვნენ. სიმღერა ყველას ერიდებოდა, - თემური აქ არის და ჩვენ როგორ ვიმღეროთო? ცოტა ხანში მამაჩემი თამადასთან მისულა და კახურად უკითხავს, - აქ გარემო ცუდი ამბავი ხომ არ ტრიალებსო. თამადა მიხვედრილი კაცი ყოფილა და უპასუხია: არა, არა, თუ შეგიძლიათ, იმღერეთო. მამაჩემს სიმღერა წამოუწყია და თემურს ჩაულაპარაკია, რომ არ ავყვე, არ გამოდისო. მგონი, "შემოძახილი" იმღერეს, ზუსტად არ მახსოვს. ბოლოს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოურთმევიათ. მამაჩემს კი ხუმრობით უთქვამს, - "მალადეც", თემო, სიმღერა გცოდნიაო (იცინის). ატეხილა სიცილ-ხარხარი.

- ზოგადად, კახური იუმორი ცნობილია, გაუგებდნენ ერთმანეთს...

- კი, რასაკვირველია, ხუმრობა გაიგო... მოკლედ, ამის შემდეგ ასე მოხდა: 16 წლის ვიყავი, როცა გზად გივი ბაკურაძე შემხვდა. ჩვენ ერთად ვმღეროდით. მითხრა, - წამო, სახელმწიფო ანსამბლში (რომელსაც შემდეგ "ერისიონი" დაერქვა) გაესინჯეო. ცოტა კი მერიდებოდა, მაგრამ უსწავლელი არ ვიყავი, ვმღეროდი და თითქმის ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავდი: სალამური, ფანდური, დოლი, გარმონი და ა.შ. მოვედი. ორშაბათი იყო. 2 კვირის შემდეგ, ბატონმა ჯემალმა ანსამბლში ჩამსვა, თან ხელფასი დამინიშნა, რაც მაგრად გამიხარდა. ბევრი კი არ იყო, მაგრამ 16 წლის ბავშვს რომ ხელფასი მქონდა, ეს მიხაროდა.

3-1727635769.jpg

- თითქმის ყველას ახსოვს როგორ დახარჯა პირველი ხელფასი, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი...

- მეც მახსოვს. როგორც კი პირველი ხელფასი ავიღე, მაშინ ჩემზე უფროს მეგობრებთან ერთად, თაბუკაშვილის ქუჩაზე, "წერტში" წავედით. კარგად მოვულხინეთ, ვიმღერეთ და ასე დავხარჯე პირველი ხელფასი ბიჭებთან ერთად. მახსოვს, გვერდით მაგიდებიდან პატივი გვცეს და სასმელი გამოგვიგზავნეს. ადრე ასე ხშირად ხდებოდა და ხალხი თავის პატივისცემას ასე გამოხატავდა.

- ახალმოსული, ანსამბლში ყველაზე მეტად ვის დაუმეგობრდით?

- უფროსი თაობიდან ყველა გვერდში მედგა და პატივს მცემდა. მეც ვცდილობდი, მათ სულ გვერდში დავდგომოდი. ახლოს ვიყავი ძმებ ბაკურაძეებთან, რომლებთანაც ჯერ კიდევ თემურ ქევხიშვილთან სწავლისას ვღეროდი. მათ შემდეგ, ასე ვთქვათ, თავისი "გული მიჩვენა" ახლა უკვე ჩემმა ნათლულმა სოსო ზაქარიაძემ. ანსამბლში ბევრი ვართ ასე, ერთმანეთის ნათელ-მირონი და ოჯახებით ვახლობლობთ. სხვებთან ერთად, ამ ანსამბლში დამხვდა ნუგზარ კურცხალია, დიდი მომღერალი და პიროვნება. სანამ სოლოს მამღერებდნენ, მას ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა ჩემი თავი ჩააბარა, ამეცადინე ხოლმეო. ახლა "ჩაკრულოს" მე და ილია გელაშვილი ვმღერით, მაგრამ თავიდან მრავალი წლის განმავლობაში, "ჩაკრულოს" "სოლოებს" ნუგზარ კურცხალია და მე ვასრულებდით. პირველ ხმას მე ვამბობდი, ის მეორეს. არაჩვეულებრივი შემსრულებელი იყო. ბატონი ჯემალიც ამბობდა, თქვენი ხმები ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყოო. ნუგზარი მართლა მაგარი კაცი იყო. დიდ დროს ვატარებდით ერთად. ყოველ საღამოს სადმე ვიყავით დაპატიჟებული ან ერთმანეთთან ოჯახებში ვიკრიბებოდით. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბატონ ჯემალთან. ის ყოველთვის მამა-შვილურად მეპყრობოდა. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება შენიშვნა მიმეღო, ორკესტრის რეპეტიციებზე დაგვიანება იყო. ყოველ დილას ცალკე დრო ეთმობა ორკესტრის რეპეტიციებს, სადაც მე ფანდურზე ვუკრავ, შემდეგ უკვე სიმღერა იწყება და მოგვიანებით გაერთიანებული რეპეტიციაა: სიმღერა-ცეკვა. სხვათა შორის, დღესაც იგივე პრობლემა მაქვს, არ მინდა ეს ორკესტრი. ბატონი ჯემალი გამიბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ საღამოობით სადმე ვახშამზე მივდიოდით და იქ შევრიგდებოდით ხოლმე.

- სუფრაზე რომ ხვდებით, სხვები ფიქრობენ, მომღერალია და იმღერებსო, მაგრამ ხომ არის დღეები, როცა უბრალოდ სიმღერის გარეშე გინდათ მოლხენა?

- ჰო, მაგრამ სიმღერის გარეშე მაინც არ მტოვებენ, მერე ტელეფონებით ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში დებენ. ვეუბნები, თუ ასე გინდათ, როცა ფხიზელი ვარ და ვმღერი, მაშინ გადამიღეთ-მეთქი, მაგრამ არა (იღიმის). თან მერე ყველამ იცის, სად იყავი. ჩუმადაც რომ გაიპარო სადმე სუფრაზე, მაინც ყველა იგებს.

- ჰო, დღეს ასეთი დროა... "ერისიონის" პარალელურად, თუ ახერხებდით სხვაგან სიმღერას?

- კი, სხვათა შორის, ვახერხებდი. ახალგაზრდობაში ყველაფერს ასწრებ. მაგალითად, პარალელურად ვმღეროდი სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში, რომელსაც დღეს "ქართული ხმები" ჰქვია. ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლში "ფესვები", რომელსაც უკვე არაერთი წელია ხალხი "შვიდკაცას" სახელით იცნობს. მიყვარდა მათთან ყოფნა, მათაც - ჩემთან სიმღერა და ვიყავით ასე (იღიმის).

- ალბათ, "სცენის შიში" არასდროს გექნებოდათ, ბავშვობიდან იყავით შეჩვეული...

- რაც უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს, "სცენის შიში" მაინც ყოველთვის არსებობს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცერტის წინ იფიქრო, ვაიმე, ახლა ვერ გავალ და ვერ ვიმღერებ, მაგრამ ხალხის წინაშე წარდგომას, ყოველთვის გარკვეული ღელვა ახლავს. თუმცა, სცენაზე რომ დადგები, მერე უკვე მორჩა, ყოველგვარი შიში გავიწყდება. ერთხელ პარიზში ვიყავით. სიცხე მომცა. საერთოდ, ასე ვიცი ხოლმე, 37-მდე თუ ადის, ძალიან ცუდად ვარ.

4-1727635753.jpg

- მხოლოდ თქვენ არა, ასე იცით მამაკაცებმა, 37 გრადუს სიცხეზე "იხოცებით"...

- ჰო (იცინის). მოკლედ, მივიღე წამლები, მაგრამ ფორმაში მაინც ვერ ვიყავი. თან მაღლიდან განათება რომ ჩაირთო, უფრო ცუდად გავხდი. სცენაზე ისე გავედი, ფარდებს ვებღაუჭებოდი. შეიძლება ეს არავის შეუმჩნევია, მაგრამ მე ხომ ვიცოდი. სცენაზე რომ დავდექი, თავბრუ დამეხვა. კახური "მრავალჟამიერი" უნდა მემღერა. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე და დავიწყე. კი ვმღეროდი, მაგრამ ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. სიმღერა რომ დავამთავრე, კულისებში რომელი მხრიდან უნდა გავსულიყავი, არ ვიცოდი, მაგრამ გავაღწიე და მერე ნელ-ნელა აზრზეც მოვედი.

- მოსწავლეების აყვანას არ აპირებთ?

- სულ ვფიქრობ, იმ ქვეყნად ისე არ უნდა წახვიდე, რომ რამდენიმე კაცი არ გაზარდო. სხვაგვარად არ შეიძლება. არ ვიკვეხნი, მაგრამ გამოცდილება თავისას შვრება. სულ ერთნაირად არასდროს ვმღერი, იმპროვიზაციის უნარიც მაქვს, მაგრამ რასაკვირველია, ესეც ჩარჩოს ფარგლებში უნდა იყოს და არა შენებურად და როგორც გინდა. ახლა მოსწავლეები არ მყავს, მაგრამ ალბათ, მომავალში მეყოლება.

ანა კალანდაძე