აფხაზი ოპონენტების მიერ გადარჩენილი ქართველი ისტორიკოსის ამბავი - გზაპრესი

აფხაზი ოპონენტების მიერ გადარჩენილი ქართველი ისტორიკოსის ამბავი

ვინც თავად შეესწრო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებოდა რუსეთის მიერ პროვიცირებული ომი აფხაზეთში, ორივე მხარის შეცდომებით. გარკვეული ხნის განმავლობაში მას თავისი სტუდენტების ტყვეობაშიც მოუწია ყოფნამ, თუმცა, შემდეგ, მათივე ძალისხმევით, სამშვიდობოს გამოაღწია...

- ვიდრე კონკრეტულ თემაზე გადავიდოდე, იმ კამპანიას მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ახლა მიმდინარეობს - სანამ დროა, გონს მოეგეთ! შეეშვით ისტორიული ჭეშმარიტების რევიზიას და ქართველი საზოგადოებისათვის კრემლის მთავარი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მავნებლური გზავნილის თავს მოხვევას... რუსული დაკვეთებით ისტორიას ვერ გადაწერენ, შთამომავლობა ამას არ აპატიებთ.

პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, იმ პროცესებისგან შორს არასდროს ვყოფილვარ... ჩემი ისტორიკოსად ჩამოყალიბება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ასპირანტურის კურსი გავიარე და საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი. ამგვარი მეცნიერული "წრთობის" შემდეგ, ჩემთვის პროვინციული და მიკერძოებული აზროვნება უცხო იყო. 1976 წელს საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტრომ, სამუშაოდ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გამგზავნა. მუშაობის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები იმაზე მეტად იყო დაძაბული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

სხვა საგნებთან ერთად, ლექციებს საქართველოს ისტორიაშიც ვკითხულობდი და როდესაც აფხაზი ისტორიკოსების მიერ ფალსიფიცირებული ისტორია წავიკითხე, გაოცებული დავრჩი. ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავდა აფხაზი ეთნოგრაფი და ისტორიკოსი, პროფესორი შალვა ინალ-იფა, რომელიც ნაციონალისტურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1976 წელს გამოსცა მან ერთგვარად "საპროგრამო" წიგნი: "აფხაზთა ეთნოკულტურული ისტორიის საკითხები", რომელმაც ტენდენციური და მეცნიერული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელი დებულებების გამო, ქართული სამეცნიერო წრეების კრიტიკა გამოიწვია. ვნებათაღელვის ჩასაცხრობად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ინალ-იფას ნაშრომზე რაღაც ფორმით რეაგირება მოეხდინა.

1977 წლის მარტში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში მოეწყო წიგნის განხილვა. მანამდე სოხუმის სახელმწიფოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორმა (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო უნივერსიტეტი), გამოჩენილმა აფხაზმა მეცნიერმა, ქართული საისტორიო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელმა, პროფესორმა ზურაბ ანჩაბაძემ შემომთავაზა ინალ-იფას წიგნში განხილული ერთ-ერთი თემის ირგვლივ აზრი გამომეთქვა.

abxazeti3-1727636132.jpg

- რა თემაზე უნდა გესაუბრათ წიგნის განხილვაზე?

- საკითხი ეხებოდა ძველ რუსულ წერილობით ძეგლებში დაფიქსირებულ ტერმინ "ობეზის" (აფხაზეთი, აფხაზი) რეალურ შინაარსს. ეს თემა დამუშავებული მქონდა ჩემს საკანდიდატო დისერტაციაში, რომელიც ძველი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა XI-XII საუკუნეებში. მე ახალი არგუმენტებით გავამყარე ქართულ ისტორიოგრაფიაში ურყევად მიჩნეული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ტერმინ "ობეზის" ქვეშ, ძველი რუსი ავტორები გულისხმობდნენ აფხაზეთს, აფხაზს მხოლოდ და მხოლოდ ფართო გაგებით, ანუ ერთიან ქართულ სახელმწიფოს და მის მოსახლეობას მთლიანად და არა საკუთრივ აფხაზეთსა და აფხაზებს დღევანდელი მნიშვნელობით, როგორც ამის დამტკიცებას ცდილობდა ინალ-იფა თავის მონოგრაფიაში. ერთი სიტყვით, კრიტიკული რეცენზია მოვამზადე.

განხილვა მოეწყო გულიას სახ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ინალ-იფას დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. განხილვას უძღვებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი, გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი გიორგი ძიძარია და პროფესორი ზურაბ ანჩაბაძე. მთავარი მომხსენებელი ბატონი ზურაბი იყო. თავის გამოსვლაში, მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ინალ-იფას ნაშრომი. კრიტიკულები იყვნენ სხვა გამომსვლელებიც, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო აფხაზი ენათმეცნიერი ხუხუტი ბღაჟბა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შემდგომში აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ცნობილი იდეოლოგი, არქეოლოგი იური ვორონოვი, რომლის გამოსვლას სეპარატისტულად განწყობილი აუდიტორიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სწორედ ვორონოვის შემდეგ მომიწია გამოსვლამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ტექსტი მკაცრ აკადემიურ ჩარჩოებს არ გასცდენია და ტონი გამაღიზიანებელი არ იყო, აუდიტორიამ სრული ობსტრუქცია მომიწყო. მათ თვალში თავხედი ლაწირაკი ვიყავი, რომელიც ცდილობდა ჭარმაგი მეცნიერის "საქვეყნოდ აღიარებული დამსახურება" ეჭვქვეშ დაეყენებინა. იმ დღეს მივხვდი, რომ დიმიტრი გულიას სახელობის ინსტიტუტი სეპარატისტების ნამდვილი ბუნაგი იყო...

ასე დაიწყო ჩემი ბრძოლა აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ. მას შემდეგ, საქართველო-აფხაზეთის ისტორიის სეპარატისტულ ხედვას ღიად ვაკრიტიკებდი, რასაც მოჰყვა კიდეც ჩემი დევნა-შევიწროება. განსაკუთრებით აქტიურად შემომიტიეს 1982 წელს, მას შემდეგ, რაც ჩემი საკანდიდატო ნაშრომი ცალკე წიგნად გამოიცა. მასში ფაქტობრივად აისახა ჩემი კრიტიკული შენიშვნები ინალ-იფას წიგნზე. ცეცხლზე ნავთი იმანაც დაასხა, რომ ჩემი მონოგრაფია აღინიშნა იმჟამად ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდოთი - საქართველოს კომკავშირის პრემიით. ეს ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ერთგვარ გამოწვევად მიიღეს და ჩემი სამსახურიდან დათხოვნა, აფხაზეთიდან გასახლება მოითხოვეს (თვით სკკპ ცენტრალური კომიტეტის დონეზეც). ასეთ კრიტიკულ ვითარებაში მუდმივად მხარში მედგა ბატონი ზურაბ ანჩაბაძე და ცნობილი ქართველი მეცნიერები: აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და სხვები. ეს სეპარატისტებთან ბრძოლის სტიმულს მაძლევდა.

- კონკრეტულად, რას ვერ ეგუებოდნენ აფხაზები?

- არც ერთ ზეპირ თუ წერილობით გამოსვლაში აფხაზი ცუდად არ მომიხსენიებია, პირიქით, სულ ვამბობდი - აფხაზები და ქართველები ამ მიწის მკვიდრნი ვართ და ერთი ისტორიული წარსული გვაქვს. ხშირად ვიშველიებდი აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ცნობილ თეზას: "ვეფხისტყაოსნის" ეპოქის ქართული ცივილიზაცია აფხაზსაც ისევე ეკუთვნის, როგორც ქართლელს, იმერელს, ჰერ-კახს, მეგრელს, სვანსა და ა.შ. აფხაზებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ, ნიკო ბერძენიშვილს მტრად მიიჩნევდნენ. მათი მტკიცებით, შუა საუკუნეებში აფხაზეთი (პირველ რიგში, "აფხაზთა" სამეფო) დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეული იყო, რომელსაც არაფერი აკავშირებდა ქართულ სამყაროსთან; რომ ქართველები იქ XIX საუკუნიდან, "მუჰაჯირობის" შემდეგ ჩასახლდნენ. არადა, აფხაზეთი ეთნო-კულტურულად და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივად ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული ისტორიის მანძილზე ქართული სამყაროს ორგანული ნაწილი იყო. შუა საუკუნეების მთელი კულტურული მემკვიდრეობა, დრანდა, მოქვი, ბიჭვინთა და ა.შ. საერთო-ქართული ცივილიზაციის ნაწილია... სხვათა შორის, არასოდეს უარვყოფდი, რომ აფხაზები თანამედროვე აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობაა და რომ ისინი სულ ცოტა, ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ ქართველებთან (ძირითადად, მეგრელებთან) ერთად. ამიტომაც არის, რომ ამჟამინდელ აფხაზთა თითქმის ნახევარს გააფხაზებული ქართველები, მათ შორის, ჩემი და თქვენი მოგვარეები შეადგენენ. სოხუმში არსებობს ივანე პაპასკირის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა და ამ ადამიანის ღვაწლზე აფხაზები სიამაყით საუბრობენ, თუმცა ის აფხაზური ფესვებიდან არ მოდის...

abxazet4-1727636145.jpg

- სოხუმის დაცემის შემდეგ ტყვეობაში აღმოჩნდით.

- მათ ტყვეობაში 100 დღე გავატარე და ამ პერიოდმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა... ვინაიდან ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს და არც მეომრის სულია ჩემში, იარაღი არასდროს მჭერია - მე ჩემი "იარაღი" მქონდა. თსუ-ში სწავლის დროს სამხედრო კათედრა გავიარე და თადარიგის ოფიცერი ვიყავი. ამიტომაც, სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ, მიზანშეწონილად ჩავთვალე, ჩემი სტუდენტების გვერდით დავმდგარიყავი და სამშობლოს დაცვაში მოკრძალებული წვლილი შემეტანა, რაც ქართული ჯარის პატრიოტულ აღზრდას გულისხმობს. ასე მოვხვდი საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარმიო კორპუსის პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილებაში, უფროს ოფიცრად. რატომღაც ბოლომდე მჯეროდა, რომ ომი მალე დამთავრდებოდა და შევრიგდებოდით, რადგან მე ვიცნობდი აფხაზებს და ვიცოდი, ისინი პოლიტიკურზე წინ ადამიანურ ურთიერთობებს დააყენებდნენ. როცა აფხაზურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დაარღვია, ისე განვიცადე, რამდენიმე დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი. სოხუმის "ახალი რაიონის" II მიკრორაიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სულ ბოლოს დაეცა. დარჩენისკენ სხვებს მოვუწოდებდი და მე აქაურობა როგორ დავტოვო-მეთქი? - წასვლა არც კი მიცდია. დედასა და მეუღლესთან ერთად სახლში ვიყავი. მახსოვს, სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს აფხაზი კარის მეზობელი, დაურ კვიწინია დამადგა, ხელში იარაღი ეჭირა და მომიბოდიშა, - მაპატიე, რომ იარაღით შემოვედიო... 10 დღე ჩემი აფხაზი და სომეხი მეზობლების მფარველობის ქვეშ ვიყავით. რამდენჯერმე კარის შემომტვრევა და ჩემი განადგურება სცადეს, მაგრამ მეზობლები გადაუდგნენ. მახსოვს, ჩემი სომეხი მეზობელი კალაიჯიანი თანაკლასელ აფხაზს - უშიშროების სამსახურის ოფიცერს ჩემ გამო ლამის მუხლებში ჩაუვარდა. ეხვეწებოდა, ეს კაცი ავადმყოფია და არ წაიყვანოო... ბოლოს 7 ოქტომბერს უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა კატეგორიულად მოითხოვა ჩემი წაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალის გამოყენებით დაიმუქრა. სხვა გამოსავალი არ მრჩებოდა, ოჯახის აწიოკების თავიდან ასაცილებლად, "ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე", მით უფრო, რომ ჩემი მეზობლები და თანამებრძოლები - რენო სურმავა და გიორგი ტონაკანიანი უკვე დაპატიმრებულები იყვნენ.

სოხუმის უშიშროებამდე მიყვანა ახლობელ აფხაზს ვთხოვე. იმ დღეებში არაერთი ცნობილი ქართველი: მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ასაკოვანი ხალხი სრულიად უდანაშაულოდ დახვრიტეს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, არ მეშინოდა-მეთქი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. უშიშროების სამსახურში იმ პირთა სამგვერდიანი სია დამიდეს, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდათ ქართველ მოსახლეობაში. ჩემი გვარი მეორე გვერდზე ეწერა... ვნერვიულობდი. ჩემს ყოფილ აფხაზ სტუდენტებსაც მოვკარი თვალი. ერთმა თვალი ამარიდა, მეორე კი, გვარად აგრბა, გადამეხვია და თბილად მომიკითხა. როცა აფხაზმა მაორმა იარაღის კონდახი სახეში ჩამარტყა, ის და კიდევ მისი ერთი მოგვარე წინ გადაუდგნენ და ჩემი ცემის უფლება არ მისცეს... იმ დღეს იყო ჩემი დახვრეტის მცდელობა, მაგრამ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა ოთარ დელბამ გადამარჩინა...

- იცოდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდით?...

- დიახ, მაგრამ მათი აგრესიის მთავარი მიზეზი მაინც ჩემი სამოქალაქო საქმიანობა იყო. იდეოლოგი ხარ. 1989 წელს უნივერსიტეტის გახლეჩა და სისხლის ღვრა შენს კისერზეაო... ერთი სიტყვით, ბრალად ორი მუხლი - ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა წამიყენეს. თავის დაცვა არ გამჭირვებია. ღიად ვამბობდი, რომ ქართულ მხარეს მთელი ომის განმავლობაში არასოდეს განუცხადებია, აფხაზი ჩვენი მტერია და ის გავანადგუროთ, ჩვენ ეს დაპირისპირება ყოველთვის ძმათამკვლელ ომად მიგვაჩნდა და აფხაზებს "ძეშეცდენილ" მოძმეებად განვიხილავდით-მეთქი. ჩვენი იდეოლოგია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი იყო. ჩემი "დანაშაული" კი იმაში მდგომარეობდა, რომ სეპარატისტული კურსის აქტიური ოპონენტი ვიყავი. მათზე გავლენა იმან მოახდინა, რომ საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობა არ მიმიღია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ისინი ჩემი "დანაშაულის" დამტკიცებას და ჩემს გაფუჭებას არ ცდილობდნენ.

საკანში ჩემთან ერთად ძირითადად ქართველები (აქა-იქ სომხები, რუსები და უკრაინელებიც) იყვნენ... ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა. საკანში ისეთი ნესტი იყო, ფაქტობრივად, სველ ლეიბებზე ვიწექით, მაგრამ რა მოსატანია ეს იმ ფსიქოლოგიურ სტრესთან, რაც მაშინ გადავიტანე.

მეუღლემ მოახერხა და ჩემი დაპატიმრებიდან ერთ კვირაში, დედაჩემი ზუგდიდში გამოამგზავრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემს სანახავად მოვიდა. დედას შენც რატომ არ გაჰყევი-მეთქი? მეშინოდა, ზეწოლისთვის არ გამოეყენებინათ. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცოცხალი იყავიო. იმავე დღეს მივიდა ჩემს ყოფილ სტუდენტთან, იმჟამად სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსანთან, მინისტრთან და ამავე დროს ტყვეთა გაცვლის კომისიის აფხაზური მხარის თავმჯდომარე ბესლან კობახიასთან და დახმარება სთხოვა. ბოლოს, ჩემი მეზობლების წყალობით, ჭუბურხინჯის გზით გაიყვანეს...

- რაულ ხაჯიმბაც თქვენი სტუდენტი იყო.

- დიახ, მას საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც "სამართალმცოდნეობის" სპეციალობის რუსულ სექტორზე სწავლობდა ქართველებთან, რუსებთან და სომხებთან ერთად. ნიჭიერი, ნაკითხი ადამიანი იყო. აფხაზურ აუდიტორიაში ასეთი ცოტა შემხვედრია... მის კურსთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთადერთი არაიურისტი ლექტორი ვიყავი, რომელიც კურსმა გამოშვების საღამოზე მიიწვია... უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის მე აღარსად შემხვედრია. გვიან გავიგე, რომ უშიშროებაში მუშაობდა. პირველად ჩემთან დაპატიმრებიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ მოვიდა, რათა თან მხლებოდა სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერისას, რომელიც აფხაზმა სამართალდამცველებმა "შემომთავაზეს".

ინტერვიუს უძღვებოდა "გენერალური პროკურორის" მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ბგანბა, რომლის შვილიც ომში მოუკლავთ. აგრესიული იყო, დახვრეტითაც კი დამემუქრა, მაგრამ 5-საათიანი დაკითხვისას ჩემი მეუღლის დეიდა, ეთერი კომახიძე ვახსენე, რომელიც მისი დის - ლილი ბგანბას ახლო მეგობარი იყო. ერთბაშად მოლბა, თავი დახარა და მითხრა: თქვენ იცით, რომ ეთერი დავითის ასული დედაჩემის დაკრძალვაზე იყოო... ანუ ისეთ მძიმე ვითარებაშიც კი, ადამიანური ურთიერთობები გადამწყვეტი აღმოჩნდა და უკვე იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ციხიდან გასვლის შემდეგ, აფხაზეთიდან გალის გავლით გამოვსულიყავი თუ ადლერიდან.

როცა საკნიდან გამომიყვანეს და იზოლატორის სამორიგეო ოთახში შემიყვანეს, სწორედ იქ დამხვდა რაული. ძალიან თბილად შემხვდა, გადავეხვიეთ ერთმანეთს. ზედამხედველები გაოცებული გვიყურებდნენ. მერე სამინისტროს შენობაში გადამიყვანა, სადაც უკვე ცნობილი ტელეჟურნალისტი გიორგი გულია, დიმიტრი გულიას შვილიშვილი ვნახე, რომელიც 5 წელი ჩემი სტუდენტი იყო... თავხედურად მელაპარაკა. წავკამათდით კიდეც. - რა არ გყოფნიდათ ქართველებს, ყველაფერი თქვენს ხელში იყოო, რაზეც საკადრისი პასუხი გავეცი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზებს ეშინოდათ, ციხიდან გასვლის მერე ვინმეს არ მოვეკალი... საბოლოოდ გადაწყდა, "წითელი ჯვარი" ადლერში ჩამიყვანდა, იქიდან კი თვითმფრინავით თბილისში ჩამოვედი.

აფხაზებმა უნდა შეიგნონ, რომ ეს იყო ძმათამკვლელი ომი, რომელშიც გამარჯვებული არ არსებობს და მოხდა ეთნოწმენდა. აფხაზურმა მხარემ უნდა აღიაროს, რომ აფხაზეთი არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახლი, რომელშიც აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ დევნილები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ, შევძლებთ თუ არა ერთად ცხოვრებას ერთიან სახელმწიფოში.

ლალი პაპასკირი