"საზოგადოებაში რცხვენიათ ჩვენი აღიარების" - გზაპრესი

"საზოგადოებაში რცხვენიათ ჩვენი აღიარების"

ტრანსგენდერობა ბევრი ადამიანისთვის ტაბუ და ტვირთად ქცეული საკითხია, განსაკუთრებით ისეთ კონსერვატიულ და ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუმცა ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი სექსუალური იდენტობისთვის, შეუძლიათ, რომ ახალ სამყაროში იპოვონ თავიანთი ადგილი.

ეს ინტერვიუ ჩავწერე ნინასთან, ტრანსგენდერ ქალთან, რომელიც 5 წლის წინ საქართველოდან გაიქცა და ბელგიაში ცხოვრობს. ნინას ისტორია განსაკუთრებულია, რადგან მას არ ჰქონდა ძალა და მტკიცე ნებისყოფა, როგორც ცნობილ ტრანსგენდერ აქტივისტ კესარია აბრამიძეს, რომელმაც გაბედა ებრძოლა საზოგადოებრივი სტერეოტიპებისა და სოციალური მტრობის წინააღმდეგ.

- 5 წლის წინ გადავწყვიტე გავქცეულიყავი საქართველოდან, რადგან ჩემთვის იქ ყოფნა უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. ვიცოდი, რაკი ტრანსგენდერი ვიყავი, ერთ დღეს შეიძლებოდა, ცოცხალი ვეღარ დავბრუნებულიყავი სახლში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს იყო რეალური შიში, რომელიც მუდამ თან მდევდა. მუდმივად ვგრძნობდი ფიზიკურ თუ მორალურ ზეწოლას და ვერ ვხედავდი ჩემს მომავალს იქ. მე უბრალოდ მინდოდა უსაფრთხოება და სიმშვიდე.

- რა გრძნობები გქონდა, როდესაც საქართველო დატოვე?

- ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის გამო. დედა და ოჯახის წევრები, რომლებმაც ზურგი მაქციეს, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. ისინი ვერ მოერივნენ ჩემს იდენტობას და უარი თქვეს ჩემზე. საქართველოში ქალები არ არიან დაცულები, მით უმეტეს, თუ ეს ქალი ტრანსგენდერია. იქ ძალიან მკაცრი და საშიში გარემოა ჩვენთვის.

- როგორია შენი ცხოვრება ახლა, ბელგიაში უსაფრთხოდ ხარ?

- დიახ, ნამდვილად. ბელგიაში სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს. აქ არავინ მიყურებს, როგორც მტერს. თუმცა, ჯერ კიდევ მაქვს სირთულეები გადასალახი, რადგან წარსულის ტკივილი არ გამქრალა. ბელგიაში თავისუფლად შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ, გავთავისუფლდე ტკივილებისგან, მაგრამ შინაგანად მაინც მთრგუნავს ამბავი, რომ ოჯახმა და სამშობლომ უარი თქვეს ჩემზე... მტკივნეულია, რომ უამრავი ტრანსგენდერი ქალი და მამაკაცი საქართველოში დღემდე იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის. ჰომოფობია, სექსიზმი და ქალების დაუცველობა ღრმად არის გამჯდარი საზოგადოებაში. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს საშუალება ან ძალა, გაიქცეს ან იბრძოლოს...

- ოდესმე შეძლებ დაბრუნდე საქართველოში?

- გულში ყოველთვის იქნება სურვილი, შინ დავბრუნდე, მაგრამ ამ მომენტში ეს შეუძლებელია. ახლა ჩემი ადგილი აქ არის, ბელგიაში. თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ერთხელ მაინც დავბრუნდე საქართველოში - ქვეყანაში, სადაც უდიდესი ტკივილიც ვიგემე, მაგრამ იქ ასევე, ჩემი იდენტობის ნაწილი დარჩა.

- რას გვეტყვით კესარია აბრამიძის ტრაგიკულ სიკვდილზე?

- ეს ამბავი დიდი ტკივილით ავსებს ჩემს გულს. კესარია ყოველთვის იყო გამბედაობის მაგალითი – ქალი, რომელმაც გაბედა ებრძოლა საკუთარი არსებობისთვის და ეცხოვრა, როგორც ტრანსგენდერს. მისი სიკვდილი ტრაგიკული მოწმობაა იმისა, თუ რამდენად დაუცველები არიან ტრანსგენდერები და არა მხოლოდ ისინი. ეს არის არა მხოლოდ ინდივიდუალური დანაშაული, არამედ სოციალური სიძულვილის შედეგი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ის ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ სასტიკ სიკვდილს. 28 ჭრილობა – წარმოგიდგენიათ, როგორ დაუნდობლად მოექცნენ? ეს არ იყო უბრალოდ მკვლელობა, ეს იყო სიძულვილის, აგრესიის და მიუღებლობის ნაყოფი. აი, რამდენად საშიში შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობა ჩვენთვის. საზოგადოებაში რცხვენიათ ჩვენი აღიარების. სისტემა არ გვიცავს და ეს არის მთავარი პრობლემა. ასეთი ტრაგედიები მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს შიშს და დაუცველობის შეგრძნებას. კესარიას სიკვდილი ცხადყოფს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, სოციალური აღიარება და ძლიერი სამართლებრივი მექანიზმები, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და სიცოცხლე.

ფიქრია რობაქიძე,

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან