"ყოველთვის სტუდენტების მხარეს ვიჭერდი, ოღონდ, არა - ბრმად"
- "ნიჭიერთა ათწლედი" დაამთავრა და გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა. თუმცა, მშობლების რჩევა გაითვალისწინა და კონსერვატორიას მიაშურა. აქედან დაიწყო მუსიკოსის აღმავლობის ხანა. ალტისტი ნოდარ ჟვანია დღეს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ის გახლავთ თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" დირექტორი და კონსერვატორიის პროფესორი. წლების მანძილზე იყო ქალაქ ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის სოლისტი და სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის წევრი.
- ასე ძალიან მედიცინა რამ შეგაყვარათ?
- დედა და ბებია ექიმები იყვნენ. მედიცინა მაინტერესებდა და ბავშვობიდან მიტაცებდა, სულ სამედიცინო ლიტერატურას ვკითხულობდი. ვხუმრობდი ხოლმე, - ნამდვილი ქირურგის ხელები მაქვს-მეთქი. დედაჩემის მამა - იონა მაჭავარიანი პეტერბურგში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა კოწია ერისთავთან ერთად, რომელიც შემდეგ ცნობილი ქირურგი გახდა. ბაბუას სტიპენდია არ ჰქონდა და ამიტომ გადავიდა აგრონომიულზე. კარგად სწავლობდა და იტალიაში გაგზავნეს. როცა დაბრუნდა, თერჯოლის რაიონში მუშაობდა, აგრონომ-მეაბრეშუმე იყო. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს, მისი მეუღლე მეან-გინეკოლოგი ბებიაჩემი კი 5 წლით გადაასახლეს.
- რა მოგონებები გაკავშირებთ ქუთაისთან?
- ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ ქუთაისში დავიბადე, რადგან დედაჩემი მაშინ იქ მუშაობდა. ყოველ წელს ჩავდიოდი მამის მშობლებთან, ბებია-ბაბუა ცხოვრობდა მწვანეყვავილას უბანში, გელათის ქუჩის #17-ში. გვქონდა არაჩვეულებრივი ეზო, სახლი, ხეხილი... "პროვიზორ" ბაბუას კერძო აფთიაქი ჰქონდა, რომელიც დღესაც არსებობს, თუმცა ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ბებია-ბაბუის ოჯახში საინტერესო ხალხი იკრიბებოდა. პედაგოგი ბებია მე-8 სკოლაში მუშაობდა, რომლისგანაც ჩვენი სახლის ეზოს ერთი ღობე ყოფდა. ბებია დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, რაც იმ პერიოდში დიდ დაფასებას ნიშნავდა. ასე რომ, ანა ქვარიანი ქუთაისში ცნობილი ქალბატონი გახლდათ. მისი ბიძაშვილი იყო ამერიკაში მცხოვრები მოჭიდავე, მოჭადრაკე და მსახიობი კოლია ქვარიანი, რომელმაც უცხოეთში არაერთ სპორტულ წარმატებას მიაღწია. გარდა ამისა, რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მათ შორის ჰოლივუდშიც (სტენლი კუბრიკის "მკვლელობა") და საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახდა. ამერიკიდან თავისი ფოტოები გამოგვიგზავნა. მახსოვს, რა არაჩვეულებრივი აღნაგობა ჰქონდა.
- მუსიკასთან როგორ მიხვედით?
- მუსიკალური ოჯახიდან ვარ. დედამ ტექნიკუმი დაამთავრა და მერე კონსერვატორიაში სწავლობდა, ფორტეპიანოზე შესანიშნავად უკრავდა, მაგრამ როცა მისი მშობლები დააპატიმრეს, დედაჩემი კონსერვატორიიდან გარიცხეს... ამის შემდეგ ჩააბარა სამედიცინოზე. მამაჩემს ფენომენალური სმენა ჰქონდა (პროფესიით ინჟინერი იყო), ნოტები არ იცოდა, მაგრამ არაჩვეულებრივად უკრავდა კლასიკას, ჯაზს. დიმა ბათიაშვილის ფილმში "ცარიელი ბინა" ერთ ეპიზოდში მამაჩემი ჩანს, უკრავს. ფილმში მთავარ როლს ვასრულებ (დიმამ მთხოვა და დავთანხმდი), მაგრამ მამის ეპიზოდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვმღეროდი კარგად და "ნიჭიერთა ათწლედში" ვიოლინოზე შემიყვანეს შოთა შანიძესთან. 6 წლიდან დაწყებული, კონსერვატორიაშიც მასთან ვსწავლობდი. სიმღერა მიყვარდა და როცა დეიდაჩემი გოგი ცაბაძის მეუღლე გახდა, გოგის ოპერეტებიდან არიები ზეპირად ვისწავლე, სუფრასთან მამღერებდნენ ხოლმე.
- "ნიჭიერთა ათწლედში" სწავლის პერიოდი გაიხსენეთ.
- პირველ რიგში, ჩემს არაჩვეულებრივ პედაგოგ შოთა შანიძეს გავიხსენებ (შანიძეების კვარტეტში უკრავდა). ის და ლეო შიუკაშვილი წამყვან პედაგოგებად ითვლებოდნენ ათწლედშიც და კონსერვატორიაშიც, მათ ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი აღზარდეს. შოთა შანიძე იმდენად მკაცრი პედაგოგი იყო, რომ ხანდახან მიფიქრია, გაკვეთილზე არ წავსულიყავი, არაფერს გვპატიობდა. ამან თავისი შედეგი გამოიღო. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვაფასებდი მას. კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ცოტა ზარმაციც, სასკოლო საგნების კუთხით. ფიზიკის მასწავლებელი ვახტანგ მაღლაკელიძე იყო. იუმორით დაჯილდოებული, ყველასგან განსხვავებული გაკვეთილის ახსნით გამოირჩეოდა. ქართულს სიმონ სხირტლაძე გვასწავლიდა, საოცრად საინტერესო გაკვეთილებს ატარებდა, ცნობილი თამადაც იყო. მაგის გაკვეთილს არასოდეს ვაცდენდით. ბატონ სიმონს ერთხელ მოვუყევი, რომ კოლია ქვარიანი ჩემი ნათესავი იყო და სახლში მისი სურათები გვქონდა. უზომოდ გაუხარდა. ძალიან მთხოვა, ფოტოები მიმეტანა. უარი ვერ ვუთხარი და რამდენიმე ფოტო ვაჩუქე.
- თქვენი ცნობილი კვარტეტი მაშინ შეიქმნა, როცა კონსერვატორია დამთავრებული არ გქონდათ. ვისი იდეა იყო? თავიდანვე ალტზე უკრავდით?
- ვიოლინოსა და ალტზე პარალელურად ვუკრავდი. ჯერ კიდევ ათწლედში, მოსწავლეთა კვარტეტი შოთა შანიძემ ჩამოაყალიბა. ვიყავით: ამირან შანიძე (შოთას ძმისშვილი) - პირველი ვიოლინო, მამუკა დოლიძე - მეორე ვიოლინო, დათო ნასიძე - ჩელო და ალტზე - მე. ხან სად ვუკრავდით, ხან სად. მერე კამერული ორკესტრი ჩამოვაყალიბეთ გივი აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით, იქ უკვე ვიოლინოზე ვუკრავდი. ერთხელ ალტისტი ავად გახდა და მთხოვეს, კონცერტზე მე დამეკრა. ეს რამდენჯერმე განმეორდა და ერთი პერიოდი ორივე ინსტრუმენტზე ვუკრავდი. ბოლოს, არჩევანი ალტზე შევაჩერე, ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ტემბრი აქვს.
თავის დროზე, პირველ სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში უკრავდნენ ბორის ჭიაურელი, გივი ხატიაშვილი, ბიჭიკო (გიორგი) ბარნაბიშვილი და ალეკო ბეგალიშვილი. მოგვიანებით ბარნაბიშვილმა მე შემომთავაზა თანამშრომლობა. თავიდან ასეთი შემადგენლობა იყო: პირველი ვიოლინო - კონსტანტინე ვარდელი, მეორე ვიოლინო - თამაზ ბათიაშვილი, ალტი - მე და ბიჭიკო - ჩელო. იმ წელს სულხან ცინცაძემ დაწერა მე-6 კვარტეტი, რომელიც პირველად ჩვენ შევასრულეთ კვარტეტის პირველ კონცერტზე, კონსერვატორიაში. აქედან დაიწყო ჩვენი აღმავლობის წლები. გარკვეული დროის შემდეგ ბარნაბიშვილი შეცვალა ოთარ ჩუბინიშვილმა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიყვანეთ. იმ პერიოდში ჩვენთვის წერდნენ კვარტეტებს კომპოზიტორები: სულხან ნასიძე, სულხან ცინცაძე, ნოდარ გაბუნია, ოთარ თაქთაქიშვილი, ვაჟა აზარაშვილი...
- უცხოეთში პირველად რომელ ქვეყანაში იყავით?
- მოსკოვში საკავშირო კონკურსში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. გამარჯვებული კვარტეტი უნგრეთში მიემგზავრებოდა. მანამდე, ცნობილი ბოროდინის კვარტეტის პირველმა მევიოლინემ, როსტისლავ დუბინსკიმ მოგვისმინა, აღფრთოვანებული დარჩა და ასე დაიწყო ჩვენი მეტად პროდუქტიული შემოქმედებითი ურთიერთობა. მოსკოვში ჩვენმა კვარტეტმა გაიმარჯვა და ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ბუდაპეშტში წავედით. ლაურეატები გავხდით, მეორე პრემია გავიყავით შოსტაკოვიჩის კვარტეტთან ერთად. იქ რაღაც უსინდისობა მოხდა, მაგრამ ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ჩვენ ისეთი აღიარება მოვიპოვეთ, რომ გასტროლიდან გასტროლზე გადავდიოდით.
- კვარტეტს დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობების მუსიკალურად აღზრდაში. წლების მანძილზე საქართველოს რეგიონებში ატარებდით სააბონემენტო, ლექცია-კონცერტებს და კონსულტაციებს. დღეს ათწლედის დირექტორი ხართ. როგორ მიდის საქმე, ნიჭიერ ბავშვებს ეძებთ?
- თუკი დღეს ვინმე რამეს აკეთებს რეგიონში, მათ შორის ბევრი მუსიკოსი ჩვენი აღზრდილია. ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ მაშინაც და არიან დღესაც. პედაგოგები დავდივართ და კონკურსებს ვატარებთ. ჩემთან ერთად არიან ქალბატონები: მანანა ახმეტელი, ნუცა კასრაძე, ეთერ ჭელიძე... მერე უკვე თბილისში მოდიან მოსწავლეები მისაღებ გამოცდებზე. მკაცრი პედაგოგი არა ვარ. კონსერვატორიაში ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე როცა ვიყავი, ყოველთვის სტუდენტების მხარეს ვიჭერდი, ოღონდ, არა - ბრმად. ახალგაზრდები ძალიან მიყვარს, მათ თავისუფლებას ვაძლევ, ჩარჩოებში არ ვაქცევ. მოსწავლეები და სტუდენტები უნდა მიხვდნენ - ჩვენ თავს არ ვზოგავთ, მათ მომავალზე ვფიქრობთ. ვინც ამას იგებს, ის ცხოვრებაშიც მოგებულია.
- თქვენს კვარტეტთან ერთად მოლხენას ალბათ, არაფერი სჯობდა...
- ყველას უნდოდა ჩვენთან ერთად ქეიფი და დროს ტარება. იყო დაკვრაც, სიმღერაც, ფაქტობრივად, "კონცერტი" გამოდიოდა. ოთარი არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე, თამაზიც, კოწიკა (კოტე ვარდელი) ვიოლინოზე ბოშურ რაღაცებს უკრავდა. შესანიშნავი მეგობრები მყავს და ამით დღემდე ვამაყობ. სხვათა შორის, სანამ "ნიჭიერთა ათწლედის" სკოლაში გადავიდოდი, სამი სკოლა გამოვიცვალე და ყველგან მეგობრები მყავდა. კვარტეტის წევრები საქართველოს სახალხო არტისტები რომ გავხდით, ქეიფით აღვნიშნეთ, თამადა იყო ჩვენი მეგობარი კაკო ძიძიგური. სუფრასთან იყვნენ, აქეთ მიშიკო შენგელიას მთელი შემადგენლობა, იქით ჯემალ ჭკუასელი მღეროდა, გურჯაანიდან ავთო ზარდიაშვილი ჩამოვიდა... საოცარი დღე იყო.
- ოჯახი გაგვაცანით. შვილებმა ან შვილიშვილებმა თუ გააგრძელეს თქვენი გზა?
- მეუღლე, ქალ-ვაჟი და სამი შვილიშვილი მყავს. 90-იანი წლების გაუსაძლის პირობებში, ჩემმა მეგობარმა ლიანა ისაკაძემ გერმანიაში მიმიწვია სამუშაოდ, ამას არასოდეს დავივიწყებ. იქ საკმაოდ კარგი განათლება მიიღეს ჩემმა შვილებმა. ოჯახში ყველას აქვს სმენა, ქალიშვილი ფორტეპიანოზე და ფლეიტაზეც უკრავდა, ვაჟი - ფორტეპიანოსა და გიტარაზე, მაგრამ პროფესიით მუსიკოსი არავინაა. უფროსმა შვილიშვილმა - ვაჟმა წელს ამსტერდამის უნივერსიტეტში ჩააბარა. მე და ჩემი მეუღლე სალომე გაბუნია, 47 წელია ერთად ვართ. ჩემი სიმამრი აკადემიკოსი იყო, პალეონტოლოგი ლეო გაბუნია. მან უამრავ გამოკვლევასთან ერთად, პირველმა აღწერა დმანისის ადამიანის ქვედა ყბა. სალომე არის ეთნოლოგი, ისტორიკოსი, ბასკეთის აკადემიის წევრი, თარგმნის ესპანურიდან და ფრანგულიდან. ერთი სიტყვით, ბედს არ ვუჩივი.
ნანული ზოტიკიშვილი