მომხიბვლელი პარასპორტსმენის წარმატების საიდუმლო - გზაპრესი

მომხიბვლელი პარასპორტსმენის წარმატების საიდუმლო

და სხვებს საოცარი სიმტკიცის მაგალითს აჩვენებენ. სწორედ ამგვარი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება მომხიბვლელი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც თავის რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს.

- ჩემი განვლილი გზა რთული იყო, დატვირთული ბრძოლით, შრომითა და დიდი ძალისხმევით. ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, მარცხი, ტკივილი და ცრემლი, მაგრამ იყო გამარჯვებებიც, რომელიც უფრო მეტ ძალას მაძლევდა. სპორტულ კარიერაში ბევრი წარმატების მიუხედავად, მთავარი მიზნისთვის, რომელიც დასახული მაქვს, ჯერ არ მიმიღწევია.

- ფარიკაობა იოლი არ არის. როგორ შეძელით ამ ურთულეს სახეობაში წარმატების მიღწევა?

- რომ არა ჩემი ხასიათი, ალბათ, ამას ვერ შევძლებდი: ჩემი მთავარი საიდუმლო ის არის, რომ არასდროს ვნებდები, ყოველთვის ვიბრძვი და რაც უნდა ცუდად დასრულდეს ნებისმიერი სიტუაცია, ვცდილობ, ხელები არ ჩამოვუშვა. რასაც ვაკეთებ, ჩემი მებრძოლი ხასიათის ბრალია და ალბათ, იმ გარემოსი, რომელიც მქონდა და მაქვს. ძალიან გამიმართლა, მარტო არასდროს ვყოფილვარ - ჩემი ოჯახი და მეგობრები ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ. რა თქმა უნდა, ღმერთის წყალობის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი, ამის გარეშე ადამიანები უძლურები ვართ. დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს - რომ არა მათი უანგარო და უპირობო სიყვარული, შეიძლება დავნებებულიყავი ან უბრალოდ მეთქვა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ბუნებით პერფექციონისტი ვარ და თუ ჩემს საქმეს იდეალურად არ ვაკეთებ, თავს ვანებებ და სხვა საქმეზე გადავდივარ. ფარიკაობა იმდენად მიყვარს, რომ რთულია ამას შევეშვა, ამიტომ მინდა მაქსიმალურად დავიხარჯო და ჩემს მიზანს მივაღწიო. მიხარია, რომ ყველა ჩემი გამარჯვება ოჯახისთვის საამაყო და სასიხარულოა. ყველაზე მეტად მგულშემატკივრობს საყვარელი ძმისშვილი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.

- მაინც, როგორ გამოიწრთო თქვენი ხასიათი?

- ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი პიროვნება აფხაზეთის ომის შემდეგ გამოიწრთო. რომ არა ის სირთულეები, რაც ცხოვრებამ მომიტანა, მე დღეს ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. ჩემი ბავშვობა აფხაზეთიდან იწყება: ოჩამჩირის რაიონის ულამაზეს პატარა სოფელში დავიბადე, რომელსაც ცაგერა ერქვა. ძალიან ბედნიერი ოჯახი გვქონდა: დედ-მამა და უსაყვარლესი ბებო, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის და რა თქმა უნდა, მამიდა, რომელიც ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. იმ პერიოდში აფხაზეთში ყველა მუშაობდა და თითქმის ყველა ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო. მე და ჩემი და-ძმა პატარები ვიყავით, იქაურობა რომ დავტოვეთ და ჩვენი უდარდელი ცხოვრებაც დასრულდა, მაგრამ ის შვიდი წელი, რომელიც იმ ულამაზეს მხარეში გავატარე, მთელ ჩემს ცხოვრებას ალამაზებს. სიყვარულით სავსე გარემოში ვიზრდებოდი. ყველაფერი მქონდა, რაც ბავშვს აბედნიერებს და რა თქმა უნდა, დევნილობაში ყოფნა ძალიან გამიჭირდა. წყალტუბოში ვცხოვრობდით და მეოთხე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც ჩემი მეორე სახლი გახდა. ეს სკოლა დღემდე ძალიან მიყვარს, იქ ყველა დევნილი იყო და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ჩემი მასწავლებლები და კლასელები ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, დევნილების მიმართ იყო ბულინგიც, არასწორი დამოკიდებულებაც, მაგრამ ის რთული პერიოდი ყველამ ერთად გადავლახეთ. ჩვენი ოჯახი, სხვების მსგავსად, სიღარიბეს ებრძოდა, ამიტომ, ჯერ მამიდა წავიდა ემიგრაციაში, მერე დედა წაიყვანა, საარსებო წყარო რომ გვქონოდა. დედის როლი ჩემმა დამ შეითავსა, მამას და ჩემს ძმასაც არასდროს დავუტოვებივარ, მაგრამ ბავშვობის წლები ჩემთვის მაინც რთული იყო. რომ არა კარგი და სიყვარულით სავსე ოჯახი, ძალიან გამიჭირდებოდა და ჩემგან სულ სხვა ადამიანი დადგებოდა. ამიტომ, "ოჯახი" ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩემს ცხოვრებაში. ის ყველაფრის საფუძველია და ადგილი, სადაც თავს ყველაზე საიმედოდ, დაცულად გრძნობ.

- შემდეგ იყო უნივერსიტეტი...

- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც უცხო ენებსა და ინფორმატიკას ვსწავლობდი. მინდოდა, უცხო ენა ლიტერატურით ან ისტორიით შემეცვალა, მაგრამ არ დამცალდა - პირველი კურსიც ვერ დავასრულე, ჩემი ცხოვრება ისე შეიცვალა. 2004 წელს სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა - ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს და ოპერაცია აუცილებელი აღმოჩნდა სიცოცხლის გასაგრძელებლად. ამის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გავხდი. 18 წლის ვიყავი და ასეთ ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი. პირველი 4 წელი ძალიან მძიმე იყო. ალბათ, ამ გზას ყველა გადის, ვისაც ანალოგიური პრობლემები ექმნება: ჯერ არ იცი, ცხოვრება როგორ გააგრძელო, მაგრამ მერე, ნელ-ნელა ეჩვევი შენს მდგომარეობას და საკუთარი ცხოვრების შეფასებას ახერხებ. იმის ნაცვლად, რომ დანებდე და თავი შეიცოდო, ცდილობ, შენი თავი იპოვო, ადგილი დაიმკვიდრო. თუმცა, მანამდე საოცარი აგრესია გეუფლება და ფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში მარტო შენ ხარ, მარტო შენ დაისაჯე... მე ეს აგრესია ოჯახის წევრებზე გადამქონდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გავაანალიზე და მივხვდი, რომ მათ ჩემი საქციელით ვაზიანებდი. აღარ მინდოდა დედაჩემის ცრემლები დამენახა - იმ ქალისა, რომელიც შვილებისთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უნდა მებრძოლა და მეცოცხლა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე, მაგრამ ბევრი შევიძინე და ჩემს ახალ მდგომარეობას შევურიგდი.

- რამდენად რთულია შშმ პირების ცხოვრება საქართველოში?

- მარტივი ნამდვილად არ არის: როცა ყველა ბარიერს გადალახავ, როცა სიბრალულით სავსე თვალებს ყურადღებას არ მიაქცევ და გარეთ გამოსვლას მოისურვებ, უამრავი დაბრკოლება გხვდება: ყველაზე მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და არაადაპტირებული გარემოა. მართალია, ახლა ყველაფერი იცვლება, მაგრამ ის გზა, რომელიც მე გამოვიარე, ძალიან მდორე და მძიმე იყო. დღეს ჩვენი მდგომარეობის გამოსწორება პრიორიტეტული გახდა, მაგრამ მაინც რჩება გადაულახავი ბარიერები და ისეთი სიტუაციები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. მე არ ვამბობ, რომ სიტუაციის შესაცვლელად არაფერი კეთდება, მაგრამ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენი თემი უფრო ძლიერი გახდეს. მთავარი მაინც საზოგადოების დამოკიდებულებაა: თუ მან არ მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ, სულ მარტო იქნები და მუდმივად ბულინგის მსხვერპლი გახდები. დავუშვათ, შუქი ჩაქრა. მე მეექვსე სართულზე ვცხოვრობ და ვიცი, რომ ვერსად წავალ, რადგან ყველგან კიბეა. ყველაზე მძიმე კი დამაკნინებელი გარემოა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით. ჩვენი გადაადგილება საავადმყოფოებშიც რთულია, რადგან სათანადო პირობები არა აქვთ. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეტლით მოსარგებლისთვის ტაქსის გამოძახებაც პრობლემაა, რადგან არ იცი, მძღოლი წაგიყვანს თუ არა. მაგალითად, მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთოდ არ ვმგზავრობ, რადგან ვიცი, რომ გაჩერება ადაპტირებული არ არის და მძღოლმა არ იცის, რომ უნდა გადმოვიდეს და დაგეხმაროს. სოციუმის დამოკიდებულება და ინფრასტრუქტურა თუ გაუმჯობესდება, ეს ამოგვასუნთქებს და ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. დარწმუნებული ვარ, იმ კონდიციამდეც მივალთ, როდესაც ვიტყვი, - ბედნიერი ვარ, საქართველოში რომ ვცხოვრობ-მეთქი, მაგრამ იქამდე ალბათ წლები დაგვჭირდება. ამ საქმეში მედიას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია და ჩვენც ამის იმედი გვაქვს.

deda-1727638555.jpg

- როგორი მამაკაცები მოგწონთ, ვინ შეიძლება გახდეს თქვენი სიმპათია?

- უპირატესობას ადამიანობას ვანიჭებ. ზედმეტი არაფერი მიყვარს, პირიქით, ყველაფერი მოზომილი, გაწერილი მაქვს და ამ თვისებას სხვებშიც ვაფასებ. ზოგჯერ კარგია, როცა სპონტანურად მოიქცევი, ამასაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ არასტაბილური მდგომარეობა ნაკლებად მიზიდავს. მაქსიმალურად ვცდილობ, პირადშიც სტაბილური სიტუაცია მქონდეს და მეგობრობაშიც ასეთი ვარ - ვცდილობ ისეთი ვიყო, როგორიც მინდა, რომ ჩემი მეგობრები ჩემთვის იყვნენ. ადამიანთან თავი კომფორტულად რომ იგრძნო, ის შენს შეცვლას არ უნდა ეცადოს და უპირობოდ უნდა უყვარდე. დახვეწილი მანერები, ინტელექტი და კარგი საუბარიც მნიშვნელოვანია. ესთეტიკას და ჰიგიენასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ზრდასრული ადამიანი თავის თავს უმიზნოდ არ უნდა ეძებდეს - ესეც მნიშვნელოვანი თვისებაა.

- ქართველმა სპორტსმენებმა პარიზის ოლიმპიადაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. რას გვეტყვით ჩვენს მოფარიკავეებზე?

- რთული გზა გავიარეთ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა და პარასპორტის წარმომადგენლებმა მაინც ბევრ რამეს მივაღწიეთ. გამონაკლისი არც "პარიზი-2024" ყოფილა. კარგი შედეგებით ჩამოვედით: 14-მა სპორტსმენმა 9 მედალი ჩამოიტანა - ეს დიდი მიღწევაა. ტოკიოს ოლიმპიადასთან შედარებით, ქართველმა პარასპორტსმენებმა დიდი სიტყვა თქვეს. არ შემიძლია არ ვახსენო ნინა თიბილაშვილი - ჩვენი ოჯახის საუკეთესო წევრი, რომელიც ჩვენს გუნდში სულ პატარა მოვიდა და პარიზიდან ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა. ბევრი იბრძოლა მან ამისთვის. იგივე უნდა ვთქვა სპორტის სხვა სახეობებზეც. საერთო ჯამში, ძალიან კარგი ოლიმპიადა იყო. ჩვენმა პარაოლიმპიელებმა ბევრი იბრძოლეს, ყველა სახეობაში თავი გამოიჩინეს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გააგრძელებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს მაქსიმალურად ვუჭერდით მხარს და იმ დღეებისგან საოცარი მუხტი დამრჩა. ოლიმპიური სიმშვიდე, მენტალური და ფიზიკური სიჯანსაღე, კრიზისულ სიტუაციებში საკუთარი ემოციების მართვა და ცივი გონება - აი, რა უნდა ჰქონდეს პარასპორტსმენს, წარმატებას რომ მიაღწიოს.

ხათუნა ჩიგოგიძე