"ჩანთა უნდა იყოს უნივერსალური და ნებისმიერ სამოსს მოუხდეს"
ნატურალური ტყავის აქსესუარების ავტორის - თებრო ბენდელიანის პროდუქცია ისეთი ნივთებისგან შედგება, როგორიცაა: მხრისა და წელის ჩანთა, ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩასადები, საფულე, მობილურის ჩასადები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო გავიდა, რაც ბაზარზე გამოჩნდა, მისმა ორიგინალურმა პროდუქციამ ჩემი ყურადღებაც მიიქცია და ავტორს გასაცნობად დავუკავშირდი.
თებრო ბენდელიანი:
- ქუთაისში ვცხოვრობ და აქვე გავიზარდე, თუმცა აფხაზეთიდან, ოჩამჩირედან ვარ. ომის დროს, 1992 წელს გავჩნდი. ძალიან პატარა, თვეების ვიყავი, იქაურობა რომ დავტოვეთ. მამა დარჩა და იბრძოდა. სოხუმის დაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ისიც ქუთაისში ჩამოვიდა. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ხელსაქმე ადრეული ასაკიდან მიყვარდა. ვცდილობდი ქარგვა და ქსოვა ამეთვისებინა, რომელსაც მეზობლებისგან ვსწავლობდი. ბებია კი კერავდა და მისი ყურებისას რაღაცები მეც ვისწავლე. ჩემიანებს, განსაკუთრებით ბებიას არ უნდოდა მექსოვა, მხედველობაზე უარყოფითად იმოქმედებსო, მაგრამ სკოლაში რომ შევედი, იქ შრომის გაკვეთილებზე საჭირო იყო შესაბამისი ინვენტარი გვქონოდა და ამიტომ, ჩემები იძულებული იყვნენ, ჩემთვის ის ნივთები შეეძინათ, რაც გაკვეთილისთვის მჭირდებოდა. სქემების გამოყენებით, ჯვარედინად ვქარგავდი. ერთხელ ჩემმა სკოლელმა ყვავილი დახატა და ამის მიხედვით ნაქარგი გავაკეთე. მოკლედ, ეს იყო პროცესი, რომლისგანაც სიამოვნებას ვიღებდი; ეს იყო ჩემი განტვირთვაც და ყოველდღიურობისგან "ტვინის გათიშვაც". ქარგვაზე მეტად, ქსოვა მიყვარდა. ეს ყველაფერი ჩემი ჰობი იყო. ამავდროულად, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. იმ დროს დიზაინერობაზე არ მიფიქრია. საერთოდ, მგონია, როცა ადამიანი სკოლას ამთავრებს, ძალიან ცოტამ თუ იცის, ზუსტად რა უნდა. 17 წლის ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე და მგონია, ეს ის ასაკია, როცა ნაკლებად ხვდები, ცხოვრებაში რა გინდა აკეთო. მათემატიკას კარგად ვსწავლობდი და ამიტომ უმაღლესში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ჩავაბარე. მაშინაც და ახლაც მათემატიკასთან ძალიან ახლოს ვარ, სტუდენტობის დროს მოსწავლეებიც მყავდა და მათემატიკაში ვამზადებდი. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ბანკში დავიწყე მუშაობა, ჯერ სესხის ოფიცერი ვიყავი, შემდეგ ფილიალის მენეჯერი. ხალხთან კომუნიკაცია და ბანკში მუშაობა მომწონდა, რადგან თუ რამე არ მომწონს, იმას დიდხანს ვერ გავაკეთებ. პარალელურად, ხელსაქმესაც არ ვივიწყებდი: ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ვქარგავდი, ვქსოვდი, ვკერავდი. ჩემს სიძეს ქუთაისში ფეხსაცმელების საამქრო ჰქონდა. სამსახურის მერე შევუვლიდი ხოლმე და ტყავისგან ჩანთის აქსესუარებს ან სხვა რაღაცებს ვაკეთებდი. იმ დროს ჩემთვის ჩანთა, ზურგჩანთა და საფულე შევკერე. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვიყავი, ეს ჩემთვის განტვირთვა იყო. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი სიძისგან წამოვიდა იდეა, რომ თუ შევძლებდი, ჩანთების კერვა მეცადა. იქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ჰობისთვის სერიოზული სახე მიმეცა, მაგრამ მის შემოთავაზებაზე დავფიქრდი. ტყავზე მუშაობის საკმაოდ მცირე გამოცდილება მქონდა. გადავწყვიტე, ინფორმაცია მომეძიებინა და მესწავლა. მინდოდა ქართული, ხელით ნამუშევარი განსხვავებული პროდუქცია შემექმნა. ბოლოს გადავწყვიტე, ბანკიდან წამოვსულიყავი და ჩემი საქმიანობისთვის სერიოზულად მიმეხედა.
- სხვადასხვა ფერის ტყავით მუშაობთ. როგორ იქმნება ჩანთებისა და სხვა აქსესუარების დიზაინი?
- საკმაოდ რთული, სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შევისწავლე, რომლის მიხედვითაც სრულყოფილი თარგები იხაზება, რომ აბსოლუტურად იდეალურად "დაჯდეს" ყველა დეტალი. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რაც უნდა ბევრი ერთი და იმავე მასალისგან თუ დეტალისგან შექმნილი ნივთი გააკეთო, როცა ის ხელნაკეთია, მაინც ერთმანეთისგან განსხვავებული გამოდის. ამაშია ხელნაკეთი ნივთების უპირატესობა. თან, ზოგჯერ მგონია, რომ იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ემოციით მიდიხარ ტყავთან სამუშაოდ. ვფიქრობ, განწყობა იმ ნივთზე გადადის, რომელსაც აკეთებ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩანთებსა და საფულეებთან მხოლოდ პოზიტიური განწყობით მივიდე და კეთილი სურვილები გავატანო იმ ადამიანებთან, ვინც ჩემი ხელით შექმნილი ნივთები უნდა ატაროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერები. ისინი განსაკუთრებით მოქმედებენ განწყობაზე. მანდილოსნებმა კარგად იციან, სამოსს რა ფერის აქსესუარი შეუხამონ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, თუ რამე კონკრეტული შეკვეთა არ არის, ისეთი აქსესუარები დავამზადო, რომ რამდენიმე ფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. ამავდროულად, ჩანთა ნებისმიერ ყოველდღიურ სამოსს უნდა მოუხდეს, იყოს კომფორტული და მოსახერხებელი, გამძლეც. მოკლედ, უნივერსალური ნებისმიერი სამოსისათვის.
ანა კალანდაძე