აღა-მაჰმად-ხანისთვის შეტენილი ცოდვები და ყურმოტყუებულები
რამდენიმე დღის წინ თავის ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში მოთავსებულმა ბიძინა ივანიშვილმა თელაველებს სიტყვით მიმართა. ახალი, ბუნებრივია, არაფერი უთქვამს, ხალხს ისევ მშვიდობას და "ნაცების" გასამართლებას დაჰპირდა. თელაველები ალბათ მოწყენილობისგან ამთქნარებდნენ უკვე, როდესაც ამ ათასჯერ გაგონილ დაპირებებს ისმენდნენ, მაგრამ მოულოდნელად გამოფხიზლდნენ, როდესაც ივანიშვილი კახეთში ვაზის აჩეხასა და მტრის შემოსევებზე გადავიდა. თავიდან იფიქრეს, ყური ხომ არ გვატყუებსო, მაგრამ არა, ყველამ კარგად გაიგონა, როგორ გამოაცხადა მამა-მარჩენალმა კახეთის მთავარ ამაოხრებლად ჯერ "ნაცები" და მერე აღა-მაჰმად-ხანი.
ვიღაცები იტყვიან, რა მოხდა მერე, კაცს შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ერთმანეთში აერიაო, მაგრამ შეიძლება აგერიოს, როცა "ზეპირად" ლაპარაკობ, მაგრამ დაწერილ ტექსტს როდესაც კითხულობ, იქ მექანიკური შეცდომა გამორიცხულია. ვინც ეს ტექსტი დაუწერა ბიძინას, ისაა დასასჯელიო (იპოვეს "ქოცებმა" განტევების ვაცი). კარგი, ვიღაც სულელმა დაუწერა (ან სულელი რატომ ჰყავს ტექსტების მწერლად?), მაგრამ მერე, გამოსვლის წინ ბატონმა ბიძინამ არ წაიკითხა ტექსტი? თავად რატომ არ შეასწორა შეცდომა, დიდის ამბით რომ უთხრა კახელებს, ერთი აღა-მაჰმად-ხანმა აგაოხრათ და ვაზი აგიჩეხათ, მეორე "ნაცებმაო". სკოლის მოსწავლეს არ შეეშლება ასეთი რამ.
როდესაც ერთმანეთისგან შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ვერ გაგირჩევია, რა პატრიოტობანას და კონსერვატორობანას მეთამაშები?! ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, რომელიც 2012 წელს ამბობდა, იმქვეყნიური ცხოვრების არ მჯერაო, ანუ ღმერთის არ მწამსო, მერე 2014 წელს საკუთარ გუნდს პარლამენტში ძალით გაატანინა ანტიდისკრიმინაციული კანონი, მიუხედავად ეკლესიის პროტესტისა, რამდენიმე წელიწადში კი მარიხუანას პლანტაციების დასათესად აპირებდა კანონის მიღებას და ეკლესიამ ძლივს გადააფიქრებინა. აი, ამ კაცს ახლა წინასაარჩევნოდ ეკლესიის, სარწმუნოებისა და ტრადიციების მთავარ დამცველად მოაქვს თავი და მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამაზე აქვს აგებული.
შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ყველა ასეთ შეცდომაში ჩანს მისი ნამდვილი სახე: გორში ნათქვამ ბოდიშში, კახეთში დაშვებულ ამ შეცდომაში და იმ კამპანიაში, რასაც "ოცნება" აწარმოებს. ამორალურობაში ბოლოს ყველა რეკორდი მოხსნეს. მთელ ქალაქში გამოფინეს პლაკატები, სადაც ერთ მხარეს ასახულია უკრაინის დანგრეული და მეორე მხარეს - საქართველოს გაბდღვრიალებული ქალაქები; ერთ მხარეს უკრაინაში დანგრეული ეკლესია და მეორე მხარეს - ამაყად მდგარი სამების ტაძარი. წარწერა კი მოგვიწოდებს: აირჩიე, ომი გინდა თუ მშვიდობაო, ანუ უკრაინელებმა თავად აირჩიეს ომი და მათი ბრალია ყველაფერიო. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, ომში მყოფ ქვეყანას ნიშნს რომ უგებ - შენი ეკლესიები დანგრეულია, ჩემი კიდევ, არა; შენი ქალაქები განადგურებულია, ჩემი კიდევ - გაბდღვრიალებულიო. ამით ომში მყოფ ქვეყანას, რომელსაც აგრესიული მეზობელი თავს დაესხა, ეუბნები, რომ ყველაფერი მისი ბრალია, რაც თავს დაატყდა და ამაზე საარჩევნოდ ქულების დაწერას ცდილობ. ბარემ დახატეთ პლაკატზე მათი დაღუპული ბავშვები და გვერდით გამოსახეთ თქვენი ბედნიერი შვილები. რატომ არ შვრებით?.. დარწმუნებული ვარ, თავად "ოცნების" ამომრჩეველსაც არ მოეწონებოდა ასეთი რამ, როგორც არ მოეწონებოდა გორში ნათქვამი ბოდიში. მერე "ოცნებაში" უკვირთ, რატომ ალოდინეს ბაიდენთან ირაკლი კობახიძე და მეთხუთმეტე კაცადაც არ მიიღეს...
ყველაფერთან ერთად ხმამაღლა გაიძახიან, რომ არჩევნებს თუ მოიგებენ, ოპოზიცია უნდა გაასამართლონ და გააუქმონ ("ნაცებიო", მაგრამ მათთვის ხომ ყველა "ნაცია" დღეს). ამ ყველაფერს დაამატეს რეპრესიული მანქანა, რომელიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნის, რომ არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლონ. "ოცნებამ" 12 წლისთავზე კაცი ნათია მოგელაძე გააძრო. ხომ გახსოვთ "ნაცების" ნათია, რომელიც მკაცრი სახით აჯარიმებდა ოპოზიციურ პარტიებს და სხვადასხვა ორგანიზაციას? ჰოდა, ამათ ახლა ვინმე რაჟდენ კუპრაშვილი ჩააყენეს იმავე როლში. ბიძინას ეტყობა "ნაცები" გარეგნულად არ მოსწონდა მხოლოდ, თორემ მათი მეთოდები ზედმიწევნით გადმოიღო.
მათი კიდევ ერთი მეთოდი ხალხის მოთაფვლაა. საქართველოში UFC-ს ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჩამოვიდა. ის ისე აქტიურად აკეთებს განცხადებებს პოლიტიკურ თემებზე, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ, რომ მთავრობაში იფიქრეს, - ემანდ, რამე არ თქვას ჩვენს საწინააღმდეგოდ ამ არჩევნების წინ, არ დავიღუპოთო და გადაწყვიტეს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან მილიონი ლარი აჩუქონ. მაგრამ მარტო დვალიშვილს ხომ არ აჩუქებდნენ, არ გამოდიოდა, რადგან მეორე ჩემპიონიც გვყავს და თოფურიასაც არგუნეს. იმ "ქოცებს", ვინც ფიქრობთ, რა შუაშია არჩევნები, უბრალოდ დაფასებაა წარმატებული სპორტსმენებისო, გკითხავთ: თოფურიამ რამდენიმე თვის წინ მოიგო ტიტული, ჩამოსულიც იყო ქვეყანაში ქამრით და აქამდე რატომ არ მისცეს? დვალიშვილს ელოდებოდნენ? მისი მოგების გარეშე თოფურიას მოგება არ ითვლებოდა? თქვენც ხომ ხვდებით, არაა მასე.
P.S. დაბოლოს, საიდუმლოდ გეტყვით, რომ თბილისის ამაოხრებელ სულწაწყმედილ აღა-მაჰმად-ხანს კი იმ ქვეყნად რამდენიმე დღეა, თურმე, მოსვენება აქვს დაკარგული. გაკვირვებული კითხულობს, მე რაღას მერჩის ბატონი ბიძინა, შაჰ-აბასის ცოდვებიც რომ შემტენა, მეც ხომ "ნაცი" არა ვარო? გამწარებული ყოფილა, 200 წელია კუპრში იხარშება და ამნისტიის იმედი ჰქონია, ახლა კი ახალი ბრალდება შეტენეს და ერთი ორასი წელი კიდევ დაუმატეს.