"ძალიანაც ნუ აგივარდებათ თავში და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე ნუ იოცნებებთო"
მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში", თუკი თავად "ქვეყნები" დაინტერესდებიან ამით" - თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. "საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ "ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება" და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად "ქვეყნებმა" უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია, თუკი ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის", ასე გამოეხმაურა ლავროვი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, ბოდიში მოვუხადოთ აფხაზებსა და ოსებს. საქართველოს ხელისუფლების პოზიციისა და ლავროვის გამოხმაურების გარშემო მიმდინარე დავა-კამათისა და ამ ყველაფრის შესაძლო შედეგების შეფასება კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ.
- აშკარად ჩანს, რომ რუსეთი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ცხინვალსა და სოხუმში, ასევე თბილისშიც მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები, თითქოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობა ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამის პარალელურად ბიძინა ივანიშვილი სადაც მიდის, ყველგან ახსენებს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ ფონზე, რუსეთი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ "ქართული ოცნების" ეს ნარატივი გააქარწყლოს. ადრე მარია ზახაროვა და მისი დონის პოლიტიკოსები აკეთებდნენ მსგავსი ტიპის განცხადებებს, მერე ლავროვის დონეზე ავიდა საქმე. ამ რამდენიმე დღის წინ კი მთლად პუტინმა გააკეთა განცხადება აფხაზების სასარგებლოდ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ლავროვი უფრო მკაფიო იყო, მან პირდაპირ თქვა, - აფხაზეთი არის დამოუკიდებელი, ცხინვალი არის დამოუკიდებელი და საქართველო იქცევა სწორად, როცა საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ომის დაწყებაზე, ამიტომ რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს აფხაზეთს, ცხინვალსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ურთიერთობის დამყარებასო. ეს ძალიან სახიფათო და ვერაგული განცხადებაა. ამ კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთის როლი გამორიცხეს არა მხოლოდ რუსებმა, არამედ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც. განსაკუთრებით კახა კალაძე იყო ძალიან ხისტი. მერე გია ვოლსკი შეეცადა, შედარებით რბილი განცხადების გაკეთებას, მაგრამ დასავლეთი არც მან არ ახსენა. ე.ი. "ქართული ოცნების" ლიდერები კონფლიქტის მოგვარების საქმეში მხოლოდ რუსეთის როლზე აკეთებენ აქცენტს.
- თუ რუსეთი და "ქართული ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებენ, რატომ აკეთებენ მაშინ რუსი პოლიტიკოსები ხისტ განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე, როდესაც პირადად ბიძინა ივანიშვილი გასცემს საარჩევნო დაპირებას სწორედ ამ კუთხით?
- არასდროს არ იმოქმედებს რუსეთი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით. მას ყოველთვის "ვასალური" დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ. რუსი პოლიტიკოსები ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სუსტია და ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაჰბარდეს რუსეთს. მათ არ სჭირდებათ "ქართულ ოცნებასთან" ენის მოჩლექით საუბარი. მათი პოზიცია ასეთია: კი, ბატონო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ გადაიხედება აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით. კრემლში გადასარევად იციან, რომ ივანიშვილს საქართველო კი არა, საკუთარი ძალაუფლების დაკარგვა ადარდებს. ბოლოს როდის ნახეთ, ასე აქტიურად რომ დარბოდა აქეთ-იქით? შოვში იმდენი ხალხი დაიღუპა, ერთხელ არ გამოსულა, ერთი სამძიმარი არავისთვის არ უთქვამს. ახლა ვინც არ უნდა გარდაიცვალოს, ყველას სამძიმარს უცხადებს... ფაქტია, რომ უჭირთ, გადარჩენა უნდათ. რუსები ამას ძალიან კარგად ხედავენ და ერთადერთი, რასაც ჰპირდებიან "ქართულ ოცნებას", ეს ისაა, რომ არჩევნების სურათი არ გაუფუჭონ.
- როგორ უნდა გაუფუჭოს რუსეთმა არჩევნების სურათი "ქართულ ოცნებას"?
- მაგალითად, მხარს დაუჭერს "ალტ-ინფოს" და პატრიოტთა ალიანსს. ლავროვმა ძალიან მკაფიო და ცალსახა შეტყობინება გაუგზავნა "ქართულ ოცნებას" - ჩვენ ხელს არ შეგიშლით არჩევნებში, მაგრამ ძალიანაც ნუ აგივარდებათ თავში და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე ნუ იოცნებებთო. გამაოგნებელი იყო კახა კალაძის განცხადება - მან პოზიტიური უწოდა ლავროვის განცხადებას და იმედიც გამოთქვა, რომ რუსეთიდან ასეთ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება. კალაძე ძალიან სერიოზული ფიგურაა "ქართულ ოცნებაში". შეიძლება ითქვას, რომ მან ეს განაცხადი "ქართული ოცნების" სახელით გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ემსახუროს რუსეთს, ოღონდ კი ხელისუფლება შეინარჩუნოს.
- რა უნდა მოხდეს რეგიონში ისეთი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება რეალურად გახდეს შესაძლებელი?
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შევასრულებთ და გავიტანთ ამ დაწყევლილ რუსულ კანონს. ამის შემდეგ შევძლებთ, ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის დაწყებას და ამ პროცესში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის წამოწევას. კონფლიქტის მოგვარების საკითხში მთლიანად უნდა ჩავხსნათ რუსეთი და გადავერთოთ ევროპაზე. იმიტომ, რომ რუსეთი კონფლიქტებს არ აგვარებს, პირიქით - აღვივებს. რუსეთი არის ომი და უბედურება, ევროპა არის მშვიდობა. თუ რუსეთისკენ მივბრუნდებით, ომის კონსტანტი შეიქმნება. არ ვიცი, რატომ დაუთმო ომისა და მშვიდობის თემა ოპოზიციამ ხელისუფლებას. ოპოზიციის ნარატივი უნდა იყოს არა - რუსეთი თუ დასავლეთი, - არამედ - ომი თუ მშვიდობა, ოღონდ - დასავლეთის სასარგებლოდ. ეს ოპოზიცია ევროპაზე ლაპარაკობს და არა მშვიდობაზე, როდესაც ეს ერთი და იგივეა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ თურქეთი გაძლიერდა რეგიონში, ანკარამ უზრუნველყო აზერბაიჯანის უსაფრთხოება რუსეთის წინაშე. თურქეთი, მართალია, რუსეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, მაგრამ უკრაინასაც ეხმარება - სამხედრო გემი გადასცა, "ბაირახტარებზე" აღარაფერს ვამბობ. რუსეთი ვერაფერს ვერ ამბობს, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან ძლიერი რეგიონული მოთამაშე გახდა, როგორც კავკასიაში, ასევე შავ ზღვაზე. სულ იმას გავიძახით, რუსეთის წინაშე მარტო ვართო. არ არის ასე, ჩვენ გვაქვს ნატოს წევრი თურქეთიდან უსაფრთხოების გარანტიის მიღების შესაძლებლობა. არც ამას ვაკეთებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიიდან სამშვიდობო ძალად გადაიქცეს. აფხაზებსა და ოსებს უნდა ვუთხრათ, - ნუ შეეშინდებათ, კავკასიიდან რუსეთის გასვლის შემდეგ არ დარჩებიან მარტო საქართველოს წინაშე.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ მაინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი იქნება...
- რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ვფიქრობ, შემოდგომის ბოლოსთვის უკვე რაღაც კონტურები გამოიკვეთება, თუმცა, რა პირობებითაც უნდა გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დასავლეთი აუცილებლად გააგრძელებს რუსეთის დასანქცირებას. შესაბამისად, რუსეთი უფრო და უფრო შესუსტდება, რის შედეგადაც მოსკოვს მთელი მსოფლიო მოსთხოვს ჯარების გამოყვანას უკანონოდ დაკავებული ტერიტორიებიდან - უკრაინა იქნება თუ მოლდოვა; მხოლოდ საქართველო რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველაზე დიდი საშინელება ის იქნება, "ქართული ოცნება" თუ იტყვის, - დაგვანებეთ თავი, ჩვენ თავად მივხედავთ საკუთარ თავს და რუსეთთან ურთიერთობასო. მე ამის ძალიან მეშინია, ასეთი შიშის საფუძველს კალაძის განცხადება მაძლევს.
- როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, პუტინი არ დაუშვებს უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვას მაშინ, როდესაც უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი კურსკში არიან.
- მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ზელენსკი იძულებული გახდება, რუსეთთან რიგ დათმობებზე წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსებას შეუწყვეტს. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება რუსეთისთვის. კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ისევ დღევანდელი მოცემულობა გაგრძელდება - ვაშინგტონი უკრაინას ამერიკული შეიარაღებით რუსეთის სიღრმეში დაბომბვის უფლებას არ მისცემს და ომი პოზიციურ ბრძოლებში გადავა. ამ შემთხვევაში, უკრაინის უპირატესობა ის იქნება, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ უკვე რუსეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე ზელენსკის უკვე აქვს სავაჭრო თემა: მას შეუძლია პრეტენზია წამოაყენოს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინამ პოზიციები უკვე გაიძლიერა კურსკში შესვლით.
- საუბრის დასაწყისში თქვით, რომ რუსეთის დახმარება "ქართული ოცნებისთვის" ის იქნება, თუ არჩევნებში არ ჩაერევა, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება?
- არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციაზე რაღაც კომპრომატებით, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, წაეხმაროს. შეიძლება უკრაინიდან საქართველოს მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთების საფუძველი შექმნან, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკრაინისგან მტრის ხატი შექმნას. არ გაგიკვირდეთ, რუსეთს ექნება ამის საშუალება, იმიტომ, რომ უკრაინაში რუსული დაზვერვა და უშიშროება ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს.
- სხვათა შორის, უფრო ბობოქარი წინასაარჩევნო პერიოდი წარმომედგინა. მრჩება განცდა, რომ პროცესი ძალიან მდორედ მიმდინარეობს.
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ, წინასაარჩევნო პროცესი აშკარად მდორედ მიდის. მე იმაზე მწყდება გული, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ომისა და მშვიდობის თემას ვერ ართმევს. ძალიან ცუდია, საზოგადოების დიდ ნაწილს რომ სჯერა, თითქოს ქვეყანაში ომი დაიწყება, თუ დასავლეთისკენ სვლას გავაგრძელებთ. ვიღაცამ უნდა აუხსნას ხალხს, რომ ყველაფერი პირიქითაა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენთან უკვე იყო 2008 წლის აგვისტოში.
- ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოცემულობისადმი საზოგადოების განწყობა Eდისონ ღესეარცჰ-მა კვლევაში აისახა, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მისცემდა ხმას, 20% - "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას", 11,9% - კოალიციას "ცვლილებებისთვის", 11,9% "გახარია-საქართველოსთვის", 9,9% - "ძლიერ საქართველოს". კვლევითი ორგანიზაციის შედეგები რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ - ოპოზიციამ სწორად გამოიყენა მმართველი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები და საზოგადოებრივი განწყობები?
- ჩემი აზრით, ხუთი პარტია გადალახავს ბარიერს. თუ ასე მოხდება, მაშინ "ქართულ ოცნებას" მინიმალური შანსი რჩება იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს და კანონები შექმნას. თუ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებს კოალიციის შექმნას, მაშინ "ქართულ ოცნებას" მთავრობის შექმნის შესაძლებლობა აღარ მიეცემა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. დღეს გვაქვს დემოკრატიული არჩევანის შანსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავკარგოთ ევროპა და ევროპამ არ დაგვკარგოს ჩვენ.
- რას იზამს "ქართული ოცნება", თუ ნახა, რომ არჩევნებს აგებს?
- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აქ ერთი რამ არის საგულისხმო: "ქართული ოცნების" ლიდერებს ძალიან არ უნდათ სისხლის დაღვრა, იმიტომ, რომ ამით "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაიგივდებიან და მართლა ხმას ვეღარ ამოიღებენ: ხომ ნახეთ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი შუშის კაბინაში ჩაჯდა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერები საერთოდ აღარ ახსენებენ გორში სააკაშვილის ფორთხვის ამბავს... მათ იმის იმედი აქვთ, რომ უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ მთავრობა სისხლს არ დაღვრის და ხალხიც რამდენიმე დღეში შინ დაბრუნდება... მინდა გითხრათ, რომ ასე აღარ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ "ოცნება" შეეცდება ოპოზიციიდან ვიღაცების მოსყიდვას. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ვერ შეკრას მთავრობა და ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. მაშინ მათ ექნებათ სათქმელი, - ხალხნო, ნახეთ, ისევ ვერ თანხმდებიან, ქვეყნის მართვა არ შეუძლიათო. ვადამდელ არჩევნებზე კი "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ეს რომ არ მოხდეს, ოპოზიციამ აუცილებლად უნდა მოახერხოს მთავრობის შეკვრა, მანამდე კი, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ურნებთან ძალიან ბევრი ხალხი უნდა მივიდეს.
ხათუნა ბახტურიძე