"შენისთანებს ვერ ივიწყებენ, შვილო..." - გზაპრესი

"შენისთანებს ვერ ივიწყებენ, შვილო..."

იმ საბედისწერო ღამეს 23 წლის წარმატებული ახალგაზრდა, კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილი მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა, როცა მას 24 წლის დამნაშავემ, მირიან თოხაძემ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში. ამის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მართალია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალევე გამოიძახეს და გიორგი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული ჭრილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყეს. არც დამნაშავის მოძებნა და დაკავება გასჭირვებიათ. ის შარტავას ქუჩაზე შეაჩერეს, იქვე გაჩხრიკეს და დააკავეს. დამნაშავეს თან ჰქონდა მკვლელობის იარაღი - დანა, რომელიც ამოღებულია და სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ნივთმტკიცებად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია ამ კონფლიქტში მონაწილე სხვა ახალგაზრდების ვინაობა. ყველა მათგანი დაკითხულია.

ამ უმძიმესი მკვლელობის პირველივე წუთებიდან ითქვა, რომ მოკლული ახალგაზრდა, გიორგი საყურაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა და ის დაპირისპირებულებს აშველებდა. ამას დაკითხული ახალგაზრდებიც ადასტურებენ. თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებას წინ უძღოდა ათამდე პირს შორს ხელჩართული ჩხუბი და შელაპარაკება. როგორც ირკვევა, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა. კერძოდ, საბურთალოელებსა და გლდანელებს შორის, ორი მათგანი არასრულწლოვანი იყო. საქმის პროკურორი იმასაც ამბობს, ბრალდებული არასრულწლოვნების მისამართითაც იმუქრებოდაო. ისიც თქვა, ამ კონფლიქტის ინიციატორი თავად ბრალდებული იყოო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. სასამართლო პროცესზე მოიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მირიან თოხაძე. ის დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო პროცესზე მას მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია.

პროკურატურის ინფორმაციით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. სასამართლო პროცესზე პროკურორი ასაბუთებდა, რატომ იყო აუცილებელი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება. თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებისთვის არსებობს როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. მათ შორის, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურორის თქმით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, ის ჩადენილია დანის გამოყენებით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ თოხაძე მიიმალა და შემდეგ პოლიციამ სულ სხვა ადგილას შეაჩერა. პროკურორის თქმითვე, ბრალდებული გასამართლებულია ოჯახის წევრის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებისთვის. სასჯელის ნაწილი პირობითი მსჯავრის ქვეშ აქვს მოხდილი, ნაწილი კი პენიტენციარულ დაწესებულებაში. პროკურორი იმასაც ამბობს, თოხაძე ასევე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულია, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. შაიშმელაშვილმა სასამართლოზე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს მკვლელობა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აქვს ჩადენილი. მისი განცხადებით, როცა თოხაძე ნასვამია, ის ძალადობრივი ქმედებისკენაა მიდრეკილი, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მკვლელობა სიმთვრალეშია ჩადენილი.

gio-1728230861.jpg

როგორც ირკვევა, ადრე მან საკუთარ დედას სცემა და ამ დანაშაულისთვის მიეცა პასუხისგებაში.

"წინარე გარემოება მომხდარი კონფლიქტი და ჩხუბი იყო, რომლის ინიციატორიც ბრალდებული გახლდათ. საყურაშვილს არანაირი მონაწილეობა ამ ჩხუბში არ მიუღია, ის მხოლოდ გამშველებლის სტატუსით იმყოფებოდა, დანის დარტყმამდეც, ამ ბავშვმა ბრალდებულს უთხრა, რომ მის ცემაში მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდ, მასთან უდანაშაულო იყო. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა მაინც განახორციელა მის სხეულზე დანით ზემოქმედება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია", - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა შაიშმელაშვილმა და დასძინა: "სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო. ბრალდებულმა საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. რომ არა პოლიციის ოპერატიული ქმედება, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ მისი შეჩერება და მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა არ გვექნებოდა". პროკურორის თქმით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა.

ბრალდებულის ადვოკატმა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო. ადვოკატი ირმა ინასარიძე ბრალდებულის წარსულში ჩადენილ დანაშაულებს შეეხო, რაზეც პროკურორმა პროცესზე ისაუბრა. ადვოკატი აცხადებს, რომ თოხაძეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ამასთან, ის არ ეთანხმება პროკურორს და ამბობს, ჩხუბის ინიციატორი თოხაძე არ ყოფილაო. აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტს წინ უძღოდა ჩხუბი და მის დასაცავს ჩხუბის კვალი სახეზე ეტყობა. სასამართლო პროცესზეც ჩანდა, რომ სახეზე სილურჯე აღენიშნებოდა. კონკრეტულად ვისი მუშტი მოხვდა, ეს გამოძიებით გაირკვევა. როგორც ამბობენ, ფიზიკური დაზიანებები სხვა პირებსაც ეტყობათ და ეს ადასტურებს, რომ ხელჩართული ჩხუბი მართლა იყო დაპირისპირებულებს შორის.

თავად ბრალდებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო პროცესზე თოხაძეს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. რა ჩვენებას მისცემს ის გამოძიებას და როგორ შეეცდება თავის მართლებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულ მირიან თოხაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...

ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის გამო სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით და გიორგი საყურაშვილის ვიდეოებით, სადაც ახალგაზრდა ფლეიტისტი არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის. ამ კადრებიდანაც ჩანს, როგორი ნიჭიერი, პერსპექტიული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა შეეწირა სხვების კონფლიქტს. "გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს", - წერია კონსერვატორიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი საყურაშვილი კონსერვატორიის მეორე კურსის წარმატებული სტუდენტი იყო. მანამდე მან მუსიკალური ნიჭიერთა ათწლედი წარმატებით დაასრულა. მის პირველ ნაბიჯებს გულისტკივილით იხსენებს პედაგოგი მერიკო ჟვანია. როგორც ჩანს, მის არქივში გიორგის არაერთი კონცერტის ვიდეომასალა ინახება და ამ კადრებით გააცნო მან საზოგადოებას ახალგაზრდა ბიჭი. "ჩემი კეთილშობილი, უნიჭიერესი გიორგი, ძალიან მოკრძალებული და გამორჩეულად თავაზიანი. თავი სიზმარში მგონია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. არ ვიცი, როგორ და რა დავწერო. 10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა ჩემთან, კლასში. დღეს კი კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია. თავზარდამცემი, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მშვიდად განისვენე, ჩემო კეთილო და სიყვარულით აღსავსე ბიჭო... მთელი საღამო შენს ჩანაწერებს ვუსმენ, ვკითხულობ ყველა მესიჯს, რომლის ყველა წინადადება უდიდესი სითბოთი და პატივისცემით არის განმსჭვალული. შენ მუდამ ჩემს გულში იქნები, ძალიან მომენატრები", - წერს პედაგოგი...

ნესტან ტატიშვილიც კარგად იცნობდა გიორგის. ისიც ემოციურად ემშვიდობება მას. "გუშინდელივით მახსოვს, როგორ შემოაღებდა ხოლმე მერიკოს კლასის კარს. ნათელი, სიცოცხლით სავსე თვალებით, აი, ჭინკები რომ უციმციმებთ, სიკეთეს და სითბოს რომ აფრქვევენ. ძალიან ნიჭიერთა შორისაც კი, განსაკუთრებული ალმასივით, თვითნაბადი ბრწყინვალებით ანათებდა. სულ ვკითხულობდი და შორიდან ვგულშემატკივრობდი. როგორ ან რით უნდა ვანუგეშო გამწარებული დედა, ოჯახი, დამუნჯებული და გაქვავებული მეგობრები. მიმოწერა ჩამიგდო ნანუკამ, სექტემბრიდან შენთან ვარო, ჰპირდებოდა. მოვიდა სექტემბერი და... წავიდა. ბოლოს, უკვე დიდი ბიჭი, კარგა ხნის წინ, რესპუბლიკურის დაჯილდოებაზე ვნახე. ეგონა, ვერ ვიცნობდი, მომესალმა, თვალებანთებულმა მომიკითხა. შენისთანებს ვერ ივიწყებენ, შვილო. შენნაირები მუდამ გულში რჩებიან. მშვიდად განისვენე, გენაცვალე. არ ვიცი, იმან როგორ უნდა გააგრძელოს სუნთქვა, შენზე დანის დარტყმა რომ შეძლო. ძალიან ცრემლიანი და ტკივილიანი ხარ", - წერს ნესტან ტატიშვილი. მისი ქალიშვილი გიორგისთან მეგობრობდა, ისიც ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა.

ემოციურია გიორგის ახლობლების სტატუსები. ერთ-ერთი ნათესავი წერს: "ერთხელ გიორგიმ სახლში მითხრა, ნახე, სამყაროს დავაპაუზებო, აიღო ფლეიტა და დაიწყო დაკვრა. და ფანჯარასთან გაშეშებული ხალხის რიგი დადგა, რომ ენახათ, ასე კარგად ვინ უკრავდა".

მის ამ სტატუსს, გიორგის მეზობლის ასეთი მინაწერი აქვს: "გიო, ჩემო ტკბილო ბიჭო. უამრავჯერ გავშეშებულვარ მეც ეზოში, კორპუსის ძირში, შენი ფანჯრების პირდაპირ და მაღაზიიდან მომავალს მისმენია შენი საოცარი მელოდიისთვის. მიყვარხარ, ოქრო ბიჭო, შეხვედრამდე".

P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს, მის ნათესავებს და სრულიად საქართველოს ამ დიდი ტრაგედიის გამო. დამნაშავეც ალბათ საკადრისად დაისჯება, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია მისი მშობლებისთვის, რომლებსაც სრულიად უდანაშაულო შვილი მოუკლეს. უდიდესი ტრაგედიაა, რომ ასეთ უაზრო კონფლიქტებს ეწირებიან ახალგაზრდები.

თეა ხურცილავა