ქართული ჯანდაცვის გადაულახავი პრობლემები
თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში... ეს ის სახელმწიფოებია, სადაც ჯანდაცვის სისტემას შესაშური შედეგები აქვს და საათივით არის აწყობილი.
რა პრობლემებია ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში და რატომ ვერ მკურნალობენ ქართველები თავიანთ სამშობლოში? - ამ და სხვა შეკითხვებზე გვიპასუხებს მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე:
- როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორია მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და როგორ ზრუნავს ის თავის თავზე. მართალია, მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში დიდი მიღწევები გვაქვს, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია: სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველი ოთხი ბავშვიდან სამი სკოლაში ან მშიერი მიდის, ან არასრულფასოვნად იკვებება - ესეც სტატისტიკაა! "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მილიონამდე ადამიანია წასული უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად და სამკურნალოდ. ეს არის მწარე რეალობა, რომლის გამოც ქვეყანა იცლება და შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ციფრები თავისთავად მიანიშნებს, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, ბავშვის ორგანიზმზე, რადგან მოზარდის ორგანიზმი კიდევ უფრო მოწყვლადია ამგვარი პრობლემების მიმართ. როცა ის შიმშილობს და არასრულფასოვნად იკვებება, მისი იმუნიტეტი სუსტდება და არა მხოლოდ ფიზიკური, შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნას.
- უცხოელი ექიმები გაოცებით კითხულობენ - რატომ მოდის ამდენი მძიმე ავადმყოფი საქართველოდანო?
- ეს სერიოზული პრობლემაა - მხოლოდ შარშანდელი მონაცემებით, უცხოეთში სამკურნალოდ 50 ათასზე მეტი კაცი წავიდა - ეს ოფიციალური მონაცემებია. რასაკვირველია, არაოფიციალური ციფრები გაცილებით მეტი იქნება. ჯანდაცვის სერვისების ხარისხი ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა და საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ამის გამო მიდიან. თავის დროზე, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ნებისმიერ ახალ წამოწყებას განახლება და განვითარება სჭირდება. თითქოს თავიდან რაღაც შვება ვიგრძენით, მაგრამ ეს სისტემა ვერა და ვერ განვითარდა, ბოლოს კი, არასწორი მიმართულებით წავიდა.
- პაციენტები ხშირად ჩივიან ექიმის შეცდომის, ან არაკვალიფიციურობის გამოც, ამ პრობლემაზე რას გვეტყოდით?
- ჩვენ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები გვყავს, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი მსოფლიო დონისაა, მაგრამ როცა გაუმართავ სისტემაზე ვსაუბრობთ, იქ ათი, ოცი ან ასი სპეციალისტი ვერაფერს შეცვლის, ამ სისტემას ვერ გააჯანსაღებს. უსამართლო სისტემის გამო, ექიმებიც ზიანდებიან და პაციენტებიც. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: სახსრის პროთეზირება - მთელი ეს პროცედურა უფრო ნაკლებად არის შეფასებული, ვიდრე პროთეზი ღირს, თანაც, ამ თანხაში ექიმების და ექთანების მომსახურებაც შედის. როდესაც სისტემაში ასეთი ხარვეზებია, რაც უნდა ძლიერი ექიმი იყოს, ვერაფერს გახდება. სწორედ ამიტომ არიან გაოცებული უცხოელი ექიმები, რომ საქართველოდან ამდენი ავადმყოფი ჰყავთ, სწორედ ამით აიხსნება სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების სიმრავლეც.
- ბატონო სერგო, რატომ ხდება, რომ კარგ ექიმებთან რიგი დგას და არაერთი პაციენტი მათ კონსულტაციას 5-6 თვე ელოდება?
- ეს სისტემისადმი ნდობის პრობლემაა: საქართველოში იმდენად არ ენდობიან ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემას, რომ მხოლოდ მეზობლის, ან ნათესავის ნაქებ ექიმთან მიდიან. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან 3-4, ან 6 თვის შემდეგ ექიმთან რომ მიხვალ, ამ პერიოდში შეიძლება მდგომარეობა გაგიმწვავდეს... ჩვენ ათეულობით და ასეულობით კარგი ექიმი გვყავს. შესაბამისად, არ შეიძლება პაციენტი ვიღაცასთან ჩაეწეროს და თვეების განმავლობაში თავის რიგს ელოდოს. იმისათვის, რომ ადამიანებს ნდობა აღუძრას, ჯანდაცვის სისტემამ უნდა აჩვენოს, რომ ის მუშაობს, რომ მის შიგნით რაღაც სიახლეებია, რომ საინტერესო რეფორმები მიმდინარეობს. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა სუსტია და ჯანდაცვის სფერო ამ მდგომარეობაშია, ადამიანები მას აღარ ენდობიან. ხარისხი და ხელმისაწვდომობა - ეს არის საჭირო, რომ ადამიანი ჯანდაცვის სისტემას ენდოს. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ ის სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველები ამას ვერ ხედავენ.
- ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ პაციენტები დროულად არ (თუ ვერ) მიდიან ექიმთან?
- გეთანხმებით, პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანმა ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოს, სისტემატურად უნდა გაესინჯოს, ჩაიტაროს კვლევები, ისარგებლოს სკრინინგის პროგრამებით, რომელიც უფასოა, მაგრამ არაეფექტიანი - რატომ? - შეიძლება ადამიანს უფასო სკრინინგის ჩატარება ორი ქუჩის იქით შეეძლოს, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს. ამიტომ, უფასო სკრინინგის პროგრამები რაც გვაქვს, იმასაც ვერ ვიყენებთ.
- რომელ პროგრამებს გულისხმობთ?
- თუნდაც, პროსტატის, სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის, ან ძუძუს კიბოს სკრინინგს... ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ამ პროგრამის გამოყენების მაჩვენებელი 10-12 პროცენტია - ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია, რადგან თუ ეს მაჩვენებელი 60%-ზე ნაკლებია, ესე იგი, პროგრამა ეფექტიანი არ არის და არ მუშაობს. პროსტატის და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგის მაჩვენებლები კიდევ უფრო მცირეა - 5-6 პროცენტი ანუ რაც გვაქვს, ისიც არ არის ათვისებული. პრევენციული მედიცინის გამოუყენებლობაა მიზეზი იმისა, რომ კიბოს საქართველოში ძალიან გვიან - მესამე-მეოთხე სტადიაზე ადგენენ. იგივე უნდა ითქვას სხვა ქრონიკულ დაავადებებზეც.
- ნუთუ, ჩვენს ჯანდაცვას საყოველთაო დაზღვევამაც ვერ უშველა?
- ფაქტია, რომ ექიმიც უკმაყოფილოა და პაციენტიც. 10-11 წლის წინ რაღაც პროგრამას რომ შემოიღებ, რომელიც აღარ ვითარდება, უკეთეს შედეგს რატომ უნდა ველოდოთ? ყველაფერი იცვლება, ახალი მოთხოვნები ჩნდება, ქართულ ჯანდაცვაში კი, ბევრი არაფერი იცვლება. გადახედეთ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ ძირითადად, სოციალურ პროგრამებს აფინანსებს. რაც შეეხება თავად ჯანდაცვას, ამ სფეროზე დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი იხარჯება. ყველაფერი ძვირდება, ახალი სერვისები შემოდის, ახალი პრეპარატები, ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები - ამ ყველაფერს ხომ დაფინანსება სჭირდება? - არადა, თუ ბოლო წლების ბიუჯეტს გადავხედავთ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება არ იზრდება, ესეც ინდიკატორია იმისა, რომ ამ სფეროში სერიოზული კრიზისია. პრობლემაა ისიც, რომ ეს თანხა არასწორად იხარჯება. თავის დროზე ვთავაზობდით, რომ კერძო და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს შორის ურთიერთობა ასე ჩაკეტილი არ ყოფილიყო: სახელმწიფო რომელიღაც სერვისს მიფინანსებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება სულ სხვა მომსახურებისთვის კერძო პაკეტი გამოვიყენო? რაღაცას სახელმწიფო დამიფარავს, რაღაცას - კერძო დაზღვევა, მაგრამ რა ხდება? - თუ გინდა, რომ კერძო დაზღვევით ისარგებლო, სახელმწიფო დაზღვევაზე საერთოდ უარი უნდა თქვა, ან - პირიქით. რატომ ამბობენ უარს ამაზე, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, რომ ამ ცვლილების შედეგად, სახელმწიფოც დიდ სარგებელს მიიღებს და ადამიანიც. სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, რომ ჯანმრთელი მოქალაქეები ჰყავდეს, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა და შრომისუნარიანობა გაიზარდოს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ამაზე არ მუშაობს, სანახევროდ გაკეთებული საქმე კი, სასურველ შედეგს არ იძლევა.
- თუმცა, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდიან აფხაზეთიდან და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, ესე იგი, აქ უკეთესი სიტუაციაა?
- აფხაზეთის შემთხვევა გასაგებია, რადგან იქ ყველა სისტემა მორღვეულია. ძალიან კარგია, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს შეღავათები აქვთ, მაგრამ არ ღირს ოკუპირებული რეგიონის, ან რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შევედაროთ, უმჯობესია, მოწინავე სახელმწიფოებს მივბაძოთ და სულ ცოტა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე მაინც ვიყოთ - ასეთია საკითხისადმი სწორი მიდგომა.
- საქართველო რეგიონში ლიდერია ბავშვთა დაავადებების და სიკვდილიანობის მხრივაც... ემხრობით მოსაზრებას, რომ ჩვენს სკოლებში უფასო კვება უნდა შემოიღონ?
- დიახ, რადგან სახელმწიფო ოფიციალური სტატისტიკით ამოწმებს, რომ ბავშვების უმრავლესობა სკოლაში მშიერი დადის. სწორედ ამიტომაა აუცილებელი უფასო კვება სკოლებში: ეს დიდი შეღავათი იქნება ოჯახებისთვის, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, რომ ბავშვი სრულფასოვნად გამოკვებონ. მოზარდი დღეში ერთხელ მაინც თუ მიიღებს მინიმალურ საკვებს, ეს მისთვისაც კარგი იქნება და მშობლებისთვისაც. თანაც, ეს არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ გასწვდება, მომავალში კი, ათჯერ მეტ სარგებელს მივიღებთ ჯანსაღი და ძლიერი მომავალი თაობის სახით. არასრულფასოვანი და არაჯანსაღი კვება ბევრი დაავადების გამომწვევია - ეს ორჯერ ორი - ოთხია.
- ბატონო სერგო, მაინც რით განისაზღვრება ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობა?
- ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობით - როდესაც ჯანდაცვის სისტემაზე ვსაუბრობთ, ეს მთავარი კრიტერიუმია. თუ სისტემა კარგადაა აწყობილი, სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელი და უფრო მეტია. ჩვენ 7-8 წელი გვაქვს ჩამორჩენა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ამის გამოსასწორებლად, რაღაც უნდა ვიღონოთ, რადგან ჩვენი მოქალაქეები ნაკლებ ხანს ცოცხლობენ და ნაკლებ დოვლათს ქმნიან, ეს კი, სერიოზული პრობლემაა.
ხათუნა ჩიგოგიძე