მუსიკოსის განსაკუთრებული სიყვარული გერმანიის მიმართ და ქართული დღეები იაპონიასა და ლევილში - გზაპრესი

მუსიკოსის განსაკუთრებული სიყვარული გერმანიის მიმართ და ქართული დღეები იაპონიასა და ლევილში

თუმცა, ამას რაღაცნაირად შეეჩვია და როგორც ამბობს, მგზავრობისას უსიამოვნების დასაძლევად ტრადიციულ ქართულ ხერხს არ მიმართავს (დალევა იგულისხმება). უცხოეთში სიარული დაიწყო ჯგუფ „შინთან“ ერთად (ერთი წელი იქ მღეროდა) და პირველად გერმანიაში ჩავიდნენ. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა გერმანიას ესტუმრა. ბუბა მურღულია გახლავთ ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ წევრი და ანსამბლ „იბერის“ ხელმძღვანელი.

- სკოლაში სწავლის დროს, ერთი პერიოდი დავდიოდი პიონერთა სასახლის კინომოყვარულთა კლუბში გრიშა ჩიგოგიძესთან. გერმანიაში ტარდებოდა კინომოყვარულთა სასკოლო ფესტივალი და ასე აღმოვჩნდი ჰანოვერში, 13 წლისა. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა უცხოეთში. იქ ალბათ, ერთი კვირა ვიყავით, 1991 წელი იდგა. გერმანიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ბავშვობიდან, მის საფეხბურთო ნაკრებს და საერთოდ ქვეყანას, ყოველთვის და ყველაფერში ვგულშემატკივრობდი, გერმანულ ენას ვსწავლობდი, გერმანულ სკოლაში დავდიოდი... კეთილგანწყობილი ვარ გერმანელი ხალხის მიმართ.

- რადგან ასე გიყვართ, ხშირად ჩადიხართ?

- პირადი განწყობების მიხედვით გერმანიაში ჩასვლა ცოტა რთულია. ყოველ შემთხვევაში, უარს არ ვამბობ, როცა ამის შესაძლებლობა მეძლევა. გასტროლებით ბევრჯერ ვყოფილვარ. ბოლოს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მატჩზე ვიყავი ჰამბურგში (ბილეთისთვის წინასწარ დავიჭირე თადარიგი). დავესწარი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს პორტუგალიასთან. საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასწრებაც მინდოდა, მაგრამ იმ დროს ჯგუფი „ირიაო“ იაპონიაში ვიყავით და ვერ მოვახერხე.

- იაპონიაში პირველად იყავით?

- კი. იქ ჩატარდა ქართული დღეები კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით. დიდი მიღება გვქონდა ელჩთან. ჩვენს ჯგუფთან ერთად იყვნენ: ანსამბლი „ბასიანი“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, პანტომიმის თეატრი, ქუთაისის კამერული გუნდი... ჩვენი სახელოვანი და ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ლევან საგინაშვილი (ჰალკი) და იაპონიაში მცხოვრები ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი. მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, წარმოდგენილი იყო - მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ხევსურული ნაქარგობა და სხვა. ჩემი აზრით, მომღერლებსა და მოცეკვავეებთან ერთად, ასეთი ოსტატების წვლილი არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სახის ღონისძიებებში.

- ეგზოტიკური ქვეყანაა იაპონია. წინასწარ რამე მოლოდინი თუ გქონდათ და შთაბეჭდილებებზეც მითხარით.

- მოლოდინები არა მაქვს იმიტომ, რომ ზოგადად აღფრთოვანება და აღტაცება არ მჩვევია არაფრის მიმართ. 90-იანებში იმდენი რამ ვნახე, აღარაფერი მიკვირს... ტოკიოში ვიყავით ცნობილ შიბუიას მოედანზე, სადაც დგას ერთგული ძაღლის - „ჰაჩიკოს“ ქანდაკება. შიბუიას გადასასვლელზე 12 „ზებრა“ (მე რაც დავთვალე) ერთმანეთში იკვეთება და როცა მწვანე შუქი ინთება ფეხით მოსიარულეთათვის, ისეთი ამბავი ხდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. დღეში დაახლოებით მილიონ-ნახევარი კაცი გადადის. ტოკიოში ძალიან დატვირთული დღეები გვქონდა, დავათვალიერეთ ძველი ქალაქი და ბუდისტური ტაძრები - ეს, რაც მოვასწარით. ხუთი დღე საკმარისი არ არის უცხო ქვეყნის კულტურისა და ხალხის გასაცნობად. იაპონია ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა, რაც ყველას მოსწონს და ჩვენ განსაკუთრებით, როგორც უწესრიგო ხალხს. სხვათა შორის, ძალიანაც მოწესრიგებულები შეგვიძლია ვიყოთ, ოღონდ უკიდურესი აუცილებლობის დროს და ეს იმდენჯერ მოვახერხეთ, რამდენჯერაც დაგვჭირდა.

- გასტროლების დროს, ქალაქების დასათვალიერებლად დრო გრჩებათ?

- ტურის შემთხვევაში რთული განრიგი გვაქვს, სულ გადარბენაა. ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიხარ მატარებლით ან ავტობუსით. ჩოტა ხნით დაისვენებ და საღამოს ისევ კონცერტია. ვერაფერს ასწრებ, ერთადერთი - ბარში ლუდს თუ დალევ. თუკი ვთქვათ, ფესტივალზე ვართ მიწვეული, იქ დაგეგმილია ხოლმე ორი კონცერტი, იშვიათად - სამი. მაშინ არის საშუალება, ქალაქი დაათვალიერო.

- საფრანგეთში, სადაც არაერთხელ ყოფილხართ, ბოლოს როდის ჩახვედით?

- შარშან და წელს ვიყავით ლევილში, ქართული კულტურის დღეებზე, რომელიც კულტურის სამინისტროს ეგიდით ტარდება. უამრავი ადამიანი მოდის ლევილის მამულში, როგორც არტისტები, ასევე სტუმრები. პირველ რიგში, რასაკვირველია, დიდი ქართული დიასპორა არის დაინტერესებული, ბევრია ადგილობრივიც. ალბათ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მაყურებელს ქართული სიმღერა აღფრთოვანებით არ მიეღოს. კონცერტის დასრულების შემდეგ, მოდიან ჩვენთან და კარგა ხანს, დაახლოებით 2 საათის მანძილზე გვაქვს ურთიერთობა. ემიგრანტებს მოჰყავთ ბავშვებიც, მათ აინტერესებთ ახლოს ნახონ ჩოხა, ხანჯალი, მასრები, აზიურები... ეს ფუფუნებაა მათთვის. შეკითხვებს სვამენ და ფოტოებს იღებენ ჩვენთან ერთად. მაყურებლისგან ძალიან ბევრ ემოციას ვიღებთ, უკუგება ორმხრივია - ემოციების გაცვლა ხდება. „ირიაოს“ შემადგენლობაში ორი წლის წინ ცვლილება მოხდა, ახალგაზრდები - ჩვენი მეგობრები დავიმატეთ ჯგუფში და როცა ყველანი ერთად ვათვალიერებდით პარიზს (ისინი ნამყოფი არ იყვნენ), მე გიდის ფუნქციაც შევითავსე. არის ადგილები, სადაც რამდენჯერაც უნდა წახვიდე, ყოველთვის სიახლეს აღმოაჩენ, თუნდაც - ლუვრში.

iberi-copy-1728231172.jpg

- ამა თუ იმ ქვეყანაში წინასწარ დაგეგმილი, რომელიმე ღირსშესანიშნაობის ნახვა რომ ვერ მოგისწრიათ, გული არ დაგწყვეტიათ?

- სხვათა შორის, გული არ მწყდება იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, იქ კიდევ ჩავალ და რაც ვერ ვნახე, შემდეგ ჯერზე ვნახავ.

- შთაბეჭდილებების გაზიარება ვინმესთვის ან "ფეისბუკზე" პოსტების წერა გიყვართ?

- "ფეისბუკი" საერთოდ არ მქონდა, მხოლოდ წლინახევრის წინ დავრეგისტრირდი. არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და არც რამით თავის წარმოჩენა. მოგზაურობებსა თუ შთაბეჭდილებებზე წერაც არ მიმაჩნია სწორად. სათქმელს ვუზიარებ მეგობრებს, ვისთან ერთადაც ვმოგზაურობ და ხანდახან - ოჯახის წევრებს. ასე რომ, ამბების მოყოლა და წერა იმაზე, რა ვნახე და სად ვიყავი, არაა ჩემი საქმე. ოჯახში ერთი მწერალიც საკმარისია (მამას, გია მურღულიას გულისხმობს. - ავტ.).

- წელს სად დაისვენეთ?

- არსად, დასვენებას ვერ ვახერხებ. შვებულებების და ე.წ. არდადეგების დროს ფაქტობრივად „ირიაოს“ ან „იბერის“ გასტროლებზე ვარ. თუ საზღვარგარეთ არ გახლავართ, ე.ი. ვემზადებით წასასვლელად და ყოველდღე რეპეტიცია გვაქვს. მე ვისვენებ სახლში, საღამოს, როცა ტელეეკრანზე ფეხბურთს ვუყურებ. და კიდევ, არამუსიკოს, ბავშვობის მეგობრებთან ერთად - ამაზე საუკეთესო შვება და განტვირთვა ჩემთვის არ არსებობს.

ნანული ზოტიკიშვილი