"ლუშნუ" - სპექტაკლი სვანეთის შესახებ და პეიზაჟი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს - გზაპრესი

"ლუშნუ" - სპექტაკლი სვანეთის შესახებ და პეიზაჟი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

როგორც რეჟისორი ამბობს, ამ სპექტაკლით მაყურებელს არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიეწოდება სვანეთის წარსულიდან, ხაზგასმა მოხდება დღევანდელობაზეც და ისიც იქნება ნაჩვენები, თუ როგორია წარმოდგენაში მისი მომავალი. მაყურებელი დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობილი ისტორიის, ქორეოგრაფიის და მუსიკის საინტერესო სინთეზს იხილავს.

ლაშა ონიანი, რეჟისორი:

- რამდენიმე წლის წინ მსახიობ გეგი ფალიანს შევხვდი და ვუთხარი, იქნებ სვანეთზე სპექტაკლი დავდგათ, სვანური პროდუქცია გავაკეთოთ-მეთქი და ჩემი იდეის ხორცშესხმის დროც დადგა.

- როგორი იყო ეს პროცესი, სცენარზე თავად იმუშავეთ?

- ინფორმაციის დიდი ნაწილი დოკუმენტური მასალებიდან, სამეცნიერო ნაშრომებიდან და ისტორიიდან გვაქვს ამოკრეფილი. ლეგენდები ნაკლებად იქნება, 80% ნამდვილ ამბებზეა აწყობილი, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი იქნება. სცენარზე თავად ვიმუშავე, შემდეგ კი საქმეში ახალგაზრდა ეთნოგრაფი სოფო ფალიანი ჩაერთო. ის იკვლევს თემებს, რომლებიც ჩემამდე მოდის, მერე ერთად განვიხილავთ. ამ სპექტაკლით მაყურებელს სვანეთის შესახებ არაერთი უცნობი ინფორმაცია მიეწოდება, ოღონდ ამ ინფორმაციის გადმოცემა გათეატრალიზებული იქნება. მოგეხსენებათ, თავად სვანი ვარ, ჩემზე ეს ინფორმაციები სხვაგვარად ემოციურად მოქმედებს, ზღვა მასალაა და ცოტათი რთულია, 90 წუთში მთავარი სათქმელის ჩატევა შეძლო. ამ ინფორმაციას თან ახლავს მხატვრულობა, მუსიკალური გაფორმება, ქორეოგრაფია, მსახიობების დიალოგები, სვანური საბრძოლო ცეკვა... ეს განსხვავებული და გამორჩეული გამოდის ყველა იმ ნამუშევრისგან, რაც აქამდე გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დადგმის და იდეის ავტორი ვარ. სპექტაკლი ჩემია, სვანურია, მაგრამ უცხოა. ფაქტობრივად დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობილი ისტორიის, ქორეოგრაფიისა და მუსიკის სინთეზს ვაკეთებ. ღრმა შინაარსით გაიცნობს სვანეთს დანარჩენი საქართველო.

- გთხოვთ, იმ ამბებიდან, რომელიც ძიების პროცესში მოიპოვეთ, ჩვენი მკითხველისთვის ერთი საინტერესო მონაკვეთი გაიხსენოთ.

- ერთი დეტალი შემიძლია გაგიმხილოთ. ცნობილია, სვანეთს საქართველოსთვის არასდროს უღალატია. სვანეთი ისტორიის მანძილზე ცალკე არ ყოფილა, ეს ამბავი ძალიან მომწონს. ცალკე თემაა, როგორ იყო აწყობილი ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობა. ბევრისთვის უცნობია, რომ ბიზანტიის იმპერატორი, ეგრისის მეფესთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებას, სვანეთში დაენიშნა უსაფრთხოების (დღევანდელი გაგებით) თემაზე პასუხისმგებელი პირი.

- მათი ვინაობები ცნობილია?

- ცნობილია, მაგრამ დადგმის პროცესში, როგორც კი გვარების ხსენება დავიწყეთ, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, იმდენმა გვარმა მოიყარა თავი, სცენარი გადაიტვირთა; ისე დაამძიმა, რომ სანახაობრივი მხარე დაუკარგა. გვარები ამ მიზეზით ამოვიღე. მაყურებელს ვაწვდი ინფორმაციას, რაც მოხდა და ვინც დაინტერესდება, თავად შეუძლია მოიძიოს იმ ადამიანების ვინაობა.

- როგორც თქვენ ამბობთ, ეს არის სპექტაკლი სვანეთის წარსულზე, სვანეთის დღევანდელობასა და მის მომავალზე, როგორიც იქნება ის თქვენს წარმოდგენაში. მეტამორფოზა როგორია?

- ძალიან დიდი მეტამორფოზაა, მომავალში ჩვენი სამშობლო ჩანს ბედნიერი და გამრავლებული. ეს იქნება სპექტაკლის ფინალი. შინაარსობრივი დატვირთვა შემეცნებითია. სპექტაკლს "ლუშნუ" ჰქვია, რაც ნიშნავს "სვანურს". მოგეხსენებათ, სვანეთში და არა მხოლოდ აქ ცნობილი სიმღერაა "ლილეო", მაგრამ მისი საწყისი დრო არ ვიცით, არ არის დადგენილი პირველად როდის იმღერეს. ამასობაში გამოჩნდა მეორე სიმღერა, რომელიც პირდაპირ განთიადს ნიშნავს, "კვირია" ჰქვია. უთვალავჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ჩვენს სპექტაკლში ორიგინალი ვარიანტი შევიტანეთ. "კვირია" პირდაპირი თარგმანით არის "მგლის ხმა". მგელი დილით მზის ამოსვლას რომ ეგებება, მაგ ხმას ჰქვია კვირია. ამ და სხვა მსგავს ნიუანსებს ახლა მივადექი. აქამდე მხოლოდ სცენარის ჩონჩხი არსებობდა და ხორცშესხმის პროცესი ძალზე საინტერესო აღმოჩნდა. ეთნოგრაფის ჩართულობამ სცენარი ძალიან გაამდიდრა.

სცენაზე გვყავს მახვში, სტუმარი ქალბატონი, ახალგაზრდა ბიჭი, ისიც სტუმარია და კიდევ ერთი სვანი, რომელიც ბაბუასთან სტუმრად ზაფხულობით ჩამოდის. მონაწილეობს ადგილობრივ მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდები.

- მსახიობების შერჩევა რა პრინციპით მოხდა?

- მახვშის როლში გეგი ფალიანია, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. სპექტაკლში ითამაშებს რუსთაველის აკადემიური თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი. მისი შერჩევა ვიზუალის მიხედვით მოხდა. სპექტაკლში სტუმარ ქალს, თამარ დედოფალს და ვინმე მოცეკვავე ქალს მანანა თამაშობს. ის არის მსახიობი, რომელსაც უხდება შავი ჩაცმულობა, წითელი ტუჩსაცხი, თეთრი თმა, წითელი ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი. მსახიობის შერჩევაზე რომ ვფიქრობდი, ამ სურათში მანანა დავინახე. ის ჩემს სპექტაკლში "სამოსელი პირველი" თამაშობდა და იქიდან მაქვს გამოყოლილი მისი ხმა, გამოხედვა, კარგი ტემბრი. 12 და 13 ოქტომბერს პრემიერა რუსთაველის თეატრში გვექნება.

- მესტიაში რატომ არ აჩვენებთ?

- აქ არის ერთი დეტალი. ჩვენ გვინდა მესტიაში კარგად გამობრძმედილი, დამუშავებული სპექტაკლი წამოვიღოთ და ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ვაჩვენოთ. სვანი მაყურებლის შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია.

- ბატონო ლაშა, ეს სპექტაკლი მაყურებელს რაზე დააფიქრებს? როგორი ემოცია გაჰყვებათ თეატრიდან?

- ვფიქრობ, საქართველოს რეგიონები ერთმანეთს მაინც ზედაპირულად ვიცნობთ. დიდი დრო არ არის, რაც ქართველებმა ერთმანეთში სიარული დავიწყეთ. ვიღაც ბარიდან მთაში წავიდა, კოტეჯი აიშენა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ჯერ კიდევ არ ვიცნობთ. ამ სპექტაკლით კი სვანეთს მაყურებელი კარგად გაიცნობს. წარმოდგენაში ილია ჭავჭავაძის ციტატაც გამოვიყენე. სპექტაკლის ბოლოს მახვში სტუმრებს აცილებს, უკვე მოშორებით მყოფებს მიაძახებს; "ბარში რომ ჩახვალთ, იქ გადაეცით, ვისაც სვანეთი არ უნახავს, მას საქართველო არ უნახააავს!" ახლაც ჟრუანტელმა დამიარა, სვანეთი ილიასაც როგორ უყვარდა.

- მგონი, ეს სპექტაკლი სვანეთში ბევრ ადამიანს ამოიყვანს, არა?

- ვინც არ არის ნამყოფი, სულმოუთქმელად დაელოდება შვებულების დღეებს, რომ ამოვიდეს და საკუთარ სამშობლოს აქ ჩაეხუტოს. თეატრის ეზოდან თეთნულდი მოჩანს. დღეში ასჯერ იცვლება დეკორაციასავით: ხან ნისლში ეხვევა, ხან მზე ადგას, ხან იმალება, ხან მთვარის შუქი ანათებს... ეს პეიზაჟი ყველამ უნდა ნახოს!

2-1728231521.jpg

გეგი ფალიანი, მსახიობი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი:

- ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, უფრო სწორად, სვანი მსახიობისთვის ამ სპექტაკლზე მუშაობა ძალზე საინტერესოა. სპექტაკლში მახვშის როლს ვასრულებ. მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრში პრიორიტეტს ეროვნულ თემატიკაზე ვაკეთებთ. დავდგით "ბეთქილი", "უშბა და თეთნულდი", "სტუმარ-მასპინძელი". როდესაც მე და ლაშა ერთმანეთს შევხვდით და ამ იდეის შესახებ ლაპარაკი დავიწყეთ, ერთმანეთს ცოდნა გავუზიარეთ, შემდეგ შევჯერდით რა და როგორ გაგვეკეთებინა. ჩვენ ძალიან ბევრ ქარტეხილს გავუძელით და სვანური ენა არ დაიკარგა, ისტორიას მეგზურად გაჰყვა. ლამპრობა ყველგან ტარდებოდა, განსაკუთრებით - მთიან რეგიონებში, მაგრამ სვანეთში დღემდეა შემორჩენილი. ქრისტიანობამდე კულტურა გვაქვს დღემდე მოტანილი და ეს ძალიან საამაყოა. სპექტაკლის ისტორიული ნაწილის ყველა დეტალი ისტორიკოსებთან, მკვლევრებთან და ეთნოგრაფებთან არის გავლილი.

- თქვენს როლზე, რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- მახვშს სტუმრად ჰყავს ქალბატონი და ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისტორიით და ჩემი პერსონაჟი მათ მოუთხრობს სვანეთის ისტორიას. მათთან ერთად სვანური ამბის მსმენელი ხდება მაყურებელი. ეს ქალბატონი გადაიქცევა თამარ მეფედ, შემდეგ კი ისევ რეალობაში ბრუნდება. ეს სპექტაკლი ისტორიაში მოგზაურობაა. მაყურებელს კი უფრო სიღრმისეულად დააინტერესებს ჩვენი კულტურა, ადათ-წესები. სპექტაკლს შეიძლება სვანური მუზიკლიც კი ეწოდოს, რადგან მასში 8 ძალიან საინტერესო, უძველესი სიმღერა იმ ფორმით იქნება შესრულებული, როგორც საუკუნეების წინ ასრულებდნენ ჩვენი წინაპრები. დიდი სურვილი გვაქვს, ეს სპექტაკლი მესტიაში სკოლებს ვაჩვენოთ, ვითამაშოთ საქართველოს დიდ ქალაქებში.

მსგავსი სპექტაკლები სხვა კუთხეებზეც უნდა დაიდგას. ეს იდეაც წლების განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული, რომ არა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა. რეგიონული თეატრების და კულტურის ცენტრების განვითარების მიმართულებით კონკურსი იყო გამოცხადებული. მესტიიდან ეს სპექტაკლი წარვადგინეთ და 20.000 ლარით დაგვაფინანსეს. გარდა ამისა, მხარში დაგვიდგა და ძალიან გვეხმარება არაჩვეულებრივი სვანი ბიზნესმენი გიგლა ფარჯიანი. კარგი იქნება, მას სხვა ბიზნესმენები თუ მიჰბაძავენ და კულტურას დაეხმარებიან. ქართველი ერის სახე არის კულტურა და სპორტი. ჩვენ ამით ვამაყობთ, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და ადათ-წესებით.

- მადლობა, წარმატებულ პრემიერას გისურვებთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე