რა უნდა იცოდეთ იოგაზე
როგორც ფიზიკური და სულიერი განვითარების გზა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს სტრესს და გააუმჯობესოს ჯანმრთელობა. ბევრისთვის იოგა მხოლოდ ვარჯიში კი არა, ცხოვრების ფილოსოფია და შინაგანი სიმშვიდის მოძიების საშუალებაა. სალომე გოგოლაშვილმა იოგას საშუალებით თავისი გზა იპოვა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ბრძოლაში, პირადი და პროფესიული ძიებების მორევში იოგა ნამდვილი დამხმარე აღმოჩნდა მისთვის.
- რა გახდა იოგათი თქვენი დაინტერესების მიზეზი?
- პირველ რიგში, მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი საქმიანობით და ზოგადად, გსურთ იოგას სამყაროში შემოიხედოთ, მკითხველს გაუზიაროთ. დღევანდელ დროში და სამყაროში, სადაც თვითგადარჩენის საკითხი მწვავედ დგას, იოგა და სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური პრაქტიკების მნიშვნელობა ნამდვილად ყურადსაღებია. ჩემი ამბავიც ამ რეალობას უკავშირდება. იოგა ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე აღმოვაჩინე, როდესაც საკუთარ თავთან დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დავდექი.
- რა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი სირთულე და როგორ დაგეხმარათ იოგა მათთან გამკლავებაში?
- სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე პროფესია და ბევრი სამუშაო ადგილი შევიცვალე. იყო რთული წლები მუდმივი ძიების, შემდეგ იმედგაცრუების და ისევ ძიების. ახლა რომ ვიხსენებ, იოგა სწორედ იმ პერიოდში, ნელ-ნელა შემოდიოდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი მაშინდელი რეჟიმისა და პროფესიული არჩევანის გამო, სერიოზული ყურადღება არ მიმიქცევია. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ისე ვიყავი მისით მოცული და დაინტერესებული, დრო იყო, ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და პროფესიულ დონეზე შემესწავლა.
- რამ გაგიჩინათ სურვილი, რომ იოგა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვისაც გესწავლებინათ?
- როდესაც იოგას აკადემიაში პროფესიული მომზადების კურსი დავასრულე, სერტიფიკატის ასაღებად საკმაოდ რთული გამოცდები უნდა ჩამებარებინა - როგორც ფიზიკური, ასევე თეორიული ნაწილი. ამ პერიოდში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე წელს მთლიანად იოგას და მის შესწავლას დავუთმობდი.
- შემდეგ უკვე ფილოსოფიამ და ინდურმა სიბრძნემ დაგაინტერესათ?
- ეს ყველაფერი იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი და წარმომედგინა, რადგან ერთია, დაკავდე იოგათი და სხვაა, გქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიარო. როდესაც საკუთარი განვითარების იქით იხედები, ეს სულ სხვა საქმეა. ამის სიღრმისეულად გაცნობიერებაში პრაქტიკის პირველი ეტაპი დამეხმარა მოსწავლეებთან. რაც შეეხება იოგას ფილოსოფიას, საქართველოში იოგას ფედერაციის დამფუძნებლის, გიორგი ბერძენიშვილის მენტორობით, ჯერ კიდევ სწავლის, ანალიზისა და მისი სიღრმეების კვლევის პროცესში ვარ.
- როგორ აერთიანებთ თქვენს პირად ისტორიას და გამოწვევებს იოგას სწავლებისას, რომ სხვებს შთააგონოთ?
- რთულია? ისუნთქე! მარტივია? მაინც ისუნთქე! რამე გტკივა? ისუნთქე და გაატანე სუნთქვას. ისწავლე სირთულისა და ტკივილის სიამოვნებასა და სიმსუბუქეში გადატანა. ეს სიბრძნეა პატანჯალის იოგა სუტრადან, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და სხვათა შორის, იოგას პრაქტიკაში თუ ფიზიკური ტკივილის სიმსუბუქეში გადატანას გარკვეულ დონეზე მივაღწევთ, შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კარგად მუშაობს.
კონკრეტული ტექნიკა, რომლითაც მე სხვებს შთავაგონებ, არ მაქვს. ჩემი პრაქტიკა, ძირითადად, გულწრფელ ემოციებსა და შეგრძნებებზეა დამყარებული. მე და ჩემი პრაქტიკანტები ვგრძნობთ და ვხვდებით, როდის რა გვჭირდება ერთმანეთისგან, თუმცა მათ ყოველთვის ვურჩევ: მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსია დასაწყისში იფიქრონ, თითქოს არ გამოსდით ან არ გამოუვათ, იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ გამოცდაა საკუთარი თავის და სამზადისი იმ აღმოჩენებისაკენ, რომელიც ელით. იოგა ძალიან ჰგავს ცხოვრებას: თუ არ დანებდები, აუცილებლად მიხვდები, რომ ღირდა.
- როგორც ვიცი, ძალიან რთული გზა გამოიარეთ, სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდით. ძალიან პატარა იყავით, დედას ემიგრაციაში რომ მოუხდა წასვლა და პატარა ძმასთან ერთად დარჩი.
- რა თქმა უნდა, დღეს ემიგრაციის საკითხი რთული და სენსიტიურია, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ხშირად ადამიანები მუდმივად თვითგადარჩენის რეჟიმში ვართ. როდესაც ბავშვი აღმოჩნდება იმაზე რთული რეალობის წინაშე, ვიდრე მის ასაკშია წარმოსადგენი, მისი ტვინი ეჩვევა ქაოსს და ხშირად ქვეცნობიერად, ზრდასრულ ასაკშიც მას დაეძებს. ამ დროს რთულია შეგრჩეს ენერგია, რომელიც სწორი და ჯანსაღი განვითარებისკენ იქნება მიმართული. ჩემი ძმის არსებობა ძალიან დამეხმარა ღირებულებების სწორად გადაფასებაში. საბედნიეროდ, დედასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ბავშვობიდან მასწავლიდა სამყაროს და საკუთარი თავის სიყვარულს, ამიტომ მასთან სიახლოვისა და მეგობრობის შენარჩუნება არ გამჭირვებია.
- იოგამ სირთულეებთან გამკლავება გასწავლათ?
- იოგამ მასწავლა სუნთქვა, მოძრაობა, ფაქტობრივად, ზრდასრულ ასაკში ავიდგი ფეხი. ვინც იცის იოგას სიკეთე და შესაძლებლობები ნერვულ სისტემასთან მიმართებაში, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. სირთულეები ყოველთვის იქნება, მთავარია, ჩვენ გვრჩებოდეს ენერგია და უნარი, რომ ამ სირთულეებს ჯანსაღი თვალით შევხედოთ და ადეკვატურად გავუმკლავდეთ.
- თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს იოგას სულიერი და ფიზიკური ასპექტები თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე?
- იოგა საკუთარ თავთან თანაცხოვრების საშუალებას მაძლევს. თუ ვთანაცხოვრობ საკუთარ თავთან, ესე იგი, ვთანაცხოვრობ სამყაროსთან და არ ვებრძვი მას. თუ არ ვებრძვი სამყაროს, ესე იგი, ის ჩემთვის მუშაობს და მე მისთვის ვქმნი ჩემი მყოფადობის ავთენტურობისთვის საჭირო სივრცეს.
- რა განსხვავებაა აშთანგა იოგასა და იოგას სხვა მიმდინარეობებს შორის?
- აშთანგა იოგა სხვა მიმდინარეობასთან შედარებით დინამიკურია. თან ახლავს სხეულის გაჭიმვასა და ენერგიაზე მუშაობა სიმტკიცისთვის. ვმუშაობთ შეკუმშვებზე (ბანდჰები), რომელიც მიზნად ისახავს სასიცოცხლო სუნთქვის (პრანის) დაგროვებას სხეულის ქსოვილების ღრმა ნაწილებში. მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ პოზები ერთმანეთთანაა დაკავშირებული წინასწარ განსაზღვრული სერიების მიხედვით. ეს პრაქტიკანტს აძლევს საშუალებას, მოთმინება გამოიმუშაოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ასანას აქვს თავისი სუნთქვა, რასაც მატონიზირებელი ძალა და ენერგია მოაქვს.
- როგორ დაგეხმარათ იოგას ფედერაციის სერტიფიცირებული მასწავლებლობა პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში?
- სწორედ იოგას ფედერაცია იყო ის ადგილი, რომელმაც მომცა ძალიან დიდი ცოდნა და თავდაჯერება, რომ ეს საქმე მეკეთებინა...
ზოგიერთი იოგას აღიქვამს, როგორც მხოლოდ ვარჯიშს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიცდია ვინმე საპირისპიროში დამეჯერებინა, რადგან ძალიან მალევე თავად ხვდებიან, რომ ამჯერად საქმე სულ სხვა რამესთან აქვთ. რელიგიის საკითხს რაც შეეხება, ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი და მიმდევარი საკუთარზე ფიქრობს, რომ მისია ჭეშმარიტი, თუმცა ჩემი აზრით, დღეს იოგა არ განიხილება როგორც რელიგია, ის ჯანსაღი სხეულისა და გონების წესია თანამედროვე ცხოვრებაში.
- რა სირთულეებს აწყდებით, როგორც აშთანგა იოგის მასწავლებელი?
- იმ პრაქტიკანტებთან მუშაობა, რომელთაც აქამდე არ ჰქონიათ იოგასთან შეხება, ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგან მათ შენ და შენი პრაქტიკა ყოველთვის ემახსოვრებით, როგორც პირველი გამოცდილება. უნდა შეეცადო ისე მიაწოდო და დაანახვო, გული რომ არ აიცრუონ, რადგან სწორედ ახალბედებს აწუხებთ ხოლმე აზრი, რომ ეს მათი შესაძლებლობების ზღვარს სცდება. ამიტომ მათთან ამ ბალანსის დაცვა ჩემთვისაც საპასუხისმგებლო გამოწვევაა... არამატერიალური გონება და მატერიალური სხეული ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენაა, მაგრამ ერთმანეთთან მნიშვნელოვან კავშირში. ნებისმიერ ფიზიკურ სტრესს თან ახლავს ფსიქიკური რეაქცია და პირიქით. იოგას წყალობით სხეული შეიცნობს გონებას, გონება კი სხეულს, რის ფონზეც სტრესების მართვა შესაძლებელი ხდება.
- როგორ შეიძლება აშთანგა იოგამ განავითაროს ადამიანის შინაგანი სიმშვიდე და ფიზიკური სიძლიერე ერთდროულად?
- აშთანგა იოგა მეტწილად გამძლეობის გამომუშავებას ემსახურება. თითოეულ ასანაში გარკვეული დროით დაყოვნებებიც ამას ნიშნავს. ყოვნდები ასანაში, სუნთქავ, აკონტროლებ საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებს და ამ დროს გონება მოთმინებას სწავლობს. მასთან ერთად კი სხეული გამოიმუშავებს მდგრადობას და გამძლეობას. მოთმინება გასაღებია და თუ ჩვენი გონება მოთმინებას სწავლობს, ის აუცილებლად სიმშვიდესაც მოიპოვებს. ფიზიკური სიძლიერე კი თავდაჯერებას და ჯანმრთელობას გვმატებს, რაც ყოველდღიურ დინამიკაში გვჭირდება!
ფიქრია რობაქიძე