ორი გიორგი მამარდაშვილი - ქართული ფეხბურთის ორი მეკარე - გზაპრესი

ორი გიორგი მამარდაშვილი - ქართული ფეხბურთის ორი მეკარე

თურმე ქართულ ფეხბურთს ორი გიორგი მამარდაშვილი ჰყავს და ორივე კარს იცავს. ეროვნული ნაკრების მეკარეს ყველა კარგად იცნობს, ამჯერად კი გაიცანით გიორგი მამარდაშვილი საფეხბურთო კლუბიდან "ქარელი".

- გიორგი, ფეხბურთის თამაში რა ასაკში დაიწყე?

- 12 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შევედი. თამაში კი ცოტათი გვიან დავიწყე. მანამდე კალათბურთით ვიყავი დაკავებული. ფეხბურთზე ვარჯიში რომ დავიწყე, ჩემმა პირველმა მწვრთნელმა ლევან კაკაბაძემ მირჩია, კარში ჩავმდგარიყავი. ამ პოზიციაზე დაინახა მან ჩემი პოტენციალი, თუმცა სანამ კარში ჩავდგებოდი, მოედანზე სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობდი. წარმოშობით ხონიდან ვარ, ვარჯიშიც ხონის გუნდში დავიწყე. რაღაც პერიოდი მარტვილის "მერანში" ვიყავი, შემდეგ რუსთავში წავედი. სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე, თითქმის 2 წელი გამიცდა. ამ პერიოდში პოლონეთში ვიყავი წასული, ოჯახური პრობლემების გამო, მუშაობის დაწყება იყო საჭირო. საქართველოში რომ დავბრუნდი, მეგობრის რჩევით, რომელიც "არაგვში" თამაშობდა, ისევ მოედანს დავუბრუნდი. მაშინ ჩემთვის მთავარი იყო ფორმაში ჩავმდგარიყავი. ახლა კი იჯარით ვარ საფეხბურთო კლუბ "ქარელში". ჩვენი ეროვნული ნაკრების ასეთმა წარმატებულმა თამაშებმა ისეთი დიდი სტიმული მომცა, ახლა ასმაგი ენერგიითა და მონდომებით ვვარჯიშობ. გადავწყვიტე, მთელი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვნა, ძალიან ბევრს ვშრომობ.

- როდესაც ადამიანებს ეცნობი, როგორც ფეხბურთელი, მეკარე და შენს სახელს და გვარს იგებენ, როგორია მათი რეაქცია?

- (იცინის) არ მიჯერებენ, ზოგს ჰგონია, რომ ვხუმრობ, ზოგს ჰგონია, ვიტყუები. მოედანზეც ჩემი სახელი და გვარი რომ გამოუცხადებიათ, ხშირად მაყურებლისგან საოცარი ოვაცია წამოსულა. მაისურზე სახელი და გვარი რომ მაწერია, ბევრს ჰგონია, რომ იმ გიორგი მამარდაშვილს ვბაძავ.

- ბევრი დამთხვევაა: სახელი, გვარი, სპორტის სახეობა, სათამაშო პოზიცია...

- (მაწყვეტინებს) გარეგნობაც.

- გიორგი მამარდაშვილს იცნობ?

- ჩემი ბაბუა და გიორგის ბაბუა ბიძაშვილები იყვნენ. პირადად მე გიორგის არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს. გიორგისთან ურთიერთობა არასდროს მქონია. მხოლოდ ერთხელ დავემთხვიეთ ერთმანეთს, როცა რუსთავში ვთამაშობდით, მაგრამ გიორგი სხვა გუნდში იყო.

- მისგან, როგორც პროფესიონალისგან, რაიმეს სწავლობ?

- რა თქმა უნდა, გიორგისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მასაც ჩემსავით ხერხემლის პრობლემა ჰქონდა, ხელი არ ჩაიქნია, ბოლომდე იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია. საოცრად მიზანდასახულია. მეც ყველანაირად ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად შევძლო.

- შენ შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე. ინტერნეტსივრცეში ზოგიერთი ხუმრობდა, "მამარდა ტემუდან". ამაზე რა რეაქცია გაქვს?

- ეს მეც ვნახე და გამეღიმა, მსგავსი რამ ჩემთვის სტიმულია, მოტივაციას მაძლევს, რომ მეტი და მეტი გავაკეთო. ალბათ მომავალში ინტერნეტსივრცეში ბევრ მსგავს პოსტს შევხვდებით.

- რა შეგიძლია იმ კლუბზე თქვა, სადაც ახლა თამაშობ?

- ძალიან კარგი და მონდომებული ბიჭები თამაშობენ, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ შედეგი ჰქონდეთ.

- რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევი?

- მიზანდასახული ვარ, მაქსიმუმს ვაკეთებ სასურველის მისაღწევად.

- განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ვარჯიში. თუ დამიჯერებ, დასვენების დღეებშიც ვვარჯიშობ.

- ჰობი გაქვს?

- მეგობრებთან გართობა.

- შეყვარებული ხარ?

- არა.

- როგორი უნდა იყოს გოგო, რომ დაგაინტერესოს?

- რთული სათქმელია. ჩემი აზრით, ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. სითბო და მზრუნველობაც ძალზე მნიშვნელოვანია.

- ყურადღებიანი ხარ?

- ვარ, მაგრამ დროის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ყველას მიმართ გამოვიჩინო ყურადღება. ამაზე საყვედურებსაც კი ვისმენ ხოლმე, მათ არ იციან, როგორი რთულია ფეხბურთელის ცხოვრება.

- საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- ოპტიმისტი ვარ, თამაშს რომ ვაგებ, ამ დროს არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მორჩა, მარცხი ხშირად მოტივაციაც კი არის. ჩემიდან ყოველთვის ასეთი მუხტი გუნდისკენ მიდის. ძალიან ჯიუტი ვარ და ეს კი არ მომწონს. სიჯიუტეს თითქმის ყველა მიმართულებით ვავლენ, მაგრამ რაც წლები მემატება, ვახერხებ, ამ სიჯიუტეზე გავიმარჯვო.

- შენი, როგორც ფეხბურთელის ოცნება რა არის?

- მინდა ნაკრებში ვითამაშო და ხალხმა ასე გამიცნოს. ეს ჩემი მიზანია, ვეცდები, ნაკრებში მალე მოვხვდე.

- სიმაღლეში რამდენი ხარ?

- 1.92.

- სტადიონზე გასვლის წინ, რაიმე ჩვევა, რიტუალი ხომ არ გაქვს?

- გასახდელში რომ ვარ, ლოცვას ვამბობ ხოლმე, უშუალოდ მოედანზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერ.

- კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. თამაშის შემდეგ ვცდილობთ, ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, სულ გვაქვს გარჩევები, სად დავუშვით შეცდომა, რა დროს ვითამაშეთ კარგად და ა.შ. მთავარია შეცდომას მიხვდე, გამოსწორება რთული არ არის.

- თანაგუნდელებიდან რომელიმეს ეროვნულ ნაკრებში ხედავ?

- რა თქმა უნდა, ბევრი კარგი და მოტივირებული ბიჭი თამაშობს. ყველას არა აქვს იმის ფუფუნება, დიდი გუნდიდან დაიწყოს. თითოეულ ჩემს თანაგუნდელს დიდ წარმატებას ვუსურვებ! წლების წინ, საქართველოს ჩემპიონატზეც აქვს ამ გუნდს ნათამაშები.

3b334739-27b9-4d4b-96bb-24bac2223101-1728231867.jpg

- იქნებ უცხოური კლუბიდან შემოთავაზება მიიღო.

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იქ სხვაგვარ გამოცდილებას იძენ და დიდი შანსიც გაქვს ნაკრებში მოხვედრის.

- გიორგი მამარდაშვილის გარდა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან, რომელია შენი ფავორიტი?

- გურამ კაშია. მას ნაკრების მიმართ დიდი სიყვარული აქვს, სტადიონზე ბოლომდე იხარჯება, კაპიტანია და ეს მოეთხოვება კიდეც. ეტყობა რამდენად უყვარს თავისი საქმე.

- რას ეტყვი გიორგი მამარდაშვილს? დღეს ის იუბილარია.

- პირველ რიგში, დაბადების დღეს მივულოცავ და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- ახლობლები ხართ, მასთან შეხვედრა არ გიცდია?

- არ მიცდია, მორიდების გამო, თორემ სურვილი მაქვს, თუნდაც გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, მისი რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება და საქმეში სასიკეთოდ წარმადგება.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე