"გროზნი" რაჟდენა და ჯაბა იოსელიანი
ხომ გახსოვთ, ქერათმიანი მკაცრსახიანი ქალი, ოპოზიციურ პარტიებს და ორგანიზაციებს რომ აჯარიმებდა წინასაარჩევნოდ. ოღონდ, ახლა მისი ადგილი ვინც დაიკავა, "გროზნი" რაჟდენაა. წინა კვირას ოპოზიციურად განწყობილ არასამთავრობოებს ავიწროებდა, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მიანიჭა და დაჯარიმებით ემუქრებოდა. ჰოდა, ამ ყველაფერს დიდი სკანდალი რომ მოჰყვა, მოულოდნელად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დადგა ვითარცა მშვიდობის მტრედი და განაცხადა: მართალია, ანტიკორუფციული სამსახური მე არ მექვემდებარება, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილს მოვუწოდებ, უკან გაიწვიოს თავისი გადაწყვეტილებაო.
თავიდან ვიფიქრე, "გროზნი" რაჟდენა ასეთ დამცირებას ვერ აიტანს, საკუთარი გადაფურთხებული ალოკოს, აქამდე ხომ გადაჭრით ამტკიცებდა, ყველაფერში მართალი ვარ და არ შევცვლი გადაწყვეტილებასო, თან ვის სჯერა, რომ როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ, პრემიერი არ იყო საქმის კურსში? შესაბამისად, როგორია, ჯერ გამოგიყვანენ, რაღაც გადაწყვეტილებას გამოგაცხადებინებენ, მთელი ქვეყანა ამის გამო შენ გაგინებს, დასავლეთი სანქციების მიზანში ამოგიღებს და მერე გეტყვიან, ახლა უკან წაიღეო. ჰოდა, ვიფიქრე, აფეთქდება რაჟდენა, იტყვის, მე კაცი ვარ თუ "პროპკაო", და არ წაიღებს უკან თავის გადაწყვეტილებას-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე! ვერ გამოდგა რაჟდენი "გროზნი". ეგრევე დანებდა და მორჩილად გამოაცხადა, უკან მიმაქვს ჩემი გადაწყვეტილებაო. ახლა ვფიქრობ, რა ახალი მეტსახელი შევურჩიო?
ისე, ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს: უტრაკო გამტრაკებელი. ეს განა მარტო ბატონ რაჟდენს ეხება. მაგალითად, წინა კვირას ირაკლი კობახიძემ საერთოდ გამოგვიცხადა, ჩვენ ყველასთან უნდა დავლაგდეთ, მათ შორის "გლობალური ომის პარტიასთანაცო".
წარმოიდგინეთ, რაღაც მტერი გამოიგონეს, სახელიც თავად შეურჩიეს, მთელი ქვეყანა დაარწმუნეს, რომ ეს ხალხი მთელ მსოფლიოს აკონტროლებდა ბიძინას და ამ ხელისუფლების გარდა, ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა დაეღუპათ და ომში ჩაერთოთ, ახლა გვეუბნებიან, მათთანაც უნდა დავლაგდეთო. ვისთან ლაგდები? ერთი კაცის სახელი და გვარი მაინც გვითხარით, ვინ იყო ამ "გლობალურ ომის პარტიაში"?
მაგრამ პრინციპში, რა პრობლემაა - თუ გამოგონილ მტერთან ბრძოლა შეიძლება, მასთან დალაგებაც უნდა შეიძლებოდეს. ამ განცხადების მერე ვიღაცამ სოციალურ ქსელში დაწერა: ტიპები თავიანთ მოგონილ მტერთან დამარცხდნენო.
ახლა ყველაზე მაგარი იქნება, ირაკლი კობახიძეს "გლობალური ომის პარტიამ" რომ უპასუხოს: ბაზარი არაა, დავლაგდეთ, "ბრატო"!
ვიდრე "გლობალური ომის პარტიისგან" მოვა პასუხი, მანამდე აშშ-ის საელჩომ გადაწყვიტა, ჩვენი ხელისუფლების ცილისმწამებლური კამპანიისთვის პასუხი გაეცა და სოციალურ ქსელში დაიწყო ე.წ. ქარდების განთავსება განცხადებებით. ამან "ოცნებას" წონასწორობა დააკარგვინა, - ეს ჩვენს არჩევნებში ჩარევაა, ბარემ საარჩევნო ნომერიც მოითხოვოს აშშ-ის საელჩომო.
თქვენ არ გაგიგონიათ გამოთქმა: მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო? ჰოდა, ეგ დაგემართათ სწორედ. უკაცრავად, მაგრამ ქართულ შიდა პოლიტიკაში ამერიკის ფაქტორის გამოყენება პირველმა ვინ დაიწყო? გარდა ამისა, უკვე ორი წელია, ბიძინას ხელდასხმით პარტია "ხალხის ძალა" ყველა უკეთურებას ამერიკას აბრალებს: ომში გვითრევდნდნ, ქართველობას გვართმევენ და გვრყვნიანო და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი აბსურდი? პირადად "უფროსიც" თავის ყველა გამოსვლაში ფაქტობრივად ამერიკას აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას: სააკაშვილმა გააჩაღა გარე ძალების დავალებითო. თუ რადგან სიტყვა "ამერიკას" პირადად ბიძინა არ ახსენებს და ხან გარე ძალებს და ხან "გლობალური ომის პარტიას" გაიძახის, ვერავინ ხვდება, სინამდვილეში ვის ურტყამს? ის თუ არა, მისი დამქაშები - "ხალხის ძალა", კარის ექსპერტები და კარის ფილოსოფოსები ხომ ახსენებენ? თუ მას ჰგონია, ამერიკელები ვერ ხვდებიან, რას ემსახურება მთელი ეს კამპანია და ვისი გაშავების მცდელობაა? მე ის მიკვირს, ამერიკა აქამდე რომ არ პასუხობდა ამ თავდასხმებს.
"ქართული ოცნება" კი ამ ყველაფერმა ისე გაამწარა, რომ მათი ერთი დეპუტატი გამოვიდა და ამერიკელებს პასუხი ჯაბა იოსელიანის ცნობილი სიტყვებით გასცა: დემოკრატია ლობიობა არააო. ანუ უკვე იქამდე მივიდნენ, რომ თავად აიგივებენ საკუთარ თავს ჯაბა იოსელიანთან. თან, ხომ გახსოვთ, ეს სიტყვები იოსელიანმა როდის თქვა? გამსახურდიას გაქცევის შემდეგ თბილისში "ზვიადისტების" მიტინგები რომ დახვრიტეს, მაგაზე საპასუხოდ განაცხადა, თქვენ დემოკრატია ლობიობა ხომ არ გგონიათო? ჰოდა, საინტერესო კია, რას გვიპირებენ და რაზე არიან წამსვლელები?