"ვერ ვხედავ ოპოზიციონერი ლიდერების სურვილს - ბრძოლაში ჩაებან..." - გზაპრესი

"ვერ ვხედავ ოპოზიციონერი ლიდერების სურვილს - ბრძოლაში ჩაებან..."

იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევია და მას ყოფილი პრეზიდენტის კი არა, გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი უნდა დარჩეს.

თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილს სულ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მის შესახებ მმართველ გუნდში და ოპოზიურ პარტიებს ახალ ინიციატივას სთავაზობს.

მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების, პრეზიდენტის ახალი მისიისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ საინტერესო ვერსიებს გვთავაზობს პოლიტიკის ანალიტიკოსი, მირიან მირიანაშვილი:

gwl69pw6-1728837569.jpg

- წინასაარჩევნო პროცესი ძალზე მდორედ მიმდინარეობს, რაც მმართველი გუნდის ინტერესებში შედის. საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ცვლილების განწყობის ჩამოყალიბება. ყველაზე მეტად ეს სჭირდება ქართველ ამომრჩეველს. როცა ოპოზიცია ამას არ ცდილობს და საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ოპოზიციური მუხტი და განწყობა ყალიბდება არა მთლიან ელექტორატში, არამედ მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში, ეს კი ცვლილებისთვის არ არის საკმარისი. ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა, - რატომ ეწევა ოპოზიცია ასეთ პასიურ საარჩევნო კამპანიას? ამ კითხვაზე პასუხი ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. ამ მოცემულობის ფონზე ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ ოპოზიციური ელექტორატის მხრიდან, ხოლო საგარეო კონტურზე ამერიკის პოლიტიკური ელიტის მხრიდან.

- სხვათა შორის, მდორედ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ისევ მმართველი გუნდი უცვლის კალაპოტს... როგორ გგონიათ, "ქართული ოცნების" ლიდერების მიზანი მართლა ის არის, სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის კი არა, გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსით წავიდეს პოსტიდან თუ სხვა გათვლები აქვთ?

- მოდი, ვისაუბროთ კანონმდებლობით. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ისე მალე იწურება, რომ იმპიჩმენტის პროცედურები ვერანაირად ვერ მოესწრება. ამიტომ, ეს მხოლოდ პროპაგანდაა. რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამგვარი პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზება? ამასთან დაკავშირებით ჩემი ვერსია მაქვს. სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის არჩევნებამდე დაასახელებს პრემიერობის კანდიდატს, არის პროპაგანდისტული განაცხადი. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" სურს, ზურაბიშვილს პროპაგანდისტულ ველზე კარტი გაუჭრას. ე.ი. სამართლებრივად არ იქნება მიზანშეწონილი, პრეზიდენტმა, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტია დაწყებული, პრემიერობის კანდიდატი დაასახელოს.

- თქვენი კოლეგა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და დასავლელ ლიდერებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს. თქვენი შეფასებით, როგორია მისი მთავარი როლი და მისია?

- დასავლელი პოლიტიკოსების თვალში საკუთრივ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური წონა დიდი არ არის. ქვეყნის შიგნით მისი პარამეტრები რომ გავზომოთ - ფინანსური, ადმინისტრაციული და ორგანიზაციური თვალსაზრისით, ვნახავთ, რომ მას არა აქვს რესურსი და იძულებულია, მუდმივად პოლიტიკური დირიჟორის და ორგანიზატორის როლში მოგვევლინოს. ქვეყნის შიდა კონტურზე სალომე ზურაბიშვილის გავლენა არასაკმარისია იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრების ინიციატორი იყოს. რაც შეეხება საგარეო კონტურებს, მას აქვს საკმაოდ სერიოზული გავლენა საფრანგეთის პოლიტიკურ ველზე. როდესაც პოლიტიკური წონის აწევა სჭირდება, ყოველთვის ახერხებს პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრას. დანარჩენ დასავლურ პოლიტიკურ ელიტასაც მაკრონის დახმარებით ხვდება. პირადად მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ მაკრონის დახმარებით მოახერხა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა. ნუ ვიფიქრებთ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აპარატის მიერაა ორგანიზებული. უნდა ითქვას, რომ კავკასიაში პრეზიდენტ მაკრონის და ზოგადად, საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის წონა არასაკმარისია საიმისოდ, რომ ზურაბიშვილს მწვანე შუქი აუნთონ დასავლურ პოლიტიკურ კონსოლიდირებულ წრეებში. მე როგორც ვხვდები, ამერიკული პოლიტიკური ელიტა, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი არ დგას ზურაბიშვილის უკან. არადა, სწორედ ის არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური პოლიტიკის კოორდინატორი და ლიდერი. ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა შეხვედრა ვერც პრეზიდენტ ბაიდენთან და ვერც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ეს არის ობიექტური მოცემულობა და ვეჭვობ, რამე შეიცვალოს. ამიტომ არა მგონია, ზურაბიშვილმა შეძლოს და არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ელიტას პრემიერობის საკუთარი კანდიდატი მოახვიოს თავს.

- ოპოზიციური პარტიებისთვის რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი პრემიერობის კანდიდატი მისაღები?

- იმ შემთხვევაში, თუ ამას სალივანი საჭიროდ ჩათვლის. ნახეთ, გიორგი გახარიამ ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ქარტიას - ერთ-ერთი, მისთვის მიუღებელი პუნქტის გამო. ამ საკითხთან დაკავშირებით, გახარიას მთელი სამი თვე პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის ქარტიის ხელმომწერთა სიას შეუერთდა. რა იყო ამის მიზეზი, იცით? ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე სალივანმა თქვა, - საქართველოში სავარაუდოდ, ყველაფერი არჩევნების შემდეგ გადალაგდებაო. მან ფრჩხილები არ გახსნა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში. შესაბამისად, არ ვიცით მეტაფორად გამოიყენა თუ სხვა დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, შემდეგ ეს პოსტულატი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეა მოხვდა პრეზიდენტის ქარტიაში. ჩვენ არ ვიცით, ამერიკული პოლიტიკური ელიტის ბერკეტებმა იმუშავა თუ თავად სალომე შეეცადა კოჭის გაგორებას, მაგრამ ფაქტი ასეთია. როგორც ჩანს, გახარიამ გადაამოწმა, ეს ნორმა საიდან იყო, მხოლოდ ზურაბიშვილის იდეა გახლდათ თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იდგა ამის უკან. ამერიკული მისამართი რომ ნახა, მოაწერა კიდეც ხელი.

- სალივანის ინტერესის სფეროში რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს სალომე ზურაბიშვილის პერსონა?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში მძლავრ საპროტესტო აქციას გამართავს და თეთრი სახლი ამ აქციების მხარდაჭერას გადაწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ ექსპრეზიდენტის სტატუსი დარჩება.

- რამდენად შეძლებს ოპოზიცია საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტის გამოყენებას? როგორ აფასებთ ოპოზიციის ხელთ არსებულ რესურსებს?

- ოპოზიცია ახლა მოლოდინის რეჟიმშია. სამწუხაროდ, დღეს ის ენერგიისგან სრულად დაცლილია, პასიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. თუმცა, ელექტორატშია ცვლილებების დიდი სურვილი და საპროტესტო მუხტი. ამიტომ, თუ ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს "ქართულ ოცნებაზე", ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება საპროტესტო მუხტის გასაზრდელად. სხვათა შორის, დღეს რომ ხელისუფლებაში ისევ "ქართული ოცნებაა", ეს იმის ბრალია, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ ოპოზიციას მხარი არ დაუჭირა. დღევანდელ მმართველ გუნდს ამის აღიარება არ უნდა, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩემი აზრით, ქართველი ოპოზიციური ელექტორატი ვაშინგტონიდან უფრო ელის რაიმე აქტივობას, ვიდრე ქართული ოპოზიციისგან. ამ მოლოდინმა შესაძლოა, რეალური იმპულსები გააჩინოს.

- ოპოზიციურ ელექტორატში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოლოდინიც არის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კიდეც ამბავი, რომ ივანიშვილის შვილები დასანქცირდნენ. მართალია, ეს ამბავი ამერიკის საელჩომ უარყო, მაგრამ საკუთრივ ამბავი ოპერატიულად გავრცელებულ ინფორმაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჭორს.

- დიახ, მაგრამ ეს ადგილობრივ კულინარიას უფრო ჰგავს. ვაშინგტონი ამა თუ იმ პირის ოჯახის წევრების დასანქცირებას იშვიათად მიმართავს. ასეთი შემთხვევა სულ 11-ია. რა თქმა უნდა, პუტინისა და მისი გარემოცვის ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ. ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირება უკვე სკანდალური ამბავია. ვაშინგტონში ყველანაირად ცდილობენ, ის რუსეთის ხელისუფლებასთან არ გააიგივონ. ევროპაში ყალიბდება თეზა, რომ ივანიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს და მოსკოვიდან მიღებულ დავალებებს ასრულებს. ამერიკის ხელისუფლება ცდილობს, ევროპელების ეს გუნება-განწყობა არ შეიმჩნიოს. ვფიქრობ, ამ თეზის ჩამოყალიბების ეპიცენტრი მაკრონის ადმინისტრაციაა. ფრანგებსა და ამერიკელებს შორის პოზიციების სხვადასხვაობაა. ვაშინგტონი ივანიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასანქცირებს, თუ კულუარებში გამართული ვაჭრობა ამერიკისთვის არასასურველი შედეგებით დასრულდება.

- ფიქრობთ, რომ კულუარული ვაჭრობა ჯერ არ დასრულებულა?

- არა, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს ძალზე უცნაური შეხვედრები - მეუფე იაკობი შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს.

- რატომ იყო ეს შეხვედრა უცნაური?

- იმიტომ, რომ მეუფე იაკობი არ არის იმ რანგის პერსონა, რომელსაც შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვედროდა, თუ აქედან არ იქნებოდა გაგზავნილი სიგნალი, რომ მას სათქმელი აქვს ჩასატანი.

- ამერიკის საელჩოს "ქარდებს" როგორ ახსნით?

- ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა, ტყუილად არიან ისტერიკაში მმართველი გუნდის ლიდერები, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მე თუ მკითხავთ, ამერიკის დღევანდელი ელჩი მოჭარბებულად მორიდებულია. ამერიკის ელჩები სომხეთსა და აზერბაიჯანში გაცილებით აქტიურები იყვნენ.

- როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი შეიძლება იყოს 2024 წლის პარლამენტი?

- ოპოზიციას არ განვიხილავ იმ ძალად, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირება შეუძლია. ვერ ვხედავ ოპოზიციონერი ლიდერების სურვილს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებან ივანიშვილთან. კარგად ვხედავ, ქართული ოპოზიციის ზურგს უკან მდგომი ბიზნესწრეები მშვენიერ ურთიერთობაში არიან ბიძინა ივანიშვილთან და მის ზურგს უკან მდგარ ბიზნესსუბიექტებთან. ერთადერთი, რასაც ამ მოცემულობის შეცვლა შეუძლია, ეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ ამერიკელების დამოკიდებულებაა. ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.

ხათუნა ბახტურიძე