„ჯაყოს ხიზნები“ მოზარდებისთვის „მოზარდში“ - გზაპრესი

„ჯაყოს ხიზნები“ მოზარდებისთვის „მოზარდში“

„მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო.... საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს“...

და მართლაც, „ჯაყოს ხიზნები“ ავტორის ერთ-ერთი ის ნაწარმოებია, რომელმაც არაერთგვაროვანი შეფასებების გარდა, ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.

5, 6, 10, 16 და 23 ოქტომბერს მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა ჩაინიშნა. ახალგაზრდა რეჟისორი მაკო კახეთელიძე მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით „ჯაყოს ხიზნებს“ წარმოგვიდგენს. რეჟისორის მიზანია ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური თეატრის ტრადიციის გაგრძელება და მეორე მხრივ, ახალ თაობაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. სპექტაკლის მთავარი გზავნილები კი შემდეგია: ბოროტება არასოდეს დარჩება დაუსჯელი, ტირანია ვერასოდეს გაიმარჯვებს. ადამიანმა ყოველთვის უნდა სცადოს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, ნებისმიერი წინაღობის გადასალახავად.

რომანში ვითარება XX საუკუნის დასაწყისში ვითარდება, ასევეა სპექტაკლშიც. წარმოდგენის კონცეფცია და ფორმა აწყობილია ნაშინდარის სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც მაყურებელს თეიმურაზ ხევისთავის, მარგარიტა ყაფლანიშვილისა და ჯაყო ჯივაშვილის ამბავს მღვდელ-ივანესთან ერთად უყვებიან. ვფიქრობ, ეს ხერხი მიხეილ ჯავახიშვილის ამ ვრცელი ნაწარმოების ორ მოქმედებად ქცევისა და მთავარი სათქმელის თავმოყრის ორიგინალურთან ერთად, კარგი გზაა და ამავდროულად, არაფერი იკარგება, პირიქით, უკეთ იკვეთება რომანის ძირითადი ასპექტები.

როგორც რეჟისორმა მაკო კახეთელიძემ გვითხრა, „ჯაყოს ხიზნები“ მისი სამაგისტრო სპექტაკლია. აღნიშნული თეატრალური პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თავდაპირველად, აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა „აბრეშუმის თეატრში“ გაიმართა.

მაკო კახეთელიძე:

- დაახლოებით ერთი წელი „ჯაყოს ხიზნებს“ აბრეშუმის თეატრში ვთამაშობდით. დიდი სურვილი მქონდა, ეს წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის შემეთავაზებინა, რადგან მისი კონცეფცია ისეთია, რომ სწორედ მოზარდებზეა გათვლილი. სპექტაკლში ნაშინდარის სკოლის მოსწავლეები თამაშობენ. ჩემს მოსწავლეებთან სკოლა-სტუდიაში „ბერიკები“, ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვაზე“ ვმუშაობდი, როცა „ჯაყოს ხიზნები“ გადავიკითხე. მაშინ გამიჩნდა ახალი სპექტაკლის კონცეფცია და ამავდროულად მივხვდი, რომ ჯაყოში ბევრი რამ დღევანდელობას უხდება, თანამედროვე და თანადროულია, ნაწარმოების სათქმელი დღესაც აქტუალურია, ამიტომ გადავწყვიტე გამეერთიანებინა. თან, ჩემი მოსწავლეებისგან წამოვიდა მსგავსი იდეა და მათი დახმარებით მივედი ამ პიესამდე. დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის განათლება. თუ გვინდა გავძლიერდეთ, ახალგაზრდებისთვის არაფერი უნდა დავიშუროთ და მათ ყველანაირად შევუწყოთ ხელი ცოდნის გაღრმავებაში. თუ გვინდა, კარგ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ, სწორედ მომავალი თაობისთვის არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა და სპექტაკლის ფინალშიც სწორედ ამის ხაზგასმას შევეცადე. მინდოდა ახალგაზრდები ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ისწავლეს წარსულით, სხვების შეცდომებზე გაიაზრეს და თავად ახლებურად დაინახეს გამოსავალი. არა აგრესიითა და მარცხთან შეგუებით, არამედ შანსის მიცემითა და ცხოვრების ხელახალი დაწყებით.

1-copy-1728837763.jpg

ნიკოლოზ ფაიქრიძე (ჯაყოს როლის შემსრულებელი):

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის თქვენთან საუბარი თეატრზე და არა მხოლოდ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მაკოს, ჩვენს რეჟისორს ნდობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თეატრში დადგმულ არაერთ ქართულ ნაწარმოებში მიმიღია მონაწილეობა, უდიდესი მწერლის - მიხელ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო... საკუთარი ნიჭის და უნარების კიდევ ერთხელ გადამოწმება. რთული პერიოდი მქონდა, საოპერაციო გავხდი და რეაბილიტაციამ მთელი ზაფხული წაიღო... არ ვიცოდი, რამდენად ვიყავი ფორმაში და ზოგადად, როგორ შევძლებდი ახალი სეზონის დაწყებას. ნერვიულობის ფაზა ზენიტში იყო. 10 სექტემბერს მივიღე დიდი წერილი რეჟისორისგან, სადაც ჯაყოს როლს მთავაზობდა. დიდი პაუზა მქონდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს პერსონაჟი ყველას წარმოსახვაში აუცილებლად უნდა იყოს დიდი, როყიო, ასე ვთქვათ, დათვი (იცინის). თუმცა, თუ ნაწარმოებს ყურადღებით წავიკითხავთ, დავაკვირდებით სხვანი რას უბნობენ ჯაყოზე, აღმოვაჩენთ, რომ ის საკმაოდ ჭკვიანი, მოხერხებული, ხელმარჯვე და გამჭრიახია. საწადელს აუცილებლად მიაღწევს, ერთი ან მეორე გზით. მისი სვლები ხშირად სწორი და მომგებიანია, რაღა თქმა უნდა, სათავისოდ. ვფიქრობ, ეს ნაწარმოები ადამიანმა ბევრჯერ უნდა წაიკითხოს და გაიაზროს, რა სჯობს, რა არის უკეთესი. „ჯაყოს ხიზნები“ დამაფიქრებელი და ყურადსაღები ნაწარმოებია. მაკოს და ჩემი აზრები ერთმანეთს დაემთხვა, მუშაობა დავიწყეთ. ვძერწეთ სასაცილო, მანიპულატორი, ცბიერი, მოძალადე, განდიდების მანიით შეპყრობილი ჯაყო ჯივაშვილი. სცენაზე ისეთი პარტნიორები დამხვდნენ, ისეთი ნიჭიერები და კარგები, რომ მათი ხელშეწყობით ყველაფერი დალაგდა და გამოიკვეთა. დიდი მადლობა მათ და თქვენი საშუალებით ვეტყვი, რომ ეს ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდი იყო. სპექტაკლს ზოგი მიიღებს, ზოგი არა, მაგრამ ჩემთვის მთავარი პროცესია. ის, რაც საკუთარ თავში აღმოვაჩინე, ვნახე. თურმე, ეს ჯაყო ყველაში ცოცხლობს, მიძინებულია ან კარგად დამალული. რა თქმა უნდა, მცირე დოზით და მეტ-ნაკლებად. ასე რომ, კიდევ ხაზგასმით ვიტყვი, ეს იყო უზომოდ საინტერესო როლი ჩემს სამსახიობო ფერთა გამაში. პერსონაჟის მეტყველებით, რომელიც სპეციფიკურია, ინტონაციებითა და ფერებით, მანიპულაციებით, საჭირო დროს საჭირო სიტყვის თქმით და უამრავი ნიუანსით. ვითომ კომიკურობაში ჩაქსოვილი სიბოროტეებით. თუმცა, ყველა ბოროტებას ერთი ფინალი აქვს და ეს მომწონს .... სიკეთემ ბოროტება ყოველთვის უნდა დაჩაგროს... აი, ამისთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლე!..

P.S. ჟურნალში გამოყენებულია ბექა ცირეკიძის ფოტოები

ანა კალანდაძე