რამდენად რეალურია 1000-ლარიანი პენსიის შემოღება საქართველოში? - გზაპრესი

რამდენად რეალურია 1000-ლარიანი პენსიის შემოღება საქართველოში?

რა მოხდება 26 ოქტომბერს - ქვეყნის სათავეში ისევ "ქართული ოცნება" დარჩება თუ მას ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს - დეა მეტრეველს:

- მე, როგორც "ძლიერი საქართველოს" სხვა წევრები, რეგიონებში სისტემატურად დავდივარ. ბოლო დროს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიყავით. თითქმის ყველა სოფელსა და დაბაში შეინიშნება, რომ ხალხს ცვლილებების მოლოდინი აქვს. მოქალაქეებს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ხელისუფლება 12 წლის თავზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რასაკვირველია, ყველას სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. საქართველოს მოქალაქეებს ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე უკვე მიღებული აქვთ და ეს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რეგიონებში ვერც ჩნდებიან, აღარც "კარდაკარის" კამპანიას ატარებენ და იცით, რატომ? - მათ ეშინიათ მოსახლეობასთან შეხვედრის. შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ, ვეღარ ახერხებენ ხალხს ისევ მხარდაჭერა სთხოვონ, ამიტომ, სურათი ნათელია: ხელისუფლების მარცხი უალტერნატივოა. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" დარჩა, საჯარო მოხელეები და სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან. თუმცა, მათი სამარცხვინო დაშინების მცდელობაც აღარ მუშაობს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროდასავლური ოპოზიცია იმარჯვებს და "რუსული ოცნება" მარცხდება. მიზეზები ასეთია: ქვეყნის ღალატი, რუსეთის მსახურება და ტოტალური სიღარიბის გაბატონება ქვეყანაში, მათი პირადი კომფორტის შესაქმნელად და ჯიბეების გასასქელებლად.

- ხელისუფლება და სამთავრობო ტელევიზიები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია სუსტია და არჩევნებში დამარცხდება...

- ამას იტყვიან, აბა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თავიანთ მარცხს ხომ ვერ აღიარებენ? ყველა გამოკითხვა, რომელსაც სამთავრობო ტელევიზიები ავრცელებენ, სადაც მათი რეიტინგი რეალურზე გაცილებით მაღალია, ყალბია. "ოცნებას" სურს, ფანტასტიკის სფეროდან მოტანილი ციფრებით შეძლოს მანიპულირება მოსახლეობის განწყობაზე. ჩემი აზრით, ეს მათი სისუსტეა. რაც შეეხება არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს, ოპოზიცია კიდევ უფრო აქტიური იქნება, ხოლო "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტად დაზიანდება დასავლეთიდან წამოსული განცხადებების თუ ნაბიჯების გამო.

- სანქციებს გულისხმობთ?

- დიახ, ყველამ იცის, რომ მაღალი რანგის პირები დასანქცირდნენ, რაც კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს ხელისუფლების რეიტინგზე და მის მიმართ ნდობაზე. როცა დასანქცირებული პარლამენტის წევრები და მერი გყავს, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერიც სანქცირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს დასავლეთში არავინ აღიარებს. მათი რეიტინგი უკვე ნულს ქვემოთაა. ერთადერთი, რაც იციან და დარჩენიათ, თავიანთ პროპაგანდისტულ, ღვარძლით და პოპულიზმით სავსე ტელევიზიებში იმაზე ისაუბრონ, რომ ოპოზიცია სუსტია, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: პროდასავლური ოპოზიცია ძალიან ძლიერია, მოსახლეობის განწყობა მის მიმართ დადებითია და აქედან გამომდინარე, "ოცნების" ხელისუფლება თავის რეჟიმს ასრულებს.

- სამწუხაროდ, არის ხალხი, ვინც ამ პროპაგანდას იჯერებს - ამ ხალხს სჯერა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, გლობალური ომის პარტია ომს წამოიწყებს.

- ე.წ. გლობალური ომის პარტია ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ნამდვილად გვაქვს გლობალური სიძულვილის და ზიზღის მთესველი პარტია. სამწუხარო იცით, რა არის? - ხელისუფლებას ჰგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას კრიტიკული ანალიზის უნარი აკლია და სიმართლეს ვერ მიხვდება. ეს თავისთავად, დიდი უბედურებაა. სულ სხვაგვარად ფიქრობენ პროდასავლური ძალები, რომელთა ერთადერთი მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებაა. სწორედ დასავლეთში არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები, ქვეყნები, რომელთა გვერდით საქართველოს ყოფნა მშვიდობის, კეთილდღეობის და უსაფრთხოების გარანტიაა, ეს ჩვენი შვილების და მშობლების ჯანმრთელობის გარანტიაა. ახლა საქართველოს მოწინავე, დასავლური სამყაროს გვერდში ყოფნა სჭირდება და არა იმ რუსეთისა, რომელიც თავის მოსახლეობას ისე უყურებს, როგორც საზარბაზნე ხორცს. ცხადია, პუტინის რუსეთი ქართველ ხალხსაც ასე უყურებს. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად უნდა მივიდეთ საარჩევნო პულტთან და ჩვენი ნება გამოვხატოთ.

- ყველას უკვირს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ წყალსაც კი აღარ გვპირდება: კასპის მერი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ხალხს ეუბნებოდა, მარტო თქვენ კი არა, ესპანეთისა და იტალიის სოფლებშიც არა აქვთ წყალიო.

- ესე იგი, კასპის მოსახლეობა უნდა შეეგუოს, რომ ხელისუფლება ფუფუნებაში ცხოვრობდეს, ხალხმა კი უკიდურესი სიდუხჭირეც უნდა მოითმინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშინებას და ზეწოლას მიმართავენ. ეს ბრუტალური პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უნდა დასრულდეს და მართვის ბერკეტები მოსახლეობამ დაიბრუნოს. ეს მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ჩვენი ხალხი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს გამოუცხადებს ნდობას. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის ერთგულებას საქართველოს დასავლური ორიენტაციის მიმართ.

- ამ ყველაფერს ერთი დიდი დაბრკოლება ეღობება - ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.

- რეგიონებში როცა ვმოგზაურობ და ვაკვირდები, ასეთი მოქალაქეები მე არ შემხვედრია. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უიმედოდ არიან განწყობილი, თუმცა მე დარწმუნებულო ვარ, დარჩენილ დროში ამ გადაწყვეტილებას ისინიც შეცვლიან და ყველა საარჩევნო უბანზე ხალხის რიგი დადგება. სწორედ ეს იქნება უტყუარი ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს. რუსულ რეჟიმს, რომელიც ქართველებისგან არის შექმნილი, 26 ოქტომბერს ძალზე უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება.

- საქართველოში ცხოვრობს ხალხი, ვისაც არც "ნაციონალური მოძრაობა" მოსწონს და არც "ქართული ოცნება". ფიქრობთ, რომ ასეთ ხალხს უკვე აქვს არჩევანის საშუალება?

- სწორედ ასეთი ძალაა "ძლიერი საქართველო", რომლის რიგებშიც ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათ ხელისუფლებაში ყოფნის ტვირთი არ ამძიმებთ. "ძლიერი საქართველოს" მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას რომ გადახედოთ, მას თავისუფლად შეუძლია ხმა მისცეს საქართველოს იმ ნაწილმა, რომელსაც არც ახლანდელი ხელისუფლება მოსწონს და არც წინა ხელისუფლება მოსწონდა. ესეც მიუთითებს, რომ "მეოცნებეებს" აღარაფერი აქვთ სათქმელი მოსახლეობისთვის, გარდა გაყალბების და დაშინების მცდელობისა.

- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ემიგრანტებზე, რომლებიც არჩევნებზე მისვლას ვერ შეძლებენ მარტივი მიზეზის გამო - საარჩევნო უბნები მხოლოდ დიდ ქალაქებშია.

- სამწუხაროდ, ყოველ ნაბიჯზე ირღვევა საქართველოს მოქალაქეების უფლებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: რეჟიმს ეშინია საქართველოს მოქალაქეების. სწორედ ამიტომ დადის მათი სიის პირველი ნომერი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბრონირებული მინის კოლბით. რაც შეეხება ემიგრანტების პრობლემას, "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად, მათი აქტიურობის ეშინია, ამიტომაც არის საარჩევნო უბნები უცხოეთში ასე მცირე ოდენობით. "ოცნების" ხელისუფლებას ცოტა დრო აქვს დარჩენილი, რომ უფრო გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს და უფრო მეტად არ განარისხოს ისედაც განრისხებული საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით კი, ქართული ემიგრაცია. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამარცხვინოდ იქცევა და პირდაპირ რუსული რეჟიმის დაქვემდებარებაში გადავიდა - ისინი უნდა დაემორჩილონ ქართველი ემიგრანტების, საქართველოს მოქალაქეების ნებას, რადგან პოსტებზე რომ სხედან, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა რომელიმე პარტიის. ეს უნდა გაიაზრონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და "ცესკომ" სახე უნდა შეინარჩუნონ და ჩვენს ემიგრაციას ხელი შეუწყონ, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

- დაბოლოს, დღემდე კამათობენ თქვენი ორგანიზაციის იდეაზე, რომ საქართველოში პენსია 1.000 ლარი უნდა იყოს. რამდენად რეალურია ეს დაპირება?

- ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ. თავდაპირველად, მარტო "ოცნება" კი არა, ამ საკითხზე სხვა პარტიების ლიდერებიც ეჭვნარევი ღიმილით საუბრობდნენ, მაგრამ საოცარი იცით, რა არის? - დღეს უკვე სხვადასხვა პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ათასლარიანი პენსიის გაცემა შესაძლებელია. როგორ? - როცა აღარ იქნება კორუფციული გარიგებები, პრემიები და დანამატები, მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე ერთეულების უზრუნველი ცხოვრება, ბიუჯეტის ფლანგვა რაღაც კონცერტებში, ჰონორარებში მილიონობით ლარის გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი რომ დავითვალოთ და შევაჯეროთ, სრულებით საკმარისია, რომ ეს თანხა ჩვენს პენსიონერებს ეყოს. 1.000 ლარი პენსია სავსებით რეალური დაპირებაა, უფრო მეტიც, ეს არის მინიმუმი, რომელიც უნდა შესრულდეს ბიუჯეტის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტიანი ხარჯვის პირობებში. ამდენი ჯიპი, ამდენი მანქანა და საწვავი, ამდენი პრემია-დანამატი, "ჩაწყობილი" ტენდერი თუ მივლინება, ჩარტერულ რეისებში გაფლანგული ფული - ეს ხარჯები რომ შემცირდება, ვერც ერთი ხელისუფალი ფუფუნებაში ვეღარ იცხოვრებს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამ ხედვით და ამ გეგმებით მოვდივართ. გარდა სოციალური პროგრამებისა, ჩვენ ვაპირებთ 200 ათასი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები შემოვიტანოთ და ევროკავშირში შესვლა დავაჩქაროთ, რაც საქართველოში მილიარდობით გრანტის შემოსვლას ნიშნავს. ცხადია, ამ გრანტებიდანაც გამოიყოფა რესურსი, რომელიც მოსახლეობას მოხმარდება და ჩვენი ხალხი გაცილებით უკეთესად იცხოვრებს.

ხათუნა ჩიგოგიძე