"ქალს ყველაზე მეტად რაც ალამაზებს, არ იყიდება" - გზაპრესი

"ქალს ყველაზე მეტად რაც ალამაზებს, არ იყიდება"

იმიჯის კონსულტანტი, ინფლუენსერი, მოდის ბლოგერი, ანუ პროვაიდერი მოდისა და სტილის სამყაროში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იტალიაში გადასვლამდე თბილისში საკუთარი ატელიე ჰქონდა... დღეს მას ინსტაგრამზე დიდი აუდიტორია ჰყავს, სადაც მოდის ტენდენციებს, სტილსა და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს უზიარებს...

- დავიბადე და გავიზარდე რუსეთში, მეთარგე-კონსტრუქტორისა და ბიზნესმენის ოჯახში. ვიყავი ძალიან სერიოზული და დამჯერი ბავშვი. რადგან დედაჩემი კერავდა, ჩემი გასართობიც თოჯინებისთვის კაბების "მოდელირება" იყო. რუსეთში რამდენიმე კლასი დავასრულე. მერე ბაბუა გარდაიცვალა და ვინაიდან ბებია მარტო დარჩა, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა... მივიღეთ კულტურული შოკი, გვქონდა ენის ბარიერი, იყო ბულინგი სკოლაში და მარტოობა. მახსოვს, დავდიოდი ოთახიდან ოთახში შუქის ჩამრთველის აწევ-დაწევით და წუწუნით, ნეტავ სახლში ყველა ნათურა ერთად როგორ გადაიწვა-მეთქი? რაზეც პასუხად მივიღე, რომ უბრალოდ შუქი არ არის. ცოტა ხანი ვიდექი და ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავს, როცა შუქი არ არის. სამაგიეროდ, გვქონდა საწერ-კალამი და რვეულები... ბებია გამოჩენილი ფილოლოგი იყო. თქვა, რომ თავი საქვეყნოდ მოეჭრებოდა, თუ საკუთარ შვილიშვილს ქართულად ვერ აალაპარაკებდა. ძალიან გამიჭირდა ენის სწავლა. თავიდან მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ გვქონდა სამი "კ", ანუ ქ, კ, ყ ან ორი "ც", ანუ ც და წ, ორი "ტ", ანუ ტ და თ... ასევე, წერისას ვურევდი შ-ს და წ-ს, ძ-ს და ხ-ს, რის გამოც რა თქმა უნდა, დამცინოდნენ. ერთ გოგონას ჩემი უენოდ ესმოდა, ეს იყო ნინო ვაშალომიძე, ჩემი ჟესტიკულაციის თარჯიმანი...

უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე თარჯიმანთა ბიუროში, რუსული ენის თარჯიმნად დავიწყე მუშაობა. იურიდიულზე ვსწავლობდი და მალევე მივხვდი, რომ მომავალი პროფესიის არჩევისას შეცდომა დავუშვი. ამიტომ პროფესიით მუშაობის დაწყების მცდელობა არასოდეს მქონია... მეორე კურსიდან სტაჟირება გავიარე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, პროგრამების განყოფილებაში. მას შემდეგ, რაც რეზიუმეში "სამუშაო გამოცდილების" გრაფა შევავსე, აქტიურად დავიწყე სრულგანაკვეთიანი სამსახურის ძებნა და მალევე ვიპოვე: ავეჯის მაღაზიაში იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. ამის შემდეგ რამდენიმე კომპანია გამოვიცვალე და მერე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საბაჟო საქმე და "ასიკუდაც" კი გავიარე. პარალელურ რეჟიმში მე და დედამ გავხსენით ატელიე. სოციალურ სივრცეში ერთ-ერთი პირველები ვიყავით, უამრავი წარმატებული პროექტი გვქონდა. ცნობილ ჟურნალისტებს, პატარძლებს, ბავშვებს, კონკურსების ორგანიზატორებს ვუკერავდით სამოსს. ატელიე 2012-დან 2021 წლამდე გვქონდა. პანდემიის პერიოდში სიტუაცია ჩვენთანაც აირია. მაშინ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ... ოჯახში გადაწყდა, შვილებისა და ჩვენი მომავლისთვის უნდა გვეცადა ევროპაში ინტეგრირება, სანამ მეორე შეგვეძინებოდა. რადგან შემდეგ, უკვე ორი შვილით ეს წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა...

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი...

- მყავს მეუღლე გიორგი თავშავაძე და ორი შვილი, მარია 10 წლის და გაბრიელი 3 წლის... იტალიაში გადმოსვლის შემდეგ ძალიან მაკლდა ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან წლების მანძილზე უკვე შეჩვეული ვიყავი 24/7-ზე უწყვეტ კომუნიკაციას, სოციალური ქსელების მართვას. თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი. ასე გაჩნდა კითხვის ნიშანი სახელწოდებით: რა შეიძლება გავაკეთო ან ვისწავლო ისეთი, რაც ისევ მოდისა და ტრენდების, სამოსის სამყაროში დამაბრუნებს? და ნამდვილად, იტალიაში გადმოსვლა რომ არა, ამ კუთხით ჩემს თავს ვერასოდეს ვიპოვიდი. გავიარე იმიჯკონსულტანტის სრული კურსი, მაგრამ საკითხის უკეთ შესწავლის შემდეგ, მივხვდი, რომ პერსონალური სტილისტის პროფესია უფრო მომწონს. ამიტომ დამატებით ისევ გავიარე ახალი კურსი და შემდეგ სტაჟირება კერძო მენტორთან. პარალელურ რეჟიმში შევისწავლე ვიდეო და მონტაჟი, რათა მაქსიმალურად დამეხვეწა ჩემი პროფაილი.

პერსონალური სტილისტი არის მომსახურების სფერო. ქალბატონებს ვუწევ ისეთ მომსახურებას, როგორიც არის: პერსონალური კონსულტაცია, სტილის კორექცია, გარდერობის გადახარისხება, შოპინგ გიდობა, პერსონალური გარეგნობის ანალიზის საფუძველზე ვუდგენ ლუქს და სხვა... გარდა ამისა, ვარ ინფლუენსერი და მოდის ბლოგერი. ჩემს ბლოგში გოგოებს ვუზიარებ სხვადასხვა რჩევას, ხრიკს, მოდის ტენდენციებს... ჩემი სოციალური ქსელი, ინსტაგრამი არის ჩემი მეორე სახლი, სადაც შეკრებილია უნიკალური „ქომიუნითი“, თანამოაზრეთა და გულშემატკივართა არანორმალურად დადებითი გუნდი. უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს ქალბატონებისთვის ინსპირაციის და სტილის გაუმჯობესების მოტივაციის მიცემა. ჩვენი ყოველი დღე იწყება ფეშენ ნიუსებით და ცოტა „ლაიფ-სთაილსაც“ ვურევ, მოსაწყენი რომ არ იყოს... იუმორით და სიყვარულით ყველაფერი მარტივია. ხან ერთად ვიცინით, ხან ერთად აღვფრთოვანდებით.

- რას ურჩევდით ქართველ ქალბატონებს?

- ვურჩევდი ბევრ ღიმილს და ვუსურვებდი პოზიტივს. ქალს ყველაზე მეტად რაც ალამაზებს, არ იყიდება, უფასოა. ყველაფერი იწყება საკუთარი თავის სიყვარულით, ამიტომ პირველ რიგში, ვურჩევ, შეიყვარონ თავი... მოდურად თუ არა, მოხდენილად ჩაცმა ყველას შეუძლია და არც არის აუცილებელი, უკლებლივ ყველას მოდურად ეცვას. არსებობს მოდა, ტრენდები და არსებობს მოდის კლასიკა, რომელიც მუდამ აქტუალურია და ყოველთვის მოთხოვნადი.

ამიტომ დასაწყისისთვის აქცენტი ყოველთვის საბაზისო სამოსზე, საბაზისო პალიტრაზე უნდა გავაკეთოთ და იმპულსური შოპინგისგან თავი შევიკავოთ. ამაზე ანეკდოტი გამახსენდა: ვიყიდე ჩანთა, არ მაქვს ზედა; ვიყიდე ზედა, არ მაქვს კაბა; ვიყიდე კაბა, არ მაქვს ფეხსაცმელი; ვიყიდე ფეხსაცმელი - ჩანთა არ უხდება. პირველ რიგში, ასეთი პრობლემების მოგვარებით ვიწყებთ...

ხრიკი ნომერი ერთი: გარდერობში ახალი ნივთის შეტანის აუცილებლობის დადგომისას, უპირატესობა ყოველთვის საბაზისო ფერს მიანიჭეთ. პირობითად, თუ არ გვაქვს ბოტასი, ის ერთადერთი წყვილი არ უნდა ვიყიდოთ იასამნისფერი, რადგან ეს ავტომატურად ისევ ბოტასის გარეშე დარჩენას ნიშნავს. გარდერობში ყოველი პირველი და მეორე პოზიცია უნდა იყოს შავი, ბეჟი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან თეთრი, რათა მარტივად შევუხამოთ ყველაფერს. იგივე ეხება ჩანთას, ქურქს და ა.შ.

- კიდევ გვასწავლეთ რაიმე ხრიკი...

- ჩემი საყვარელი ხრიკია სხეულის ყველაზე თხელი ნაწილების გამოჩენა, ასე ვიზუალურად ყოველთვის უფრო გამხდარი გამოჩნდებით. მაგალითად, თუ თქვენ თხელი, ლამაზი კისერი გაქვთ, თავი შეიკავეთ ყელიანი სვიტერების ჩაცმისგან; თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, უპირატესობა მოკლე ქვედაბოლოებს მიანიჭეთ; თუ ვიწრო და გამოყვანილი წელი გაქვთ, ქამრით დაფიქსირება არ დაგავიწყდეთ.

თუ განიერი თეძოები გვაქვს, ყურადღება გადაგვაქვს მაღლა. იქნება ეს განიერმხრებიანი პიჯაკი თუ დეკორი გულზე. თუ მუცლის პრობლემა გვაქვს, მზერას ვაცილებთ მუცელს და აქსესუარების ან პრინტის საშუალებით აქცენტი გადაგვაქვს მუცლის არეალის ან ზემოთ, ან ქვემოთ...

9487d35a-4625-4c37-afb1-b879728e5e74-copy-1728838033.jpg

- პირადად თქვენს სტილზე რას მეტყვით?

- ჩემი სტილი იცვლება ტრენდების შესაბამისად. როდესაც პერსონალური სტილისტი ხარ, შენი მოვალეობა არა მხოლოდ ტრენდებზე საუბარი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ინტეგრირება და სხვებისთვის მაგალითის მიცემაც არის. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხელწერა, მაგრამ ჩემს ფიდზე იპოვით ყველანაირ სტილს...

შეძლებისდაგვარად ვუვლი თავს, ვცდილობ სწორად ვიკვებო, მაგრამ ხანდახან თუ წონა "გამექცა", ჩემს გოგონებთან ერთად ვიწყებ კილოგრამებთან „ომს“ - ასე გაცილებით სახალისოა... იტალიაში მხოლოდ ფეხით გადავადგილდები და ალბათ ესეც ერთგვარი სპორტია. თუმცა მაინც ვძუნძულებ დილაობით.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- წელიწადში ერთხელ, ხანდახან ორჯერაც. ქართველები უნიკალური ადამიანები ვართ, სფერო არ დარჩა მსოფლიოში, სადაც ქართველის სახელი და გვარი არ გაჟღერდა. მაგალითად, დემნა გვასალია უკვე შესულია მოდის ისტორიაში, როგორც "აგლი სთაილის" ერთ-ერთი ფუძემდებელი და ეს საამაყოა ჩემთვის. ქართველებს ჩვენი უნიკალური გემოვნება გვაქვს. თუმცა გული მწყდება, რომ უფროსი თაობა, ევროპელებისგან განსხვავებით, თითქოს ასპარეზს ნაადრევად უთმობენ ახალგაზრდებს და საკუთარი თავი აღარ აინტერესებთ, თავის მოვლაზე აღარ ფიქრობენ.

მანანა გაბრიჭიძე