"სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას" - გზაპრესი

"სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას"

ბახველები სკოლის დამთავრების 50-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. ჩემი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო ძალიან ლამაზმა, კოხტად ჩაცმულმა ასაკოვანმა ქალმა. დროდადრო ჩემს ყურთასმენას მისი სხარტი იუმორი და მის გვერდით მსხდომთა გაოცებული შეძახილები აღწევდა. 60 წელს გადაცილებულ მის ყოფილ მოსწავლეებს 90 წლის ნუნუ მასწავლებლის მეხსიერება აოცებდათ. მას საკუთარ მოწაფეებზე კარგად ახსოვდა როგორც თითოეული მათგანის აკადემიური მოსწრება, ასევე მათთან დაკავშირებული კურიოზული ამბები.

- 1-ლ აპრილს 90 წლის გავხდი, მაგრამ მეხსიერებას არ ვემდური. ვერ ვიტყვი, რომ დალხენილი ბავშვობა მქონდა, მუდმივად სწავლასა და შრომაში ვიყავი, ერთი დღეც არ გამიტარებია უქმად. სოფელ მშვიდობაურის ოთხკლასიანი სასწავლებელი დავამთავრე, მეხუთე კლასში სწავლა ბახვის საშუალო სკოლაში გავაგრძელე. 1952 წელს სწავლა დავამთავრე და პირველივე წელს ჩავაბარე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მათემატიკის განხრით.

- ე.ი. 1945 წლის ომის შემდგომი პერიოდიც გემახსოვრებათ.

- კი, რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს. ყველა ერთნაირად ვცხოვრობდით. ამიტომ სიღარიბეს ობიექტურად ვერ აღვიქვამდით. ყველა ვშრომობდით და სურსათს ტალონებით ვყიდულობდით. 1947 წლიდან ცხოვრება ცოტათი გაუმჯობესდა.

- ალბათ, სწავლას დიდი ყურადღება არ ექცეოდა.

- რას ბრძანებით, სწავლას დიდი ყურადღება ექცეოდა, ბრწყინვალე პედაგოგები მყავდა. იმხანად ბახვის სკოლადამთავრებულებს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ერთი ქულა ემატებოდათ. რამდენიმე დღის წინ ჩემმა თანაკლასელმა, მერი ჭუმბურიამ დამირეკა, გავიხსენეთ ძველი დრო... ერთმანეთზე მეტად ვიყავით მოწადინებული, რომ განათლება მიგვეღო. ყველას უნდოდა სწავლა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას ოჯახური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ვინც ჩემთან დაწყებით კლასებში სწავლობდა, მეთერთმეტე კლასამდე არავინ გამყოლია. მრავალშვილიანი ოჯახები იყვნენ, დღესა და ღამეს შრომაში ასწორებდნენ. ანეკდოტად დადიოდა ჩემი მეზობლის მიერ ფრონტიდან შვილისთვის გამოგზავნილი წერილი: შვილო, დეეთხუე სწავლას, ოჯახს მიხედე და რომ ჩამოვალ, უნივერსიტეტში გაგიშვებო.

- თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობიდან ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენეთ.

- 21 წლის ვიყავი, სკოლაში მასწავლებლად რომ მივედი. ჩემმა დირექტორმა, ოზურგეთის კი არა, რესპუბლიკის მასშტაბით ცნობილმა თუშა დოლიძემ პირდაპირ მეთერთმეტე კლასში შემიშვა. მერხთან მსხდომი ბავშვები უფრო მაღლები ჩანდნენ, ვიდრე მე - ფეხზე მდგომი. გადავრჩი, ბავშვებმა მეგობრულად მიმიღეს. მათ შემდეგ მეხუთე კლასი ჩავიბარე. ყველა თავისუფალი დრო მოწაფეებთან მაქვს გატარებული. ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ იმავე გზას გავივლიდი. იმდენი სიყვარული და სიხარული მაქვს მათთან ურთიერთობით განცდილი, იმდენი ბედნიერი წუთი გატარებული, ამას არაფერი შეცვლის.

- ამბობენ, რომ მკაცრი არა, მაგრამ მომთხოვნი იყავით.

- არც მკაცრი ვიყავი და არც მომთხოვნი. ჩემთვის კარგი და ცუდი მოსწავლე არ არსებობდა. მე მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, ეს საგანი ზოგს აინტერესებდა და უყვარდა, ზოგს არა. საგანს ყველა საკუთარი თავისთვის სწავლობდა, ჩემთვის პირველი ამოცანა იყო მოსწავლე საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღმეზარდა.

- თქვენს მოწაფეებს შორის ცნობილი ადამიანები თუ იყვნენ?

- კი, როგორ არა! მაგალითად, ზური ჩხაიძე შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის მოადგილე იყო. სხვათა შორის, ჩემი მოწაფეების უმრავლესობა სულ პოლიცია-მილიციელები და ჟურნალისტები გამოვიდნენ. ერთი ჩემი ნამოწაფარი ახლა ბახვის საშუალო სკოლის დირექტორია. მას იმიტომ გამოვყოფ, რომ ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩევა, თავს არ მავიწყებს.

- დღევანდელი განათლების სისტემა როგორ მოგწონთ?

- მე იმთავითვე თავისუფლების მომხრე ვიყავი. ბავშვი უნდა ყოფილიყო ლაღი, მას არავის კარნახით არ უნდა განესაზღვრა თავისი მომავალი; თავად უნდა აერჩია, მათემატიკა ესწავლა, გეოგრაფია თუ არც ერთი... მივესალმები იმ აქტიურ მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს ყოველდღიურობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიან.

- თქვენი ინტერესის საგანი რა იყო, მათემატიკის გარდა?

- რაღა უნდა ყოფილიყო, შვილო, ოთხი შვილი მყავდა: სკოლა, ოჯახი, შვილები... სოფელში ვცხოვრობდით, ორი ან სამი ძროხა სულ მყავდა, შინაური ფრინველი, მეურნეობა და ა.შ. სხვათა შორის, ქალაქში ცხოვრებაც შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა, სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას. ახლა რომაა მოდაში ცალკე ოჯახის დამხმარე, ცალკე ძიძა, მაშინ ასე არ იყო. ისე, სიმართლე გითხრათ, არ იქნებოდა ცუდი, ეგ შეღავათები ჩვენც გვქონოდა, მაგრამ არც უმაგისოდ დავკარგულვართ. ჩემი დამხმარე ჩემი მეუღლე იყო, აცხონოს ღმერთმა, სამი წლის წინ გარდამეცვალა. კარგი კაცი იყო.

1-1728838195.jpg

- როგორ ახერხებთ ასე კარგ ფორმაში ყოფნას?

- განსაკუთრებული რეცეპტი არა მაქვს, უბრალოდ, სულ ვცდილობ, გონებაც ვავარჯიშო და ხელ-ფეხიც. შვილები აღარ მანებებენ, თორემ ისევ ვიყოლიებდი საქონელს... არასაჭირო ინფორმაციას გონებას არ ვაკარებ, ტვინი არ მინდა გადავტვირთო. წიგნებს ვკითხულობ, სასიამოვნო მოგონებებს ვაცოცხლებ... ეჰ, ალბათ, 100 წელსაც მივაღწევდი, ჩემი ქვეყნის მდგომარეობა ასე რომ არ მანერვიულებდეს.

- რა არ მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში?

- საყოველთაო სიძულვილი. როგორ შეიძლება ადამიანები ასე განიკითხავდნენ და შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს? "ფეისბუკში" შეურაცხმყოფელ პოსტებს რომ ვკითხულობ, მათ ავტორებზე ძალიან ვნერვიულობ. მეცოდება ეგ ხალხი, ასე რამ გააბოროტა, რა შეემთხვა ასეთი? ამ ლანძღვა-გინების გამო ხშირად ტელევიზორიც გამომირთავს და ტელეფონიც.

- ე.ი. პოლიტიკურ პროცესებსაც ადევნებთ თვალს...

- აბა, ისე როგორ იქნება, შვილო? ვაკვირდები, იქნებ რომელიმე პოლიტიკურ ძალაში დავინახო ხალხზე, ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე ზრუნვის ნება. იცით, რამდენი მთავრობა გამოვიცვალე? ფილიპე მახარაძეს მოვესწარი, მერე ჩარკვიანი იყო, მგელაძე, მჟავანაძე, შევარდნაძე... ყველა წავიდა, ცას არც ერთი გამოჰკერებია, ხალხი და ქვეყანა კი დარჩა, ისტორია დაიწერა. ზოგმა ხალხის წყევლა გაიყოლა უკან, ზოგმა ლოცვა. ასეა, საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ცარიელი სიტყვების რახარუხის ვის სჯერა?

- ფილიპე მახარაძეზე რისი გახსენება შეგიძლიათ?

- ბევრი არაფრის, პატარა ვიყავი... მეხსიერებაში გაზეთ "კომუნისტში" დაბეჭდილი მისი სურათი ჩარჩა - „კონახში“ იყო ჩასვენებული.

- კომუნისტური მმართველობის შესახებ რას იტყვით?

- ოჰ, მაგი არ გამაგონოთ, დედა! მე მრცხვენია მათ ნაცვლად, ვინც კომუნისტების რეჟიმს მისტირის. კონვეიერში რომ ვიყავით ჩამდგრები და არაფერზე ვზრუნავდით, სახელმწიფომ რომ უკეთესად იცოდა, ჩვენ რა გვინდოდა, ეს იყო კარგი?! აბა, შეადარეთ ერთმანეთს დღევანდელი მეამბოხე ახალგაზრდები და კომუნისტური წყობის დროინდელი დამფრთხალი თაობა, საკუთარი აზრი რომ არაფერზე გააჩნდა. მაძღრები რომ დადიოდნენ, ეს იყო ყველაფერი?! მე რომ დამოუკიდებელ საქართველოში დავბადებულიყავი, ახლა ორი-სამი კი არა, ხუთი და ექვსი ენა მეცოდინებოდა.

- რომელი უცხო ენები იცით?

- სომხური და ოსური ვიცი, პასიურად. ნათესავები მყავდნენ ამ ერის წარმომადგენლები და საყველპუროდ ვისწავლე რაღაც.

- დამოუკიდებელ საქართველოში რომელ ხელისუფლებას უჭერდით მხარს?

- მძიმე 90-იანი წლების მერე, შუქი და გაზი რომ მოგვცეს, გაყინული პენსიები დაგვიბრუნეს, კრიმინალები ალაგმეს, არმიის მშენებლობა დაიწყეს, ინსტიტუციები გააძლიერეს, ეს მომეწონა, თუმცა მერე შეცდომებიც იყო.

- დღეს ასე დგას საკითხი - ხელისუფლება გვეუბნება, რომ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გავაკეთოთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის უნდა გავაკეთოთ. თქვენ ომსა და მშვიდობას შორის აკეთებთ არჩევანს თუ დასავლეთსა და ევროპას შორის?

- ახლა ვის რა უნდა მოატყუო? ახლა სროლები არ არის, თორემ ყველაზე სასტიკ ომში ვართ. მქონდა ბედნიერება ევროპაში მემოგზაურა, საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში გახლდით ორჯერ. ერთხელ 2006 წელს, მეორედ - 2012-ში. ძალიან მომეწონა ევროპული ცხოვრების წესი.

- არჩევნებში თუ აპირებთ მონაწილეობას?

- ჰმ, რას ჰქვია, თუ ვაპირებ, ჩამომართვა ვინმემ არჩევანის უფლება? იქნებ შემოგვაპარეს რაიმე ისეთი კანონი, რომელიც 90 წელს მიღწეულ ხალხს არჩევნებში მონაწილეობას გვიკრძალავს?

8ec6d73a-0886-43a4-b4c0-312ca8e5f4fc-1728838182.jpg

- თქვენ არჩევანიც გაკეთებული გექნებათ უკვე.

- არა, სხვათა შორის... ჯერ კიდევ იხარშება ჩემს გონებაში რაღაცები, ვაკვირდები პარტიების საარჩევნო პროგრამებს. არ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად 26 ოქტომბერს გადავწყვიტო, ვის გამოვუცხადებ ნდობას.

- საარჩევნო პროგრამებს ეცნობით?

- აბა, ისე როგორ იქნება, დედა? მე მგონია, თქვენ უკვე მიხვდით, ვის არ მივცემ ხმას, ის კი ჯერ მეც არ ვიცი, ვის დავუჭერ მხარს. ერთი სათხოვარი მაქვს, აგენტად ნუ გამომიყვანთ. გეტყვით, რატომ არ მივცემ ამ ხელისუფლებას ხმას - როგორ გაგვიბედა და როგორ გვითხრა, ბოდიში მოიხადეთო? ქართველს არავისთვის არა აქვს ბოდიში მოსახდელი. ნუთუ ჩვენ წავართვით ვინმეს რამე? ან რას ჰგავს ამდენი ომით დაშინება? მე კი არ დამვიწყებია, ჯერ კიდევ ჭიკაიძე რომ გვაშინებდა საბურავების რევოლუციით. ჩვენზე ტოლერანტი, ჩვენზე მიმტევებელი ერი არ მეგულება მსოფლიოში. ქართველი მანამდე არ აიღებს ხელში იარაღს, სანამ ოჯახში არ ჩაუხტები. ისე, სხვათა შორის, არც იარაღის ხელში აღება ნიშნავს ომს, ქვეყანას დაცვა უნდა, იარაღის გარეშე კი ვერაფერს დაიცავ. იმედია, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ პოლიცია არ მომადგება შინ, მაგრამ მე მგონია, ხანდაზმულობის გამო დამინდობენ.

ხათუნა ბახტურიძე