"ბევრისთვის ცოცხალი ყვავილები, სანთლის თაიგულით ჩანაცვლდა"
მოთხოვნის თვალსაზრისით: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი ლიდერია, თუმცა, სუვენირების გაგზავნა რეგიონებშიც ხდება. იმ მოკლე დროში, რაც ფუნქციონირება დაიწყეს, თაიგულები საზღვარგარეთაც გაუგზავნიათ, მაგალითად, 10-ზე მეტი სანთლის თაიგული იტალიაში "გაფრინდა".
- პროფესიით ფილოსოფოსი-ფსიქოლოგი ვარ. დაახლოებით 11 წელია ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ეიჩარი გახლავართ. მყავს მეუღლე და 2 შვილი: ნატალი და ნიცა. ხელოვნებასთან ყოველთვის ახლო კავშირს ვგრძნობდი. წერის ნიჭიც მაქვს, ლექსებს ვწერდი და რამდენიმე საავტორო წიგნიც გამოვეცი. ბოლო პერიოდში სურნელოვანი სანთლებით დავინტერესდი. თავდაპირველად ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე, შემდეგ შესაბამისი კურსებიც გავიარე და გასულ წელს, სანთლების პირველი საახალწლო კოლექცია გავაკეთე. იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩემს გატაცებას სხვა კუთხით შევხედე და კომერციულ საქმიანობაზე დავფიქრდი. შემდეგ, თებერვლის თვეში ვალენტინობასთან დაკავშირებული სანთლის ვარდებისგან შექმნილი კოლექცია გავაკეთე, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როცა მივხვდი, ეს ნამუშევრები მოთხოვნადი იყო, ამ პროფილით გავაგრძელე მუშაობა.
თავდაპირველად, როცა ეს იდეა მომივიდა და სანთლის ყვავილებისგან თაიგული ავაწყვე, მერე დავინტერესდი და "პინტერესტზე" მსგავსი ვერსიები ვნახე. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ასეთი თაიგულის შექმნის იდეა მე მეკუთვნის, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ქართულ ბაზარზე სანთლის ყვავილები თაიგულების სახით არ გვქონია. დღეს უკვე შეხვდებით მსგავს დეკორს, თუმცა ამ ეტაპზე იმდენი მოდელი და ვარიანტი არავის აქვს, როგორიც ჩვენ. რაც შეეხება სუვენირების სახელის ბრენდს, ბავშვის სახელი ჰქვია. ნატალის ყოველთვის უნდოდა მისი ბაღელის ან კლასელის ბევრი მშობლის მსგავსად, მეც მეხატა ან რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც მას მოეწონებოდა ან თავად იქნებოდა ჩართული. ალბათ მოტივაცია ამანაც მომცა, რადგან მინდოდა, რამე ისეთი შემექმნა, რომელიც ნატალის მოეწონებოდა, იამაყებდა და დღეს ასეც არის.
- რამდენი ფერის, სურნელის ყვავილი მზადდება და როგორ ხდება მათი ერთ თაიგულში თავმოყრა?
- ათობით სხვადასხვა ზომისა და ფასის თაიგული გვაქვს. შესაძლებელია მათი როგორც ცალობით შეძენა, ისე თაიგულის სახით. ყველაზე პატარა სამი ვარდისგან შედგება. აბსოლუტურად ყველა ფერის დამზადება შეგვიძლია და არომატების საკმაოდ ფართო არჩევანია: ვანილი, ჟასმინი, იასამანი და ა.შ. გვაქვს როგორც მზა მოდელები, ისე მომხმარებლის სურვილის მიხედვით აწყობილი თაიგულები. ყვავილებს შორისაა: ვარდები, პიონები, ორქიდეები, ტიტები, გვირილები, მზესუმზირები და ყოველთვე კიდევ ახალ მოდელებს ვამატებთ. ბევრისთვის ცოცხალი ყვავილები, სანთლის ყვავილების თაიგულით ჩანაცვლდა, რადგან აქვს სუვენირის დატვირთვაც, რომელიც არ დაჭკნება და წლების განმავლობაში პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს ისევე, როგორც ის დეტალები, რომელიც სანთლის ყვავილებთან არის დამატებული - მცირე ზომის ხელოვნური ყვავილები ან სხვადასხვა გამომშრალი მცენარე. იმ გარემოში, სადაც მოათავსებთ, ჰაერში მუდმივად სასიამოვნო არომატი იტრიალებს. თაიგულებზე ყოველდღიური მოთხოვნაა, მაგრამ განსაკუთრებით დღესასწაულებზე იმატებს... ბოლო პერიოდში საპნისგან შემდგარი თაიგულებიც დავამატე და კიდევ უფრო მეტი გეგმის განხორციელებას ვაპირებ.
ანა კალანდაძე