ოჯახებსა და ტაძრებში შემორჩენილი უძველესი ხელით ნაქსოვი ნივთები წალკის რაიონში
სადაც მეცხვარეობა იყო განვითარებული. ხალიჩებსა და ფარდაგებს თითქმის ყველა ოჯახში ქსოვდნენ წალკის რაიონშიც.
მე-19 საუკუნის დასაწყისში მოქსოვილი ფარდაგი და XX საუკუნის მეორე ნახევარში მოქსოვილი ხალიჩა ვნახეთ წალკის რაიონის სოფელ რეხაში, ალექსანდრა კორელოვას ოჯახში.
ალექსანდრა:
- ფარდაგის ქსოვისას ფერების მისაღებად ველურ მცენარეებს იყენებდნენ. მცენარეები, რომელთა საშუალებითაც გაუხუნარ ფერებს იღებდნენ, აქვე, წალკის რაიონის მინდვრებში დღესაც უხვად არის. მიუხედავად იმისა, რომ ცხვარიცა და ველური მცენარეებიც ისევ მოიპოვება, ხალიჩებსა და ფარდაგებს აღარავინ ქსოვს. სხვათა შორის, ვაპირებ საქსოვი დანადგარი შევიძინო და ხალიჩების ქსოვის ტრადიცია გავაგრძელო. ბებიასგან ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვა დედამ ისწავლა და ტრადიცია ახლა მან გააგრძელა. ჩვენს ოჯახში მისი 1985 წელს მოქსოვილი ხალიჩა ინახება. ხალიჩა მატყლისაა და ყაისნაღით მოქსოვილი ფარდაგისგან განსხვავებით, დაზგაზეა შესრულებული. ათეული წლების მიუხედავად, მისი ფერები კვლავ გაუხუნარია.
- ხალიჩებს ადგილზე ყიდდნენ?
- ადგილზე ნაკლებად. თურქეთში ბევრად ძვირი ღირდა. ამიტომ, იქ გადაჰქონდათ.
სპეციალისტები ადასტურებენ, რომ წალკის რაიონში, ხალიჩებზე უმეტესწილად გეომეტრიული ფიგურებია დატანილი...
აჭარული ტრადიციული ხერხებით შესრულებულ წინდებს ნახავთ სოფელ რეხის გვერდით მდებარე სოფელ ხანდოში, რომელიც ძირითადად, აჭარიდან ჩამოსახლებული მუსლიმანი ქართველებითაა დასახლებული. აჭარულ ტრადიციას წალკის რაიონში ნანა გორგაძე აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ წინდებს ფაქტობრივად, აღარავინ იცვამს, ისინი მაინც იქსოვება.
ნანა:
- წინდის ქსოვა საკმაოდ შრომატევადია. ერთი წინდის მოსაქსოვად, დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო. მისი საშუალო ფასი 50 ლარია და ქსოვის მცოდნეც არცთუ ცოტაა, თუმცა, ინფორმაცია რეალიზების გზების შესახებ მათთვის უცნობია. თუშური წინდებისგან განსხვავებით, აჭარული ტრადიციული წინდა მატყლით არ იქსოვება. ეს შალია, "მზისწველას" ვეძახდით. ბზინავს, არც რეცხვისას ფუჭდება და არც მზეზე ხუნდება. მთიან აჭარაში ქალებს სამზითვო ხელსაქმეს ბავშვობიდან, დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. რძლებს თავის ოთახში ე.წ. დაროშკები საკუთარი ხელით ნაქარგი ან მოქსოვილით უნდა მოერთოთ. მაქვს ჩემი, დედაჩემისა და ჩემი დედამთილის მოქსოვილი ნივთები, რომლებსაც არასოდეს გადავყრი. ვინახავ, როგორც ანტიკვარს.
- რძალს წინდებს თქვენც დაახვედრებთ?
- არა მგონია ჩაიცვას, მაგრამ მაინც, აუცილებლად დავახვედრებ. ტრადიციას არ დავარღვევ.
2020 წელს ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ხელით ნაქსოვი ხალიჩები და ფარდაგები სოფლების - რეხისა და ხანდოს არაერთ უძველეს ერთნავიან ტაძარშიც ვნახეთ. მათ შორის, მთავარანგელოზთა და ჯვართამაღლების სახელობის ტაძრებში.
სპეციფიკური, ლამაზი და შეზღუდული რაოდენობით - კავკასიური ხალიჩების სიძვირფასე ამ კრიტერიუმებით ფასდება. ყველაზე მთავარი ღირებულება კი თითოეულ მათგანში ჩაქსოვილი დიდი ნებისყოფა, ზრუნვა და ყურადღებაა. სწორედ ამიტომ მიიჩნეოდა ქალის მიერ მოქსოვილი ფარდაგი მისივე სავიზიტო ბარათად. ამით საზღვრავდნენ, გააჩნდა თუ არა პატარძალს სილამაზის აღქმის უნარი, მოთმინება და ნებისყოფა.
ცნობისათვის, ქართველი მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქსოვა-მქარგველობა საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული.
შორენა ლაბაძე