საბჭოთა ტყვეების ისტორიები... - გზაპრესი

საბჭოთა ტყვეების ისტორიები...

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ინფორმაციების მოძიებას და დაკარგული ოჯახის წევრის საფლავის შესახებ ასობით ქართველს ინფორმაცია მიაწოდა... მისი თქმით, ეს საქმე მისთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ნებისმიერ ქალაქში, სადაც ჩადის, პირველ რიგში, სასაფლაოს ეძებს, სადაც შესაძლოა საბჭოელთა საერთო სამარხი იყოს, მათ შორის იმ ქართველებისაც, რომელთაც წლების განმავლობაში ელოდნენ.

- გერმანელებისთვის ისინი ჩვეულებრივი დანომრილი ტყვეები იყვნენ, რის მიხედვითაც ვიწყებ მათზე ცნობების მოძიებას და როდესაც ფინალში გავდივარ - ვაწყდები ამბავს ადამიანზე, რომელსაც ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა, მაგრამ ის ასობით კმ-ის იქით იბრძოდა, ტყვედ ჩავარდა, სიცოცხლის დასრულების მერე კი ნომერი მიანიჭეს და საერთო სამარხში მიუჩინეს ადგილი...

პირველად დიმიტრი ფოცხვერაშვილი ვიპოვე, ქემნიცის სასაფლაოზე და აქედან დაიწყო ყველაფერი... მისმა ამბავმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მისი საქმის ბოლომდე მისაყვანად წელიწადზე მეტი დრო დამჭირდა. დავიწყე მასზე ინფორმაციის მოძიება და ჯერ ოჯახი ვიპოვე, შემდეგ მონაცემები შევადარეთ და ყველაფერი დაემთხვა. მერე იმის გარკვევა ვცადე, სად, რომელ ბანაკში ამუშავებდნენ და რა იყო გარდაცვალების მიზეზი. სხვა ტყვეებთან ერთად, ქვანახშირის ქარხანაში გახლდათ. ორჯერ გაქცევა სცადა, მერე ზურგში ესროლეს. ეს შენობა დღემდე დგას, ოღონდ შიგნით სადურგლოა გაკეთებული. გარეთ მემორიალური დაფაა წარწერით, რომ იქ იძულებით ამუშავებდნენ ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებს.

ადგილობრივებს გავესაუბრე და მანახვეს შენობა, სადაც ჩემ მიერ მოკვლეული დოკუმენტების თანახმად, დიმიტრი ცხოვრობდა. ჩვეულებრივი საცხოვრებელი კომპლექსია. ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერზე, ადამიანზე ულმობელიც კი არის დრო. ერთ დროს რამხელა ტრაგედია დატრიალდა იქ, დღეს კი ვიღაცები ისე ცხოვრობენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

იმ ბანაკის ქართველი ტყვე, დიმა 22 წლის იყო, როცა დაიღუპა; ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, ომში უკრეს თავი. უმცროსი ძმა ჰყავდა, რომელმაც ძმის სახელი არ დაკარგა და თავის შვილს დაარქვა.

- ადგილობრივი ბიუროკრატიის გათვალისწინებით, რამდენად რთულია გერმანიის არქივებიდან ინფორმაციის მოძიება?

- პირველ ხანებში ძალიან ბევრს ვწვალობდი, რადგან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. შემდეგ ინტერნეტში ვიპოვე დრეზდენის ფონდი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის გარდა, სხვა პროექტებიც აქვს და მათ მივწერე, დახმარება ვთხოვე. ძალიან გულისხმიერი გუნდი აღმოჩნდა. ბაუცენში, გროსშვაიდნიცში, თორგაუში, პირნა-ზონენშტაინსა და ცაითჰაინში მუზეუმები აქვთ, სადაც ბევრი რამის გაგება შეიძლება. ყველაფერში მაკვალიანებდნენ, ცდილობდნენ საქმე გაეიოლებინათ.

ახლა უკვე ძალიან ბევრ არქივთან მაქვს მუშაობის გამოცდილება. რაც მთავარია, მოხალისე აღარ ვარ. მკვლევარ-ისტორიკოსის სერტიფიკატი მაქვს, რაც ძალიან მეხმარება. თუ იქამდე მოხალისის სტატუსით ვგზავნიდი წერილებს არქივებში და პასუხი თვე-ნახევარში მომდიოდა, ახლა უკვე სამ-ოთხ დღეში მიბრუნებენ პასუხს. პატარა ქალაქები ბევრად ოპერატიულები არიან, რასაც ვერ იტყვი დიდ ქალაქებში არსებულ არქივებზე. ერთხელ პასუხი ორი წლის შემდეგ დამიბრუნეს. აღარც კი მახსოვდა, რა მივწერე.

- მკვლევარ-ისტორიკოსის სტატუსის მოპოვება გაგიჭირდა?

- საქართველოში შევუერთდი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გუნდს. ირაკლი და დავით ხვადაგიანების დამსახურებაა, რომ ეს სტატუსი გერმანულ უწყებებთან მუშაობას მიადვილებს. ფონდის დახმარებით, მიულბერგის ბანაკზეც ვიმუშავე, ოღონდ მეორე მსოფლიო ომის დროს კი არა, შემდეგ პერიოდზე - ომის დასრულების შემდეგ, ბანაკები დარჩა, თუმცა, ხელმძღვანელობა შეიცვალა. ადრე თუ საბჭოელები იყვნენ დატყვევებული, მერე ისინი მოვიდნენ სათავეში და ბანაკში გერმანელი სამხედროების, რიგითების ცოლები, შვილები, 13-14 წლის მოზარდები, მოხუცები და დეზერტირებიც იყვნენ... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი სპეცბანაკად გადაკეთდა, თუმცა, პირობები არ შეცვლილია, ისეთივე არაადამიანური დარჩა.

ომის დასრულების შემდეგ, გერმანელების კვალის დასაფარად ყველა მტკიცებულების განადგურება გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე, მათ შორის, მიულბერგის ბანაკი არ აუფეთქებიათ. თუმცა, საბჭოელებმა ააფეთქეს, ანუ კვალი წაშალეს. მერე, როცა იქ ჯვარი აღიმართა და დაღუპულთა გვარ-სახელები განათავსეს, ე.წ. გდრ-ის დროს, მათი ოჯახის წევრებს იქ მისვლისა და ყვავილების მიტანის უფლებაც კი არ ჰქონდათ, ამაზე საუბარიც ტაბუდადებულ თემად იყო მიჩნეული მანამდე, ვიდრე 1990 წელს, გერმანია არ გაერთიანდა. ანუ ბანაკში დატრიალებული ტრაგედიები, ჰიტლერის რეჟიმის დასრულებისთანავე არ დამთავრებულა. გერმანიის ტერიტორიაზე სულ 11 სპეცბანაკი დარჩა, სადაც ათასობით ადამიანი იყო დატყვევებული.

- რა დანიშნულება ჰქონდა სპეცბანაკებს?

- "სპეცლაგერები" იყო ბანაკები, რომლებიც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მიერ საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე შეიქმნა და 1950 წლამდე გდრ-ის ტერიტორიაზე არსებობდა.

გერმანელებთან ერთად, იქ ჰყავდათ საბჭოელებიც. ისინი, ვინც გერმანელებს ტყვედ ჩაჰბარდნენ, საბჭოეთისთვის პოტენციურ აგენტებად ითვლებოდნენ. ნაცისტური გერმანიის მიერ დანაშაულებრივი ანექსიისა და განადგურების პოლიტიკის გატარებამ მათ წინააღმდეგ მსოფლიოს უმეტესი ნაწილის გაერთიანება განაპირობა, რაც გერმანიის კატასტროფული დამარცხებით დასრულდა. კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო, რომელთაც - შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი აკონტროლებდნენ. ნაცისტი დამნაშავეების დასჯის აუცილებლობიდან გამომდინარე ოთხივე კონტროლირებად ტერიტორიაზე ინტერნირების ბანაკების, სასამართლოებისა და საპყრობილეების მოწყობა დაიწყო. საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან განსხვავებით, დანარჩენ სამ ზონაში ამ ქმედებებს იურიდიული და ჰუმანიტარული მიზნები ჰქონდა; ბანაკებში ათავსებდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგ უტყუარი სამხილები არსებობდა და რომელთაც უახლოეს მომავალში სასამართლო ელოდათ, რასაც ვერ ვიტყვით საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ბანაკებში მოთავსებულ ადამიანებზე. საბჭოელ მესვეურებს და მათ მოკავშირე გერმანელებს არც ერთი წამით არ უფიქრიათ მოქალაქეებისთვის უმთავრესი - თავისუფლება დაებრუნებინათ. პირიქით, სტალინური პოლიტიკის შესაბამისად, გერმანიის ტერიტორიის დაკავებიდან რამდენიმე თვეში, 1945 წლის ზაფხულში დამტკიცდა ახალი დადგენილება, შინსახკომის ბრძანება #03315, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ მოქალაქეები, მოსახლეობის ნებისმიერი ფენიდან, რომლებიც "ახალ მმართველობას საფრთხეს უქმნიდნენ" ან საფრთხის შემცველად მოიაზრებოდნენ, დაუყოვნებლივ უნდა დაეპატიმრებინათ.

აღსანიშნავია, რომ პატიმრებს შორის იყვნენ აქტიური ნაციონალ-სოციალისტები და ომში არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ადამიანები, მაგრამ საბჭოთა კავშირის მმართველების ინტერესებში მათი სამართლებრივი დასჯა სულაც არ შედიოდა. პატიმართა შორის იყვნენ აგრეთვე კანონის ფარგლებში მოქმედი სხვადასხვა პარტიის მომხრეები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, ინჟინრები, ჟურნალისტები, ფაბრიკის მომუშავე პერსონალი, გლეხები, ბავშვები და ქალები.

საერთო ჯამში, მიულბერგის სპეცბანაკი 22 000-მა ადამიანმა გაიარა, საიდანაც მხოლოდ 200 ადამიანი გაასამართლეს და განაჩენის საფუძველზე ციხეში გადაიყვანეს. ბანაკის არსებობის ისტორიაში, მიულბერგის სპეცბანაკს არ ჰყოლია არც გასამართლებული, არც კრიმინალი და არც "ასოციალი" ტყვე. სულ ასეთი 10 ბანაკი შემდეგ ტერიტორიებზე იყო განლაგებული: მიულბერგი, ბუხენვალდი ვაიმერთან, ბერლინ-ჰოენშიონჰაუზენი, ბაუცენი, ქეთჩენდორფი, იამლითცი (ადრე ფრანკფურტ ოდერი), ზაქსენჰაუზენი, ვეესოვი (ვერნიოშენი), თორგაუ და ფიუნფაიშენი. ყოფილი გერმანიის რაიხის აღმოსავლეთ ნაწილში სხვა ბანაკებიც იყო, რომლებიც ტყვეების დიდი რაოდენობით ფილტრაციას ემსახურებოდა.

meg7-1728887901.jpg

"სპეცლაგერ" #1-ის მომავალმა მმართველებმა ბანაკში პატიმრების მოსვლამდე გადაიბარეს ყოფილი შტალაგ 4B-ს ტერიტორია. მთავარი ბანაკი სრულიად გაძარცული იყო, შენობები კი დაბინძურებული და ფეკალიებით სავსე. მავთულხლართები თითქმის მოშლილი და კანალიზაციის სისტემა არ მუშაობდა.

"კიდევ კარგი, რომ ზოგ ადგილას მავთულხლართები განადგურებული იყო. ამით საშუალება გვქონდა, მინდორში გავსულიყავით და ამოგვეთხარა კარტოფილი. სამწუხაროდ, 8 დღის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა და მავთულხლართებიც აღადგინეს.

ბანაკების უმეტესობა ერთი დიდი სანაგვე იყო. ინვენტარი, როგორიცაა: დანები, ჩანგლები, კოვზები, ტაფები, ქვაბები, თასები და ასე შემდეგ, ბანაკის წინამორბედებმა გაანადგურეს ან პატარა ტბაში ჩაყარეს. ჩვენ ტალახიან ტბაში ვეძებდით ჯამებს, რათა ჭამა შეგვძლებოდა...", - იხსენებდა ბანაკის ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი.

საბჭოთა კავშირისთვის ხომ ჯაშუშობის საფრთხეს წარმოადგენდნენ ის ადამიანები, თუნდაც, ქალები და ბავშვები, ვინც ომის დროს, უკრაინის ტყვედ გერმანიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და სხვადასხვა ადგილას ამუშავებდნენ. შემდეგ იწყებოდა ე.წ. ფილტრაცია, იმართებოდა სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც მათი განაჩენი ან დახვრეტა იყო, ან გადასახლება. თუმცა, ბანაკში მოსახვედრად არც სასამართლო იყო აუცილებელი. ტყვეებს წინასწარი დაკავების საკნებიდან ბანაკებში გზავნიდნენ დაკავების ორდერის, პროკურატურის საჩივრის, სასამართლო პროცესის ან განაჩენის, ვადის დადგენის და ჩვენებების აქტების გარეშე. ამგვარად, 3 წლის განმავლობაში, სპეცლაგერ მიულბერგის #1 ბანაკში - 21 800 ადამიანი მოხვდა, რაც დაუზუსტებელი რიცხვია, რადგან რეგისტრაციისას, გარდაცვალების ცნობისა და სხვა დოკუმენტების გატარებისას უამრავ შეცდომას უშვებდნენ. საბჭოთა კავშირის დროს დახვრეტილთა სიების მოძიება რთულია.

მიულბერგის ბანაკის შესახებ არსებობს წიგნი, რომელიც ვთარგმნე, იქ ტყვეთა სტატისტიკა იყო მოცემული და დრეზდენის ფონდის დირექტორს, ფამფელეს ვკითხე, როგორ შეიძლებოდა დახვრეტილთა შესახებ გვარების მოძიება, მეტის გაგება... მან მითხრა, რომ სამი წელი იმუშავა რუსეთის არქივებში და დახვრეტილთა შესახებ ინფორმაციებს არ გასცემენო; სადაც დრეზდენის ფონდის პრეზიდენტს, პროფესორს არ მისცეს ცნობები, მასთან შედარებით მე, რიგით მკვლევარს სიებს ვინ მანახვებდა?..

- ახლა რაზე მუშაობ?

- ახლა სტალინის შვილის, იაკობ ჯუღაშვილის ისტორიაზე ვმუშაობ, რომლის გარშემოც უამრავი ბუნდოვანებაა. არც კი ვიცი, ოდესმე დასრულებას შევძლებ თუ არა, რადგან ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ არის... ერთხელ ზაქსენჰაუზენში ვიყავი და ვნახე, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, სად და რა პირობებში ცხოვრობდა. არსებულ კითხვებს პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ შევეცდები, ცოტა მეტი რამ მოვიძიო... თუმცა, წინასწარ ვიცი, ვერასდროს გავარკვევ, სად გაქრა მისი ფერფლი. კრემაციის შემდეგ ფერფლი ბერლინის სამხედრო პუნქტში გაგზავნეს და კვალი იქ იკარგება. როდესაც გერმანიის ბუნდესტაგის არქივს მივწერე და ჩემი ინტერესი ავუხსენი, მიპასუხეს, რომ მიიღეს, მაგრამ ამის მეტი არაფერი იციან. ომის დასრულების შემდეგ, სტალინის შვილის თემა დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო, რადგან რუსი ჯაშუშები გერმანიაში მკვლევრების სტატუსით ჩამოდიოდნენ, ამ თემას იმიზეზებდნენ, სინამდვილეში კი, იაკობის კონტაქტებს ეძებდნენ, შემდეგ მათ უკავშირდებოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ამ თემაზე არ ესაუბრათ.

- და მაინც, თვითმკვლელობის აქამდე უცნობ მიზეზზე ითქვა რამე?

- ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში გავარკვიე, რომ იაკობთან ერთად იჯდა ვასილი კოკორინი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის დისშვილი, რომელზეც იაკობი ამბობდა, რომ გერმანელებთან შეკრული ჯაშუში იყო. მათ ყოველთვის უთანხმოება ჰქონდათ. მოლოტოვის დისშვილი მას შეშლილს უწოდებდა, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა. თუმცა, კიდევ ერთი ტყვის ცნობით, ის ეჭვი, რომ მოლოტოვის დისშვილი გერმანელებთან იყო შეკრული, სხვებსაც ჰქონდათ.

ერთ-ერთი ოფიციალური ინფორმაციით, იაკობს, მასთან ერთად მყოფ ირლანდიელ ტყვესთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც თავი დამცირებულად იგრძნო და თავი მოიკლა, რაც ნაკლებად დამაჯერებელია. არსებული ინფორმაციით, ტყვედ აყვანის შემდეგ, მას ჯაშუშობა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა, ამის მერე გადაიყვანეს ის ზაქსენჰაუზენის ბანაკში, ოღონდ იქ, სადაც მაღალი რანგის ტყვეები ჰყავდათ. ერთადერთი, ვინც იაკობზე ვრცელი ჩვენება მისცა, ირლანდიელი თომას ქუშინგია, რომელიც შემდგომში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. როდესაც იაკობი დაიღუპა, გააფრთხილეს, არ ესაუბრა ამ თემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა... მისი ჩვენების მიხედვით, იაკობის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა პროპაგანდისტული გამოცემების მიერ ხმის გამაძლიერებლით გადმოცემული ახალი ამბები, თითქოს ჰიტლერს 6 მილიონი რუსი ტყვე ჰყავდა. ცნობები სტალინის სიტყვებით სრულდებოდა: "ჰიტლერს საერთოდ არ ჰყავს რუსი სამხედრო ტყვეები, მას ჰყავს რუსი მოღალატეები და როდესაც ომი დასრულდებოდა, მათ თავად მიხედავდა..." ასევე, სტალინის თქმით, მას საერთოდ არ ჰყავდა ვაჟი, სახელად იაკობი. როგორც თომასი ამბობს, იაკობი ისედაც ღრმა დეპრესიას ებრძოდა და ეს მისთვის, დიდი ალბათობით, ბოლო წვეთი აღმოჩნდა და სასოწარკვეთილებაში მყოფმა ეს მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. თუ მის ჩვენებას დავუჯერებთ - მან უშუალოდ ნახა გარდაცვლილი იაკობი, მავთულხლართებზე გადაკიდებული.

megi6-1728887886.jpg

- როგორც ვხვდები, რამდენიმე ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოძიებას წლები სჭირდება?

- დიახ, ასეა. პარალელურად ვმუშაობ კიდევ ერთ ქართველზე, ნოა ხვედელიანზე. ის მთაწმინდელი ბიჭი იყო, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მისი თანატოლებივით, ომში უკრეს თავი. ერთ-ერთი ბანაკის სიების დამუშავებისას ვიპოვე ხვედელიანი, ტყვედყოფნისას მისი გადაღებული ფოტო და სპეციალური ბარათი. თავიდან მეგონა, იგი ბანაკში დაიღუპა, მაგრამ შემდეგ გავარკვიე, რომ "გესტაპომ", რამდენიმე ქართველ ბიჭთან ერთად წაიყვანა და ჯაშუშობა შესთავაზა. დავალება არ ვიცი, მაგრამ ძირითადი მოთხოვნები ინფორმაციების მოძიება-მიწოდება იყო გერმანული მხარისთვის და საბოტაჟი. როგორც ჩანს, ხვედელიანმა იფიქრა, რომ ტყვეობაში ვერ გადარჩებოდა, ამიტომ გერმანელებს დათანხმდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სამხედრო კომისარიატში მისვლას აპირებდა, მომხდარის შესახებ მოყოლას და შემდეგ ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნებას... მოკლედ, გერმანელების მხრიდან რამდენიმეთვიანი გადამზადების შემდეგ, ის და რამდენიმე ქართველი ბიჭი, პარაშუტით ქუთაისთან ახლოს ჩამოსხეს. მაშინდელი შსს-ს ოფიციალური ვერსიით, ყველა მათგანი დაიჭირეს. თუმცა, ნოა ხვედელიანის დის ჩანაწერების მიხედვით, რომელიც დღემდე არსებობს, მისი ძმა სამხედრო კომისარიატში თავისი ფეხით მივიდა, ყველაფერი უამბო და ისიც დასძინა, რომ ომში დაბრუნება სურდა... საქართველოს შსს-ს არქივებში მსგავსი ინფორმაციის მოპოვება რთულია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ნოას დის ჩანაწერები არსებობს, რომელიც მიმდინარე ამბებს დღიურებივით წერდა.

- რა ბედი ეწია მას?

- საბოლოოდ, როგორც ნოა, ასევე, მასთან ერთად მყოფი ბიჭები ქუთაისთან ახლოს დახვრიტეს და მთელ სოფელს აყურებინეს, თუ როგორ სამაგალითოდ დასაჯეს "საბჭოთა პრინციპების მოღალატეები". ეს ყველაფერი მისი ძმისშვილის, ქეთევან ხვედელიანისგან გავიგე, რომელთანაც დღემდე მაქვს კონტაქტი. იგი ჩემს მეგობარ ირაკლი ხვადაგიანთან ერთად შევიდა შსს-ს არქივში და ბიძამისის საქმე გამოითხოვა. ერთობლივად ვიკვლევთ და ვამუშავებთ, რუსულად არის შედგენილი და ვთარგმნით. ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია, რადგან ბევრი დეტალია შესადარებელი და საკვლევი. საქმეს ისიც ართულებს, რომ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, დიდი ნაწილი კი განადგურებული.

ლალი პაპასკირი