ტრუსკავეცა და ტრუსკავეცი...
ახლა არ მკითხოთ ან ტრუსკავეცი რა არის, ან ტრუსკავეცა ვინააო!
ტრუსკავეცი საკურორტო ქალაქია უკრაინაში, ტრუსკავეცა კი მამუკა მდინარაძის მეტსახელია, რაც მაშინ შეარქვეს, მიშა რომ არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოიპარა, ბათუმში დასეირნობდა და იქიდან ვიდეოებს დებდა. მაშინ მდინარაძე გამოიყვანეს და ათქმევინეს, ფეიკია ეს ვიდეოები, დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, მიშა საქართველოში კი არა, ტრუსკავეცშიაო და ამ ნათქვამიდან ერთ დღეში სააკაშვილი თბილისში დაიჭირეს.
მდინარაძეს რომ თავმოყვარეობა ჰქონოდა, მთელი ქვეყნის დასანახავად ასეთი შერცხვენის გამო მინიმუმ, შიგნით თავის გუნდთან იჩხუბებდა, ეს რა სისულელე მათქმევინეთო და მაქსიმუმ, საერთოდ წავიდოდა "ოცნებიდან", მაგრამ სადაა კარგი ცხოვრება? აგერ, გამოვიდა და ისევ საოცრებები მოგვახსენა:
პირველი თქვა, რომ გახარია ყოველთვის უცხო ძალების აგენტი იყო, ჩვენთანაც რომ მუშაობდა შს მინისტრად, მაშინაც აგენტი იყო და იმ არასწორ გადაწყვეტილებებს სპეციალურად იღებდა, ჩვენ რომ დავეზიანებინეთო. მერე მიხვდა, ხალხს კითხვა გაუჩნდებოდა: თუ იცოდით, რომ აგენტი იყო და სპეციალურად გაზიანებდათ, პრემიერ-მინისტრად რაღას დააწინაურეთო და თავად უპასუხა ამ შეკითხვას. ოღონდ, ვაი, ამ პასუხს! ალბათ ჯობდა, ხმა არ ამოეღო.
"როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან პრემიერად დაწინაურდა? ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად", - განაცხადა ბატონმა ტრუსკავეცამ.
წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე: "ოცნება" მამუკა მდინარაძის პირით გვეუბნება, რომ კაცი უცხო ძალების აგენტი იყო, ეს ვიცოდით, მაგრამ ამ უცხო ძალებისთვის რომ გვესიამოვნებინა, ქვეყნის პრემიერად დავნიშნეთო, ანუ აგენტი დავნიშნეთ პრემიერად გარე ძალების მოთხოვნითო. ხვდებით ხომ, რამხელა სიგიჟეა, ხელისუფლება ამას რომ გეუბნება. მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ დღევანდელი პრემიერიც რომელიმე გარე ძალების დანიშნული არაა?
თქვენ გგონიათ, ამით ამოიწურა მდინარაძის ნათქვამი სიგიჟეები? არა. მან იმ დღეს კიდევ ერთი მწვერვალი დაიპყრო: "წარმოიდგინეთ, რა ძალები გვებრძვიან, მათ შვეიცარიული ბანკი გააკოტრეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ", - კიდევ ეს გვითხრა მდინარაძემ.
საუბარია შვეიცარიულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბანკზე, "კრედიტ-სუისზე". სწორედ ამ ბანკში ჰქონდა მილიონები ერთ-ერთი ბანკირისთვის მიბარებული ბიძინა ივანიშვილს. იმ ბანკირმა ითაღლითა, ბიძინას ფულები მოუტეხა, მერე აღმოჩნდა, რომ სხვებისთვისაც მოუტეხია, გამოძიება დაიწყო და მან თავი მოიკლა. თავად ბანკსაც პრობლემები შეექმნა და რამდენიმე წელიწადში გაკოტრდა. ჰოდა, ახლა ხელისუფლება მდინარაძის პირით გვარწმუნებს, ეს ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი უბრალოდ კი არ გაკოტრდა, "გლობალურმა ომის პარტიამ" სპეციალურად გააკოტრა, რომ ივანიშვილისთვის ფულები არ დაებრუნებინა და დაეშანტაჟებინათო.
ხვდებით ხომ, სად ვართ? რა ძალა გვმართავს? რაების სჯერათ? ეს ხომ მარტო მდინარაძის სიტყვები არაა? ასე ფიქრობს ბიძინა და ამიტომ ათქმევინეს მასაც. ანუ გვმართავს ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ მისთვის ფული რომ არ დაებრუნებინათ, ამხელა შვეიცარიული ბანკი გააკოტრეს და თავის ფულებს ქვეყანა გადააყოლა, ამის გამო ქვეყანა მთელ დასავლეთს დაუპირისპირა, ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობა გაგვიფუჭა. ანუ ბიძინამ ვერ დაიჯერა, რომ ერთმა კაცმა გააცუცურაკა. ერთი კაცი მე ვერ მომატუებდაო და სჯერა, მთელი მსოფლიო ებრძვის.
გამოდის, უკვე დაზუსტებით ვიცით, ვინ დაგვღუპა. ვინ და ლესკადრონმა. იმედია, არ იკითხავთ, ლესკადრონი ვინააო? სწორედ ის იყო "კრედიტ-სუისის" ის ბანკირი, ბიძინას ფული რომ მოჰპარა. სწორედ ამის მერე დაიწყო მამა-მარჩენალმა ლაპარაკი "გლობალური ომის პარტიის" შესახებ. კიდევ კარგი, მან თავი მოიკლა, თორემ ჩემი ხელით მივახრჩობდი ჩვენი ასეთ დღეში ჩაგდებისთვის.
ახლა დადის ბიძინა ივანიშვილი ქალაქიდან ქალაქში თავისი ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით (ხუმრობა საქმე ხომ არაა, ამხელა ძალა ებრძვის, რომელიც მთელ მსოფლიოს აკონტროლებს და შვეიცარიულ ბანკებს აკოტრებს მის გამო) და ხალხს არჩევის სანაცვლოდ ჰპირდება, რომ 12 წლის თავზე საბოლოოდ დაამარცხებს "ნაციონალურ მოძრაობას", დაიჭერს თუ ვინმე დარჩა მათი ლიდერებიდან დასაჭერი და მერე აკრძალავს ამ პარტიას. თან, მარტო "ნაცებს" კი არ ავკრძალავო, არამედ მათ სატელიტებსაცო და მათ სატელიტებს ვის ეძახიან? ფაქტობრივად ყველას, ხაზარაძესაც და გახარიასაც, ანუ გამოდის, ოპოზიციის 80 პროცენტის აკრძალვას გვპირდება. ავკრძალავთ, დავიჭერთ, შევზღუდავთ - ესaა ივანიშვილის მთავარი დაპირებები წინასაარჩევნოდ. საოცარ კამპანიას ატარებს.
თან, ამ კვირაში ხომ გვითხრეს გახარიაზე ახალი ამბავი, რომ გარე ძალების აგენტი ყოფილა და მათი მოთხოვნით დაუნიშნავს პრემიერად, არც ხაზარაძეს დააკლეს. მთელი ეს კვირა სამთავრობო პროპაგანდისტული არხები მამუკა ხაზარაძეს დასდევენ და ეკითხებიან, მართალია, რომ თქვენ სომეხი ხართო? ბანკირის და მევახშის ძახილი ეტყობა, საკმარისი აღარაა, მაინც გაეზარდა "ლელოს" რეიტინგი და ახლა ახალი კომპრომატი გამოაგორეს, - სომეხიაო. აი, აქამდე და ასეთ მეთოდებამდე დავიდა ჩვენი დიდი ქველმოქმედი ბატონი ბიძინა.