რაზე ვერ თანხმდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და რა სურს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს
ეს ნიშნავს ქვეყნის ერთი წლით საერთოდ გაჩერებას და უფრო მეტიც, მის ომში ჩართვასა და არევას", - ამგვარად ეხმაურებიან მმართველი ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობისა და პრემიერობის საერთო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და ქარტიაზე ხელისმომწერ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან: "დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ამ ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ყოველი სიტყვის ერთგულნი, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს. ამ ქვეყნის სტაბილურობა ამაზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ, მანამდე, სანამ ამ 4 პარტიას შორის პარლამენტში შედგება ურთიერთნდობა, მანამდე გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ამ ქარტიის უკან. ველოდები, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან - ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანამიმდევრულად ამ ქარტიის უკან..." პრეზიდენტის ამ განცხადებასა და ყველა სხვა ინიციატივასაც პრემიერი ირაკლი კობახიძე ფარსს უწოდებს და ამბობს, რომ არანაირი ტექნიკური მთავრობა არ იქნება. მისი თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი არის დაახლოებით 60% და ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ "ტექნიკურ მთავრობაზე" უბრალოდ ფარსია. არჩევნების შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება და დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა. რა პერსპექტივა აქვს ტექნიკური მთავრობის შექმნას, ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის არჩეული პრემიერობის კანდიდატი და რამდენად მისაღები იქნება ოპოზიციისთვის მისი ინიციატივა, ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- სრული აბსურდია 60%, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს სიმართლე არ არის, უბრალოდ, ცდილობენ, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური შეტევა განახორციელონ, ამ ფორმით უნდათ ამომრჩეველში სკეპტიციზმის გაჩენა. მერწმუნეთ, მმართველი გუნდი უბრალო გამარჯვებაზე ოცნებობს. ნახეთ, რა ხდება მათ გუნდში...
- რას გულისხმობთ?
- ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მმართველ პარტიას მობლატავე, ქუჩური მენტალობის მქონე გენერალური მდივანი ჰყავს. ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს არც კობახიძე და სხვები აკლებენ ხელს, მაგრამ კობახიძეს ორი წიგნი მაინც აქვს წაკითხული და კალაძე ვინ არის? ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ფეხბურთის თამაში იყო. იმან როგორ უნდა განსაზღვროს ქვეყნის კურსი? აუტანელია მისი მოსმენა. რაც შეეხება მოლოდინებს არჩევნებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვითარება ბუნდოვანია, რადგან ისევ ძალიან ბევრი "გადაუწყვეტელი" ამომრჩეველია, მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ამ ორი კვირის განმავლობაში.
- რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოებრივი განწყობის შეცვლა ან უფრო გააქტიურება გამოიწვიოს?
- ძალიან ბევრი დაუხურავი საკითხია, თუნდაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციონირება. ასევე მნიშვნელოვანია, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ძალის დემონსტრირებას. არის ამომრჩეველი, რომელსაც ძლიერი პოლიტიკოსები, ძლიერი პოლიტიკური ჯგუფები იზიდავს. ალბათ იცით, რომ 20 ოქტომბერს დიდი აქციაა დაგეგმილი. თითქოს არაფერი, მაგრამ სწორედ ასეთი აქციები ქმნის განწყობას, ეს განსაკუთრებულად მოქმედებს კონფორმისტულად განწყობილ ამომრჩეველზე.
- შესაძლოა თუ არა, საზოგადოებრივ განწყობებზე იმოქმედოს საუბრებმა იმის შესახებ, რომ ტექნიკური მთავრობა დააპაუზებს ქვეყნის განვითარებას? პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ "ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტს, ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას..."
- დიდი ბოდიში, მაგრამ რამ უნდა არიოს ან დააპაუზოს ქვეყანა? ტექნიკური მთავრობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ეყოლება არა პარლამენტული ნიშნით შერჩეული, არამედ საკუთარი დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი. შესაბამისად, ქვეყნის მართვის ეფექტურობა კი არ შემცირდება - ეკონომიკაში იქნება ეს, განათლებაში თუ სხვა სფეროში, პირიქით, გაიზრდება. გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ცდილობენ ტვინი აურიონ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ ქვეყნის დაპაუზებაზეც, ომზეც და სხვა უბედურებაზეც. გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობის შეცვლა რომ დადგება დღის წესრიგში, აუცილებელი არ იქნება ყველა მინისტრი სახლში წავიდეს. ვიღაც წავა, მაგრამ რეფორმა ან პროექტი თუ ექნება დაწყებული, ის დარჩება.
- რატომ დასჭირდა პრეზიდენტს განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა ან უნდა დაადასტურონ მისი მხარდაჭერა, ან უკან წაიღონ ხელმოწერა?
- რთულია, არ ვისურვებდი ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს. ნებისმიერი პოლემიკა ზიანს მიაყენებს როგორც პრეზიდენტს, ასევე ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს. ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, თუ იმ მოცემულობას მივიღებთ, რაც გვაქვს და ამის ფარგლებში ვიმოქმედებთ.
- პოლიტიკურ ლიდერებს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პრემიერობის კანდიდატი არ მოსწონთ?
- სამწუხარო რეალობა ასეთია, თუმცა მე არ მესმის, რა აქვთ გასაყოფი. ეს პარტიები არიან ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე უნდა დავაყენოთ.
- ვინ არის პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატი?
- არა მგონია, ახლა ამაზე საუბარი სწორი იყოს.
- კულუარული ვერსიების მიხედვით, პრემიერობის კანდიდატებად მოიაზრებიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გილაური და თქვენ, თუმცა, თქვენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროში საუბრობთ იმის შესახებ, რომ პრემიერობის კანდიდატად ყველაზე უპრიანი სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.
- არც ერთი არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ჩემს ვერსიას, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, დიახ, ჩემი ვერსიით, შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ პრემიერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება. რატომ? ეს გააძლიერებდა არჩევნების სარეფერენდუმო განზომილებას, შესაბამისად, ხელს შეუწყობდა ამომრჩევლის კონსოლიდაციას და გარდაუვალს გახდიდა ხელისუფლების სასტიკ მარცხს. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ, რომ ტექნიკური მთავრობის ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაა, ეს კი ყველაზე კარგად სწორედ სალომე ზურაბიშვილს ხელეწიფება - ამას მისი პოლიტიკური წონიდან გამომდინარე ვამბობ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ყველა შესაბამისი კონტაქტი და პირადი ურთიერთობა აქვს, რაც ახლა ქვეყანას ამ რთულ პერიოდში სჭირდება. შეიძლება ასეთი მოდელიც - სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი, ხოლო პოლიტიკური პარტიები ვიცე-პრემიერობის კანდიდატებით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი ამ ტექნიკურ, უფრო სწორად, გარდამავალ მთავრობაში. ეს საუკეთესო კონფიგურაცია იქნებოდა, თანაც - ამომრჩევლებისთვის ძალიან გასაგები.
- თქვენს ვერსიას თავად პრეზიდენტი როგორ აფასებს?
- მე მქონდა პრეზიდენტთან ამ საკითხზე საუბარი. მიიჩნევს, რომ პრემიერის კანდიდატობა ამ მოცემულ ვითარებაში მისთვის მძიმე ტვირთია, ადამიანურად ძალიან კარგად მესმის მისი. მე ვუთხარი, რომ კანდიდატად მისი წარდგენის შემთხვევაში, პარტიებს მანევრის საშუალება აღარ ექნებოდათ და ყველაფერი უფრო ადვილად შეთანხმდებოდა. ისიც ვუთხარი, რომ სხვა დანარჩენი ნებისმიერი ალტერნატივის შემოტანა რისკების შემცველი იყო. ამ საუბრის შემდეგ სასახლიდან ოპტიმისტური განწყობით წამოვედი, რადგან ის არ იყო კატეგორიულად წინააღმდეგი. თუმცა, შემდეგ, როგორც ჩემამდე მოვიდა ხმა, ის ამაზე არ არის თანახმა, ესეც მესმის, მაგრამ...
- რჩება განცდა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციონერ ლიდერებზე ბრაზობს.
- არ არის გამორიცხული, შეიძლება პრეზიდენტი ნამდვილად იყოს გაბრაზებული ოპოზიციური პარტიების პოზიციების გამო და უფრო მეტი კატეგორიულობით მოიქცეს, მაგრამ ამით ყველა წავაგებთ, პრეზიდენტიც, ოპოზიციური პარტიებიც და საზოგადოებაც. შესაბამისად, ვფიქრობ, უნდა შეწყდეს ამ თემაზე დისკუსია, მივიღოთ "ლელოს" მიერ შემოთავაზებული ფორმულა და ვიფიქროთ არჩევნებზე, ამ მოცემულობითაც გავაკეთოთ სწორი არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ.
- საპარლამენტო პარტია "გირჩის" ლიდერების ვერსიით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და ოპოზიცია მიზანმიმართულად შეჰყავს ჩიხში, რათა საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულად წარმოაჩინოს.
- მაგათ თავიანთი პრობლემები აქვთ. ხვდებიან, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არიან და ოდიოზური განცხადებებით ცდილობენ თამასა დაიჭირონ.
ხათუნა ბახტურიძე