ალექსანდრე დულუზაურის დაკავება და სიტყვები, რის გამოც მან 10 წელი გადასახლებაში გაატარა - გზაპრესი

ალექსანდრე დულუზაურის დაკავება და სიტყვები, რის გამოც მან 10 წელი გადასახლებაში გაატარა

მთელი ცხოვრება თიანეთის სოფელ დულუზაურებში გაატარა. 85 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, თუმცა მანამდე თავის პატარა სოფელში ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეძლო. მისი ბიოგრაფიის მთავარი დეტალები და ფოტომასალა თეოლოგმა ვატო ურუშაძემ ალექსანდრე (წვერა) დულუზაურის შვილის, ქალბატონ თამარ დულუზაურს და შვილთაშვილის - ალექსანდრე დულუზაურის დახმარებით შეაგროვა.

ვატო ურუშაძე:

- ალექსანდრე დულუზაური 1904 წლის 7 ნოემბერს, ილარიონ (ილალო) და თამარ წიკლაურის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 5 და-ძმას შორის, ის მესამე გაჩნდა: ვერა, თიკო, ალექსანდრე, ნინა და პავლე.

ილარიონს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა, ქონება ბებოსგან - ელენესგან ერგო, რომელიც მდიდარი ქალი ყოფილა და თავის შთამომავლებზეც იზრუნა. სამწუხაროდ, ილალო ახალგაზრდა გარდაიცვალა. იმ დროს ხალხს სათიბი ადგილები ჭიაურას მთის წვერზე ჰქონდა. თანასოფლელებთან ერთად იქიდან მომავალი, გზად სულის მოსათქმელად წყაროსთან გაჩერდა, სადაც დღემდე ძალიან ცივი წყალი მოდის. როგორც ჩანს, მუშაობით დაღლილმა სხეულმა ცივი წყალი ვერ „აიტანა“ და ფილტვების ანთება დაემართა. იმ დროისთვის ეს ძალიან მძიმე და ძნელად მოსარჩენი სენი იყო. ილარიონი სამკურნალოდ საავადმყოფოშიც დააწვინეს, მაგრამ ვერც ამან უშველა, მესამე დღეს სოფელ დულუზაურებში ურმით მიასვენეს.

ალექსანდრე დულუზაურმა პირველი დაწყებითი ოთხწლიანი განათლება სოფელ ახალსოფლის სკოლაში მიიღო, სადაც მისი მასწავლებელი მღვდელი ნიკოლოზ ბაკურაძე იყო. აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი ძალიან საინტერესო და იმ დროისთვის უჩვეულო ფაქტი. იმავე სკოლაში ალექსანდრეს დებიც სწავლობდნენ. მოგეხსენებათ იმ პერიოდში ხალხს მიაჩნდა, რომ განათლება ქალის საქმე არ იყო. აქედან გამომდინარე, მშობლების გადაწყვეტილება, რომ მათ გოგონებს ესწავლათ, ძალიან თამამი ნაბიჯი გამოდგა და ამის გამო ილარიონის ოჯახს ბევრიც კი აკრიტიკებდა...

4-წლიანი სკოლის შემდეგ, ალექსანდრემ სწავლა თიანეთის პედაგოგიურ შვიდწლედში განაგრძო. აღნიშნული სასწავლებელი დღევანდელი სატყეო სააგენტოს შენობაში ფუნქციონირებდა. შვიდწლედის დასრულების შემდეგ, სწავლა თბილისში უნდოდა გაეგრძელებინა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვეღარ მოხერხდა და მუშაობა დაიწყო. ამის პარალელურად კი ოჯახის უმცროსი შვილი - პავლე გაიგზავნა უმაღლესი განათლების მისაღებად, ის ისტორიულ ფაკულტეტზე მოეწყო.

გამორჩეული ნიჭის გამო ალექსანდრემ თავიდანვე მაღალ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. ერთდროულად იყო საბჭოს და კოლექტივის თავმჯდომარე და სკოლის პედაგოგი. სამივე თანამდებობას თავს თანაბარი წარმატებით ართმევდა. მოგვიანებით მისი მოსწავლეები პედაგოგს დიდი პატივისცემითa და სიყვარულით იგონებდნენ.

- რა არის ცნობილი მის ოჯახზე?

- ალექსანდრე 26 წლის ასაკში დაოჯახდა, ცოლად თუში ნინო გარსევანიშვილი შეირთო. ალექსანდრეს ცხოვრება ძალიან კარგად უნდა გაგრძელებულიყო, რომ არა ერთი ამბავი, რამაც ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, აღმასკომის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, მაგრამ განგებამ სწორედ ამ პერიოდში არგუნა მარადიული რვიანის ტრიადა...

ალექსანდრე არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, ვისთვისაც შეიძლებოდა ვინმე ან რამე კერპად ქცეულიყო, შეეძლო აზროვნება და ყოველთვის საკუთარი აზრი ჰქონდა.

ერთ დღეს, ოჯახის ახლობლებთან ერთად, სამსახურის საქმეს ასრულებდა, (ერთ-ერთმა მათგანმა სწორედ მისი დახმარებით ისწავლა თბილისში). იყო პირდაპირი დავალება, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მცირე გადახვევას მოითხოვდა. ალექსანდრე ასეც აპირებდა მოქცეულიყო, მაგრამ დამხმარეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დართეს ნება ბრძანების შესაბამისად არ ემოქმედა. მაშინ ალექსანდრეს უთქვამს, რასაც სტალინი იტყვის, ყველაფერი ისე კი არ უნდა გავაკეთოთო... ოჯახის ახლობელი, რომლის გარეშეც დულუზაურების სახლში სუფრასთანაც კი არ სხდებოდნენ, წავიდა და ალექსანდრე დაასმინა...

აქედან დაიწყო მისი ოჯახისთვის ათწლიანი ჯოჯოხეთი, რომელსაც სიმბოლურად მარადიულობის ნიშანი - რვიანი სდევდა.

1938 წლის დასაწყისში ალექსანდრე, როგორც ქვეყნის მტერი, დააკავეს და გადასახლება მიუსაჯეს. მთელი ის დრო ერთნაირად მწარე იყო როგორც ალექსანდრესთვის, ისე სოფელში დარჩენილი მისი ახლობლებისთვის. ოჯახის მთელი სიმძიმე მეუღლეს დააწვა კისერზე. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ალექსანდრეს უმცროსი ძმა პავლე, ამ ამბების პარალელურად, ტყის საძმოს წევრი გახდა და ხელისუფლებისგან იდევნებოდა.

როგორც „მავნებლის“ მეუღლე, ნინო გარსევანიშვილი დაუყოვნებლივ გარიცხეს პარტიიდან, მაგრამ ეს არ აკმარეს და მისი დაპატიმრება-გადასახლებაც განიზრახეს. ამ გადაწყვეტილების ინიციატორი და მოთავეც სწორედ ოჯახის ის ახლობელი იყო, ვინც ალექსანდრე დაასმინა. ნინო დაპატიმრებას მეუღლის მეგობარმა, ვინმე მაჭავარიანმა გადაარჩინა, რომელიც იმ პერიოდში თიანეთში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა (ან პროკურორი, ან რაიკომის მდივანი iyo, ზუსტად ვერ გეტყვით). მან დიდი რისკის ფასად მეგობრის ოჯახს კიდევ ერთი უბედურება ააცილა.

- რეპრესირებულთა ოჯახებთან კონტაქტი ყველას ეშინოდა, რომ მათაც იგივე ბედი არ გაეზიარებინათ, რაც გადასახლებულებს...

- დიახ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მოსახლეობის დამოკიდებულებაც მკვეთრად შეიცვალა, მარტო დარჩენილი ქალისა და ბავშვების დახმარებას მხოლოდ ერთეული ოჯახები ბედავდნენ. იმ პერიოდში დულუზაურებს ყველაზე მეტად ნინო გარსევანიშვილების სანათესავო დაუდგა მხარში. გარდა ამისა, ოჯახის ქალებს პავლე დულუზაურის დიდი ავტორიტეტიც იფარავდა, „ყაჩაღად“ გასულს, ტყის ძმებში ძალიან პატივსაცემი სახელი ჰქონდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ მისი ოჯახის ნებისმიერი შეურაცხმყოფელი აუცილებლად მკაცრ პასუხს მიიღებდა. თუმცა ეს ალექსანდრეს ერთ-ერთმა დამსმენმა ვერ გათვალა. ერთხელაც ის რაიკომის შენობიდან გამოსულ ნინო გარსევანიშვილს შემთხვევით კიბეზე შეეჩეხა. ქალს დამუქრებია, შენც ისევე დაგემართება, როგორც შენს ქმარსო... ეს ამბავი ტყის ძმების ყურამდეც მივიდა და რაღაც დროის შედეგ, დამსმენი მათი ტყვიის მსხვერპლი გახდა. უკვე მოხუცებული პავლე ჰყვებოდა, რომ იმ კაცისთვის თავად არ უსვრია და ეს არც ვინმესთვის დაუვალებია, მკვლელობა პავლეს პატივსაცემად, ტყის ძმების გადაწყვეტილება იყო.

ნინოს კოლმეურნეობაში იძულებით ამუშავებდნენ და ყოველთვის ყველაზე მძიმე საქმეს ავალებდნენ. მუშაობა მზის გულზე უწევდა, დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ კი ოჯახის საქმეებიც უნდა მოესწრო, პირუტყვისთვის მიეხედა, რძე დაემუშავებინა, ღამეს კი ძირითადად ქსოვაში ატარებდა. მან კარგად იცოდა ქსოვა, კერვა და მცირეწლოვან ბავშვებს თავის ხელით დამზადებულ სამოსს აცმევდა.

იმ პერიოდში პატარებსაც ძალიან მძიმე დრო ედგათ. როგორც „მავნებლის“ შვილებს, მათ ყველა ამრეზით უყურებდა და ამიტომ, სკოლაში სიარულიც კი არ უნდოდათ. გარდა ამისა, ტყეში შეშაზე სულ ბავშვები დადიოდნენ, ცეცხლის დასანთებად გამოსადეგი ხის შინ მიტანა, ხან ზურგით და ხანაც ციგებით უწევდათ.

- ოჯახის წევრებს ალექსანდრესთან მიწერ-მოწერის საშუალება თუ ჰქონდათ?

- სამი წლის განმავლობაში ოჯახს გადასახლებულ ალექსანდრესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მართალია ერთმანეთს წერილებს sწერდნენ, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მაშინ კონვერტები პირველად მილიციაში მიდიოდა, ისინი კი ბარათებს ფოსტაში არ გზავნიდნენ. ამიტომ ოჯახს ალექსანდრეს შინ დაბრუნების იმედი არ ჰქონდა.

გადასახლებაში მყოფმა რამდენიმე ბანაკი მოიარა, მათ შორის მაგადანი და კოლიმა. როგორც „ქვეყნის მოღალატეს“, უმძიმესი ფიზიკური დატვირთვა უწევდა, მუშაობდა ოქროს მომპოვებელ კარიერებში, რაც მძიმესთან ერთად, ძალიან სახიფათოც იყო. ყველანაირი ლოგიკით, ის ცოცხალი არ უნდა გადარჩენილიყო, რაც თავიდანვე დაგეგმილი გახლდათ, მაგრამ სასწაული მოხდა და შინ უვნებელი დაბრუნდა.

მოგეხსენებათ, იმ პერიოდში გადასახლებაში მყოფი დიდი ნაწილი მოსახლეობის ნაღები საზოგადოება იყო, განათლებული ადამიანები, ამიტომ ალექსანდრემ არაერთი საინტერესო ადამიანი გაიცნო და მათგან ბევრი რამ ისწავლა. სწორედ გადასახლებაში გაიცნო მწერლის, რეზო ინანიშვილის მამაც, რომელიც სამწუხაროდ, იქვე გარდაიცვალა.

ალექსანდრე რომ ცოცხალი იყო, ოჯახმა მიმოწერის აღდგენის შემდეგ შეიტყო. 10-წლიანი სასჯელის ვადა რომ ამოიწურა, კაცის შინ დასაბრუნებლად დიდი თანხა, 4.000 მანეთი იყო საჭირო. როგორც მოგვიანებით ნინო გარსევანიშვილი იხსენებდა, იმ დროს სირცხვილის გრძნობა დავკარგე და ფულის სასესხებლად ყველასთან მივდიოდიო. ნინოს ნათესავები განსაკუთრებით დაეხმარნენ, ალვანში საკმაოდ ძლიერი ოჯახები ჰქონდათ: ცისკარიშვილებს, გარსევანიშვილებს, აბაშიძეებს. მათ თანხის დიდი ნაწილი აჩუქეს, ხოლო ვალად აღებული ფული, თავისი ფიზიკური შრომით ერთ წელიწადში ყველას დაუბრუნა.

ალექსანდრე დულუზაური შინ 1948 წელს დაბრუნდა. გზაში 3 მტანჯველი თვე დასჭირდა, ძირითადი ნაწილი მარხილით უნდა გაევლო, მაგრამ როგორც იქნა, სახლამდე მიაღწია. შესრულდა მარადიული რვიანის ტრიადის მეორე ნაწილი.

0marcxnidan-pirvelebi-aleksandre-da-nino-copy-1729499803.jpg

- როგორ გაგრძელდა გადასახლებიდან დაბრუნებული ალექსანდრეს ცხოვრება?

- თავდაპირველად მუშაობის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ოჯახის გაძღოლა ჯერ კიდევ მის მეუღლეს უწევდა. გარდა ამისა, გადასახლებიდან უამრავი წერილი ჩამოიტანა, რომელიც მალევე უნდა დაერიგებინა, რასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა. ეტაპობრივად ყველა ადრესატი ჩამოიარა და გზავნილები გადასცა. იმ დროს რეზო ინანიშვილის დედასთან, ხაშმშიც მივიდა. მოგვიანებით რეზო ინანიშვილი და ალექსანდრე დულუზაური კარგი მეგობრები გახდნენ და ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ.

ოჯახს ფინანსურად რომ დახმარებოდა, ალექსანდრე ჩუმად მუშაობდა. 1958 წელს კი მარადიული რვიანის ტრიადის ბოლო, მესამე ნაწილი დადგა: ხელისუფლებისგან რეაბილიტაციის ცნობა მიიღო, სადაც მას „ტყუილად დაპატიმრების“ გამო ბოდიშს უხდიდნენ. როგორც აღინიშნა, ალექსანდრე 1938 წელს დაიჭირეს, 1948 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა და 1958 წელს რეაბილიტაცია მიიღო, რის შემდეგაც შესთავაზეს კვლავ გამხდარიყო პარტიის წევრი, მაგრამ მან უარი განაცხადა. ის აქტიურად ჩაერთო სოფლის ცხოვრებაში.

- კერძოდ, რას საქმიანობდა?

- მისი ინიციატივით სოფლის სასაფლაო შემოიღობა. დიდი მცდელობის შემდეგ, დაანიშნინა თიანეთი-დულუზაურების დამაკავშირებელი ავტობუსი. ასევე, სოფელში აბანოს აშენება სურდა, რისთვისაც ტერიტორიაც შერჩეული ჰქონდა და შენობაც, მაგრამ საბოლოოდ, ეს საქმე ვერ განხორციელდა. მანვე სოფელში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი დაადგმევინა. როდესაც სიონის ჰესის მშენებლობა დაიწყო, ბრიგადირად დაინიშნა. ამის პარალელურად, აქტიურად ეწეოდა ფოლკლორულ საქმიანობას, იწერდა სახალხო მთქმელებს და აგროვებდა ძველ ისტორიებს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი იცოდა, მათ შორის ის, თუ როგორ გადმოიტანეს ლაშარის ნიში ფშავიდან თიანეთში...

ალექსანდრე ძალიან გონიერი იყო, რაზეც შემდეგი ფაქტი ნათლად მეტყველებს: კოლექტივიზაციის პერიოდში საკუთრების უფლება არ არსებობდა და ხალხი ამაზე არც ფიქრობდა. ალექსანდრემ სოფელში მდინარესთან ახლოს მდებარე მიწაზე, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა, ტერიტორიის ეკალ-ბარდებისგან გასუფთავება დაიწყო. იქაურობა რომ მოაწესრიგა, მოჭრილი ტოტებით შემოღობა და სხვადასხვა ნარგავი გააშენა. იმხანად ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ მალევე რაიკომში უჩივლეს. შესამოწმებლად მთავრობის წარმომადგენელი - ნიკო მეფარიაშვილი გაგზავნეს. მას ალექსანდრეს მიერ გალამაზებული ტერიტორია რომ დაუთვალიერებია, გულწრფელი გაოცება გამოუხატავს, ალექსანდრეს კი უთქვამს, - აი, ნახავ, მალე ცხოვრება ისე შეიცვლება, საკუთრების უფლება შემოვაო, რაზეც ნიკოს მხოლოდ გაღიმებია. რაიკომში დაბრუნებულს კი უთქვამს, ალექსანდრე სოფელში ისეთს არაფერს აკეთებს, რომ კანონს ეწინააღმდეგებოდესო, ამიტომ საქმე დაუბრკოლებლად გაგრძელდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ალექსანდრემ კარგად იცოდა ხეხილის მოვლა და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც ატარებდა, თიანეთში დასავლეთიდან ჩამოტანილი ლიმონი დარგო, ასევე გააშენა ვაზი. მოგვიანებით სანერგე მოაწყო და ყველა მსურველს თავს გამოყვანილ ნერგებს ატანდა. მას ბუნება იმდენად უყვარდა, რომ ხეს მოსაჭრელად ვერ იმეტებდა, ზამთრისთვის შეშად მხოლოდ წაქცეული ხეები ან უკვე მოჭრილი ხისგან დარჩენილი ნაწილები (ე.წ. ნაწვერალი) მოჰქონდა.

6pavle-da-aleksandre-copy-1729499791.jpg

- გადასახლებიდან ახალდაბრუნებული ან უკვე ასაკში შესული, გადასახლების მძიმე წლებზე ჰყვებოდა რამეს?

- ზოგადად, ერთი მხრივ, ის ძალიან უცნაური და თავისებური იყო, მაგრამ მეორე მხრივ, უწყინარი და გულკეთილი. არასოდეს, სიმთვრალეშიც კი დამბეზღებლებზე სალანძღავი სიტყვა არ დასცდენია და მათ შვილებს ძველებურად, ოჯახის წევრებივით უყურებდა. გადასახლების წლებზე კი თითქმის არასოდეს საუბრობდა. გამოწერილი ჰქონდა ყველა გაზეთი, რაც კი იმ პერიოდში შეიძლებოდა ეყიდა. სოფელში სპეციალურად მისთვის ამოდიოდა ფოსტა და ბეჭდური მედია მოჰქონდა. ალექსანდრეს ღამით ძალიან ცოტა, დაახლოებით 4-5 საათი ეძინა, ძირითადად წერდა ან კითხულობდა. სპეციალური სანათი ჰქონია, რომლის ცალ მხარეს მუყაოს აფარებდა, მეუღლე რომ არ შეეწუხებინა. შემდეგ საღამოს კი სოფლის „ფიხონზე“ მოსახლეობა ალექსანდრესგან ქვეყნისა და მსოფლიოს ამბებს ისმენდა.

ძალიან საინტერესოა გადასახლებაში შეძენილ მეგობართან - კოტე გრძელიძესთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, იმ ჯოჯოხეთურ 10 წელიწადში ვინც შეიძინა, სულ სხვა ურთიერთობა და მეგობრობა ჩამოყალიბდა... ჩამოსვლის შეmდეგ გარკვეული ხანი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ალექსანდრემ კოტეს თბილისის მისამართი მოიძია. შინ ღამის 11 საათზე მიაკითხა. კარის გასაღებად მისულ ბავშვს წვერებიანი კაცი რომ დაუნახავს, მაწანწალა ჰგონებია და გაღებას არ აპირებდა, მაგრამ ალექსანდრე ზარის რეკვას არ წყვეტდა და ბოლოს უკითხავს: კოტე სახლშიაო? მალევე ძველი მეგობარი გამოეგება, ჯერ კარგა ხანს უხმოდ იდგნენ, შემდეგ კი სიკვდილს გადარჩენილი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ალექსანდრეს და კოტეს ოჯახები დღემდე მეგობრობენ...

ანა კალანდაძე